Facebook Twitter

საქმე №ას-573-2021 21 ივნისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ იუსტიციის სახლი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ.წ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.03.2021 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების უვადოდ აღიარება, გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, გამოსაცდელი ვადის დანიშვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, შეფასების ფორმის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 13.10.2020 წლის გადაწყვეტილებით შ.წ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „დასაქმებული“) სარჩელი დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ „იუსტიციის სახლის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“) საზოგადოებრივ ცენტრებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების დანიშვნის შესახებ მოპასუხის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 03.01.2020 წლის ბრძანება N16/კ იმ ნაწილში, რომელიც გულისხმობდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობიდან პირველი სამი თვის გამოსაცდელ ვადად ჩათვლას. ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის მიერ მიღებული გამოსაცდელი ვადით დანიშნული თანამშრომლის - მოსარჩელის შეფასების ფორმა. ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის აღმასრულებელი დირექტორის 01.04.2020 წლის N239/კ ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელე აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე არსებულ ადიგენის საზოგადოებრივ ცენტრში სპეციალისტის (ოპერატორის) პოზიციაზე. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 01.04.2020 წლიდან სამსახურში აღდგენამდე, ყოველთვიურად დაუბეგრავი 750 ლარის ოდენობით.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.03.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

3.1. მოსარჩელე 30.01.2006 წელს დაინიშნა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალციხის სამსახურში, ხოლო 11.05.2012 წელს - ადიგენის სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე 14.08.2012 წლამდე (თანამდებობრივი სარგო - 665 ლარი); 16.07.2012 წლის N3317/კ ბრძანებით - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადიგენის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე 16.01.2013 წლამდე (თანამდებობრივი სარგო - 665 ლარი); 22.01.2019 წლის N609/კ ბრძანებით კი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ადიგენის საზოგადოებრივ ცენტრში ოპერატორად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად, 15.01.2019 წლიდან 15.01.2020 წლამდე, პირველი ექვსი თვე გამოსაცდელი ვადით. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა. დასაქმებულის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 750 ლარს.

3.2. მოპასუხის აღმასრულებელი დირექტორის 31.12.2019 წლის N1285/კ ბრძანებით, მოსარჩელე პირადი განცხადების საფუძველზე, 01.01.2020 წლიდან დაინიშნა მოპასუხის ადიგენის საზოგადოებრივ ცენტრში სპეციალისტის (ოპერატორის) თანამდებობაზე, შრომითი ხელშეკრულებით, ერთი წლის ვადით.

3.3. მოპასუხის აღმასრულებელი დირექტორის 03.01.2020 წლის N16/კ ბრძანებით ცვლილება შევიდა საზოგადოებრივ ცენტრებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, მათ შორის მოსარჩელის დანიშვნის შესახებ ბრძანებაში, სარეზოლუციო ნაწილს დაემატა მეოთხე პუნქტი, რომლითაც მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობიდან პირველი სამი თვე ჩაითვალა გამოსაცდელ ვადად.

3.4. მოპასუხის აღმასრულებელი დირექტორის 18.03.2020 წლის N312/ს და N313/ს ბრძანებებით, სამსახურის შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი ფაქტების შეფასების შედეგად, დადასტურებულად ჩაითვალა მოსარჩელის მხრიდან დისციპლინური გადაცდომების ჩადენა.

3.5. გამოსაცდელი ვადით დანიშნული თანამშრომლის შეფასების ფორმის თანახმად, შეფასდა მოსარჩელის პროფესიული უნარ-ჩვევები, შესაძლებლობები, მისი პირადი თვისებები, იგი შეფასდა 2.36 ქულით, რაც წარმოადგენს საშუალოზე დაბალ შეფასებას.

3.6. მოპასუხის აღმასრულებელი დირექტორის 01.04.2020 წლის N239/კ ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და საფუძვლად მიეთითა 31.03.2020 წლის შეფასების ფორმა.

3.7. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებების შესაბამისად, საზოგადოებრივი ცენტრები, მათ შორის ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრიც, სერვისების განვითარების სააგენტოს დაქვემდებარებიდან გადავიდა მოპასუხის დაქვემდებარებაში და გახდა მისი ტერიტორიული ორგანო. იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციები ფაქტობრივად იდენტურია სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციებთან. იუსტიციის სამინისტრო ჯერ სერვისების განვითარების სააგენტოს მართვის ქვეშ მყოფი საზოგადოებრივი ცენტრის, ხოლო შემდეგ იუსტიციის სახლის ტერიტორიული ორგანოს-საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით ახორციელებდა და ახორციელებს უფლებამოსილებებს, მათ შორის სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისებს, საქართველოს ეროვნული არქივის სერვისებს, სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისებზე განცხადებების მიღებასა და დოკუმენტების გაცემას.

3.8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველი დავის ფარგლებში შესაფასებელია მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის განსაზღვრული ვადით, მათ შორის გამოსაცდელი ვადით, დადების შესაძლებლობა, რის შემდგომაც განიხილება დამსაქმებლის უფლება გამოსაცდელ ვადაზე მითითებით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერებასთან მიმართებით.

3.9. სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) მე-6 მუხლის 13 ნაწილზე (თუ შრომითი ხელშეკრულების ვადა 30 თვეზე მეტია, ან თუ შრომითი ურთიერთობა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების მიმდევრობით ორჯერ ან მეტჯერ დადების შედეგად გრძელდება და მისი ხანგრძლივობა 30 თვეს აღემატება, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულება მისი ვადის გასვლისთანავე გაგრძელდა ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება პირველი ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის ვადაში დაიდო) და შრომითი ხელშეკრულების უვადოდ მიჩნევის ნაწილში ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე 2006 წლიდან უვადოდ იყო დასაქმებული იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სისტემებში ოპერატორის პოზიციაზე. თავდაპირველად, მოსარჩელის უშუალო დამსაქმებელი იყო სამოქალაქო რეესტრის სამსახური, ხოლო მოგვიანებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრი. სასამართლოს შეფასებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის მოპასუხის დაქვემდებარებაში გადასვლა/გაერთიანება ვერ მიიჩნევა დამსაქმებლის ცვლილებად, რამეთუ მოსარჩელისათვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები არსებითად არ შეცვლილა. მოსარჩელეს ორივე შემთხვევაში ეკავა ოპერატორის პოზიცია და შესაბამისად ევალებოდა მომხმარებლებისათვის მომსახურების გაწევა, ამდენად, არ მომხდარა არც მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციის ცვლილება, რასაც შესაძლოა გარკვეულწილად გაემართლებინა გამოსაცდელი ვადის დაწესება, რათა დამსაქმებელს შეეფასებინა ახალი ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვანი განხორციელების უნარი.

3.10. სასამართლომ განმარტა, რომ ფორმალური თვალსაზრისით სახეზეა ორი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თუმცა წარმოადგენენ ერთი სამინისტროსადმი დაქვემდებარებული სუბიექტებს და ახორციელებენ რეგისტრაციასთან დაკავშირებულ მსგავს საჯარო-სამართლებრივ ფუნქცია-მოვალეობებს. შესაბამისად, ერთი იურიდიული პირის დაქვემდებარებაში არსებული საზოგადოებრივი ცენტრის მეორის დაქვემდებარებაში გადასვლა დამსაქმებელს სწორედაც რომ ავალდებულებს, შეინარჩუნოს დასაქმებულ პირებთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობა. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ არც უშუალო ხელმძღვანელობა შეცვლილა და ორივე შემთხვევაში, როგორც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ასევე მოპასუხის თავმჯდომარედ, საქმეში წარმოდგენილ ბრძანებებზე 2019-2020 წლებში მითითებულია ს.გ–ძე. ამდენად, ხსენებული გარემოებები ერთობლიობაში მოწმობს, რომ მხარეთა შორის არსებობდა უვადო შრომითსამართლებრივი ურთიერთობა და მოპასუხეს, როგორც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების ,,უფლებამონაცვლეს’’, ევალებოდა გაეგრძელებინა დასაქმებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებები იმ პირობებით, რაც წლების მანძილზე იყო დადგენილი. აპელირება, რომ მოპასუხე წარმოადგენს ახალ დამსაქმებელს, ვერ გამოდგება ვარგის საფუძვლად, უვადოდ დანიშნული თანამშრომლისათვის გამოსაცდელი ვადის დაწესებისათვის, მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელე ორივე შემთხვევაში დასაქმებული იყო ოპერატორის პოზიციაზე და ამ მხრივაც ცვლილება არ მომხდარა მასზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეოებებში.

