თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ს.რ–ა“
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:სს „ს.რ–ამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის 11223,20 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ს.რ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ 11223,20 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება სამინისტრომ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა.
კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები, რადგან არ დასტურდება მისი ბრალეულობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. იმავე კოდექსის 395-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამრიგად, სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა, რამაც კონტრაჰენტს ზიანი მიაყენა, ბრალეულად მოქმედი მხარის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობას ქმნის. ზიანის ანაზღაურება კი, სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 409-ე მუხლებიდან გამომდინარე, გამოიხატება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაში, ან თუ ეს შეუძლებელია - კრედიტორისთვის ფულადი ანაზღაურებით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სს „ს.რ–ას“ შორის დადებული იყო სამინისტროს ბალანსზე რიცხული ლიანდაგის ექსპლუატაციის ხელშეკრულება - ლიანდაგს გამოიყენებდა სს „ს.რ–ა“, თუმცა ლიანდაგის ტექნიკურ მომსახურებასა და გამართულობაზე, რკინიგზის მუშაკის მიერ ვაგონების მიღებამდე მოძრავი შემადგენლობის დაზიანებასა და უსაფრთხოების პირობების დაცვაზე პასუხისმგებელი იყო სამინისტრო.
საქმეზე, ასევე, დადგენილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, რკინიგზის თბომავალი ლიანდაგს ასცდა და ჩავარდა, რაც გამოწვეული იყო ლიანდაგის გაგანიერებით. ამასთან, თბომავლის ამოღება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის ცენტრის საწვავ-საპოხი მასალების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის წერილით, ეთხოვა სს „ს.რ–ას“. ამავე წერილში აღნიშნული იყო, რომ თბომავლის ამოღებაზე გასაწევ ხარჯებს სამინისტრო აანაზღაურებდა. ჩატარებული სამუშაოების ხარჯმა კი 11223,20 ლარი შეადგინა.
საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილია სამინისტროს მიერ ნაკისრი ვალდებულების - ლიანდაგის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფის შეუსრულებლობა, რამაც სს „ს.რ–ის“ თბომავლის ლიანდაგიდან ჩავარდა და დამატებითი ხარჯების გაწევის საჭიროება წარმოშვა. საგულისხმოა, რომ თავად სამინისტროს წარმომადგენლის მიერ ქვედა ინსტანციის სასამართლოში დაფიქსირებული განმარტების მიხედვით, სამინისტროს ლიანდაგის გამართულობაზე პასუხისმგებელი, შესაბამისი თანამშრომელი არ ჰყავდა. ამრიგად, სადავო შემთხვევის გამომწვევი მიზეზის (ლიანდაგის გაგანიერება) მხედველობაში მიღებით, უსაფუძვლოა კასატორის მითითება მის არაბრალეულობაზე. შესაბამისად, რადგან დადასტურებულია მოპასუხის ქმედების მართლწინააღმდეგობა (სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა) და ბრალეულობა, შედეგად კი - მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება, სამინისტროს მართებულად დაეკისრა ზიანის ანაზღაურება; ზიანის ოდენობა კი სამინისტროს სადავოდ არ გაუხდია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე