Facebook Twitter

საქმე №ას-1716-2019 19 თებერვალი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ნ-სი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომში: მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ-ის“ (შემდგომში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის, პირგასამტეხლოს - 17 550 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ 2018 წლის 26 აპრილს მხარეთა შორის დადებული N… სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (შემდგომში - ხელშეკრულება) გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა ვადაგადაცილებით, რისთვისაც ვალდებულია, გადაიხადოს შეთანხმებული პირგასამტელო - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ობიექტური მიზეზით განპირობებული მცირე დაგვიანებით. მოპასუხის განმარტებით, იგი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უნიფორმის შესაკერად ქსოვილს იღებდა ჩინეთიდან, მასსა და უცხოურ საწარმოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. სამხრეთ ჩინეთში ქარიშხალი „ტანგოს“ შედეგად შეფერხდა ფაბრიკის მუშაობა, რამაც განაპირობა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დაგვიანებით შესრულება.

4. მოპასუხემ სადავოდ მიიჩნია პირგასამტეხლოს ოდენობაც და მისი 0.02%-მდე შემცირების აუცილებლობაზე მიუთითა, რაც საერთო ჯამში შეადგენს 2 340 ლარს, ნაცვლად 17 550 ლარისა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო - 5 850 ლარი.

6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 6426.12 ლარის გადახდა დაეკისრა.

8. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება შეამოწმა პირგასამტეხლოს განსაზღვრის ნაწილში. ამასთან, ვინაიდან აპელანტს სადავოდ არ გაუხდია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სააპელაციო სასამართლომ, როგორც უდავო, გაიზიარა და მიუთითა მათზე.

9. 2018 წლის 26 აპრილს მხარეთა შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ობიექტს 2500 კომპლექტი ლურჯი სპეც. უნიფორმის შეძენა წარმოადგენდა. ერთი კომპლექტის ღირებულება (1 ცალი ქურთუკი და 1 ცალი შარვალი მათბუნებლით) 120 ლარს, ხოლო ხელშეკრულების საერთო ღირებულება 300 000 ლარს შეადგენდა. შესყიდვის ობიექტის მიწოდებისთვის გათვალისწინებული იქნა ვადა, რომელიც 120 კალენდარულ დღეს შეადგენდა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის გათვალისწინებული ვადის გადაცილებისთვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,15%.

10. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვადის დარღვევით შეასრულა, კერძოდ: 132 ერთეული უნიფორმა, საერთო ღირებულებით 15 840 ლარი, შემსყიდველს მიეწოდა 2018 წლის 29 აგვისტოს - 5 კალენდარული დღის დაგვიანებით; 85 ერთეული უნიფორმა, საერთო ღირებულებით 10 200 ლარი, შემსყიდველს მიეწოდა 2018 წლის 17 სექტემბერს - 24 კალენდარული დღის დაგვიანებით; 260 ერთეული უნიფორმა, საერთო ღირებულებით 31 200 ლარი, შემსყიდველს მიეწოდა 2018 წლის 19 სექტემბერს - 26 კალენდარული დღის დაგვიანებით; 340 ერთეული უნიფორმა, საერთო ღირებულებით 40 800 ლარი, შემსყიდველს მიეწოდა 2018 წლის 26 სექტემბერს - 33 კალენდარული დღის დაგვიანებით. 144 ერთეული უნიფორმა, საერთო ღირებულებით 17 280 ლარი, შემსყიდველს მიეწოდა 2018 წლის 28 სექტემბერს - 35 კალენდარული დღის დაგვიანებით; 256 ერთეული უნიფორმა, საერთო ღირებულებით 30 720 ლარი, შემსყიდველს მიეწოდა 2018 წლის 02 ოქტომბერს - 39 კალენდარული დღის დაგვიანებით.

11. მოსარჩელემ 2018 წლის 12 სექტემბრის წერილით მოპასუხეს აცნობა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის 5 კალენდარული დღით გადაცილებისთვის ეკისრებოდა პირგასამტეხლო 2 250 ლარი.

12. მოსარჩელემ 2018 წლის 24 სექტემბრის წერილით მოპასუხეს აცნობა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის 24 კალენდარული დღით გადაცილებისთვის ეკისრებოდა პირგასამტეხლო 8550 ლარი.

13. მოსარჩელემ 2018 წლის 25 სექტემბრის წერილით მოპასუხეს აცნობა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის 26 კალენდარული დღით გადაცილებისთვის ეკისრებოდა პირგასამტეხლო 900 ლარი.

14. მოსარჩელემ 2018 წლის 02 ოქტომბრის წერილით მოპასუხეს აცნობა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის 33 კალენდარული დღით გადაცილებისთვის ეკისრებოდა პირგასამტეხლო 3150 ლარი.

15. მოსარჩელემ 2018 წლის 08 ოქტომბრის წერილით მოპასუხეს აცნობა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის 39 კალენდარული დღით გადაცილებისთვის ეკისრებოდა პირგასამტეხლო 2700 ლარი.

16. ზემოაღნიშნული წერილებით მოსარჩელემ მოპასუხეს ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლოს სახით - 17550 ლარი დაარიცხა.

17. აპელანტი არ დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლო შემცირდა და სააპელაციო საჩივრით პირგასამტეხლოს სახით, დამატებით 12 700 ლარის დაკისრება მოითხოვა.

18. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) მე-10, 316-ე, 418-ე და 420-ე მუხლებით და ყურადღება გაამახვილა ხელშეკრულების იმ არსებით პირობაზე, რომლის მიხედვით მოპასუხეს 300 000 ლარის ღირებულების 2500 კომპლექტი ლურჯი სპეც. უნიფორმა შემსყიდველისთვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის განმავლობაში უნდა მიეწოდებინა.

19. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვადის დარღვევით, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ღირებულებით შეასრულა.

20. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხემ ნაწილ-ნაწილ - სხვადასხვა ვადაგადაცილებით შეასრულა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლო არ უნდა დაანგარიშდეს საქონლის მიწოდების უკიდურესი ბოლო ვადისა და ხელშეკრულების საერთო ღირებულების გათვალისწინებით და მიზანშეწონილია დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირება.

21. სააპელაციო სასამართლოს მითითებით მოპასუხეს პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს თითოეული ვადაგადაცილებული მიწოდების ღირებულების და თითოეული მიწოდების დროს ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობის შესაბამისად. ამიტომ, 15 840 ლარის ღირებულების საქონლის 5 კალენდარული დღის დაგვიანებით მიწოდებისთვის მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 118.8 ლარი (15 840/100*5); 24 კალენდარული დღის დაგვიანებით 10 200 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდებისთვის - 367,2 ლარი (10200/100*10); 26 კალენდარული დღის დაგვიანებით 31 200 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდებისთვის - 1216,8 ლარი (31200/100*26); 33 კალენდარული დღის დაგვიანებით 40 800 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდებისთვის - 2019,6 ლარი (40800/100*33); 35 კალენდარული დღის დაგვიანებით 17 280 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდებისთვის - 907,2 ლარი (17280/100*35), ხოლო 39 კალენდარული დღის დაგვიანებით 30 720 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდებისთვის - 1797,12 ლარი (30 720/100*39), რაც ჯამში 6426,12 ლარია და სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციას.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

22.სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპელანტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

23. კასატორის პრეტენზია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირებას შეეხება. კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხე მეწარმე სუბიექტია, რომელსაც გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.15%, ყოველდღიურად.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

25. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია.

26. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი რაიმე პრეტენზიას დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არ შეიცავს. შესაბამისად, ამ განჩინების პპ: 9-16-ში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა.

27. კასატორის პრეტენზია ვალდებულების დარღვევის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მართლზომიერებას შეეხება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის შეფასების საგანს მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაანგარიშების კანონიერება წარმოადგენს.

28. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების აუცილებლობასთან მიმართებით და კასატორის ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობაში ან ვალდებულების დარღვევაში მდგომარეობს.

29. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შდრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

30. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით საკუთარი ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესრულების ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურება და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა შორისაა ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო.

31. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

32. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის აქვს, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ მიემართება, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩება.

33. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა შესრულებულიიყო დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

34. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

35. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქიკურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქიკური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმით ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

36. ზემოთ აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

37. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოზე შეთანხმება მხარეთა უფლებაა და ამ კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს ანიჭებს უფლებას დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.

38. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გამოიყენა ზემოაღნიშნული შესაძლებლობა და პირგასამტეხლოს ოდენობა მართლზომიერად შეამცირა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის გათვალისწინებული ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.15%-ით განისაზღვრა. დადგენილი იქნა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ხელშეკრულების საგანი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ მიაწოდა, რისთვისაც მოსარჩელემ მოპასუხეს დაარიცხა პირგასამტეხლო, ხელშეკრულებით შეთანხმებული წესის მიხედვით (ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან). საკასაციო პალატა იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხემ ნაწილ-ნაწილ, მაგრამ სრულად შეასრულა, მიიჩნევს, რომ ვადაგადაცილების დღეებზე პირგასამტეხლო არ უნდა დაანგარიშდეს საქონლის მიწოდების უკიდურესი ბოლო ვადისა და ხელშეკრულების საერთო ღირებულების გათვალისწინებით. ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს გათვალისწინება. ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებული იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ. სუსგ №ას-164-160-2016, 28.07.2016წ.).

39. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლო 6426.12 ლარის ოდენობით უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება შემკვეთის მიერ დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით, დაწესებულ საზღაურს.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

41. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

42. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება (სუსგ-ები №ას-164-160-2016, 28.07.2016წ.; №ას-614-2020, 7 ოქტომბერი, 2020წ.; №ას-1520-2018, 28 დეკემბერი, 2018წ.).

43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი