საქმე №ას-1575-2019 18 ნოემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ-სი..“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში: მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ-სი..“ (შემდგომში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის, პირგასამტეხლოს - 4014 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--ხელშეკრულებით (შემდგომში - პირველი ხელშეკრულება) და N--ხელშეკრულებით (შემდგომში - მეორე ხელშეკრულება) გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დრო. ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შესრულდა 9 კალენდარული დღის დაგვიანებით, რისთვისაც მოპასუხე ვალდებულია, გადაიხადოს შეთანხმებული პირგასამტელო - მომსახურების ჯამური ღირებულების 0.5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო შეადგენს 1980 ლარს, ხოლო მეორე ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2034 ლარს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოპასუხე იცავდა ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, რის გამოც არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. მოპასუხემ სადავოდ გადახდა პირგასამტეხლოს გონივრულობაც.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, პირველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა 198 ლარი და მეორე ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 203.4 ლარი.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6. აპელანტმა სადავოდ გახადა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში.
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
9. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება შეამოწმა პირგასამტეხლოს განსაზღვრის ნაწილში. ამასთან, ვინაიდან აპელანტს სადავოდ არ გაუხდია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სააპელაციო სასამართლომ, როგორც უდავო, გაიზიარა და მიუთითა მათზე.
10. 2017 წლის 19 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა პირველი ხელშეკრულება, რომლის ობიექტი სახელმწიფო შესყიდვაა, რომელიც თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიის გასამწვანებლად დასარგავი ჰორიზონტალური კვიპაროსის (Cupresus horizontalis) დარგვა და მოვლა-პატრონობას გულისხმობს თანმდევი მომსახურებით.
11. პირველი ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 453 000 ლარს.
12. პირველი ხელშეკრულების N- დანართი ფასების ცხრილის თანახმად, განისაზღვრა გასაწევი მომსახურების ღირებულება ცალ-ცალკე, მათ შორის - ხე-მცენარეების შეწამვლის ღირებულება, რომელიც შეადგენს 24 000 ლარს, ხოლო სერტიფიცირებული სასუქის შეტანის - 20 000 ლარს.
13. პირველი ხელშეკრულების მე-3 მუხლით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა და პირობები, კერძოდ, 3.1. პუნქტით შეთანხმდა, რომ მცენარეების მიწოდება და დარგვა უნდა მოხდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით, შემსყიდველის დავალების შესაბამისად, ხოლო დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობა უნდა განხორციელდეს 2020 წლის 1 მაისამდე; 3.2. პუნქტით კი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებელი ვალდებულია, შეტყობინებიდან არაუგვიანეს ორი კალენდარული დღისა უზრუნველყოს ნერგების დარგვის დაწყება დამკვეთის მიერ მითითებულ ტერიტორიებზე, მოთხოვნის შემთხვევაში ერთდროულად 5 ადგილზე (თითო მონაკვეთზე არანაკლებ 5 ნერგისა).
14. პირველი ხელშეკრულების მე-8 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის საჯარიმო სანქციები, კერძოდ, 8.3. პუნქტის მიხედვით, თუ მიმწოდებელი მოვლა-პატრონობის პერიოდში ჯეროვნად (ხარისხიანად) ვერ ან არ ახორციელებს შესაბამის აგროტექნიკურ ღონისძიებებს (ჯამების მოწყობა, გაფხვიერება, გათიბვა-გატანა, მორწყვა, სასუქის შეტანა, შეწამვლა), მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო შესაბამისი მომსახურების ჯამური ღირებულების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
15. 2017 წლის 19 აპრილს მხარეთა შორის გაფორმებული მეორე ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულების ობიექტია სახელმწიფო შესყიდვა - თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი პირამიდული კვიპაროსის (Cupresus piramidalis) თანმდევი მომსახურებით. მეორე ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 478 900 ლარს.
16. მეორე ხელშეკრულების N- დანართის ფასების ცხრილის თანახმად, განსაზღვრულია გასაწევი მომსახურების ფასები ცალ-ცალკე. ხე-მცენარეების შეწამვლა ჯამურად განისაზღვრა 25 200 ლარით, ხოლო სერტიფიცირებული სასუქის შეტანა - 20 000 ლარით.
17. მეორე ხელშეკრულების მე-3 მუხლით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა და პირობები, კერძოდ, 3.1. პუნქტით შეთანხმდა, რომ მცენარეების მიწოდება და დარგვა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით, შემსყიდველის დავალების შესაბამისად, ხოლო დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობა - 2020 წლის 1 მაისამდე. 3.2. პუნქტით კი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებელი ვალდებულია, შეტყობინებიდან არაუგვიანეს ორი კალენდარული დღისა უზრუნველყოს ნერგების დარგვის დაწყება დამკვეთის მიერ მითითებულ ტერიტორიებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, ერთდროულად 5 ადგილზე (თითო მონაკვეთზე არანაკლებ 5 ნერგისა).
18. მეორე ხელშეკრულების მე-8 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის საჯარიმო სანქციები, კერძოდ, 8.3. პუნქტის მიხედვით, თუ მიმწოდებელი მოვლა-პატრონობის პერიოდში ჯეროვნად (ხარისხიანად) ვერ ან არ ახორციელებს შესაბამის აგროტექნიკურ ღონისძიებებს (ჯამების მოწყობა, გაფხვიერება, გათიბვა-გატანა, მორწყვა, სასუქის შეტანა, შეწამვლა), მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო შესაბამისი მომსახურების ჯამური ღირებულების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
19. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 2017 წლის 17 ივლისის N…. წერილით (წერილში მითითებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად) მოპასუხეს ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაევალა, სექტემბერში თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე მცენარეთა მოვლა-პატრონობა, მათ შორის ხე-მცენარეების შეწამვლა და სერტიფიცირებული სასუქის შეტანა.
20. N.. (ფორმა N..) შესრულებული სამუშაოს აქტის თანახმად, 2017 წლის 09 ოქტომბერს მიმწოდებელმა პირველი ხელშეკრულების საფუძველზე სერტიფიცირებული სასუქი შეიტანა და ხე-მცენარეები შეწამლა, რომლის ღირებულებამ შეადგინა 4359.85 ლარი.
21. 2017 წლის 9 ოქტომბერს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი N.., რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ მოპასუხისაგან ჰორიზონტალური კვიპაროსის ნერგების თანმდევი მომსახურების (დარგვა, მოვლა-პატრონობა) მიღება.
22. N28 (ფორმა N..) შესრულებული სამუშაოს აქტის თანახმად, 2017 წლის 9 ოქტომბერს მიმწოდებელმა მეორე ხელშეკრულების საფუძველზე, სერტიფიცირებული სასუქი შეიტანა და ხე-მცენარეები შეწამლა, რომლის ღირებულებამ შეადგინა 4478.76 ლარი.
23. 2017 წლის 09 ოქტომბერს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი N.., რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ მოპასუხისაგან ჰორიზონტალური კვიპაროსის ნერგების თანმდევი მომსახურებით (დარგვა, მოვლა-პატრონობის მომსახურება) მიღება.
24. ზემოთ მითითებული და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა 417-ე, 418-ე და 420 მუხლებით და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულია და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.
25. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება იშვიათ და საგამონაკლისო შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც, მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
26. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ორივე ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 9 დღის ვადაგადაცილებისას შეადგენდა 4014 ლარს.
27. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელს არ მიუთითებია ხელშეკრულების დროულად შესრულების მიმართ მის კანონიერ ინტერესზე, როდესაც ასეთი მაღალი პირგასამტეხლო დააწესა. აღნიშნული გარემოების, აგრეთვე, შესრულების ვადაგადაცილების ვადის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
29. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
30. კასატორის პრეტენზია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას შეეხება. კასატორი მიიჩნევს, რომ ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დროულ შესრულებას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა და ვადის გადაცილების გამო, შესაძლოა, მცენარეები გამხმარიყო.
31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
32. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია.
33. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი რაიმე პრეტენზიას დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არ შეიცავს. შესაბამისად, ამ განჩინების პპ: 10-23-ში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა.
34. კასატორის პრეტენზია ვალდებულების დარღვევის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მართლზომიერებას შეეხება.
35. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის შეფასების საგანს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გონივრულობა წარმოადგენს.
36. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების აუცილებლობასთან მიმართებით და კასატორის ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობაში ან ვალდებულების დარღვევაში მდგომარეობს.
37. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შდრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
38. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით საკუთარი ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესრულების ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურება და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა შორისაა ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო.
39. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
40. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის აქვს, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ მიემართება, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩება.
41. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა შესრულებულიიყო დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
42. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
43. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქიკურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქიკური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმით ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
44. ზემოთ აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
45. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. საკასაციო პალატა, კასატორის პრეტენზიათან მიმართებით აღნიშნავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და ამ კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს ანიჭებს უფლებას, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.
46. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გამოიყენა ზემოაღნიშნული შესაძლებლობა და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება, მოპასუხის შედავებისა და მისივე მტკიცების ტვირთის რეალიზების ფარგლებში, კანონიერად მიიჩნია (იხ. ამ განჩინების პპ: 25-27). საქმის მასალებით დადგენილია, რომ ორივე ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 9 დღით ვადაგადაცილებისას შეადგენდა 4014 ლარს. ამასთან, კასატორმა ვერ მიუთითა, რა ზიანი მიადგა ვადაგადაცლების პერიოდში. მისი მითითება, რომ ვადის დარღვევას შეეძლო გამოეწვია ხეების ხმობა, მხოლოდ ვარაუდია და არ დასტურდება საქმის მასალებით. ამდენად, კასატორმა ვერ დაადასტურა პირგასამტეხლოს შემცირების არამართლზომიერება და ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.
47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
48. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
49. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება (სუსგ-ები №ას-614-2020, 7 ოქტომბერი, 2020 წელი; №ას-1520-2018, 28 დეკემბერი, 2018 წელი).
50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო ბაქაქური
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
ეკატერინე გასიტაშვილი