საქმე №ას-516-2020 19 აპრილი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ.ი–ვი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ი–ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.10.2019 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 27.06.2017 წლის გადაწყვეტილებით ნ.ი–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელე ცნობილ იქნა ვ.ი–ვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. მარნეული, ......, (საკადასტრო კოდი ......) (შემდეგში „სადავო უძრავი ნივთი“), ½ წილის და ავტოსატრანსპორტო საშუალების (მარკა, მოდელი - ,,მერსედეს-ბენც 208 D”, სანომრე ნიშანი - ....., გამოშვების წელი - 1992, საიდენტიფიკაციო ნომერი - ......), თანამესაკუთრედ.
2. გადაწყვეტილება უძრავი ნივთის ½ წილის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა ამ ნაწილში მისი გაუქმება - ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.10.2019 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. მოსარჩელე და მოპასუხე 15.05.1984 წლიდან 2013 წლამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, მათ ერთობლივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა სადავო უძრავი ნივთი.
3.2. 30.12.2000 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად მოპასუხემ მემკვიდრეობით მიიღო მამის, მ.ი–ვის სამკვიდრო ქონება - საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. მარნეული, ....., სამი საცხოვრებელი ოთახით, რომლის სასარგებლო ფართობი შეადგენდა 71.35 კვ.მ-ს, აქედან საცხოვრებელი ფართობი - 57.05 კვ.მ-ს, დამხმარე ფართობი - 14.3 კვ.მ-ს. 03.10.2008 წელს გაცემული საკუთრების უფლების №505 მოწმობით აღიარებულ იქნა მოპასუხის საკუთრების უფლება, ქ. მარნეულში, ....... მდებარე 2451,495 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ფართობზე და გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა. საკუთრების უფლების მოწმობის თანახმად, 04.11.2011 წელს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემებით, მოპასუხის სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. მარნეული, ......, საკადასტრო კოდით: ......, დაზუსტებული ფართობი: 2451.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 განაშენიანების ფართი: 280 კვ.მ. მოპასუხემ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან 342 კვ.მ მიწის ნაკვეთი 14.07.2014 წელს აჩუქა ძმას, ზ.ი–ვს.
3.3. მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტორული დასკვნისა და საქმიზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებების შესაბამისად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007-2009 წლებში საცხოვრებელ სახლს მთლიანად გამოეცვალა სახურავი, მოეწყო მანსარდი. სადავო ქონებას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი. ამით საცხოვრებელი ფართი გაიზარდა 2-ჯერ, მნიშვნელოვნად გაზარდა საცხოვრებელი სახლის ღირებულებაც.
3.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა. ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ. ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით. სსკ-ის 1163-ე მუხლის შესაბამისად, თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნა გათვალისწინებული. სსკ-ის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3.5. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მოპასუხემ მოიპოვა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, ხოლო საცხოვრებელი სახლი მამისგან მემკვიდრეობით მიიღო, თუმცა, ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, რაც მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული სადავო ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად ტრანსფორმირებისათვის და სადავო უძრავი ნივთის მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევის სამართლებრივი საფუძველია.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ (სსკ-ის 1161-ე-1162-ე მუხლები) და საერთო თანაზიარ საკუთრებად (სსკ-ის 1158-ე მუხლი). ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. ასეთად ითვლება ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე და ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით, ასევე ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა. შესაძლებელია მეუღლის ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად ტრანსფორმაცია (სსკ-ის 1163-ე მუხლი). თანაზიარ ქონებად (მეუღლეთა საერთო ქონებად) ჩაითვლება მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება, თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით (შდრ. სუსგ Nას-7-7-2016, 16.03.2016წ.)
9. სსკ-ის 1163-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური საკუთრება გარდაიქმნება თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. იმ ღონისძიებების მაგალითად, რომელთა შედეგადაც იზრდება ღირებულება, კანონმდებელი ასახელებს: გადაგეგმარებას, მშენებლობის დასრულებასა და გადაკეთებას. ამ სამაგალითო ჩამონათვალის გაგრძელება შეიძლება შემდეგი ღონისძიებებით: კაპიტალური რემონტი, რეკონსტრუქცია, მნიშვნელოვანი დანადგარებით აღჭურვა და ა. შ. აუცილებელია, რომ ყველა ეს ღონისძიება „მნიშვნელოვნად“ ზრდიდეს ქონების ღირებულებას (რუსიაშვილი/ქავშბაია/მელაძე, სსკ-ის კომენტარი, წიგნი VII, თბილისი, 2021 წელი, მუხ.1163, ველი 6). ქონების მხოლოდ მიმდინარე რემონტი არ შეიძლება ქონების საერთო საკუთრებად აღიარების საფუძველი გახდეს. ქონების რემონტი ან თანხის დაბანდება მხოლოდ იმ შემთხვევაშია ქონების თანასაკუთრებად აღიარების საფუძველი, როცა ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება (შდრ. სუსგ Nას-392-2021, 29.09.2021წ.; სუსგ Nას-840-791-2015 , 04.03.2016წ).
10. წინამდებარე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მეტყველებს, რომ სადავო ქონების მდგომარეობა ქორწინების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაც სსკ-ის 1163-ე მუხლის რეგულირების სფეროში ექცევა. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხეს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რომელიც გააქარწყლებდა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. მოპასუხეს არც კანონისმიერ დათქმაზე, რომელიც ქონების გაზრდილი ღირებულების არსებობის პირობებშიც კი გამორიცხავდა ინდივიდუალური ქონების თანასაკუთრებად ტრანსფორმირებას, არ მიუთითებია (საქორწინო კონტრაქტის არსებობა). ამასთან, მოპასუხეს არ წარმოუდგენია მოსარჩელის მტკიცებულებების საპირისპირო მტკიცებულება. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ ქორწინების პერიოდში გაიზარდა მოპასუხის მიერ მემკვიდრეობით მიღებული სახლის ფართობი, 2007-2009 წლებში საცხოვრებელ სახლს მთლიანად გამოეცვალა სახურავი, მოეწყო მანსარდი. სადავო ქონებას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, რამაც გამოიწვია ქონების ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა და არსებითად შეიცვალა ქონების მდგომარეობა. შესაბამისად, მართებულია სასამართლოს მსჯელობა, რომ მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით მოხდა მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ნივთის მეუღლეთა თანასაკუთრებად გადაქცევა. საფუძვლიანია სარჩელი სადავო უძრავი ნივთის ½ წილზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
12. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ გააბათილა სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (იხ.: სუსგ Nას-840-791-2015, 04.03.2016წ; სუსგ. Nას-392-2021, 29.09.2021წ.). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
13. რაც შეეხება საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, განსხვავებით პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებისაგან, კანონმდებლობით მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია - საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს. შესაბამისად, არ არსებობს შუამდგომლობის საკასაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების საფუძველი (სუსგ №ას-48-2020, 17.09.2020წ.). შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და მტკიცებულება უნდა დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს.
14. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 1555 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 1088.5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.ი–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ვ.ი–ვს (პ/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1555 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 11.08.2020წ.) 70% – 1088.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. ვ.ი–ვის შუამდგომლობა საქმეზე ახალი მტკიცებულების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს და მტკიცებულება დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს (ტ.3, ს.ფ.109-120).
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია