Facebook Twitter

საქმე №ას-1334-2019 9 დეკემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ზ-ო“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში: მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი ან შემსყიდველი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ზ-ოს“ (შემდგომში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე ან მიმწოდებელი) მიმართ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს სახით - 57 377.80 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ ვადაგადაცილებით შეასრულა მხარეთა შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ვალდებულება, რისთვისაც დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს ეცნობა ვალდებულების დარღვევის გამო დარიცხული დავალიანების შესახებ, საჯარიმო თანხა მოპასუხემ არ გადაიხადა.

3. მოსარჩელემ მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 327-ე, 629-ე, 394-ე და 417-ე მუხლები.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ მოთხოვნის ნაწილობრივ გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი უარყო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში და 0.02%-მდე შემცირების აუცილებლობაზე მიუთითა.

5. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ 11 475.56 ლარის ნაწილში სარჩელი ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 11 475.56 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და შპს „ს-ლო კ-ლ კ-ია ხ-ს“ შორის 2015 წლის 6 მაისს N---სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება დაიდო (შემდეგში - ხელშეკრულება). 2015 წლის 30 სექტემბრის შეთანხმებით ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები მოპასუხეს გადაეცა.

9. ხელშეკრულების 2.1 პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტი - თბილისში, … … … მ-კენ გადასასვლელი ესტაკადის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლის ღირებულება 2 188 965.69 ლარს შეადგენდა. 2015 წლის 23 დეკემბერს ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების ღირებულება 2 387 703.41 ლარით განისაზღვრა.

10. ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განისაზღვრა სამუშაოების შესრულების ვადა, რომელიც სამუშაოთა კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად წერილობითი დავალების მიცემიდან 210 კალენდარული დღე გაგრძელდებოდა. 2015 წლის 10 დეკემბერს დადებული შეთანხმებით სამუშაოების მიწოდების საბოლოო ვადა - 2015 წლის 30 დეკემბრით განისაზღვრა.

11. 2016 წლის 26 თებერვლის N- მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მოპასუხემ 2016 წლის 22 თებერვალს 161 279.18 ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა, 2016 წლის 26 თებერვლის N-- მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად კი - 2016 წლის 22 თებერვალს 55 249.32 ლარის სამუშაო. მითითებული მიღება-ჩაბარების აქტებით გათვალისწინებული, 216 528.5 ლარის სამუშაოები მიმწოდებელს 2015 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით უნდა ჩაებარებინა; მოპასუხემ სამუშაოები 54-დღიანი ვადაგადაცილებით შეასრულა.

12. 2016 წლის 07 მარტის N-- მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მოპასუხემ 2016 წლის 07 მარტს 18 296.01 ლარის სამუშაო შეასრულა, 2016 წლის 07 მარტის N-- მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 2016 წლის 07 მარტს - 455 999.04 ლარის სამუშაო. მითითებული მიღება-ჩაბარების აქტებით გათვალისწინებული 474 295.05 ლარის ღირებულების სამუშაოები მიმწოდებელს 2015 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით უნდა ჩაებარებინა; მოპასუხემ სამუშაოები 68-დღიანი ვადაგადაცილებით შეასრულა.

13. 2016 წლის 19 მაისის N-- მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მოპასუხემ 2016 წლის 27 აპრილს 20 120.38 ლარის ღირებულების სამუშაო, ხოლო 2016 წლის 19 მაისის N-- მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 2016 წლის 27 აპრილს 92 763.52 ლარის სამუშაო შეასრულა. მითითებული მიღება-ჩაბარების აქტებით გათვალისწინებული 112 883.90 ლარის სამუშაოები მოპასუხეს 2015 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით უნდა შეესრულებინა, რომელიც 119-დღიანი ვადაგადაცილებით შეასრულა.

14. ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.6 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, რომელიც საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება და შეადგენს ვადაგადაცილებით წარდგენილი და მიღება-ჩაბარების აქტით გაფორმებული, დადასტურებული სამუშაოების ღირებულების 0.1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

15. შემსყიდველმა მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს სახით 57 377.80 ლარი დაარიცხა.

16. ზემოთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლომ შეაფასა სსკ-ის 629-ე, 418-ე და 420-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ დაკისრებული პირგასამტეხლო სწორად შეამცირა 11 475,56 ლარამდე.

17. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხელშემკვრელ მხარეებს ძალუძთ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, თუმცა, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

18. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დადგენილ იქნა ვალდებულების შესრულების გადაგადაცილების ფაქტები, თუმცა, უდავო გარემოებას წარმოადგენს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება, რასთან დაკავშირებითაც შემსყიდველს პრეტენზია არ გააჩნია. ამასთან, აპელანტს სასამართლოში არ წარუდგენია მტკიცებულებებით განმტკიცებული, დასაბუთებული ახსნა-განმარტება, რომ ვადაგადაცილებამ შემსყიდველს ზიანი მიაყენა.

19. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა შესრულების ღირებულება, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების პერიოდი, ასევე, გაითვალისწინა შესრულების ნაკლთან დაკავშირებით შემსყიდველის პრეტენზიის არარსებობა, მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო გონივრულია და სრულად შეესაბამება განსახილველ შემთხვევაში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხარისხს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

21. კასატორის პრეტენზია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირებას შეეხება. პირგასამტეხლოსთნ დაკავშირებით კასატორი მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებს საქმეებზე Nას-1158-1104-2014, 6.5.2015 და Nას-833-799-2016, 2.11.2016წ. კასატორი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლება მხარეებს ანიჭებს პირგასამტეხლოზე შეთანხმების თავისუფლებასაც, ხოლო პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობა სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს იმ სუსტი მხარის ინტერესის დასაცავად, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებდა პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ და ეკონომიკურ შედეგს. კასატორი აღნიშნავს, რომ იმ მოცემულობაში, როდესაც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი, როდესაც მოპასუხე ეთანხმება პირგასამტეხლოს ოდენობას, სასამართლოს მიერ მისი შემცირება არამართლზომიერია. ვადაგადაცილებამ საერთო ჯამში შეადგინა 241 დღე, რაც საკმაოდ დიდი პერიოდია საჯარო ინტერესის უზრუნველსაყოფად,დადებული ხელშეკრულების პირობებში.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

23. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია.

24. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი რაიმე პრეტენზიას დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არ შეიცავს. შესაბამისად, ამ განჩინების პპ: 8-15-ში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა.

25. კასატორის პრეტენზია ვალდებულების დარღვევის გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მართლზომიერებას შეეხება.

26. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის შეფასების საგანს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გონივრულობა წარმოადგენს.

27. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების აუცილებლობასთან მიმართებით და კასატორის ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობაში ან ვალდებულების დარღვევაში მდგომარეობს.

28. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შდრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

29. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით საკუთარი ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესრულების ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურება და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა შორისაა ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო.

30. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

31. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის აქვს, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ მიემართება, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩება.

32. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა შესრულებულიიყო დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

33. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

34. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქიკურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქიკური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმით ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

35. ზემოთ აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

36. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. საკასაციო პალატა, კასატორის პრეტენზიათან მიმართებით აღნიშნავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და ამ კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს ანიჭებს უფლებას, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.

37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა ზემოაღნიშნული შესაძლებლობა და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება, მოპასუხის შედავებისა და მისივე მტკიცების ტვირთის რეალიზების ფარგლებში, კანონიერად მიიჩნია.

38. დადგენილია, რომ ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.6 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, რომელიც საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ვადაგადაცილებით წარდგენილი და მიღება-ჩაბარების აქტით გაფორმებული, დადასტურებული სამუშაოების ღირებულების 0.1%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ვადის გადაცილებით შესრულდა.

39. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ შემსყიდველს პრეტენზია შესრულების ნაკლთან დაკავშირებით არ ჰქონია. გასათვალისწინებელია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის არარსებობა ვადისგადაცილებით დამდგარი ზიანის ფაქტებთან დაკავშირებითაც, კერძოდ, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში, კასატორი, მიუთითებს რომ ვადისგადაცილებამ ზიანი მიაყენა საჯარო ინტერესს, თუმცა აღნიშნული ახსნა-განმარტება ზოგადია და მტკიცებულებებით გამყარებული არ არის.

40. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის ზოგადი ხასიათის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების არამართლზომიერებასთან და გასაჩივრებული განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკასთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით, რადგან არ ვლინდება სასამართლო პრაქტიკის საწინააღმდეგო მსჯელობა და დასკვნები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მართებულად იქნა შემცირებული მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით. აღნიშნული სრულად შეესაბამება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ. სუსგ-ები №ას-1681-2019, 22 მაისი, 2020).

41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

42. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

43. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება (იხ. სუსგ-ები: Nას-91-2020, 10 ივნისი, 2020 წელი; №ას-614-2020, 7 ოქტომბერი, 2020 წელი).

44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2.კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი