საქმე №ას-1495-2019 18 ნოემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე-ია“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში: მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი ან შემსყიდველი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე-ას“ (შემდგომში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე ან მიმწოდებელი) მიმართ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის, პირგასამტეხლოს სახით, 124 411.98 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია 2013 წლის 20 მარტს, მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №… ხელშეკრულებით (შემდგომში - ხელშეკრულება) გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დრო. 2013 წლის 16 აპრილის, 14 ივნისისა და 26 ივნისის წერილებით მოპასუხეს ეცნობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადების გადაცილების შესახებ. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს ეცნობა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების თაობაზე, საჯარიმო თანხა მოპასუხემ არ გადაიხადა.
3. მოსარჩელემ, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 327-ე, 629-ე, 394-ე და 417-ე მუხლები.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ აღნიშნა, რომ სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ეტაპობრივად და დასრულებულიყო 2013 წლის 31 დეკემბერს.
5. მოპასუხემ მიუთითა ხელშეკრულების 4.1 პუნქტზე, რომლის თანახმად, შესაკეთებელი კონკრეტული ობიექტ(ებ)ის მისამართი, დეფექტური აქტი და შესრულების გეგმა-გრაფიკი (საჭიროების შემთხვევაში) შემსყიდველის მიერ ეტაპობრივად ეცნობებოდა მიმწოდებელს.
6. მოპასუხემ მიუთითა ხელშეკრულების 7.2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, შემსყიდელის მიერ დაქირავებული ექსპერტთა ჯგუფი შეამოწმებდა შესყიდვის ობიექტს ან მის ნაწილს (ეტაპი) რაოდენობრივი და ხარისხობრივი პარამეტრების მიხედვით და მხარეთა შორის გაფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტი.
7. მოპასუხემ უარყო სარჩელში მითითებული 2013 წლის 16 აპრილის, 14 ივნისისა და 26 ივნისის წერილების მისთვის ჩაბარება და მიუთითა, რომ ხელშეკრულების მე-18 პუნქტით შეთანხმდა, რომ ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. ხელშეკრულების ერთი მხარის მიერ გაგზავნილი წერილობითი შეტყობინება იგზავნება საფოსტო გზავნილის, დეპეშის, ტელექსის, ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის მეშვეობით, იმ პირობით, რომ შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინება ხელშეკრულების მეორე მხარეს. შეტყობინება ძალაში შედის ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს.
8. მოპასუხის განმარტებით, რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის წერილების გაგზავნა-ჩაბარებას, წარმოდგენილი არ არის; წერილზე ხელი არ აქვს მოწერილი უფლებამოსილ პირს; კორესპონდენციის ჩაბარებაზე ხელმომწერი პირი არ არის მოპასუხე კომპანიის თანამშრომელი და მისთვის არც მოპასუხე კომპანიის გენერალურ დირექტორს მიუცია მინდობილობა. აღნიშნულის შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებლი ვალდებულების შესრულების გეგმა-გრაფიკი არ დარღვეულა და მიმწოდებელმა სახელშეკრულებო ვალდებულება 2013 წლის 31 დეკემბრამდე შეასრულა.
9. მოპასუხემ აღნიშნა, რომ 2013 წლის 26 ნოემბერს, მოპასუხე კომპანიის დირექტორმა წერილობით მიმართა ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს და მოითხოვა შესაკეთებელი ობიექტების მისამართებისა და გრაფიკის დროულად გადაცემა, ვინაიდან ხელშეკრულების ვადა გადიოდა 2013 წლის 31 დეკემბერს და არსებობდა ხელშეკრულების დარღვევის რისკი.
10. მოპასუხემ აღნიშნა, რომ 2015 წლის 23 მაისს, მოპასუხე კომპანიის დირექტორმა წერილობით მიმართა ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსს, რომელშიც მიუთითებდა მიმწოდებლისათვის დაკისრებული ჯარიმისა და პირგასამტეხლოს არამართლზომიერებაზე, იმ საფუძვლით, რომ მიმწოდებელს შემსყიდველის წერილები, რომლითაც განსაზღვრული იყო შესრულების ვადები (გრაფიკი), არ ჰქონდა ჩაბარებული. შეტყობინებები ხორციელდებოდა სატელეფონო კომუნიკაციისა და ადგილზე გასვლის ფორმით, ხოლო სამუშაოები სრულდებოდა შეთანხმებულ ვადებში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 124 411.09 ლარის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულებით შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში გზებისა და ქუჩების მიმდინარე შეკეთების სამუშაოები.
14. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, შესაკეთებელი კონკრეტული ობიექტ(ებ)ის მისამართი, დეფექტური აქტი და შესრულების გეგმა-გრაფიკი (საჭიროების შემთხვევაში) შემსყიდველის (წარმოდგენილი ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის სახით) მიერ, ეტაპობრივად ეცნობებოდა მიმწოდებელს.
15. ხელშეკრულების 4.2 და 4.3 პუნქტებით განისაზღვრა მთლიანი სამუშაოების დასრულების ვადა - ეტაპობრივად, 2013 წლის 31 დეკემბერი, ხოლო მიწოდების ადგილი - ქ. თბილისი, ----- რაიონში გზები და ქუჩები.
16. ხელშეკრულების მე-12 პუნქტით ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულებისთვის გათვალისწინებული იქნა საჯარიმო სანქციები, კერძოდ, 12.2 პუნქტის თანახმად, კონკრეტულ ობიექტზე გადაცემული გეგმა-გრაფიკის 1-დან 10 კალენდარულ დღემდე ვადით დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული ობიექტის შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.25 %-ის ოდენობით, გეგმა-გრაფიკის 10-დან 20 კალენდარულ დღემდე ვადით დარღვევის შემთხვევაში - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული ობიექტის შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.5 %-ის ოდენობით; ხოლო გეგმა-გრაფიკის 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით დარღვევის შემთხვევაში - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული ობიექტის შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.7%-ის ოდენობით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს მოთხოვნა, აგრეთვე, ნებისმიერი ოფიციალური კომუნიკაცია ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის, უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას.
-- 20.03.2013 წლის საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით, სადაზღვევო კომპანია „---“ წარადგინა საბანკო გარანტია საერთო თანხაზე - 13 500 ლარზე და პასუხისმგებლობა იკისრა ამ თანხის გადახდაზე, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, ქ. თბილისის მერიის პირველივე მოთხოვნისთანავე.
17. საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების და შესრულებული სამუშაოებისთვის გაწეული ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტების თანახმად, დადგენილი იქნა, რომ მიმწოდებელმა საჭირო სამუშაოები დაასრულა შემდეგ ვადებში: ქ. თბილისში, ---- ქუჩაზე 2013 წლის 05 ივლისს; ქ. თბილისში, --- ქუჩაზე 2013 წლის 04 ივლისს; ქ. თბილისში, --- ქუჩაზე 2013 წლის 23 ივლისს; ქ. თბილისში, --- ქუჩაზე, 2013 წლის 04 ივლისს და 23 ივლისს; ქ. თბილისში, --- ქუჩაზე, 2013 წლის 23 ივლისს; ქ. თბილისში, --- ქუჩაზე, 2013 წლის 19 აგვისტოს და 17 დეკემბერს; ქ. თბილისში, --- ქუჩაზე 2013 წლის 21 დეკემბერს; ქ. თბილისში, --- ქუჩაზე 2013 წლის 13 დეკემბერს; ქ. თბილისში, --- ქუჩაზე 2013 წლის 17 დეკემბერს; ქ. თბილისში, --- ქუჩაზე 2013 წლის 23 ივლისს და 2013 წლის 13 დეკემბერს; ქ. თბილისში, --- ქუჩაზე 2013 წლის 23 აგვისტოს; ქ. თბილისში, --- ქუჩაზე 2013 წლის 19 აგვისტოს; ქ. თბილისში, --- ქუჩაზე 2013 წლის 25 ივლისს და ქ. თბილისში, --- ქუჩაზე 2013 წლის 23 ივლისს.
18. შემსყიდველმა მიმწოდებელს მიმართა ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 16 აპრილის წერილით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ---, ---, ---, ---, --, --, --, --, --, ---, ---, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, ---, -- და --- ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების დროული, 2013 წლის 15 მაისამდე, შეკეთების თაობაზე (ს.ფ. 28,29, ტ.1).
19. შემსყიდველმა მიმწოდებელს მიმართა ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 14 ივნისის წერილით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, --, ---, --, --, --, --, --, --, --, -- --, -, ---,----,--- , ქუჩების, დაუყოვნებლივ, 2013 წლის 24 ივნისამდე შეკეთების თაობაზე (ს.ფ. 54, ტ.1).
20. შემსყიდველმა მიმწოდებელს მიმართა 2013 წლის 26 ივნისის წერილით, რომელშიც მიუთითა, რომ მომწოდებელს 2013 წლის 14 ივნისის წერილით ეცნობა შესაკეთებელი ქუჩები (…, .., ..., …, …, …, …, …, …, …, …, … და … ქუჩები) და შესრულების ვადები. ამავე წერილში შემსყიდველმა მიუთითა ქუჩებზე, რომლებზეც დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2013 წლის 9 ივლისის ჩათვლით (ს.ფ. 126, 127, ტ.1.).
