Facebook Twitter

საქმე №ას-289-2022 27 ივლისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - ი.ფ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.ფ–ი

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

I აღწერილობითი ნაწილი:

1. მ.ფ–მა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ი.ფ–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით მ.ფ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა:

3.1. მ.ფ–ის სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხულია რუსთავში, ….. №1 კორპუსში მდებარე №205 ბინა;

3.2. აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს ი.ფ–ი, სრულწლოვან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად, რომელთა მამა - გ.ფ–ი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში;

3.3. გ.ფ–ი მ.ფ–ის შვილია;

3.4. ი.ფ–ს უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია;

3.5. მ.ფ–ი ცხოვრობს რუსთავში, ….. კორპუსში მდებარე №14 ბინაში, რომელიც წარმოადგენს თავად მოსარჩელის საკუთრებას;

3.6. მ.ფ–ს ი.ფ–ისთვის სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილი, სადაც მოპასუხე შვილებთან ერთად იცხოვრებდა, არ შეუთავაზებია.

4. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის გამოსახლება არასრულწლოვანი ბავშვების გამოსახლებასაც გამოიწვევს, რის გამოც დავის გადაწყვეტისას ბავშვთა საუკეთესო ინტერესები უნდა იქნეს შესწავლილი.

5. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ არასრულწლოვნები მოსარჩელის შვილიშვილები არიან; ბავშვებზე ზრუნვას ახორციელებს მოპასუხე; არასრულწლოვანი ბავშვები შეჩვეულნი არიან არსებულ საცხოვრებელ პირობებს; მოსარჩელეს არ უზრუნია ბავშვების სხვა, მათი ინტერესების შესაბამისი საცხოვრისით უზრუნველყოფაზე; მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მესაკუთრის ინტერესების უპირატესობას არასრულწლოვნების ინტერესებთან შედარებით. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე მითითებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე არამართლზომიერად იყენებდა მესაკუთრის უფლებებს, რის გამოც სარჩელი არ დააკმაყოფილა.

6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ფ–მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ფ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ფ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ი.ფ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქალაქ რუსთავში, ..... კორპუსში მდებარე №205 ბინა (ს/კ №.....).

8. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა მიიჩნია, რომ დავა არასწორად იყო გადაწყვეტილი.

9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობა არსებობდა, ხოლო არასრულწლოვნების სადავო ბინაში ცხოვრების გამო მესაკუთრის უფლებები არ უნდა შეზღუდულიყო, რადგან მოსარჩელის არასრულწლოვან შვილიშვილებს ჰყავთ ორივე მშობელი, რომელთაც ბავშვების რჩენის ვალდებულება პირველ რიგში ეკისრებათ. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ იმავე კორპუსში, სადაც განთავსებულია სადავო ბინა, მდებარეობს მოპასუხის ძმის საკუთრებაში რეგისტრირებული ბინაც, რომელსაც ფლობს და სარგებლობს მოპასუხის დედა. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ბავშვების უფლებები არ დაირღვეოდა მეორე ბებიასთან ცხოვრების შესაძლებლობითაც.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება ი.ფ–მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

11. კასატორი აღნიშნავს, რომ მასთან ერთად სადავო ბინაში არასრულწლოვანი შვილები (მოსარჩელის შვილიშვილები) ცხოვრობენ, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება ბავშვების უფლებების გაუმართლებელ ხელყოფას გამოიწვევს.

12. საქართველოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აპრილის განჩინებით ი.ფ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით - საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

II სამოტივაციო ნაწილი:

13. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მართლზომიერება მაშინ, როდესაც სარჩელის დაკმაყოფილება მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილიშვილების გამოსახლებას გამოიწვევს.

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

16. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დასტურდება, რომ სადავო ბინა მ.ფ–ის საკუთრებას წარმოადგენს, ხოლო ნივთს ფლობს ი.ფ–ი. ამასთან, მოპასუხე სადავო ბინაში ცხოვრობს შვილებთან (მათ შორის, 11 და 15 წლის არასრულწლოვნებთან) ერთად, რომლებიც მოსარჩელის შვილიშვილები არიან. ამრიგად, ვინაიდან სარჩელის დაკმაყოფილება ბინიდან არასრულწლოვნების გამოსახლებასაც გამოიწვევს, განსახილველ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ გავლენას მოახდენს ბავშვების უფლებებსა და მდგომარეობაზე. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2511 მუხლებიდან გამომდინარე კი, არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. მაშასადამე, წარმოდგენილი ვინდიკაციური სარჩელის გადაწყვეტისას, საქმეზე დადგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივად გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს, ხომ არ არსებობს არასრულწლოვანთა მიერ ნივთის ფლობისა და მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვის წინაპირობები. ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არასრულწლოვნის საქმეში მონაწილეობა, ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი ვერ გახდება, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ყველა საქმის ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით, კანონმდებლობის მიხედვით უნდა მოხდეს მხარეთა უფლებების/ინტერესების ურთიერთშეპირისპირება და დავის გადაწყვეტა.

17. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტით საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საკუთრების უფლება მისი მაღალი კონსტიტუციური მნიშვნელობის მიუხედავად, არ არის აბსოლუტური ხასიათის. საქართველოს კონსტიტუცია არ ადგენს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც მესაკუთრის კერძო ინტერესი საჯარო ინტერესებთან მიმართებით აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს... ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამოქალაქოსამართლებრივი წესრიგის შექმნისას აუცილებელია, მიღწეულ იქნეს სწორი ბალანსი საკუთრების უფლებასა და სხვა უფლებებს/საჯარო ინტერესებს შორის. აუცილებელია, მესაკუთრემ გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას აქვს ინტერესები, არამედ იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, რომელთაგანაც ის იზოლირებული არ არის და სადაც აუცილებელია ინტერესთა გონივრული ბალანსის დაცვა... შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგულირებისას აუცილებელია, მოხდეს, ერთი მხრივ, ძირითადი უფლებიდან მომდინარე, ხოლო, მეორე მხრივ, საპირისპიროდ არსებულ საჯარო ინტერესთა სამართლიანი დაბალანსება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის №2/3/1337 გადაწყვეტილება საქმეზე „ხათუნა წოწორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). ამასთანავე, საკუთრების უფლების შეზღუდვისას, გასათვალისწინებელია, რომ „სამართალში და განსაკუთრებით სამოქალაქო სამართალში ყოველთვის აუცილებელია სამართალსა და ზნეობას შორის ფუნდამენტური ურთიერთობის გათვალისწინება. აუცილებელია იმ მსგავსებისა და განსხვავების გათვალისწინება, რომელიც არსებობს სამართლებრივ შეფასებასა და ზნეობრივ შეფასებას, სამართლებრივ ღირებულებასა და ზნეობრივ ღირებულებას შორის. ზნეობრივად სავალდებულო მოქმედების შესრულება არ შეიძლება განვიხილოთ თავისუფლების შეზღუდვად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 1 აპრილის №2/155 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე აკაკი საღირაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

18. განსახილველ შემთხვევაში, მესაკუთრის უფლებას - თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებით უპირისპირდება არასრულწლოვანთა ინტერესები - უზრუნველყოფილ იყვნენ საცხოვრებლით. იმავდროულად, განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ არასრულწლოვნები არიან მოსარჩელის შვილიშვილები. გარდა იმისა, რომ ბებიას/პაპას და შვილიშვილებს ერთმანეთზე ზრუნვის ზნეობრივი მოვალეობა ეკისრებათ, კანონმდებლობითაც არის მოწესრიგებული მათი ურთიერთობები, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლის შესაბამისად, პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან. დასახელებული ნორმის „რეგულირების მიზანი მხოლოდ არასრულწლოვანისათვის მატერიალური საზრდოს დანიშვნა არაა, არამედ, მისი მოქმედების მასშტაბი უფრო ფართოა და მოიცავს არასრულწლოვანის უზრუნველყოფას საცხოვრებლით მაშინ, როდესაც არასრულწლოვანს ამ სიკეთის მიღება თავის მშობლებისაგან არ შეუძლია“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის №ას-454-426-2017 განჩინება).

19. სადავო შემთხვევაში კი დადგენილია, რომ არასრულწლოვნების მამა (მოსარჩელის შვილი) იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში, მათ დედას (მოპასუხეს) კი უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში წარმოიქმნება რეალური და დასაბუთებული საფრთხე, რომ ბავშვები დარჩებიან საცხოვრებლის გარეშე, რომლით შვილების უზრუნველყოფის შესაძლებლობასაც მათი მშობლები, მათ შორის, მოსარჩელის შვილი, მოკლებულნი არიან. დამატებით, ნიშანდობლივია, რომ უშუალოდ მოსარჩელეს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილი, რომელიც მის საკუთრებას წარმოადგენს და სადაც ის დღეის მდგომარეობით ცხოვრობს; ბავშვების მეორე ბებიის საკუთრებაში კი უძრავი ნივთი არ ირიცხება. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილება მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის ან საკუთარ ბინაში მშვიდობიანად, მასთან კონფლიქტში მყოფი პირების გარეშე ცხოვრების აუცილებლობას არ ემსახურება.

20. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მოსარჩელეს გააჩნია სხვა საცხოვრებელი ბინა, მოპასუხეს უძრავი ქონება საკუთრებაში არ აქვს (ხოლო მისი ძმის საკუთრებაში ნივთის არსებობა განსახილველი საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე არ არის, რადგან, მართალია, და-ძმის საალიმენტო ვალდებულებებს კანონი აწესრიგებს, მაგრამ უშუალოდ ბავშვების მიმართ პაპას/ბებიას ეკისრება პასუხისმგებლობა, ბიძისგან განსხვავებით), ბავშვების მამა (მოსარჩელის შვილი) იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო არასრულწლოვან შვილიშვილებზე ზრუნვა ბებიის არა მხოლოდ ზნეობრივი, არამედ კანონისმიერი მოვალეობაცაა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ საქმეზე ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დასტურდება არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვის საჭიროება, ხოლო მესაკუთრის ინტერესების უპირატესობა არ იკვეთება. ასეთ პირობებში კი, მესაკუთრის უფლების გამოყენება ვერ იქნება მართლზომიერად მიჩნეული და დროებით უნდა შეიზღუდოს ბავშვების კეთილდღეობისა და ნორმალური განვითარებისთვის.

21. საგულისხმოა, რომ მსგავსი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, ვინდიკაციური სარჩელები, რომელთა დაკმაყოფილებაც არასრულწლოვანი შვილიშვილების გამოსახლებას გამოიწვევდა, გაუმართლებლად იქნა მიჩნეული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის №ას-1375-2021 გადაწყვეტილებით, 2017 წლის 5 მაისის №ას-454-426-2017 და 2008 წლის 12 სექტემბრის №ას-545-728-08 განჩინებებით.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დავა არ არის მართებულად გადაწყვეტილი, არ არის დაცული თანაზომიერების პრინციპი და ირღვევა არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესები. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 411-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს - სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

23. ამასთანავე, საკასაციო პალატა მხარეებს მიუთითებს, რომ ამ ეტაპზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ ართმევს მოსარჩელეს უფლებას, სამომავლოდ, თუკი არსებითად შეიცვლება საქმის ფაქტობრივი გარემოებები (მათ შორის, თუკი არასრულწლოვნებისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი პირობები შეიქმნება, ან როდესაც ბავშვები სრულწლოვნების ასაკს მიაღწევენ), კვლავ იდავოს უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვაზე.

24. რაც შეეხება საპროცესო ხარჯის განაწილებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. იმავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მითითებული საკანონმდებლო აქტის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამრიგად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების პირობებში, მ.ფ–ს ი.ფ–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის ანაზღაურება; ამასთან, რადგან მოსარჩელეს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის (სულ 140 ლარი) გადახდა სასამართლომ გადაუვადა, მასვე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 140 ლარის ანაზღაურება.

III სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ი.ფ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ.ფ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. მ.ფ–ს (პ/ნ .....) ი.ფ–ის (პ/ნ .....) სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის ანაზღაურება;

5. მ.ფ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 140 ლარის გადახდა, შემდეგ ანგარიშზე: თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე