Facebook Twitter

საქმე №ას-1277-2018 15 მაისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. მ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – პ. ც-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საერთო ქონების გაყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სასარჩელო მოთხოვნა:

1. პ. ც-ემ (შემდგომში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ქ. მ-ის (შემდგომში: მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) მიმართ, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების გაყოფის მოთხოვნით, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა ქ.ჭიათურაში, --- ქუჩა N…-ში (ს/კ ---) მდებარე საცხოვრებელი ბინის (შემდეგში - სადავო ბინა) ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღრიცხვა საჯარო რეესტრში.

2. საქმის მომზადების ეტაპზე, მოსარჩელემ გაზარდა მოთხოვნა და უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობასთან ერთად, მოითხოვა, საკუთრების უფლებით 3544.05 ლარის ქონების გამოყოფა, კერძოდ: სარეცხი მანქანა LG (ღირებული 599 ლარად); მაცივარი სამსუნგი (ღირებული 1000 ლარად); სამზარეულო (ღირებული 700 ლარად); გაზის გამათბობელი (ღირებული 490 ლარად); ტელევიზორი „ევრიკა“ (ღირებული 300 ლარად).

სარჩელის საფუძვლები:

3. მოსარჩელის განმარტებით, მხარეები 2006 წლის 7 ოქტომბრიდან იმყოფებოდნენ ფაქტიურ საქორწინო ურთიერთობაში, ხოლო 2009 წლის 12 მარტიდან გატარდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.

4. მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი. ოჯახური უთანხმოების გამო მხარეებს შორის ქორწინება შეწყვეტილია განქორწინებით.

5. მოსარჩელის განმარტებით, მხარეებმა ქორწინების პერიოდში, 2010 წლის 23 ოქტომბერს, 1500 ლარად შეიძინეს სადავო ბინა, რომელიც აღირიცხა მოპასუხის სახელზე.

6. სადავო ბინაზე ვრცელდება მეუღლეთა თანსაკუთრების რეჟიმი რის გამოც მხარეთა წილები თანაბარია.

7. სადავო ბინის გარდა, მეუღლეებს ქორწინების განმავლობაში შეძენილი აქვთ შემდეგი მოძრავი ნივთები: გაზის გამათბობელი - ღირებული 490 ლარად; გაზქურა - ღირებული 830 ლარად; სარეცხი მანქანა LG -ღირებული 599 ლარად; მაცივარი „სამსუნგი“ - ღირებული 1000 ლარად; სამზარეულო - ღირებული 700 ლარად; სავარძელი და ტახტი (სამეული) - ღირებული 1200 ლარად; ტელევიზორი „ევრიკა“ - ღირებული 300 ლარად; საძინებელი ტახტი -ღირებული 300 ლარად; სამზარეულოს ჭურჭელი და ტექნიკა - ღირებული 1000 ლარად; აბაზანის ინვენტარი - ღირებული 500 ლარად; ელექტრო ღუმელი - ღირებული 170 ლარად. დასახელებული ნივთების საერთო ღირებულებაა 7089 ლარი.

8. მოსარჩელის მოსაზრებით, მეუღლეთა თანსაკუთრების რეჟიმი, ვრცელდება მოძრავი ნივთების ნახევარზეც. შესაბამისად, სადავო ბინის ½-ზე მესაკუთრედ ცნობასთან ერთად, მოსარჩელემ მოითხოვა საკუთრებაში გამოეყოს 3544.05 ლარის ღირებულების ქონება (იხ., ამ განჩინების პ.2).

მოპასუხის პოზიცია:

9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სადავო უძრავი ქონება არ არის შეძენილი მხარეთა ერთობლივი შრომითა და სახსრებით. მხარეები რეგისტრირებული იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და საკუთარი შემოსავალი არ ჰქონიათ. მხარეებს სადავო უძრავი ქონება მოპასუხის მშობლებმა უყიდეს და საჯარო რეესტრში მოპასუხის სახელზე აღრიცხეს.

10. მოპასუხემ, სარჩელი უარყო მოძრავი ნივთების გაყოფის ნაწილშიც და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ ჩამოთვლილი მოძრავი ნივთებიც მოპასუხის მშობლების დახმარებითაა შეძენილი. მოსარჩელის მიერ დასახელებული რამდენიმე ნივთი შეძენილია განვადებით, რომლის ღირებულებას მოპასუხე იხდის მისი მშობლების მიერ მიცემული თანხით.

11. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მხარეთა საერთო შვილები ცხოვრობენ მოპასუხესთან და ყოველი ნივთი წარმოადგენს ბავშვების ინტერესებისათვის განსაზღვრულ საყოფაცხოვრებო ნივთებს. შესაბამისად, მათი გაყოფა შეუძლებელია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

12. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო უძრავი ქონების 1/2 წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნა მოსარჩელე და დადგინდა, რომ უძრავი ქონების ½ წილი საჯარო რეესტრში აღირიცხოს მოსარჩელის სახელზე. მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული მოძრავი ქონებიდან მოსარჩელეს მიეკუთვნა: საძინებელი ტახტი ღირებული 300 ლარად, ტელევიზორი ,,ევრიკა“ ღირებული 100 ლარად, გაზის გამათბობელი ღირებული - 490 ლარად, სამეული დივან-სავარძლებით - ღირებული 800 ლარად, სამზარეულო - ღირებული 700 ლარად; ელექტრო ღუმელი ღირებული-170 ლარად. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლობის გამო.

13. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლითაც დგინდებოდა, სადავო უძრავი ქონების მოპასუხის მშობლების სახსრებით შეძენის ფაქტი. აპელანტმა სადავოდ გახადა ის გარემოება, რომ მოსარჩელე მონაწილეობდა საერთო საოჯახო მეურნეობაში და მიუთითა, რომ მოსარჩელეს ოჯახის მიმართ მზრუნველი დამოკიდებულება არასოდეს ჰქონია, ხშირად სვამდა და შემოსავალი ოჯახში არასოდეს მიჰქონდა. 2010 წელს მათი ოჯახი იყო სოციალურად დაუცველი და ასეთი ოჯახი საკუთარი სახსრებით ვერ შეძლებდა უძრავი ქონების შეძენას. აპელანტის მითითებით სასამართლომ, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, არ გაითვალისწინა მეუღლეების წილთა თანაბრობის პრინციპიდან გადახვევის შესაძლებლობა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

15. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 2009 წლის 12 მარტს. ქორწინებაში შეეძინათ სამი შვილი: ნ, ე. და თ. ც-ბი.

16. დადგენილი იქნა, რომ მხარეები 2018 წლის იანვრიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელე ცხოვრობს სადავო სახლში, ხოლო მოპასუხე მშობლების სახლში.

17. 2010 წლის 23 ოქტომბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის სახელზე აღირიცხა სადავო უძრავი ქონება.

18. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ ქორწინების განმავლობაში მხარეებმა შეიძინეს შემდეგი მოძრავი ნივთები: გაზის გამათბობელი, ღირებული 490 ლარად; გაზქურა, ღირებული 830 ლარად; სარეცხი მანქანა LG, ღირებული 599 ლარად; მაცივარი სამსუნგი, ღირებული 1000 ლარად; სამზარეულო, ღირებული 700 ლარად; დივან-სავარძლები ღირებული 1200 ლარად; ტელევიზორი „ევრიკა“, ღირებული 300 ლარად; საძინებელი ტახტი, ღირებული 300 ლარად; სამზარეულოს ჭურჭელი და ტექნიკა, ღირებული 1000 ლარად; ელექტრო ღუმელი, ღირებული 170 ლარად.

19. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხემ სასამართლოში წარადგინა გარკვეული ნივთების შეფასების განსხვავებული ვერსია, კერძოდ, სარეცხი მანქანა LG - ღირებული 200 ლარად; მაცივარი სამსუნგი - ღირებული 400 ლარად; დივან-სავარძლები - ღირებული 200 ლარად; ტელევიზორი „ევრიკა“ - ღირებული 100 ლარად; ელექტრო ღუმელი - ღირებული 65 ლარად.

20. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელეს ჰქონდა საკუთარი ბიზნესი. მუშაობდა სხვადასხვა ხელობაზე, რაც აპელანტს სადავოდ არ გაუხდია. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელის შემოსავალი 2010 წლის განმავლობაში იყო 5602,6 ლარი, 2011 წლიდან 2018 წლის 7 თებერვლის ჩათვლით კი - 62517,21 ლარი.

21. სააპელაციო სასამართლომ, მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო უარყო აპელანტის მითითებები, რომ მოსარჩელეს თავისი შემოსავალი არ მიჰქონდა ოჯახში, რის გამოც სადავო ნივთებზე მეუღლეთა თანასაკუთრება არ წარმოშობილა.

22. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ მოპასუხის ოჯახს, ფინანსურ დახმარებას უწევდნენ მოპასუხის მშობლები, თუმცა, აღნიშნული არ გულისხმობს ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე მოპასუხის ინდივიდუალური საკუთრების წარმოშობას. საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხისათვის მისი მშობლების მიერ სადავო უძრავ-მოძრავი ქონების ჩუქების ფაქტი.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმასთან დაკავშირებითაც, რომ სადავო უძრავი ნივთის ½ ნაწილი უნდა აღირიცხოს მოსარჩელის საკუთრებაში, ხოლო მოძრავი ნივთებიდან, მათი საბაზრო ღირებულების, გამოყენების და მოთხოვნის გათვალისწინებით, მოსარჩელეს უნდა მიეკუთვნოს: საძინებელი ტახტი - ღირებული 300 ლარად; ტელევიზორი ,,ევრიკა“ - ღირებული 100 ლარად; გაზის გამათბობელი, ღირებული 490 ლარად; დივან-სავარძლები (სამეული)- ღირებული 800 ლარად; სამზარეულო - ღირებული 700 ლარად; ელექტრო ღუმელი - ღირებული 170 ლარად (ჯამში 2560 ლარის ღირებულების ნივთები).

24. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივად შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 1158-ე, 1161-ე, 1162-ე და 1164-ე მუხლებით.

25. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაზე, რომელშიც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „..საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო თანაზიარ საკუთრებად. ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. აღნიშნული დანაწესი რეგულირდება სსკ-ის 1161-ე-1162-ე მუხლებით. თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. საპატიო მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ პირის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზის გამო, დამოუკიდებელი შემოსავლის მიუღებლობას. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს იმას, ქონება შეძენილია ერთ-ერთი მათგანისა, თუ ორივე მეუღლის მიერ. უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას (მეუღლეების საერთო ქონებას) მიეკუთვნება, როგორც შრომის საქმიანობით მიღებული ორივე მეუღლის შემოსავალი, ასევე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავალი, რომლებსაც სპეციალური მიზნობრივი დანიშნულება არ აქვთ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში მიუხედავად იმისა, ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა“ (იხ., სუსგ №ას-7-7-2016, 16 მარტი, 2016 წელი).

26. აპელანტის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა მეუღლეების წილთა თანაბრობის პრინციპიდან გადახვევის შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 1168-ე მუხლზე.

27. უარყოფილი იქნა აპელანტის პრეტენზია წილთა თანაბრობის პრინციპიდან გადახვევის ნაწილშიც. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს (აპელანტი) მიეკუთვნა იმაზე ნაკლები ღირებულების მოძრავი ქონება, ვიდრე მისი წილი იყო თანასაკუთრებაში, სწორედ იმ საფუძვლით, რომ მოპასუხესთან ცხოვრობდენ არასრულწლოვანი შვილები; გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამდგარი იურიდიული შედეგი გონივრული და სამართლიანია.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

28. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

29. კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი არ უნდა გავრცელებულიყო, კერძოდ, კასატორი მიუთითებს მოწმე რ. ბ-ის ჩვენებაზე, რომელმაც დაადასტურა, რომ ბინის გასხვისებისას მას თანხა გადაუხადეს მოპასუხის მშობლებმა, ხოლო მოსარჩელეს საერთოდ არ იცნობდა; მოწმემ დაადასტურა, რომ მოპასუხის მშობლებმა ბინა საკუთარ შვილს (მოპასუხეს) უყიდეს; სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მხარეები დადგენილი წესით რეგისტრირებულნი იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სადავო ბინის შეძენის დროისათვის მხარეები ვერ შეძლებდნენ საკუთარი სახსრებით უძრავი ქონების შეძენას.

30. კასატორის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე მონაწილეობდა საერთო საოჯახო მეურნეობაში და ჰქონდა თავისი შემოსავალი, მუშაობდა სხვადასხვა ხელობაზე, არ არის გამყარებული მტკიცებულებით.

31. კასატორის პრეტენზია წილთა თანაბრობის პრინცპიდან გადახვევის შესაძლებლობასაც შეეხება. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ მოსარჩელეს მიაკუთვნა ნივთები, რომლებიც მხარეთა საერთო შვილების საყოფაცხოვრებო პირობების შესაქმნელად აუცილებელია.

32. კასატორი აღნიშნავს, აგრეთვე, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას ოჯახური ძალადობის ფაქტებთან მიმართებით.

33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

34. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია.

35. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია სადავო უძრავ ნივთზე მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელებას შეეხება.

36. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

37. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§55-62).

38. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება, უმეტესწილად, დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს მოდავე მხარეებს შორის ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება წარმოადგენს.

39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამის შესახებ პირდაპირა არის მითითებული სსსკ-ის 178–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, აგრეთვე, სსსკ-ის 201–ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მან უნდა მიუთითოს რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ. მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს (დადასტურდეს) მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის (შესაგებლის) დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. ამის შესახებ პირდაპირ არის მითითებული სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, მოპასუხემ თავის პასუხში (შესაგებელში) უნდა მიუთითოს რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები, ე.ი. მოპასუხის მიერ თავის შესაგებელში მითითებული გარემოებები.

40. სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთება–გამართლების მიზნით. მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი. მხარეთა პროცესუალური თანასწორობის განმსაზღვრელი ძირითადი ნიშნები და მიმართულებანი ჩამოყალიბებულია სსსკ-ის 4.1 მუხლში, რომლის თანახმად მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეთა პროცესუალური თანასწორობის პრინიციპითაა გამსჭვალული საპროცესო კანონმდებლობის თითქმის ყოველი ნორმა, დაწყებული საქმის მომზადების სტადიით და დამთავრებული გადაწყვეტილების გამოტანით და მისი გასაჩივრებით. მაგალითად, მოპასუხეს, შეუძლია ცნოს სარჩელი, ან არ ცნოს, მაგრამ თუ არ ცნობს – უნდა წარმოუდგინოს სასამართლოს წერილობითი ფორმით შედგენილი პასუხი სარჩელზე და მასზე თანდართულ საბუთებზე. ამ წერილობით პასუხში მანვე უნდა აცნობოს სასამართლოს, თუ რა საპროცესო საშუალებებით აპირებს მოსარჩელისაგან თავის დაცვას. ისე, როგორც მოსარჩელეს, მოპასუხეს სრული უფლება აქვს არამარტო გამოთქვას თავისი მოსაზრებები მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტების უარსაყოფად, არამედ წარმოუდგინოს სასამართლოს ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც ამართლებენ მის შესაგებელს, აქარწყლებენ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ადასტურებენ ამ მტკიცებულებების სიყალბეს ან არასარწმუნოობას და ა.შ. „მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რაც პირველ რიგში, გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით“ (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/8/594; 2017 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/746).

41. მეუღლეთა საერთო საკუთრების წარმოშობის საფუძვლებს სსკ-ის 1158-ე მუხლი [მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან, სხვა საპატიო მიზეზის გამო, არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი] განსაზღვრავს და მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა წრე შემდეგია: მეუღლეები რეგისტრირებულ ქორწინებაში უნდა იმყოფებოდნენ ერთმანეთთან; უნდა არსებობდეს მეუღლეთა საერთო ქონება. სსკ-ის 1161-ე მუხლით კი, განსაზღვრულია მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრება [თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით].

42. ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს. მოცემულ შემთხვევაში, ამ განჩინების პპ: 15-17-ით დადგენილია, რომ მხარეთა შორის ქორწინება რეგისტრაციაში გატარდა 2009 წლის 12 მარტს. სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია მოპასუხის სახელზე და უფლების რეგისტრაციის საფუძველია 2010 წლის 23 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება შეძენილია მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების დროს. აღნიშნული კი, საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, როგორც ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება. მოპასუხე ამ ფაქტს არ აღიარებს და მიუთითებს, რომ სადავო უძრავი ქონება მისი საკუთრებაა, როგორც მისი მშობლების მიერ ნაყიდი ქონება (იხ., შესაგებელი - ს.ფ.55). ასეთ ვითარებაში, მოპასუხეს აკისრია იმის მტკიცების ტვირთი, რომ სადავო უძრავი ქონება მხარეთა თანასაკუთრებას არ წარმოადგენს. აღნიშნული გარემოების დასტურად მოპასუხე უთითებს მოწმე რ. ბ-ის (უძრავი ნივთის გამყიდველი) ჩვენებაზე, რომელმაც, კასატორის მითითებით, აღნიშნა, რომ ბინის გასხვისებისას მას თანხა გადაუხადეს მოპასუხის მშობლებმა, ხოლო მოსარჩელეს საერთოდ არ იცნობდა.

43. კასატორის შედავებას საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ კონკრეტულ ვითარებაში, მოპასუხის მიერ სამტკიცებელ არსებით გარემოებას წარმოადგენს არა ის ფაქტი, თუ ვინ გადასცა თანხა უძრავი ნივთის შესაძენად, არამედ რა ფორმით განხორციელდა მოპასუხის მიერ უძრავი ნივთის საკუთრებაში მიღება. მოპასუხე კი ვერ ადასტურებს, რომ სადავო უძრავი ნივთი მშობლებისაგან საჩუქრად მიიღო, რაც აუცილებელია მასზე საერთო საკუთრების უფლების არსებობის გამოსარიცხად. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო შედავება ვერ წარმოადგინა სადავო უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების გამოსარიცხად (შდრ: სუსგ №ას-179-166-2015, 13 ნოემბერი, 2015 წელი).

44. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასაბუთებული არ არის კასატორის პრეტენზია, აგრეთვე, მოძრავი ნივთების გაყოფასთან დაკავშირებით, რამდენადაც სადავო მოძრავ ნივთებზე თანასაკუთრების რეჟიმის გამოსარიცხად მას სათანადო მტკიცებულებები სასამართლოში არ წარმოუდგენია, წილთა თანაბრობის პრინციპიდან გადახვევა კი ფაქტობრივად განხორციელდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით (იხ., ამ განჩინების პპ: 25-27).

45. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას მხედველობაში არ მიიღო ოჯახური ძალადობის, აგრეთვე, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მხარეთა რეგისტრაციის ფაქტები - საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტები გავლენას ვერ ახდენს მეუღლეთა თანსაკუთრების გაყოფის საკითხის გადაწყვეტაზე. შესაბამისად, მათი მხედველობაში მიღება საქმის შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა.

46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

47. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

48. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება (შდრ: სუსგ-ები №ას-463-463-2018,14 იანვარი, 2020 წელი; №ას-179-166-2015, 13 ნოემბერი, 2015 წელი).

49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. ქ. მ-ძე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო ბაქაქური

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

ბესარიონ ალავიძე