3.11. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეორესთან მიერთება ან ფუნქციების გადაცემა ან თუნდაც დაქვემდებარების შეცვლა სხვა არაფერია თუ არა ,,რეორგანიზაცია’’. შესაბამისად, უვადოდ დანიშნული მოსამსახურე რეორგანიზაციის შემდეგ თუ არ იქნა სამსახურიდან დათხოვნილი შტატების შემცირების გამო, უნდა დაინიშნოს უვადოდ და მისი მდგომარეობის გაუარესება გამოსაცდელი ვადის დაწესებით/ვადაზე გადაყვანით დაუშვებელია. გასათვალისწინებელია, რომ დამსაქმებელმა თვითნებურად და ცალმხრივად შეცვალა ხელშეკრულების პირობები და დასაქმებულთან შეთანხმების გარეშე შეიტანა ცვლილება ხელშეკრულებაში, რაც ასევე მიუთითებს მიღებული გადაწყვეტილების არალეგიტიმურ ხასიათზე.

3.12. მოპასუხის არგუმენტს წარმოადგენს ის, რომ მოსარჩელე უშუალოდ მასთან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმდა 01.01.2020 წლიდან, ერთი წლის ვადით, მათ შორის სამთვიანი გამოსაცდელი ვადით და ამ პერიოდის გასვლის შემდეგ დასაქმებულის შეუსაბამობის საფუძვლით დამსაქმებელმა მიზანშეწონილად მიიჩნია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, რისი უფლებაც სშკ-ის მე-9 მუხლის შესაბამისად, უპირობოდ აქვს დამსაქმებელს. სასამართლომ განმარტა, რომ გამოსაცდელი ვადა წარმოადგენს დამსაქმებლის პრივილეგიას, როცა იგი ეცნობა დასაქმებულის შრომით შესაძლებლობებს, იღებს გადაწყვეტილებას მისი თანამდებობასთან - საქმიანობასთან შესაბამისობის თაობაზე და უგრძელებს უკვე არსებულ შრომით ხელშეკრულებას, ან წყვეტს ხელშეკრულებას დასაქმებულთან. უვადო შრომითი ხელშეკრულების არსებობის პირობებში, მოპასუხის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების ვადის ერთი წლით შემოსაზღვრა და მათ შორის სამთვიანი გამოსაცდელი ვადის დაწესება კანონსაწინააღმდეგოა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 54-ე მუხლის შესაბამისად ბათილად მიიჩნევა.

3.13. სადავოდ არის გამხდარი გამოსაცდელი ვადით დანიშნული თანამშრომლის - მოსარჩელის შეფასების ფორმა, რომელიც შედგენილია შესაფასებელი პირის უშუალო ხელმძღვანელის, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მიერ. დოკუმენტი შეიცავს თანამშრომლის მიერ შესრულებული ფუნქციების/დავალებების დეტალურ ჩამონათვალს და თანამშრომლის ზოგადი უნარ-ჩვევების შესახებ კრიტერიუმებს. მოქმედებს 5 ქულიანი სისტემა, საიდანაც 1 არის მიუღებელი, 2-საშუალოზე დაბალი, 3-საშუალო, 4-კარგი და 5-ძალიან კარგი. მოსარჩელე შეფასებულია საშუალო და საშუალოზე დაბალი ქულით, თუმცა მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელი კონკრეტული შემთხვევის ან ვითარების გამო შეფასდა მოსარჩელე განსაზღვრული ქულით, მაგალითად, ვერ მუშაობს დამოუკიდებლად, რთულ სიტუაციებში ვერ ინარჩუნებს სიმშვიდეს, არ აქვს შესაბამის სფეროში საფუძვლინი თეორიული ცოდნა, არ არის ორიენტირებული პროფესიულ განვითარებაზე, ან რომელი კრიტერიუმების მიხედვით მიენიჭა შესაფასებელ პირს 2 და არა 3, ან სხვა ოდენობის ქულა, რა გარემოებები გაითვალისწინა შემფასებელმა და დაადგინა, რომ მოსარჩელე უნდა შეფასებულიყო სწორედ ამ ქულებით და არა მეტით, ან ნაკლებით. ამდენად, წარმოდგენილი შეფასების ფორმა მოსარჩელესთან მიმართებაში არის დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს. დისციპლინარული გადაცდომა არ გამხდარა მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი.

3.14. სასამართლომ მიუთითა სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილზე და განმარტა, რომ სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება. რამდენადაც უკანონოდ იქნა მიჩნეული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, სასამართლო გამართლებულად მიიჩნია არამართლზომიერად გათავისუფლებული პირის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა.

3.15. სშკ-ის 32-ე მუხლის შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 01.04.2020 წლიდან სამსახურში აღდგენამდე, ყოველთვიურად 750 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით).

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. მოსარჩელე ითხოვს შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადებულად აღიარებას სშკ-ის (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) მე-6 მუხლის 13 ნაწილზე დაყრდნობით (თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში). მითითებული ნორმით უვადო შრომითი ურთიერთობების მახასიათებელი და მაკვალიფიცირებელი კრიტერიუმია ვადიანი ხელშეკრულებების მრავალჯერადობა და განგრძობადობა. ამით სშკ დაუახლოვდა ევროკავშირის სტანდარტს დასაქმების და სოციალური პოლიტიკის სფეროში, გაჩნდა ვადის ბოროტად გამოყენების პრევენციისა და კონტროლის ინსტრუმენტი (შდრ.: ეკატერინე ქარდავა, საქართველოს შრომის სამართლის რეფორმა ევროპული ინტეგრაციისა და ასოცირების შეთანხმების მოთხოვნათა ჭრილში, დისერტაცია, თბილისი 2018, გვ.106).

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობის უვადოდ მიჩნევისათვის, კერძოდ, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ: მოსარჩელე 2006 წლიდან დასაქმებული იყო იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალციხის სამსახურში, 2012 წლიდან - ამავე სააგენტოს ადიგენის სამსახურში, შემდეგ კი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადიგენის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში. მოსარჩელე 22.01.2019 წლის ბრძანებით დაინიშნა ამავე სააგენტოს ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ადიგენის საზოგადოებრივ ცენტრში ოპერატორად, ხოლო უკვე უშუალოდ მოპასუხის 31.12.2019 წლის ბრძანებით, 20.01.2020 წლიდან - მოპასუხის ადიგენის საზოგადოებრივ ცენტრში სპეციალისტის (ოპერატორის) თანამდებობაზე, შრომითი ხელშეკრულებით, ერთი წლის ვადით. 03.01.2020 წლის N16/კ ბრძანებით ცვლილება შევიდა საზოგადოებრივ ცენტრებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, მათ შორის მოსარჩელის დანიშვნის შესახებ ბრძანებაში და სარეზოლუციო ნაწილს დაემატა მეოთხე პუნქტი, რომლითაც მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობიდან პირველი სამი თვე ჩაითვალა გამოსაცდელ ვადად.

10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მიუხედავად მოსარჩელის დამსაქმებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტების, განსხვავებისა, ეს ფაქტი ვერ განიხილება სშკ-ის მე-6 მუხლის 13 ნაწილის შესაბამისად შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადებულად მიჩნევის დამაბრკოლებელ გარემოებად. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დამსაქმებლები წარმოადგენენ ერთი და იმავე სახელმწიფო უწყების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირებს და ცვლილება განპირობებული იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 30.12.2019 წლის №481 ბრძანებით, რომლითაც სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, გამოეყო საზოგადოებრივი ცენტრები და გადაეცა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ მეორე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ამდენად, უშუალოდ საზოგადოებრივი ცენტრების და შტატების გაუქმება არ მომხდარა, არამედ ახლებურად დარეგულირდა მათი კონკრეტული საჯარო სამართლის იურიდიული პირისადმი კუთვნილების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ მოპასუხის საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციები ფაქტობრივად იდენტურია სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციებთან. იუსტიციის სამინისტრო ჯერ სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს მართვის ქვეშ მყოფი საზოგადოებრივი ცენტრის, ხოლო შემდეგ მოპასუხის ტერიტორიული ორგანოს - საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით ახორციელებს მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე საქმიანობდა ჯერ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, ხოლო შემდეგ - საზოგადოებრივ ცენტრში უწყვეტად, მის გათავისუფლებამდე. შესაბამისად, ის გარემოება, იუსტიციის სამინისტრომ ეფექტური ფუნქციონირებისათვის კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობის შესრულება ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ნაცვლად მეორეს დააკისრა, საქმის თავისებურებათა გათვალისწინებით, სშკ-ის მე-6 მუხლის 13 ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე ვერ განიხილება დამსაქმებლის ცვლილებად. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მხარეთა შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა, რაც გამორიცხავდა როგორც გამოსაცდელი ვადის დაწესებას, ისე ვადიანი შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობას (შდრ. იხ.: სუსგ-ებები: №ას-550-2021, 25.02.2022წ., Nას-1135-2021, 24.02.2022წ.; 1237-2021, 24.02.2022წ.;).

11. მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა გამოსაცდელ ვადაში შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამისობის მოტივით (სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია 31.03.2020 წლის შეფასება, ხოლო სამართლებრივ საფუძვლად სშკ-ის მე-9 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი შესასრულებელ სამუშაოსთან დასაქმებულის შესაბამისობის დადგენაა (სშკ-ის მე-9 მუხლის პირველი ნაწილით, შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით). გამოსაცდელი ვადა, ეს ის ვადაა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებულმა უნდა შეაფასოს მომავალი მუშაკის უნარები, კომპეტენცია, სამუშაოსადმი შესაბამისობა. ამავე დროს, ამ ვადაში კანდიდატმა უნდა გამოავლინოს კვალიფიკაცია, პროფესიული ქცევა, სამუშაო ადგილისათვის ადეკვატური ყოფაქცევა, პროფესიული მორალი, რათა მოიპოვოს დასაქმებულის, ანუ შრომითი ხელშეკრულების მონაწილე მხარის სტატუსი. ამდენად, გამოსაცდელი ვადა დამსაქმებელ-დასაქმებულის ურთიერთშეცნობისა და შეფასების ვადაა (სუსგ Nას-17-2021, 20.05.2021წ.). გამოსაცდელი ვადა ის ერთადერთი პერიოდია, რომლის განმავლობაშიც კანონმდებელმა დამსაქმებელს თავისუფლება მიანიჭა, არ გააგრძელოს შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან, თუ მიაჩნია, რომ იგი არ შეესაბამება შესასრულებელ სამუშაოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შეუსაბამობაზე არ შეიძლება გავრცელდეს მტკიცების ის სტანდარტი, რომელიც გათვალისწინებულია სშკ-ის 37-ე მუხლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას. სწორედ ამიტომ, სშკ-ის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, რაც მოიცავს წინასწარი გაფრთხილების, კომპენსაციისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების ვალდებულებას (სუსგ. Nას-142-134-2017, 18.04.2018წ.).

12. შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენება. სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა (სუსგ Nას-1350-2019, 27.11.2019წ.). საკასაციო პალატის განმარტებით, პირი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე მსახურობს დაწესებულებაში და მისი საქმიანობის ძირითადი არეალიც არ სცილდება ერთ ან მსგავს მიმართულებებს, დამსაქმებლისათვის ცნობილია მოსარჩელის როგორც პიროვნული, ისე პროფესიული უნარ-ჩვევები, ამ ურთიერთობის გამოსაცდელი ვადით განსაზღვრა წარმოადგენს დამსაქმებლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებით ჩამოყალიბებულ პირობას, რისი გათვალისწინებითაც, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით, დამსაქმებლის ცალმხრივი ნება მართებულად ცნო ბათილად (სუსგ №ას-550-2021, 25.02.2022წ.). იმ პირობებში, როდესაც გამოსაცდელი ვადის დანიშვნის შესახებ დამსაქმებლის ნება ბათილია, სამართლებრივად უმნიშვნელოა „გამოსაცდელი ვადით დანიშნული თანამშრომლის შეფასების ფორმის“ შედგენის კანონიერების კვლევა. ამასთან, დამატებით შეიძლება მაინც აღინიშნოს, რომ იგი არ შეიცავს მითითებას ამა თუ იმ შეფასების განმაპირობებელ კონკრეტულ წანამძღვრებზე, შეუძლებელია, განისაზღვროს, რამდენად ობიექტურად მოხდა მოსარჩელის შეფასება და იგი ვერ იქნება განხილული დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის განმსაზღვრელ მტკიცებულებად.

13. შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (სუსგ Nას-151-147-2016, 19.04.2016წ.). ამდენად, ასეთ დროს სასამართლო იკვლევს მხოლოდ გათავისუფლების ბრძანებაში მითითებულ საფუძველს და ვერ იმსჯელებს საკითხზე, ხომ არ არსებობდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სხვა რაიმე წინაპირობა.

14. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი ეს შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (სუსგ №ას-1161-2018, 15.10.2020წ.). სათანადო მტკიცებულების არარსებობის პირობებში არ დგინდება მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის ფაქტი.

15. შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტით მოპასუხემ დასაქმებულს წაართვა შესაძლებლობა განეხორციელებინა სამსახურებრივი მოვალეობა და მიეღო შესაბამისი შრომითი ანაზღაურება. შესაბამისად, მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი განისაზღვრება მიუღებელი ხელფასით გათავისუფლებიდან სამსახურში აღდგენამდე. არსებობს უკანონო გათავისუფლების შედეგად მიყენებული ზიანის, იძულებითი განაცდურის განაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი სშკ-ის 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) და სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) შესაბამისად.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

17. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ გააბათილა სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

18. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 1365 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 955.5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ იუსტიციის სახლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. სსიპ იუსტიციის სახლს (ს/კ .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1365 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №14109, გადახდის თარიღი 08.06.2021წ.) 70% – 955.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია