საქმე №ა-4131-შ-108-2022 3 აგვისტო, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ. კ-ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – აშშ-ის ჯორჯიის შტატის … ოლქის მემკვიდრეობის საქმეთა სასამართლოს გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2022 წლის 27 ივლისს, შუამდგომლობით მომართა გ. კ-ემ და მიუთითა, რომ 2021 წლის 25 აპრილს აშშ-ში გარდაიცვალა მისი ძმის შვილიშვილი გ. ე-ლი, რომელიც იყო როგორც საქართველოს, ასევე აშშ-ის მოქალაქე. გარდაცვლილს ანდერძი არ ჰქონდა დაწერილი, აშშ-ის ჯორჯიის შტატის კანონების მიხედვით გარდაცვლილის ერთადერთ მემკვიდრედ გ. კ-ძე იქნა მიჩნეული. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით აშშ-ის სასამართლომ გარდაცვლილი გ. ე-ის სამკვიდრო ქონების მმართველის თანამდებობაზე გ. კ-ის მიერ შერჩეული კანდიდატი დანიშნა. შუამდგომლობის ავტორი მიიჩნევს, რომ გარდაცვლილის სამკვიდრო ქონების მმართველის თანამდებობაზე მის მიერ შერჩეული კანდიდატის სასამართლოს მიერ დანიშვნა ავტომატურად ადასტურებს გარდაცვლილი გ. ე-ის მემკვიდრედ გ. კ-ის აღიარებას და ცნობას.
2. ზემოთ აღნიშნული გარემოებების შესაბამისად, გ. კ-ძე ითხოვს, რომ დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი გარდაცვლილი გ. ე-ის მემკვიდრედ გ. კ-ის ცნობის შესახებ, ამასთანავე, აშშ-ის ჯორჯიის შტატის … ოლქის მემკვიდრეობის საქმეთა სასამართლოს გადაწყვეტილება გარდაცვლილი გ. ე-ის მემკვიდრედ გ. კ-ის აღიარების თაობაზე ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
3. გ. კ-ის შუამდგომლობას ახლავს შემდეგი დოკუმენტების ასლები: ჯორჯიის უმაღლესი სასამართლოს კლერკთა ორგანოს სანოტარო და ავთენტიფიკაციის განყოფილების მიერ გაცემული გ. ე-ის გარდაცვალების მოწმობა; გ. ე-ის დაბადების მოწმობა; გ. ე-ის დედის ლ. კ-ის დაბადების მოწმობა; ლ. კ-ის გარდაცვალების მოწმობა; ლ. კ-ის მამის ი. კ-ის დაბადების მოწმობა; გ.კ-ის დაბადების მოწმობა; ჯორჯიის უზენაესი სასამართლოს მდივნის კოოპერატიული ორგანოს სანოტარო აქტებისა და ავთენტიფიკაციის განყოფილების მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გ. კ-ძე გ. ე-ის ერთადერთი მემკვიდრეა; ჯორჯიის შტატის … ოლქის მემკვიდრეობის საქმეთა სასამართლოში წარდგენილი დადგენილება (თარგმანში დოკუმენტის სახელწოდებად მითითებულია - განცხადება) მემკვიდრეობის მმართველის დანიშვნის თაობაზე (ამ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ გარდაცვლილმა პირმა დატოვა უძრავი ქონება მდებარე … ოლქი, ჯორჯია, რომლის სამართლიანი საბაზრო ღირებულება დაახლოებით 189,000.00 აშშ დოლარია; დადგენილების მიხედვით გარდაცვლილის ქონების მმართველად ფ. ე. პ-რი დაინიშნა; დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ეს არის არაოფიციალური ვერსია - უზენაესი სასამართლოს მხრიდან დამტკიცების მოლოდინშია); განცხადება მემკვიდრეობის მმართველის დანიშვნაზე, ბრძანება შეტყობინების ჩაბარების შესახებ; ჯორჯიის შტატის … ოლქის ანდერძებისა და მემკვიდრეობების საქმეთა სასამართლოს ბრძანება მმართველის დანიშვნის შესახებ; ანდერძებისა და მემკვიდრეობების საქმეთა სასამართლოს მოსამართლე/მდივნის ფიცი; ლ. ე-ის გარდაცვალების მოწმობა; საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაცია ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან და ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მოთხოვნებს და არ უნდა იქნას მიღებული წარმოებაში.
4. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
5. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო მიდის დაკვნამდე, რომ შუამდგომლობის ავტორის იურიდიულ ინტერესს, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიმართ, სამკვიდროს საკუთრებაში მიღება უნდა წარმოადგენდეს.
6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, რომლებიც წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტშია ჩამოთვლილი, დასტურდება, რომ გარდაცვლილ გ. ე-ის სამკვიდროში ჯორჯიის შტატში მდებარე უძრავი ქონება შედის და ამ ქონების მმართველად ფ. ე. პ-რი დაინიშნა. ამასთან, სამკვიდრო მოწმობაში აღნიშნულია, რომ გ. კ-ძე გარდაცვლილის ერთადერთი მემკვიდრეა.
7.საკასაციო სასამართლო გ. კ-ის შუამდგომლობის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძვლად შემდეგ გარემოებებს მიიჩნევს:
7.1. წარმოდგენილი სახით დაუსაბუთებელია შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის წესი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36-ე თავითაა მოწესრიგებული და ასეთი განცხადებების განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოს კომპეტენციაა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვცეტილების ცნობა/აღსრულება, როდესაც დაკმაყოფილებულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
7.2. შუამდგომლობის ავტორის მოსაზრება, რომ გარდაცვლილის ქონების მმართველად მის მიერ წარდგენილი პირის დანიშვნა ავტომატურად ადასტურებს გარდაცვლილი გ. ე-ის მემკვიდრედ გ. კ-ის აღიარებას, არ ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს; მამკვიდრებლის (გარდაცვლილის) ქონების მმართველის დანიშვნის მიზანი მდგომარეობს იმ აქტივებისა და პასივების ნუსხის დადგენაში, რაც მამკვიდრებელს გარდაცვალების მომენტში ჰქონდა, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ შუამდგომლობის ავტორის, როგორც ერთადერთი მემკვიდრის, რეკომენდაციის გაზიარება მმართველი პირის კანდიდატურის შერჩევისა და დანიშვნის დროს, არ ნიშნავს რაიმე იურიდიული ფაქტის ავტომატურად წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას
7.3. შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის ჯორჯიის შტატის … ოლქის მემკვიდრეობის საქმეთა სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე, რომელიც ეხება გარდაცვლილი გ. ე-ის მემკვიდრედ გ. კ-ის აღიარებას იმ თვალსაზრისითაც არის ხარვეზიანი, რომ სასამართლოს ხსენებული დადგენილებით გარდაცვლილის ქონების მმართველი იქნა დანიშნული და უცხო ქვეყნის სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება სამკვიდო ქონების მემკვიდრისათვის მიკუთვნების თაობაზე; ამასთან, შუამდგომლობაზე თანდართული დადგენილება არ არის საბოლოო, რადგან მასში აღნიშნულია, რომ იგი არის არაოფიციალური ვერსია- უზენაესი სასამართლოს დამტკიცების მოლოდინშია. ასეც რომ არ იყოს, რადგან შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნას- იურიდიული ინტერესი სავარაუდოდ მამკვიდრებლის ქონების მიღება წარმოადგენს, უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებული უნდა იქნეს გადაწყვეტილება, თუ რას მოიცავს აწ გარდაცვლილი პირის სამკვიდრო (თავისი უფლებებსა და ვალდებულებების ჩათვლით) და ვინ არის ის მემკვიდრე, რომელსაც წარმოეშვა მემკვიდრეობის უფლება. თავის მხრივ, როგორც ეს აღინიშნა, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში უნდა შევიდეს, რათასაქართველოს ტერიტორიაზე მისი ცნობისათვის წარმოიშვას სამართლებრივი საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა,რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის ფორმალურსამართლებრივ მოთხოვნებს, რის გამოც მის ავტორს უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ ხარვეზებს და სრულად აღმოფხვრის, მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე მოთხოვნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. კ-ეს უარი ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე;
2. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის უფლებამოსილია იმავე შუამდგომლობით კვლავ მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს (ქ. თბილისი, 0108, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N 6);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი