Facebook Twitter
საქმე №ას-597-2022 21 ივლისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე; შეგებებული სარჩელის მიმართ მოპასუხე) - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე; შეგებებული სარჩელის ავტორი) - შპს „ფ.ე.“

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ფ.ე–ის“ მიმართ და, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს - 6870 ლარის დაკისრება მოითხოვა.

შპს „ფ.ე–მა“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ შეგებებული სარჩელი წარადგინა და მოითხოვა ფაქტობრივად გაწეული მომსახურების - 24800 ლარის და სამინისტროს მიერ პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად მიღებული თანხის - 4580 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შპს „ფ.ე–ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომპანიის სასარგებლოდ 29380 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა მხარეთა შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულება, კერძოდ, ღონისძიების ჩატარების ადგილას არ განუთავსებია გადახურული კონსტრუქცია, „ქანქარა“, რობოტი, კოლბა, პლანეტის კონსტრუქციიდან ორი პლანეტა და ბავშვებისთვის საფეხური; „ნათურა“ არ აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს; სცენაზე დაგვიანებით განათავსა ბანერი; ელექტროენერგია მიეწოდებოდა ხარვეზებით; ინვენტარი მიტანილ იქნა დაგვიანებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებისა და ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამრიგად, მენარდის ძირითად ვალდებულებას ნარდობის ხელშეკრულების სრულად და ჯეროვნად შესრულება, ხოლო შემკვეთის - სანაცვლო საზღაურის გადახდა წარმოადგენს. ამასთან, მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ფ.ე–ს“ უნდა უზრუნველყო 2017 წლის 24 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით სამინისტროს მიერ დაგეგმილი „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში, რიყის პარკში ღონისძიებების მოწყობის ორგანიზება. ვალდებულების შეუსრულებლობისთვის კი მხარეებმა პირგასამტეხლო გაითვალისწინეს.

სამინისტრომ 2017 წლის 29 სექტემბერს კომპანიას აცნობა, რომ წყვეტდა ხელშეკრულებას მენარდის მიერ ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო („ნათურა“ არ იყო შეთანხმებული პირობების; ყველა კონსტრუქცია არ ყოფილა განთავსებული; ინვენტარის ნაწილი ღონისძიების გამართვის ადგილზე დაგვიანებით იქნა მიტანილი; ელექტროენერგია ხარვეზით მიეწოდებოდა). ამასთან, სამინისტრომ კომპანიას პირგასამტეხლოს გადახდაც მოსთხოვა. თავის მხრივ, შპს „ფ.ე–მა“ უარი განაცხადა პირგასამტეხლოს გადახდაზე, ვალდებულების სამინისტროს ბრალით დარღვევაზე მითითებით; შეგებებული სარჩელით კი - ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული ხარჯების ანაზღაურება მოითხოვა. მაშასადამე, განსახილველი დავის ფარგლებში, ძირითად შესაფასებელ საკითხს კომპანიის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზები წარმოადგენს.

საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნული საკითხის შესწავლისას, ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ რიყის პარკში ღონისძიების მოსაწყობად საჭირო იყო უფლებამოსილი ორგანოს ნებართვა, რის გამოც სამინისტრომ მისწერა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ნებართვის მიღების მიზნით; ამავე წერილში სამინისტრომ აღნიშნა, რომ პარკის დაკავება 2017 წლის 22 სექტემბრიდან სჭირდებოდათ. ხსენებულ წერილზე მერიის მიერ გაცემული პასუხი კი საქმეში არ მოიპოვება. ამასთან, მხარეთა შორის სადავო არ ყოფილა, რომ ნებართვის მოპოვების საკითხის მოწესრიგება სწორედ სამინისტროს ვალდებულებას განეკუთვნებოდა.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს მოწმედ დაკითხული, თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის თანამშრომლის (რომელსაც ევალება რიყის პარკში ობიექტის ხელმძღვანელობა) ჩვენებაზე, რომლის მიხედვითაც, შპს „ფ.ე–მა“ დროულად მიიყვანა პარკთან ავტოსატრანსპორტო საშუალებები, თუმცა პარკის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით, ნებართვის დაგვიანების გამო, პრობლემები შეექმნა, რომელთა გადაჭრასაც, დაახლოებით, ერთი დღე დასჭირდა.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ღონისძიების ადგილის დროული ორგანიზებისათვის საჭირო ნებართვის მიღების ფაქტის დადასტურება; მოპასუხემ კი დაძლია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი - მიუთითა ისეთ გარემოებებზე და წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება ხელშეკრულების არასრულად შესრულება სწორედ სამინისტროს მიერ ნებართვის დროულად მიუღებლობით. ამრიგად, სახელშეკრულებო ვალდებულებები სრულად ვერ შესრულდა არა კომპანიის, არამედ - სამინისტროს ბრალით. აქედან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დააკისრეს სამინისტროს კომპანიის სასარგებლოდ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად გაწეული ხარჯის ანაზღაურება 24800 ლარის ოდენობით. ნიშანდობლივია, რომ ხსენებული თანხის ოდენობა სამინისტროს სადავოდ არც გაუხდია.

რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხს, „პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის განხორციელება ძირითადი უფლების გარეშე, ასევე, პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 სექტემბრის №ას-639-2021 და 2021 წლის 9 სექტემბრის №ას-574-2021 განჩინებები). ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია მენარდის არაბრალეულობა, არ არსებობდა მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, რის გამოც სამინისტროს მართებულად ეთქვა უარი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და სწორად დაეკისრა კომპანიის სასარგებლოდ უკვე მიღებული პირგასამტეხლოს თანხის უკან დაბრუნება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთანავე, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე