საქმე №ას-101-2022 7 ივლისი, 2022 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ე. გ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ვ-ვი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება უძრავი ქონების რეალიზაციის გზით
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ვ-ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ე. გ-ძის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ, საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე, დაკმაყოფილდა; მხარეთა საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე საზიარო საგნის იძულებითი რეალიზაციის გზით გაუქმდა და ამონაგები თანხა განაწილდა მხარეთა შორის კუთვნილი წილების პროპორციულად.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები:
3.1. ქ. თბილისში, … ქუჩა N..-ში (ს/კ N---) მდებარე უძრავი ქონება ½-½ წილების პროპორციულად საკუთრების უფლებით მოსარჩელისა და მოპასუხის სახელზეა რეგისტრირებული;
3.2. ამონაწერის თანახმად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: 22.05.2009 წელს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და 17.05.2012 წელს დამოწმებული ხელშეკრულება ყიდვა-გაყიდვა გამოსყიდვის უფლებით;
3.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლება ვრცელდებოდა მხოლოდ ნახევარსარდაფის ტიპის ფართობის ½ ნაწილზე, ვინაიდან საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურებულია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მხარეთა საკუთრების უფლება ½-½ წილზეა რეგისტრირებული. შესაბამისად, მოპასუხის მითითება 17.09.2014 წლის ხელწერილზე სასამართლოსათვის დაუსაბუთებელი აღმოჩნდა;
3.4. მოსარჩელემ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მიმართა, თუმცა ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, კერძოდ, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 07.02.2020 წლის აქტით დგინდება, რომ დამკეთმა ვერ უზრუნველყო გამოსაკვლევ ობიექტზე ექსპერტის დაშვება და ექსპერტიზის წინაშე დასმულ შეკითხვასთან მიმართებით საექსპერტო დასკვნის მომზადება შეუძლებელი გახდა;
3.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.02.2020 წლის განჩინებით, განსახილველ სამოქალაქო საქმეზე საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა დაინიშნა, თუმცა ამჯერადაც ვერ მოხერხდა ექსპერტიზის ჩატარება, ვინაიდან, მოპასუხემ უარი განაცხადა საკვლევ ობიექტზე ექსპერტის დაშვებაზე;
3.6. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ;
3.7. ზემოხსენებულ გარემოებათა და მოსარჩელის მოთხოვნის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სადავო ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის ფორმით შესაძლებელია და ამ სახით საზიარო უფლების გაუქმებისას არ იზღუდებოდა მოსარჩელის უფლებები - ეკისრებოდა მოპასუხეს, თუმცა მას სათანადო მტკიცებულებები სასამართლოში არ წარუდგენია;
3.8. მოპასუხე მის მიერ წარდგენილი შესაგებლით დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ ნატურით გაყოფა მესაკუთრეთა წილების შესაბამისად, მათი დანიშნულებისა და ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელი იყო;
3.9. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე მითითებით განმარტა, რომ საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებები აღიარებული და უზრუნველყოფილია. აღნიშნული დებულებების მიზანია ყოველი პირის დაცვა სხვა პირების მხრიდან მისი საკუთრებით მშვიდობიანად სარგებლობის უფლებაში გაუმართლებელი ჩარევისაგან. ამასთან საკუთრება პირის აბსოლუტური უფლებაა, რაც გულისხმობს, რომ ქონების ამა თუ იმ პირზე კუთვნილება გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს არა მარტო ამ ნივთის მფლობელს, არამედ ყველა დანარჩენ მესამე პირს. ეს წინაპირობები აუცილებელია იმისათვის, რათა მესაკუთრემ შეძლოს ქონებასთან თავისუფალი ურთიერთობების განხორციელება. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ნივთზე საერთო საკუთრების არსებობა არ ნიშნავს საკუთრების უფლების შეზღუდვას და დაკნინებას. თითოეულმა თანამესაკუთრემ სრულფასოვნად უნდა განახორციელოს თავისი უფლება და თავისუფლად უნდა ისარგებლოს თანასაკუთრებაში არსებული ნივთით, თუმცა, სხვა თანამესაკუთრეთა ინტერესების გათვალისწინებით. საკუთრების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, როდესაც მესაკუთრე საერთო (წილადი) საკუთრებაში არსებულ ნივთზე სრულფასოვნად ვერ ახორციელებს თავის უფლებას, ან სხვა რაიმე მიზეზით მისთვის მოუხერხებელია იყოს სხვა თანამესაკუთრესთან საერთო უფლებით დაკავშირებული, კანონი თითოეულ თანამესაკუთრეს აძლევს უფლებას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოტივით მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. თუმცა, ნატურით გაყოფასთან მიმართებით ერთი შეზღუდვა მაინც მოქმედებს, საზიარო საგნის დაყოფა შესაძლებელი უნდა იყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე;
3.10. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 173.1-ე მუხლზე მიუთითა და დადგენილად მიიჩნია, რომ მოდავე მხარეები სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეები არიან. უძრავი ქონება საზიარო უფლების ობიექტია და მხარეები ერთმანეთთან კანონისმიერ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებიან;
3.11. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 961.1-ე (თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. აღნიშნული გულისხმობს, რომ საზიარო უფლების გაუქმებისათვის ერთ-ერთი მონაწილის მოთხოვნაც საკმარისია) და 963-ე (საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე) მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ კანონი საზიარო უფლების გაუქმების ორ შემთხვევას ითვალისწინებს, კერძოდ, თანასაკუთრებაში არსებული ქონების ნატურით გამიჯვნას, ხოლო თუ ამგვარი გაყოფა შეუძლებელია, მის აუქციონზე რეალიზაციას. როგორც აღინიშნა, სსკ-ის 963-ე მუხლი განსაზღვრავს იმ სამართლებრივ მოთხოვნებს, რომლებსაც გაყოფის შედეგად აკმაყოფილებს თითოეული დამოუკიდებელი ნივთი - ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ნივთის ერთგვაროვანი ბუნება მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც წარმოშობილი დამოუკიდებელი ნივთები, ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე, აღჭურვილი იქნება ყველა აუცილებელი თვისებებით და ექნება შესაძლებლობა, დამოუკიდებლად განახორციელოს მისი ფუნქციური დანიშნულება. გარდა ამისა, წარმოქმნილმა ნივთებმა უნდა შეინარჩუნოს თანაბარი საბაზრო ღირებულება;
3.12. სსკ-ის 964-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებითი გაყიდვის წესები. თუ დაუშვებელია საზიარო საგნის გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს შორის;
3.13. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო უძრავ ქონებას ჰყავს ორი თანამესაკუთრე, რომლებიც თანაბარ წილებს ფლობენ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა საზიარო უფლების საზიარო საგნის გაყიდვით გაუქმების თაობაზე და მართებულად იქნა იგი დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4.1. აპელანტი (მოპასუხე) თავისი საკასაციო პრეტენზიით თავდაპირველ მესაკუთრეს ბ. მ-სა და მოსარჩელეს შორის გაფორმებულ ხელწერილზე უთითებს, რომლითაც ისინი შეთანხმდნენ ნახევარსარდაფის რეალიზაციაზე და არა მთლიანი ქონების რეალიზაციით საზიარო უფლების გაუქმებაზე;
4.2. კასატორის განმარტებით, მოსარჩელე არა მთლიანი სახლის ½ ნაწილის, არამედ ნახევარსარდაფის ½ ნაწილის მესაკუთრეა. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინებით ფაქტობრივი გარემოებები არასწორად იქნა დადგენილი და შეფასებული.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საზიარო უფლება, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, განეკუთვნება კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას. სსკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამდენად, საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება.
9. სსკ-ის 170-ე მუხლისა და 173-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესაკუთრე თავის ქონებასთან მიმართებით თავისუფალია, მაგრამ მისი უფლებამოსილებანი შესაძლოა, შეზღუდული იყოს კანონით, ან ხელშეკრულებით. მესაკუთრის მოქმედებით არ უნდა ილახებოდეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში საკუთრების ბუნებიდან (საზიარო საკუთრებიდან) გამომდინარე, ნივთით სარგებლობის თავისუფლება გარკვეულწილად იზღუდება, რაც სხვა თანამესაკუთრეთა არსებობით და მათი ინტერესების გათვალისწინებითაა გამოწვეული (სუსგ-ები №ას-1148-1094-2014; №ას-1080-1000-2017; N ას-679-2020; N ას-1466-2021; N ას-735-2021; N ას-1065-2021; N -455-2021; N ას-1009-2021; N ას-1023-2022; N ას-251-2022წ.).
10. განსახილველ შემთხვევაში, საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 953-ე „თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს“, 961.1-ე „თითოეულ მოწილეს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება“ და 963-ე „საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე“ მუხლები.
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას: საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის რეალიზაციის გზით (964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 963-ე მუხლი მიუთითებს ორ აუცილებელ პირობაზე, კერძოდ, საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში, ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სსკ-ის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ეს ფუნქცია და მნიშვნელობა (იხ. სუსგ-ები: N ას-932-875-2012, 17 .09. 2012 წ.; N ას-1089-1020-2012, 08.10.2012წ.; N ას-1665-1562-2012, 04.02.2013წ.; N ას-1653-1550-2012, 15. 04.2013წ.; N ას-67-65-2014, 31.07.2014წ.; N ას-39-39-2016, 01.03. 2016 წ; N ას-39-39-2016მ 01.03.2016წ; N ას-1466-2020, 2304.2021წ.).
13. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით ნიშნავს თანასაკუთრების რეჟიმიდან ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმზე გადასვლას, ანუ დაუშვებელია საზიარო საგანი ისე გაიყოს, რომ ნივთის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდებოდეს ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე საერთო საკუთრება (იხ. სუსგ №ას-1080-1000-2017).
14. კანონმდებლის ნება ნათელი და ცალსახაა. საზიარო უფლების მქონეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს არის ის, რომ საზიარო უფლების მქონე პირის უფლებით, გააუქმოს საზიარო საკუთრება, არ უნდა შეილახოს სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლების ხელშეუვალობა. სწორედ ამიტომ, სსკ-ის 963-ე მუხლი ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის ბრალით შეუძლებელი გახდა შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რომელიც დაადგენდა ქონების ნატურით გაყოფის შესაძლებლობას - სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ მხარეთა შორის სადავო საგანზე საზიარო უფლება გაყოფადი არ არის.
16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლისა და 173-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მესაკუთრე თავის ქონებასთან მიმართებით თავისუფალია, მაგრამ მისი უფლებამოსილებანი შესაძლოა შეზღუდული იყოს კანონით ან ხელშეკრულებით. მესაკუთრის მოქმედებით არ უნდა ილახებოდეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, საკუთრების ბუნებიდან (საზიარო საკუთრებიდან) გამომდინარე, ნივთით სარგებლობის თავისუფლება გარკვეულწილად იზღუდება, რაც სხვა თანამესაკუთრის არსებობით და მათი ინტერესების გათვალისწინებითაა გამოწვეული. საზიარო საგნის გაყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ იგი გაყოფის შედეგად არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ და სამომხმარებლო დანიშნულებას, რაშიც იგულისხმება ობიექტის გაყოფამდე არსებული საყოფაცხოვრებო დანიშნულება (სუსგ. N ას-1148-1094-2014, 19.03.2015 წელი). ამასთან, მესაკუთრის უფლების - ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება - რეალიზების საშუალება მოცემულია სსკ-ის 964-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციაში, რომლის თანახმად, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით (სუსგ N ას-331-331-2018, 15.07.2019წ.).
17. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ მასსა და ქონების თავდაპირველ მესაკუთრეს შორის არსებობდა შეთენხმება ნახევარსარდაფის რეალიზაციის გზით ქონების გაყოფასთან დაკავშირებით. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმად, საზიარო საგნის თანამესაკუთრეებს ½ - ½ წილების პროპორციულად მოსარჩელე და მოპასუხე წარმოადგენენ.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ე. გ-ეს (პ/ნ ---) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. გ-ის (პ/ნ ---) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება N-, გადახდის თარიღი 2022 წლის 30 მაისი), 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე