Facebook Twitter

3გ-ად-42-გ-02 19 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. სხირტლაძე

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატასა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შორის განსჯადობის შესახებ დავა, საქმეზე – ბ. გ.-ის სარჩელის გამო, მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მესამე პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიმართ.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 1999წ. 25 ოქტომბერს განიხილა ბ. გ.-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურო-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის საპენსიო განყოფილების მიმართ და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი. მოსარჩელე ბ.გ.-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაენიშნა მეორე სახეობის პენსია: ომის ინვალიდობის 45 ლარი თვეში და მოხუცებულობის პენსიის ორი ოდენობის დანამატი – 28 ლარი თვეში, სულ – 73 ლარი. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისთვის 1997წ. 1 იანვრიდან 1999წ. 1 ოქტომბრამდე გაუცემელი პენსიის – 2409 ლარის – ერთდროულად გადახდა.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლომ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყფოის დეპარტამენტის საჩივარი ამავე სასამართლოს 1999წ. 25 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, გააუქმა აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დანიშნა საქმის ხელახალი განხილვა.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2000წ. 5 იანვარს ხელახლა განიხილა ბ. გ.-ის სარჩელი საქართველოს შსს-ს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის საპენსიო განყოფილეის მიმართ და გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ორი სახეობის – სამამულო ომის ინვალიდობისა და მოხუცებულობის პენსიის სულ 2628 ლარის გადახდა 1997წ. იანვრიდან 2000წ. იანვრამდე, შემდეგ კი – 2000წ. 1 იანვრიდან – ყოველთვიურად 73 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა, აგრეთვე, მიუღებელი შემოსავლის გადახდა 1156 ლარის – ოდენობით, სასამართლოს გარეშე ხარჯები – 3000 ლარი, მორალური ზიანის ანაზღაურება, სულ – 9854 ლარი.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შსს-ს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტმა

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 16 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 იანვრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000წ. 8 დეკემბერს განიხილა საქართველოს შსს-ს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი და დააკმაყოფილა იგი. გააუქმა სააპელაციო პალატის 2000წ. 16 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 2 მარტის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა შსს-ს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველფყოფის დეპარტამენტის შუამდგომლობა და მოცემულ საქმეში იგი შეიცვალა სათანადო მოპასუხით – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროთი, ხოლო შსს-ს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუფნველყოფის დეპარტამენტი მოცემულ საქმეში ჩაება მესამე პირად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 13 ივლისს განიხილა სააპელაციო საჩივარი და ბ.გ.-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო, რის გამოც სააპელაციო პალატამ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 იანვრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ბ.გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ორი სახეობის პენსიის – მეორე მსოფლიო ომის ინვალიდობისა და მოხუცებულობის პენსიის – სულ – 2628 ლარის – გადახდა 1997წ. იანვრიდან 2000წ. იანვრამდე. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა 2000წ. იანვრიდან ყოველთვიურად 73 ლარის, მიუღებელი შემოსავლის – 1156 ლარის, სასამართლოს ხარჯების – 3000 ლარისა და მორალური ზიანის – 9854 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთ ასააპელაციო პალატამ 2002წ. 13 ივნისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადასცა იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ საქმის გაცნობის შემდეგ ჩათვალა, რომ მოცემული დავა თავისი შინაარსით ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე დავას წარმოადგენს, მაგრამ შეუძლებლად მიიჩნია დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივრის განხილვა, რადგანაც იგი განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესებით, რაც არ არის გათვალისწინებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ აღნიშნული საჩივარი სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განსახილველია და საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად განსახილველად გადაუგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 13 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განსახილველია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეებს და ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, რომ მოცემული დავა თავისი შინაარსით ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე დავაა და არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის (დაუსწრებელი გადაწყვეტილება) დებულებები, მოცემული დავა არაგანსჯადი სასამართლოს განსახილველია, ვინაიდან აღნიშნული ნორმის შესაბამისად ადმინისტრაციულ სასამართლოს სამართალწარმოებაში ეკრძალება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის დებულებების გამოყენებას და ის გარემოება, რომ მოცემული დავის არაგანსჯადმა სასამართლომ (თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატა) გამოიყენა სამოქალაქო სამართალწარმოების ნორმები, იმავე ინსტანციის განსჯად სასამართლოს არ ართმევს უფლებას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად განიხილოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 13 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

2. საქმის მასალები განსახილველად გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.