Facebook Twitter

საქმე №ას-724-2020 22 მარტი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ბ–ნის უფლებამონაცვლე მ.დ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბმა „ბ–ნი ?“ (მოპასუხე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – ნ.ბ–ია

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.01.2020წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – კომპენსაციის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. თ.ბ–ნმა (უფლებამონაცვლე მ.დ–ი) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბმა „ბ–ნი ?“-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა“) მიმართ კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.06.2019 წლის განჩინებით საქმეში მოპასუხის მხარეზე მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაება ნ.ბ–ია (შემდეგში „მესამე პირი“).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.09.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

3.1. უძრავი ნივთის, მდებარე - ქ. თბილისი, ...., ფართით 20 კვ.მ (ს/კ ......), მესაკუთრეა მოსარჩელე. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ქ.თბილისის საკრებულოს მიერ 01.09.2008 წელს გაცემული საკუთრების მოწმობა და 19.09.2008 წელს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა.

3.2. საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე, ქ. თბილისი, .... ქუჩა N25-27 (ს/კ .......), ნაკვეთის საკუთრების ტიპი თანასაკუთრება, დანიშნულება არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართი 734 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი 19, შენობა ნაგებობის ჩამონათვალი N1-დან 8-მდე რეგისტრირებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრება და საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები. აღნიშნულ უძრავ ნივთზე მდებარე ავტოფარეხი N8, როგორც ცალკე უფლების ობიექტი რეგისტრირებულია არ არის. ამასთან, ელექტრონული საკადასტრო რუკის მიხედვით აღნიშნული შენობა ზედდებაშია უძრავ ნივთზე ს/კ .......

3.3. ქ. თბილისის საბურთალოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 20.09.1989 წლის N22.30.705 გადაწყვეტილებით ..... ქ. N25/27-ში მცხოვრებ მესამე პირს ნება დაერთო საერთო სარგებლობის ეზოში მოწყობილი ლითონის დროებითი ავტოფარეხი შეეცვალა კაპიტალურით. ამავე გადაწყვეტილებით მესამე პირს დაევალა მშენებლობის პროექტი დაეკვეთა კეთილმოწყობის სამმართველოს საპროექტო კანტორისთვის და შეეთანხმებინა რაიონის მთავარ არქიტექტორთან.

3.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 15.01.2015 წლის N000740 დადგენილებით მესამე პირი დაჯარიმდა 8000 ლარით ქ. თბილისში, ..... ქუჩაზე, ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ კაპიტალური ავტოფარეხის მშენებლობისათვის, რომელიც ნაწილობრივ გადასულია N ...., N ..... და N ....... საკადასტრო ერთეულებზე. ამავე დადგენილებით სამართალდამრღვევს დაევალა უნებართვოდ აშენებული ობიექტის დემონტაჟი.

3.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.02.2017 წლის გადაწყვეტილებით 15.01.2015 წლის N000740 დადგენილება ბათილად იქნა ცნობილი. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მესამე პირს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე მშენებლობის ნებართვა არ ესაჭიროებოდა, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს დასტური (თანხმობა) გააჩნდა ქ. თბილისის საბურთალოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 20.09.1989 წლის N22.30.705 გადაწყვეტილებით. შესაბამისად, არ არსებობდა მისი დაჯარიმების ან ობიექტის დემონტაჟის საფუძველი.

3.6. მოსარჩელის საკუთრებაში თავდაპირველად იმყოფებოდა 489 კვ.მ ფართი, საიდანაც ცალკე უფლების ობიექტად აღირიცხა 20 კვ.მ, რომელზეც განთავსებულია სადავო ავტოფარეხი.

3.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 172-ე და 179-ე მუხლებზე და განმარტა, რომ კანონმდებლის მიზანია სამართლებრივი ბალანსის დადგენა ისეთ შემთხვევებში, როდესაც მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე დაარღვევს საზღვარს (თუმცა, ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია), ხოლო მეორე მესაკუთრე თავიდანვე არ განაცხადებს პრეტენზიას. კანონი იცავს ნაგებობის მესაკუთრის ინტერესებს და უფლებადარღვეულ მესაკუთრეს ანიჭებს თმენისათვის კომპენსაციის მიღების უფლებას. საკუთრების ბოჭვის ამგვარი წინაპირობა სრულად შეესაბამება საკუთრების ინსტიტუტის სოციალურ არსს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი პუნქტითაა რეგლამენტირებული.

3.8. სსკ-ის 179-ე მუხლის საფუძველზე კომპენსაციის მოთხოვნის მართლზომიერებასთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები, მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, რომელმაც წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა საზღვრის დარღვევის თაობაზე, ხოლო მოპასუხე უნდა იყოს საზღვრის დამრღვევი მეზობელი, რომელიც მშენებლობის დროს გადასცდა მეზობელი მიწის ნაკვეთის საზღვრებს.

3.9. დადგენილია, რომ სადავო ავტოფარეხის, რომელიც ნაწილობრივ იმყოფება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, მართლზომიერ მფლობელს წარმოადგენს მესამე პირი, რომელსაც ქ. თბილისის საბურთალოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 20.09.1989 წლის N22.30.705 გადაწყვეტილებით ნება დაერთო საერთო სარგებლობის ეზოში მოწყობილი ლითონის დროებითი ავტოსადგომი შეეცვალა კაპიტალური ავტოსადგომით. ამავე გადაწყვეტილებით მოქალაქეს დაევალა მშენებლობის პროექტის დაკვეთა რაიონის მთავარ არქიტექტორთან. ამ დროისათვის მოსარჩელე არ წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, ვინაიდან უძრავი ნივთის მდებარე: ქ. თბილისი, ....... ქუჩა N25-ში, 20 კვ.მ ფართის (ს/კ .....) მესაკუთრედ აღირიცხა ქ.თბილისის საკრებულოს მიერ 01.09.2008 წელს გაცემული საკუთრების მოწმობის და 19.09.2008 წელს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. აღნიშნულით დასტურდება ის გარემოება, რომ იმ დროისათვის, როდესაც ავტოფარეხის მფლობელმა მოიპოვა ნივთზე მართლზომიერი მფლობელის უფლება, მოსარჩელე არ წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი არ შეიცავს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განმსაზღვრელ სავალდებულო ფაქტობრივ წინაპირობებს, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

4. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.01.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. სარჩელის საგანია მოპასუხეს დაეკისროს ავტოფარეხის მშენებლობის დროს მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთის საზღვრების დარღვევისათვის თმენის კომპენსაცია, კერძოდ, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე - 263 300 ლარი და 01.03.2019 წლიდან ყოველწლიურად 25 800 ლარი.

11. ამდენად, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 179-ე მუხლი, რომელიც ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადაცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა. საზღვრის დამრღვევი მეზობელი ვალდებულია გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია, რომელიც ყოველწლიურად წინასწარ უნდა იქნეს გადახდილი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნორმის მიზანია, დააბალანსოს მიწის მესაკუთრეთა ინტერესები, როდესაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდება მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს. მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის თმენის ვალდებულება ანაზღაურდება შესაბამისი ფულადი კომპენსაციით. სსკ-ის 179-ე მუხლი არის ამავე კოდექსის 170-ე მუხლის მოდიფიცირება იმ თვალსაზრისით, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლება მეზობელი მიწის ნაკვეთიდან საზღვრის დარღვევით განხორციელებული მშენებლობით იზღუდება. ნორმის მიხედვით, არსებობს საჯარო ინტერესი, შენარჩუნდეს მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ნაგებობის ეკონომიკური ერთიანობა, რის გამოც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს მშენებლობის განმახორციელებელი მეზობლის მიმართ არ აქვს ნაგებობის დანგრევის მოთხოვნის უფლება (Säcker, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, $ 912, Rn. 1; ლევან თოთლაძე, სსკ-ის კომენტარი, წიგნი II, თბილისი, 2018 წელი, მუხ.179, ველი 1). ამდენად, კანონი ერთი მხრივ, იცავს ნაგებობის მესაკუთრის ინტერესებს, ხოლო მეორე მხრივ, უფლებადარღვეულ მესაკუთრეს ანიჭებს თმენისათვის კომპენსაციის მიღების უფლებას. საკუთრების ბოჭვის ამგვარი წინაპირობა სრულად შეესაბამება საკუთრების ინსტიტუტის სოციალურ არსს, რომელიც საქართველოს კონსტიტუცით და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი პუნქტითაა რეგლამენტირებული (სუსგ Nას 740-692-2017, 27.10.2017წ.).

12. სსკ-ის 179-ე მუხლის საფუძველზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს თმენის ვალდებულება წარმოეშობა და თმენის საფასურის სახით კომპენსაციის მოთხოვნა აქვს, თუ: ა) მოსარჩელე და მოპასუხე არიან მეზობელი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები; ბ) მოპასუხემ მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე (ანუ გაუფრთხილებლობით) დაარღვია საზღვარი; გ) ამის წინააღმდეგ განაცხადი მოსარჩელეს წინასწარ ან შეტყობისთანავე არ გაუკეთებია. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ უძრავ ნივთზე, მდებარე, ქ. თბილისი,.... ქუჩა N25-27 (ს/კ ......), ნაკვეთის საკუთრების ტიპი თანასაკუთრება, დანიშნულება არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართი 734 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი 19, შენობა ნაგებობის ჩამონათვალი N1-8 რეგისტრირებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრება და საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები. აღნიშნულ უძრავ ნივთზე მდებარე ავტოფარეხი N8, როგორც ცალკე უფლების ობიექტი რეგისტრირებულია არ არის. ამასთან, ელექტრონული საკადასტრო რუკის მიხედვით აღნიშნული შენობა ზედდებაშია უძრავ ნივთზე ს/კ ....... (ტ.1, ს.ფ.25-26). ნაწილობრივ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ სადავო ავტოფარეხზე მართლზომიერი მფლობელობა მოიპოვა იმავე მისამართზე მცხოვრებმა მესამე პირმა, რომელსაც ქ. თბილისის საბურთალოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 20.09.1989 წლის N22.30.705 გადაწყვეტილებით ნება დაერთო საერთო სარგებლობის ეზოში მოწყობილი ლითონის დროებითი ავტოფარეხი შეეცვალა კაპიტალურით. ამ დროისათვის მოსარჩელე არ წარმოადგენდა უძრავი ნივთის (ს/კ ......) მესაკუთრეს, მის სახელზე უძრავი ნივთი აღირიცხა ქ.თბილისის საკრებულოს მიერ 01.09.2008 წელს გაცემული საკუთრების მოწმობის და 19.09.2008 წლის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 15.01.2015 წლის დადგენილებით მესამე პირი დაჯარიმდა N ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ კაპიტალური ავტოფარეხის მშენებლობისათვის, რომელიც ნაწილობრივ გადასულია N ......, N ...... და N ....... საკადასტრო ერთეულებზე და მესამე პირს დაევალა უნებართვოდ აშენებული ობიექტის დემონტაჟი. აღნიშნული დადგენილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.02.2017 წლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი იმ გარემოებებზე მითითითებით, რომ მესამე პირს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე მშენებლობის ნებართვა არ ესაჭიროებოდა, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს დასტური გააჩნდა ქ. თბილისის საბურთალოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 20.09.1989 წლის N22.30.705 გადაწყვეტილების სახით. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მესამე პირის დაჯარიმების ან სადავო ავტოფარეხის დემონტაჟის საფუძველი (ტ.1, ს.ფ.40-63 (მასზე წარდგენილი საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად (ტ.1, ს.ფ.64-67)). ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სსკ-ის 179-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხისთვის ფულადი კომპენსაციის დაკისრების წინაპირობა.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

14. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ გააბათილა სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

15. კასატორი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ბ–ნის უფლებამონაცვლე მ.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე