თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - თ.თ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ი–ი ?“
დავის საგანი - კომპენსაციის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი:თ.თ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ი–ი ?-ის“ მიმართ და მოითხოვა „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ შპს „ი–ი ?-ის“ 2021 წლის 15 ივლისის №გ/02/07/21 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის კომპენსაციის - 28800 ლარის და იძულებითი განაცდურის - 2021 წლის 27 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 800 ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ.თ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შპს „ი–ი-?-ის“ 2021 წლის 15 ივლისის №გ/02/07/21 ბრძანება; მოპასუხეს თ.თ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის - 3000 ლარის და იძულებითი განაცდურის - 2021 წლის 27 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 800 ლარის (გადასახადების ჩათვლით) ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინებით შპს „ი–ი ?-ის“ და თ.თ–ძის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევაზე მითითებით მოსარჩელე უკანონოდ გათავისუფლდა სამსახურიდან. ამდენად, არსებობდა მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, მოსარჩელე არ ითხოვდა სამუშაოზე აღდგენას. ასეთ პირობებში კი, საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის მოთხოვნის თაობაზე.
კომპენსაციის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მისი ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. აქედან გამომდინარე, თ.თ–ძის სამუშაო გამოცდილებისა და იმ მატერიალური დანაკარგის გათვალისწინებით, რაც მან უკანონოდ დათხოვნით განიცადა, სააპელაციო სასამართლომ 3000 ლარი სამართლიან და გონივრულ ოდენობად მიიჩნია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინება საკასაციო წესით მხოლოდ თ.თ–ძემ გაასაჩივრა. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა კომპენსაციის ოდენობა არასწორად განსაზღვრეს, რადგან არ გაითვალისწინეს მისი ფინანსური და ოჯახური მდგომარეობა, დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობაში ყოფნის ხანგრძლივობა, სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის სასარგებლოდ დაკისრებული კომპენსაციის ოდენობის მართებულობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლზე, რომლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. იმავე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით კი, დასაქმებულს უფლება აქვს, პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით უკვე დადასტურებული და გადაწყვეტილია როგორც მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობა, ისე დამსაქმებლისთვის იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის დაკისრების წინაპირობების არსებობა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის გონივრულობაა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა არ განსაზღვრავს კომპენსაციის გაანგარიშებს წესს; „კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. ამდენად, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 სექტემბრის №ას-536-2021 განჩინება). ამავდროულად, „მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არცერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის №ას-1032-2020 განჩინება).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კომპენსაციის ოდენობა სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, საქმეზე დადგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოების, მათ შორის, მოსარჩელის პიროვნების, მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლისა და ყოველთვიური ხელფასის ოდენობის, მხედველობაში მიღებით იქნა გაანგარიშებული. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელეს განჩინების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით იძულებითი განაცდურიც აუნაზღაურდა. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების პარალელურად დაკისრებული, სადავო კომპენსაციის ოდენობა სამართლიანი და გონივრულია, ხოლო მისი ოდენობის გაზრდა დამსაქმებლის უფლებების დაუსაბუთებელ შეზღუდვას გამოიწვევს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.თ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე