თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე; შეგებებული სარჩელის მიმართ მოპასუხე) - ო.მ–ვი
კასატორი (მოპასუხე; შეგებებული სარჩელის ავტორი) - შპს „ლ–ა“
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინება
კასატორ ო.მ–ვის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
კასატორ შპს „ლ–ას“ მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი:ო.მ–ვმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ლ–ას“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის 2015 წლის ნოემბრიდან (2016 წლის ნოემბრის თვის გარდა) 2017 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით, ყოველთვიურად 2250 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანებისა და ხელფასის დაყოვნებისთვის, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, თანხის 0,07%-ის ანაზღაურების დაკისრება.
შპს „ლ–ამ“ ო.მ–ვის მიმართ შეგებებული სარჩელი წარადგინა და ო.მ–ვისთვის ხელფასის სახით უსაფუძვლოდ მიღებული 23812,5 ლარის დაბრუნების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ო.მ–ვის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ლ–ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ 27000 ლარის გადახდა დაეკისრა; ო.მ–ვის სარჩელი პირგასამტეხლოს სახით 0,07%-ის გადახდის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; შპს „ლ–ას“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ო.მ–ვისა და შპს „ლ–ას“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება მხარეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორი ო.მ–ვი მიიჩნევს, რომ სახელფასო დავალიანება სრულად უნდა ანაზღაურებოდა და უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება მოთხოვნის ნაწილის ხანდაზმულობის შესახებ. ამასთან, მოპასუხეს, სახელფასო დავალიანების დაგვიანებით ჩარიცხვის გამო, უნდა დაჰკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის 0,07%-ის ოდენობით.
კასატორი შპს „ლ–ა“ მიიჩნევს, რომ არ უნდა დაჰკისრებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის გადახდა, რადგან არ დასტურდება ო.მ–ვისთვის 2250 ლარის ოდენობით ხელფასის დანიშვნა. კომპანია მიუთითებს, რომ ო.მ–ვს შპს „ლ–ას“ დირექტორად დანიშვნამდე საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა ამავე საწარმოს პარტნიორის (75% წილის მფლობელის) - შპს „ა–ას“ 49% წილი. სწორედ ეს გარემოება უნდა გამხდარიყო დირექტორისთვის კომპანიათა სათანადო ხელმძღვანელობით დაინტერესების წინაპირობა, თუმცა მან არასათანადოდ შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები; მათ შორის, ხელფასის სახით უსაფუძვლოდ დაირიცხა 23812,5 ლარი, რომელიც კომპანიას უნდა დაუბრუნდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის და 8 აპრილის განჩინებებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ო.მ–ვისა და შპს „ლ–ას“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს კომპანიასა და მის დირექტორს შორის დადებული ხელშეკრულების სასყიდლიანობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს; ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, საზოგადოებასა და დირექტორს შორის დადებული ხელშეკრულება უნდა დაკვალიფიცირდეს არა შრომითსამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ მათ შორის იდება სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით გათვალისწინებული დავალების ხელშეკრულება. მსგავსი ხელშეკრულება „სასამსახურო ხელშეკრულებად“ მოიხსენიება, რადგან მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 თებერვლის №ას-1098-2020, 2019 წლის 23 იანვრის №ას-727-695-2016 და 2018 წლის 27 დეკემბრის №ას-1463-2018 განჩინებები). დავალების ხელშეკრულების საფუძველზე კი, სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამასთან, ვინაიდან დავალების ხელშეკრულება ზეპირი ფორმითაც შეიძლება დაიდოს, „დავალების სასყიდლიან ხელშეკრულებაზე ზეპირი ფორმით შეთანხმების მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება მოსარჩელეს“; ასეთ დროს ყველა მტკიცებულება „უნდა შეფასდეს ერთობლიობაში და უნდა დადგინდეს, მათი ანალიზი ხომ არ ქმნის პრეზუმფციას, რომ დავალების ხელშეკრულება მართლაც სასყიდლიანი იყო. დადებით შემთხვევაში, პრეზუმირებული ფაქტის ბუნებიდან გამომდინარე, მისი გაქარწყლების ვალდებულება დაეკისრება მოპასუხეს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის №ას-650-606-2017 გადაწყვეტილება). დამატებით გასათვალისწინებელია სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის მეორე ნაწილიც, რომლის შესაბამისადაც, გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სწორედ „სასამსახურო ხელშეკრულება“ იყო დადებული, ვინაიდან ო.მ–ვი შპს „ლ–ას“ დირექტორს წარმოადგენდა. ამასთან, მათ შორის გასამრჯელოს თაობაზე შეთანხმება წერილობითი ფორმით არ დადებულა, რის გამოც საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების მიხედვით უნდა შეფასდეს გასამრჯელოს თაობაზე მხარეთა შეთანხმების არსებობა.
სადავო საკითხის შესწავლისას, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ თავად მოპასუხე კომპანიის განმარტებით, ო.მ–ვს ხელფასი კომპანიისგან უნდა მიეღო დივიდენდის სახით, შპს „ა–აში“ უსასყიდლოდ დათმობილი წილის შესაბამისად. ამრიგად, საზოგადოების განმარტებაც ცხადყოფს, რომ ო.მ–ვის საქმიანობა არ ატარებდა უსასყიდლო ხასიათს. რაც შეეხება სასყიდლის სახესა და ოდენობას, შპს „ლ–ამ“ ო.მ–ვის მიერ შპს „ა–ისგან“ დივიდენდის მიღების ფაქტი ვერ დაადასტურა; საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით კი დასტურდება, რომ ო.მ–ვს შპს „ლ–ასგან“ ანაზღაურების სახით არაერთხელ ჩაერიცხა ფიქსირებული თანხის ოდენობა - 2250 ლარი. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ სადავო ურთიერთობა სასყიდლიან ხასიათს ატარებდა და მოსარჩელის ანაზღაურება თვეში 2250 ლარს შეადგენდა.
გასამრჯელოს არსებობის დადასტურების პირობებში კი, მისი სრულად ანაზღაურებისა და დავალიანების არარსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლიდან გამომდინარე, მოვალეს ეკისრება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის №ას-650-606-2017 გადაწყვეტილება). განსახილველ შემთხვევაში კი, შპს „ლ–ამ“ გასამრჯელოს სრულად გადახდის ფაქტი ვერ დაადასტურა, რაც ქმნიდა 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით წარმოქმნილი დავალიანების ანაზღაურების თაობაზე ო.მ–ვის სარჩელის დაკმაყოფილების, ხოლო მის მიერ უკვე მიღებული გასამრჯელოს უკან დაბრუნების მოთხოვნით წარდგენილი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობებს.
რაც შეეხება 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ივლისის თვის ჩათვლით მიუღებელი გასამრჯელოს ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნას, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია; 130-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამრიგად, კრედიტორმა დარღვეული უფლების აღსადგენად სასამართლოს დროულად უნდა მიმართოს, რადგან ხანდაზმული სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხის შედავების შემთხვევაში, დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში კი, ვინაიდან სარჩელი წარმოდგენილ იქნა 2019 წლის 16 აგვისტოს და მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითა, სასამართლოებმა მართებულად უთხრეს უარი მოსარჩელეს 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ივლისის თვის ჩათვლით წარმოქმნილი დავალიანების ანაზღაურებაზე.
პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძვლიანობის შესწავლისას კი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ვინაიდან სადავო შემთხვევაში მხარეთა შორის პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმება არ არსებობდა, დასახელებული სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და მართებულად არ დაკმაყოფილდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, კასატორი ო.მ–ვი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. კასატორს - შპს „ლ–ას“ კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო.მ–ვისა და შპს „ლ–ას“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინება;
3. შპს „ლ–ას“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს ი.ა–ძის (პ/ნ .......) მიერ 2022 წლის 29 მარტის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2541 ლარის 70% - 1778,7 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე