Facebook Twitter

საქმე №ა-5040-შ-147-2021 21 ივლისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ა.ო.

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ო.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს - თურქეთის რესპუბლიკის გირესუნის საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი - განქორწინება, მეურვედ დანიშვნა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა.ო–მა 2021 წლის 26 ოქტომბერს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის გირესუნის საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინებისა და არასრულწლოვანი შვილების მეურვედ დანიშვნის ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის გირესუნის საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. იმავე ნორმის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სათანადო წესით დამოწმებული, თურქეთის რესპუბლიკის გირესუნის საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ა.ო. (მ–ნი) და მ.ო. განქორწინდნენ; ასევე, მხარეთა საერთო შვილებზე მ.ო–სა (დაბადებული 01.04.2008 წელს) და მ.ო–ზე (დაბადებული 08.10.2010 წელს) მეურვეობა გადაეცა დედას - ა.ო–ს. აღსანიშნავია, რომ მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე, უფრო მეტიც, მ.ო. დაეთანხმა ა.ო–ის სასარჩელო მოთხოვნებს. ასევე, დასტურდება, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2021 წლის 26 მაისიდან.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს მ.ო–ის მიერ 2022 წლის 11 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მას პრეტენზია არ გააჩნია განქორწინებასთან და არასრულწლოვანი ბავშვების მეურვეობასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე პუნქტში მითითებული, გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის გირესუნის საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ო–ის შუამდგომლობა განქორწინებისა და არასრულწლოვანი შვილების მეურვედ დანიშვნის ნაწილში თურქეთის რესპუბლიკის გირესუნის საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს თურქეთის რესპუბლიკის გირესუნის საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შეწყდა ა.ო–სა და მ.ო–ს შორის ქორწინება; მხარეთა საერთო შვილებზე მ.ო–სა (დაბადებული 01.04.2008 წელს) და მ.ო–ზე (დაბადებული 08.10.2010 წელს) მეურვეობა გადაეცა ა.ო–ს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე