Facebook Twitter

საქმე №ას-788-2021 31 მაისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ.ც–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო (მოპასუხე)

II საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ც–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.04.2021 წლის განჩინება

I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდური ხელფასის/კომპენსაციის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.10.2020 წლის გადაწყვეტილებით ზ.ც–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „დასაქმებული“, „I საკასაციო საჩივრის ავტორი“ ) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“, „II საკასაციო საჩივრის ავტორი“) დირექტორის 07.05.2019 წლის Nკ-1/8 ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 42 000 ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

1.1. 06.06.2014 წლის ბრძანებით, მოსარჩელე დაინიშნა მოპასუხის ანალიზისა და მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად კონკურსის გამოცხადებამდე, ხოლო 08.09.2014 ბრძანებით - ანალიზისა და მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. 25.05.2015 წლის Nკ-1/4 ბრძანებით, პირადი განცხადების საფუძველზე, მოსარჩელე გათავისუფლდა თანამდებობიდან.

1.2. 25.05.2015 წელს მხარეთა შორის წერილობითი ფორმით დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე დაინიშნა მოპასუხის დირექტორის მრჩევლის შტატგარეშე თანამდებობაზე, სახმელეთო ტრანსპორტის დარგში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ტექნიკური რეგლამენტების და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების ანალიზის საკითხებში. მოსარჩელის ხელფასი განისაზღვრა 3500 ლარით (დასაბეგრი ოდენობა). შრომითი ხელშეკრულების ვადა არაერთხელ გაგრძელდა, ამდენად, მხარეთა შორის არსებობდა უვადო შრომითი ხელშეკრულება.

1.3. შრომითი ხელშეკრულების განმავლობაში არ მომხდარა მოსარჩელის ფუნქცია-მოვალეობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების ცვლილება. შრომითი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისათვის მოსარჩელეს არ დაჰკისრებია დისციპლინური პასუხისმგებლობა.

1.4. 01.05.2019 წელს წერილობითი შეტყობინებით, მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა ამავე წლის რვა მაისიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ქვეპუნქტის შესაბამისად მასთან შრომითი ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის თაობაზე.

1.5. მოპასუხის 07.05.2019 წლის Nკ-1/8 ბრძანებით მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება. მოსარჩელეს არ მიუღია კომპენსაცია ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

1.6. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, დღემდე, მოსარჩელე უმუშევარია.

1.7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის გადაწყვეტილება, რეორგანიზაციის საფუძვლით მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, არ ემყარებოდა ობიექტურ კრიტერიუმებს. სასამართლომ განმარტა, რომ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების განხორციელების შემთხვევაშიც, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. დასაქმებულთა სამუშაოდან განთავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს საწარმოში განხორციელებული არა ყოველგვარი, არამედ ისეთი რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ან ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობებისათვის დაწესებული ისეთი ფუნქციები, რომლებიც არსებითად განსხვავდება რეორგანიზაციამდე არსებული შესაბამისი თანამდებობებისათვის დაწესებული ფუნქციებისგან.

1.8. მოპასუხე მიუთითებს, რომ ორგანიზაციული ცვლილებები, რამაც განაპირობა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, გამოიხატა 2018 წლის ივნისში ჩატარებული კონკურსის შედეგად საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე უსაფრთხოების სამსახურში 3 ახალი თანამშრომლის დანიშვნასა და, მათი და მოსარჩელის ფუნქციების იდენტურობის გამო, ამ უკანასკნელის სამუშაო ადგილის გაუქმებაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულ გარემოებებს ობიექტურად არ შეეძლო გამოეწვია მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, ვინაიდან სააგენტოში არ მომხდარა ისეთი ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებსაც თან სდევდა სამუშაო ძალის შემცირება. პირიქით, სააგენტოს დაემატა სამი ახალი, სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული, რომელთა სამუშაო აღწერილობა და ფუნქციები არ იყო მოსარჩელის ფუნქციების იდენტური. მოსარჩელის, როგორც სააგენტოს დირექტორის მრჩევლის, ფუნქციას წარმოადგენდა მისთვის რჩევების მიცემა სახმელეთო ტრანსპორტის დარგში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ტექნიკური რეგლამენტების და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების ანალიზის საკითხებში გადაწყვეტილებების მიღებისას, ხოლო მთავარი სპეციალისტის ფუნქციას წარმოადგენდა, მათ შორის: საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციებსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისა და საქართველოს კანონმდებლობით ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, დარგში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და საერთაშორისო ვალდებულებებით განსაზღვრული უსაფრთხოების ტექნიკური პირობების და ნორმების ანალიზი, მათი იმპლემენტაციისათვის აუცილებელი წინადადებების მომზადება და რეალიზაციაში მონაწილეობა; სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადება; სააგენტოს ტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების მიერ მომზადებული ტექნიკური რეგლამენტების და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების მიერ გადმოგზავნილი, ასევე, სხვა დაწესებულებებიდან შემოსული ტექნიკური რეგლამენტების და საკანონმდებლო ცვლილებების პროექტების განხილვა და სამართლებრივი დასკვენის მომზადება. ამასთან სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელესთან არსებობდა განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება და მისი სამუშაო არ ატარებდა დროებით ხასიათს. შრომითი ხელშეკრულების განმავლობაში მოსარჩელის ფუნქცია-მოვალეობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების ცვლილებას ადგილი არ ჰქონია.

1.9. იმისათვის, რომ დასაქმებულის გათავისუფლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს, დამსაქმებელმა უნდა დაიცვას კუმულაციურად ორი მოთხოვნა მაინც: 1) უნდა არსებობდეს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები და 2) აღნიშნულის შედეგად აუცილებელი უნდა იყოს სამუშაო ძალის შემცირება. ამასთან, პირველი ელემენტი შესაძლოა დამოუკიდებლად არსებობდეს, თუმცა იმისთვის, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდეს, აუცილებელია მეორე ელემენტის არსებობაც. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის განხორციელება, კერძოდ, იმის დამტკიცება, რომ ორგანიზაციულმა ცვლილებებმა გამოიწვია მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საჭიროება. მოპასუხემ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები და არგუმენტები, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება, როგორც კანონსაწინააღმდეგო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 54-ე მუხლის შესაბამისად ცნო ბათილად.

1.10. სასამართლომ განმარტა, რომ სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება, ვინაიდან არ არსებობს მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა ან მისი ტოლფასი ვაკანტური სამუშაო ადგილი. სასამართლომ მიუთითა სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილზე განმარტა, რომ კომპენსაცია წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანამდევ სამართლებრივ შედეგს, იმ შემთხვევებისათვის, როდესაც არ კმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა ან მისი ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის თაობაზე. მოპასუხის ფინანსური მდგომარეობისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე დღემდე უმუშევარია, სასამართლომ კომპენსაციის გონივრული და სამართლიანი ოდენობა განსაზღვრა 12 თვის შრომის ანაზღაურების - 42 000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარემ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.04.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ არსებობდა ბრძანების ბათილად ცნობის და სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის გამო მოპასუხისთვის კომპენსაციის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. განჩინება საკასაციო საჩივრით ასევე გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა შეფასდეს მოპასუხის რეორგანიზაციის და მოსარჩელის მიმართ რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერება. კერძოდ, რეორგანიზაციის მოტივით მართლზომიერად გათავისუფლდა თუ არა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობებიდან, ადგილი ხომ არ ჰქონდა დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით), სსკ-ის 115-ე, მე-8 მუხლებსა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შრომის უფლებას, ვინაიდან რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (შდრ. სუსგ №ას-115-111-2016, 08.04.2016წ.).

9. პალატა აღნიშნავს, რომ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება მის ინტერესებს, და ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ უფლებებს.

10. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ ეკონომიკური სიდუხჭირის, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელი დგას კონკრეტული თანამდებობიდან დასაქმებულის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (სუსგ. №ას-224-224-2018, 18.05.2018წ.).

11. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც ამახვილებს ყურადღებას, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა განაპირობა სამუშაო ძალის შემცირებამ, კადრების ოპტიმიზაციამ, ფინანსურმა სიძნელეებმა, დამსაქმებელს ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი.

12. დამსაქმებელმა რეორგანიზაციის საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს კუმულაციურად უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს შემდეგი წინაპირობები: ის აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისათვის; შტატების რეალურად და კანონთან შესაბამისად შემცირების ფაქტი - კერძოდ, რეორგანიზაციის ფაქტობრივად განხორციელება კანონის შესაბამისად ისე, რომ პროცესში არ მოხდეს თვალთმაქცურად არასასურველი მუშაკების განთავისუფლება (შდრ. სუსგ №ას-1329-2018, 22.02.2019წ.). დამსაქმებელმა უნდა წარმოაჩინოს თანმიმდევრული სურათი, რომელიც გონიერ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში.

13. დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტები, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა ამ გადაწყვეტილების მიღებისას. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება იმის შესახებ, რამდენად ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს ემყარებოდა დამსაქმებლის გადაწყვეტილება სამსახურიდან მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე.

14. პალატა მიუთითებს, რომ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელმა უნდა იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთხელ იქნა განმარტებული, რომ: საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება, ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე, დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა (სუსგ №ას-955-2020, 09.12.2021წ.; №ას-224-224-2018, 18.05.2018წ.; №ას-941-891-2015, 29.01.2016წ.).

15. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება. აღნიშნული კი გამორიცხავს რეორგანიზაციის მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერების შესახებ მოპასუხის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.

16. რაც შეეხება კასატორების პრეტენზიას კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილშიც გასაჩივრებული განჩინება სრულად შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (სუსგ-ები: №ას-727-680-2017, 15.09.2017წ.; Nას-632-2019, 21.06.2019წ.; Nას-395-2019, 27.06.2019წ.). სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის ნორმატიული მიზანი სწორედ ის არის, რომ ბრძანების ბათილობის შედეგად მოსარჩელემ მიიღოს იურიდიული შედეგი და იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი შედეგი სამუშაო ადგილზე აღდგენაში არ მდგომარეობს, მოსარჩელეს მიეკუთვნება კომპენსაცია. ხოლო რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს, აღნიშნულს კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს და იგი ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. ერთი რამ ცხადია, კომპენსაციამ უნდა უზრუნელყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. სასამართლო არ არის შეზღუდული კომპენსაციის განსაზღვრაში, რადგან სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა (სუსგ. Nას-632-2019წ., 21.06.2019წ.). საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაცია გონივრულია. კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (სსკ-ის 976-991-ე მუხლები) (შდრ: სუსგ №ას-787-736-2017, 10.11.2017წ.; სუსგ. Nას-632-2019, 21.06.2019წ.). საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაცია (42 000 ლარი) გონივრულია. ამავე მსჯელობის შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მსჯელობა კომპენსაციის არასაკმარისობასთან მიმართებითაც.

17. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის საკასაციო პრეტენზიას იმის შესახებ, რომ, სასამართლოს დავის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა სშკ-ის ახალი რედაქციის (29.09.2020 წელს განხორციელებული ცვლილება, რომელიც ამოქმედდა იმავე წლის 5 ოქტომბერს) 48-ე მუხლის მე-9 ნაწილით და (დასაქმებულს უფლება აქვს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე). გამომდინარე იქიდან, რომ სადავოა დამსაქმებლის 07.05.2019 წლის გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს I საკასაციო საჩივრის ავტორის მსჯელობას წინამდებარე დავასთან მიმართებაში სშკ-ში 29.09.2020 წელს შეტანილი დამატების – 48-ე მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრული ქცევის წესის გამოყენების შესახებ (შდრ სუსგ-ებები: №ას-1189-2020, 04.02.2021წ.; №ას-634-2021, 04.11.2021წ.; Nას-596-2021, 18.11.2021წ.).

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

19. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებელია, ხოლო კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, I საკასაციო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი, ხოლო II საკასაციო საჩივრის ავტორს - მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2100 ლარის 70% – 1470 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.ც–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

3. ზ.ც–ძეს (პ/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება №11046864392, გადახდის თარიღი 14.06.2021წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (ს/ნ: ....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2100 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №01881, გადახდის თარიღი 15.06.2021წ.) 70% – 1470 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია