3გ-ად-43-გ-02 18 დეკემბერი, 2002 წ. , ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარეთა დასწრების გარეშე, განიხილა მ. ა.-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შორის არსებული დავა.
აღწერილობითი ნაწილი:
პოლიციის რიგითი მ. ა.-ი შინაგან საქმეთა ორგანოებში დაინიშნა 2001წ. ივნისში, ხოლო ამავეწ. სექტემბრიდან მსახურობდა გარდაბნის შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების საგზაო პოლიციის ქვეგანყოფილების საგზაო საპატრულო სამსახურის ინსპექტორის თანამდებობაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2002წ. 31 აგვისტოს ¹462 ბრძანებით მ.ა.-ი დათხოვნილი იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან. მინისტრის ზემოაღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ 2002წ. 2 აგვისტოს მ.ა.-მ გარდაბნის რაიონის სოფელ ბირლიკში უმიზეზოდ გააჩერა ავტომანქანა “ერაზი” სახ. ¹EAI-096, რომლის მძღოლს შეუმოწმა ავტომანქანის საბუთები და რეაგირების გარეშე გაუშვა. როგორც ბრძანებაშია მითითებული, აღნიშნული ქმედებით მ.ა.-მა დაარღვია შინაგან საქმეთა მინისტრის 2001წ. 26 ივნისის ¹230 ბრძანების მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვითაც საგზაო პოლიციის მუშაკებს ეკრძალებათ ავტომანქანების გაჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ავტომანქანა არღვევს მოძრაობის წესებს ან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი დანაშაულის ჩადენის თაობაზე. მათ ასევე აკრძალული აქვთ ტვირთებისა და მათი თანმხლები დოკუმენტების შემოწმება.
2002წ. 25 სექტემბერს მ.ა.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს, რომელშიც მიუთითა, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, მინისტრი შეცდომაში იქნა შეყვანილი, როცა იგი დაეყრდნო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნას მოსარჩელის მიერ შს მინისტრის 2001წ. 26 ივნისის ¹230 ბრძანდების მე-4 მუხლის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე, რასაც სინამდვილეში არ ჰქონია ადგილი. მ.ა.-მა სარჩელით მოითხოვა შს მინისტრის 2002წ. 31 აგვისტოს ¹462 ბრძანების, ასევე გენერალური ინსპექციის დასკვნის გაუქმება და თანამდებობაზე მისი აღდგენა.
მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 27 სექტემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ მ. ა.-ის სარჩელი მინისტრის ბრძანების, გენერალური ინსპექციის დასკვნის გაუქმებისა და სამსახურში აღდგენის თაობაზე საოლქო სასამართლოს განსჯადია, რის გამოც სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით გადაუგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას. რაიონული სასამართლოს განმარტებით, “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სამინისტრო წარმოადგენს სამთავრობო დაწესებულებას, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “გ” პუნქტების მიხედვით მინისტრის ბრძანება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, რომლის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად, განეკუთვნება იმ დავათა კატეგორიას, რომელიც განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სამთავრობო დაწესებულების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე სარჩელების განხილვა საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციის განსჯადი დავებია.
რაიონული სასამართლოს მსჯელობას არ დაეთანხმა თბილისის საოლქო სასამართლო, რომელმაც 2002წ. 23 ოქტომბრის განჩინებით სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს. საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ მ.ა.-ის გარდაბნის რაიონის შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების საგზაო პოლიციის ქვეგანყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშვნა მოხდა ადმინისტრაციულ ორგანოსა და მ.ა.-ს შორის გარიგების დადების შედეგად, ანუ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გარიგების საფუძველზე. მოსარჩელე ითხოვს თანამდებობაზე აღდგენას, საიდანაც გათავისუფლებულ იქნა შინაგან საქმეთა მინისტრის 2002წ. 31 აგვისტოს ¹462 ბრძანებით. აღნიშნული ბრძანება გამოცემულია შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ და იგი წარმოადგენს ერთჯერად სამართლებრივ აქტს, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციულ გარიგებასთან დაკავშირებით და ადასტურებს ამ ადმინისტრაციული გარიგებას ცალმხრივად მოშლას. საოლქო სასამართლოს განმარტებით, მართალია, წინამდებარე დავა უკავშირდება მინისტრის ბრძანებას, მაგრამ იგი წარმოშობილია ადმინისტრაციული გარიგების საფუძველზე. ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის თანახმად, საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციით განიხილავენ ადმინისტრაციული გარიგების დადების ან შესრულებასთან დაკავშირებულ სარჩელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500000 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.ა.-ის სარჩელი განსახილველად რაიონულ სასამართლოს ექვემდებარება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, განსჯადობის თაობაზე რაიონულ და საოლქო სასამართლოთა განჩინებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა.-ის სარჩელი განსახილველად განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელე მ. ა.-ი ითხოვს სამსახურიდან მისი დათხოვის შესახებ საქართველოს შს მინისტრის 2002წ. 31 აგვისტოს ¹462 ბრძანების გაუქმებასა და სამსახურში აღდგენას. საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო ბრძანება მოსარჩელე მ. ა.-ის სამსახურიდან დათხოვას ე.ი. ადმინისტრაციული გარიგების _ შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას ეხება, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება.
საქართველოს შს სამინისტროს სადავო ბრძანება, მართალია, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ზოგიერთ ელემენტს: ბრძანება ადმინისტრაციული ორგანოს _ საქართველოს შს მინისტრის მიერ მიღებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის _ “საჯარო სამსახურის შესახებ” და “პოლიციის შესახებ” კანონების საფუძველზე; არის ინდივიდუალურ სამართლებრივი ხასიათის და კონკრეტულად მ. ა.-სა და ადმინისტრაციულ ორგანოს _ სამინისტროს შორის ადმინისტრაციული გარიგების _ საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას ეხება, მაგრამ ვინაიდან ბრძანების სამართლებრივი შედეგია საჯარო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა, ამიტომ ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტების მიხედვით (2002წ. 21 ოქტომბრის განჩინება, საქმე ¹3გ-ად-23გ-02) არ არის ადმინისტრაციული აქტი, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს ცალმხრივი ნების გამოვლენაა, რომელიც მიმართულია საჯარო შრომითი სამართალურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლისა. აღნიშნულიდან გამომდინარე ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერებაზე დავები კომპლექსურად, ერთიანობაში უნდა იქნეს განხილული, როგორც ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტასთან დაკავშირებული დავა და სასამართლომ უნდა იმსჯელოს ბრძანების, არა როგორც ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე, არამედ ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის კანონიერებაზე და “საჯარო სამსახურისა” და “პოლიციის შესახებ” კანონთან შესაბამისობაზე.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, განსახილველ შემთხვევაში რადგან სადავო სამართლებრივი ურთიერთობაა ადმინისტრაციული გარიგება _ ადმინისტრაციულ ორგანოსა და ფიზიკურ პირთან საჯარო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა; დავის საგანიაAარა ადმინისტრაციული აქტის _ მინისტრის ბრძანების, არამედ ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის კანონიერება; მოპასუხეა ადმინისტრაციული ორგანო _ საქართველოს შს სამინისტრო; ხოლო მოსარჩელე _ ფიზიკური პირი მ. ა.-ი, ამიტომ პროცესუალური სუბიექტების, სადავო სამართალურთიერთობის არსისა და დავის საგნის მიხედვით, მ. ა.-ის სარჩელი არის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის “ბ” პუნქტით გათვალისწინებული, თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული დავა და ამავე კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 26-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ა.-ის სასარჩელო განცხადება განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს;
2. მ. ა.-ის სასარჩელო განცხადება საქმის მასალებთან ერთად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.