21. სააპელაციო სასამართლომ უარყო მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვადის დარღვევით შეასრულა. პირიქით, მიიჩნია, რომ მოპასუხემ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში - 2013 წლის 31 დეკემბრამდე შეასრულა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტმა (მოსარჩელე) ვერ წარმოადგინა სარწმუნო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხე კომპანიის (მიმწოდებელი) უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი შეტყობინებების მიღების ფაქტი. აღნიშნული კი, თავის მხრივ, გახდებოდა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების, შეტყობინებებში განსაზღვრულ ვადებში შესრულების საფუძველი, ხოლო ამავე ვადებში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, შემსყიდველს წარმოუშობდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
22. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება მასზედ, რომ შემკვეთის მიერ გაგზავნილი წერილები ვალდებულების შესრულების კონკრეტული თარიღების განსაზღვრის შესახებ ჩაბარდა მიმწოდებელს. კერძოდ, საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ შემსყიდველის 2013 წლის 16 აპრილის წერილი (ს.ფ. .., ტ.-.; სააპელაციო სასამართლოს განჩინების პ.17) ჩაბარდა კ-ეს, თუმცა, რომელი ორგანიზაციის წარმომადგენელია იგი და რა პოზიცია ეკავა ამ ორგანიზაციაში, არ დადასტურდა, არც მისი იდენტიფიკაცია იყო შესაძლებელი. არც 2013 წლის 14 ივნისის წერილის (ს.ფ…, ტ.-.) მოპასუხისათვის ჩაბარების დასტური იყო საქმეში წარმოდგენილი. არც 2013 წლის 26 ივნისის წერილი (ს.ფ.--, ტ.-.) ჩაბარებია მიმწოდებელს და მხოლოდ ამ წერილის გაგზავნა დასტურდებოდა საქმის მასალებით.
23. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, …. რაიონი, … , ხოლო საქმეში წარმოდგენილი სადავო წერილები გაგზავნილია ქ.თბილისში, … … №---ში. მითითებულ მისამართზე მოპასუხე კომპანიის სამუშაო ოფისის ან რაიმე სტრუქტურული ქვედანაყოფის არსებობა, სადაც მოსარჩელე ჩვეულებისამებრ აგზავნიდა კორესპოდენციას, საქმის მაალებით დაუდასტურებელი გარემოებაა.
24. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შემსყიდველის ნება ვალდებულებების შესრულების კონკრეტული თარიღების შესახებ მიმწოდებელს არ მისვლია. შესაბამისად, იგი ვერ იქნებოდა ინფორმირებული შემსყიდველის მიერ სადავოდ გამხდრი შესრულების გრაფიკის შესახებ.
25. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სააპელაციო სასამართლომ შეაფასა რა სსკ-ის 626-ე, 625-ე, 714-ე და 418-ე მუხლებით, მიიჩნია, რომ უშუალოდ ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულების შესრულების ვადა იყო 2013 წლის 31 დეკემბერი, ხოლო მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში. შესაბამისად, არ არსებობდა ვალდებულების დარღვევისათვის სანქციების გამოყენების მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობები, რის გამოც სარჩელი სწორად იქნა უარყოფილი და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
26. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
27. საკასაციო პრეტენზია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევას ეფუძნება, რაც, კასატორის მოსაზრებით, არ იქნა დადგენილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ. კასატორი მიუთითებს 2013 წლის 16 აპრილის, 14 ივნისის, 26 ივნისისა და 4 დეკემბრის წერილებზე, რომლითაც მოპასუხე კომპანიის გენერალურ დირექტორს ეცნობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში შესასრულებელი კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოების ადგილები და ვადები.
28. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ შეუძლებელია იმის იდენტიფიცირება, თუ ვის ჩაბარდა ზემოთ დასახელებული წერილები და იყო თუ არა წერილებზე ხელმომწერი პირი აღნიშნული კორესპონდენციის ჩაბარებაზე უფლებამოსილი. კასატორი აღნიშნავს, რომ თუნდაც შეუძლებელი იყოს წერილობითი კორესპონდენციის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირება, საქმის მასალებში წარმოდგენილია წერილობითი დავალებების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, საიდანაც იკვეთება, რომ აღნიშნულ წერილობითი დავალებით განსაზღვრულ ობიექტებზე, რომელთა რეაბილიტაციის შესახებ ხელი მოაწერა ს. კ-მ, სამუშაოები შესრულდა (იხ., საკასაციო საჩივარი - ს.ფ. --, ტ.-). ეს გარემოება კი, თავის მხრივ, მიუთითებს იმაზე, რომ მოპასუხე კომპანიას სადავო წერილები ბარდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კომპანიისთვის უცნობი იყო იმ ქუჩების მისამართები, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შესრულებულიყო, იგი ვერც მიღება-ჩაბარების აქტებს წარმოადგენდა აღნიშნულ ქუჩებთან დაკავშირებით.
29. ამდენად, კასატორის მითითებით, ვალდებულებების შესრულების ვადა განსაზღვრული იყო ქ. თბილისის მერიის წერილებით, რომლითაც დასტურდება ის გარემოება, თუ რა ვადებში უნდა შეესრულებინა კომპანიას კონკრეტული ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხოლო დარღვევის ფაქტები ფიქსირდება საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
31. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
32. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები, რაც სააპელაციო სასამართლომ უარყო.
33. წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიის დასასაბუთებლად, კასატორი ეყრდნობა 2013 წლის 16 აპრილის, 14 ივნისის, 26 ივნისისა და 4 დეკემბრის წერილებს, რომლითაც, კასატორის მითითებით, მოპასუხე კომპანიის გენერალურ დირექტორს ეცნობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში შესასრულებელი კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოების ადგილები და ვადები, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს.
34. საკასაციო პალატა მიუთითებს ამ განჩინების პპ: 22, 23-ით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის საწინააღმდეგოდ, დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია და, შესაბამისად, სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე კომპანიის (მიმწოდებელი) უფლებამოსილ პირს სამუშაოების შესრულების ვადების თაობაზე შეტყობინება ხელშეკრულებით დადგენილი წესით არ მიუღია.
35. დადგენილია, რომ შემსყიდველის 2013 წლის 16 აპრილის წერილი (ს.ფ. --, ტ-.) ჩაბარდა „კ-ეს“, თუმცა, მითითებული პირი რომელი ორგანიზაციას წარმომადგენელია და რა პოზიცია ეკავა ამ ორგანიზაციაში, საქმის მასალებით არ დასტურდება; შეუძლებელია მითითებული პიროვნების იდენტიფიცირება. არც 2013 წლის 14 ივნისისა და 26 ივნისის წერილების (ს.ფ. --, --. ტ.1.) მოპასუხისათვის ჩაბარება დასტურდება.
36. ამასთან, გაზიარებული ვერ იქნება კასატორის მითითება, რომ თუნდაც შეუძლებელი იყოს წერილობითი კორესპონდენციის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირება, საქმის მასალებში წარმოდგენილი წერილობითი დავალებების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები საკმარისი მტკიცებულებაა იმის დასადასტურებლად, რომ მოპასუხე კომპანიას სადავო წერილები ბარდებოდა. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადა მიმწოდებელს დარღვევად რომ შეერცხყოს, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს მიმწოდებლის უფლებამოსილი პირისათვის იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელ ობიექტზე და რა ვადაში უნდა შესრულებულიყო სამუშაო. ასეთი მტკიცებულება კი საქმეში წარმოდგენილი არ არის.
37. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპის შინაარსის ანალიზი საფუძველს გვაძლევს გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები: 1. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. საკითხი იმის შესახებ, რომ სასამართლო საქმის განხილვას (სამოქალაქო პროცესს) იწყებს მხოლოდ დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ან, რომ სასამართლო არ უნდა გასცდეს მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს და ა.შ. განეკუთვნება არა შეჯიბრებითობის, არამედ დისპოზიციურობის პრინციპის სფეროს. 2. მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს. 3. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირ არის მითითებული აგრეთვე სსსკ-ის 178–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, აგრეთვე, სსსკ-ის 201–ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მან უნდა მიუთითოს რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ. 4. მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს (დადასტურდეს) მათ მიერ მათი მოთხოვნის (შესაგებლის) დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. ამის შესახებ პირდაპირ არის მითითებული სსსკ 178-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს (ე.ი. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს), აგრეთვე, სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, მოპასუხემ თავის პასუხში (შესაგებელში) უნდა მიუთითოს რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები, ე.ი. მოპასუხის შესაგებელში მითითებული გარემოებები.
38. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად, შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.
39. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა ვერ შეძლო საკასაციო პალატის დარწმუნება მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლის არსებობაში. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისათვის მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ სწორად იქნა უარყოფილი.
40. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შდრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი). პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
41. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა (შდრ: სუსგ Nას-971-2019, 28.10.2019წ.).
42. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წანამძღვრების დადასტურება კასატორის (მოსარჩელე) ტვირთს წარმოადგენდა, რომელმაც სასამართლოს ვერ წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ დაუსაბუთებლობას დაადასტურებდა.
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
44. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.
45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო ბაქაქური
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
ეკატერინე გასიტაშვილი