Facebook Twitter

საქმე №ას-153-2021 24 ივნისი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს "მ-ო ე-ო კ-ტი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ-ლი, ნ. ვ-ლი, ა. ხ-ლი, ვ. ფ-ლი, გ.თ-ლი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის (შემდეგში - პირველი მოსარჩელე), ნ. ვ-ის (შემდეგში - მეორე მოსარჩელე), ა. ხ-ის (შემდეგში - მესამე მოსარჩელე), ვ. ფ-ის (შემდეგში - მეოთხე მოსარჩელე) და გ. თ-ის (შემდეგში - მეხუთე მოსარჩელე) სარჩელი მოპასუხე სს "მ-ო ე-ო კ-ის" (შემდეგში - მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

4. განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა. ამასთან, წარადგინა საფოსტო უკუგზავნილი, რომლითაც ადასტურებს რომ კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში საპროცესო ვადის დაცვით არის წარდგენილი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის განჩინებით, კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი.

6. საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილს განცხადებით მომართა მოპასუხის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით 2021 წლის 18 იანვარს გაიგზავნა. შესაბამისად, საჩივარი ფოსტის მეშვეობით კანონის სრული დაცვითაა წარდგენილი.

7. საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის განჩინებით განცხადებას ხარვეზი დაუდგინდა და განმცხადებელს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა დაევალა.

8. 2022 წლის 17 მარტს, ფოსტის მეშვეობით, განმცხადებლის წარმომადგენელმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი წარადგინა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 მარტის განჩინებით, მოპასუხის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, მიჩნეული იქნა დასაშვებად; განცხადების განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 4 აპრილის განჩინებით, მოპასუხის განცხადება, საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის განჩინების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების თაობაზე, დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინება და განახლდა საქმის წარმოება.

11. საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 7 აპრილის განჩინებით, მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე დაინიშნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევით შეტანის გამო.

14. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ საჩივრის ავტორმა დაარღვია მისი წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.

15. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლოს მსჯელობა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებული ვადის ათვლა მისი გამოტანიდან 30-ე დღეს - 2020 წლის 5 ნოემბერს დაიწყო და 14 - დღიანი ვადა იმავე წლის 18 ნოემბერს ამოიწურა, უსაფუძვლოა, რამდენადაც დასაბუთებული გადაწყვეტილება 5 ნოემბრისათვის მომზადებელი არ იყო და მოპასუხე მხარეს 2020 წლის 17 ნოემბერს ჩაჰბარდა, რომელმაც სააპელაციო საჩივარი 20 ნოემბერს წარადგინა (იხ. ტ.1, ს.ფ. 378). შესაბამისად, დაუშვებელია გასაჩივრების ვადის ათვლა 5 ნოემბრიდან დაიწყოს.

16. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 14 დღეა. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

17. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.

18. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადის მიხედვით სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ჩაბარება, გასაჩივრების მსურველი მხარის ვალდებულებას წარმოადგენს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება, გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე.

20. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება საქმეზე Nას-1161-1106-2014).

21. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სასამართლომ სსსკ-ის 2591-ე მუხლის დარღვევით, მხოლოდ 2020 წლის 17 ნოემბერს ჩააბარა გადაწყვეტილება და მისი გასაჩივრების ვადის ათვლა სწორედ ამ თარიღიდან უნდა დაიწყოს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2020 წლის 24 სექტემბერს გამართულს სასამართლო სხდომას, სადაც გადაწყვეტილების სარეზოლუცო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2020 წლის 6 ოქტომბერს, მოპასუხის წარმომადგენელი ესწრებოდა. შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმების საფუძველზე, კერძო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო, სათანადო წესით და კანონით დადგენილ ვადაში უზრუნველეყო სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენა. საქმის მასალებში არ მოიპოვება განცხადება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის სასამართლო მოხელესთან კომუნიკაციას და დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნას. ამდენად, გადაწყვეტილების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის თაობაზე კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი უარყოფილია. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცების საწინააღმდეგოდ დამატებით ის გარემოებაც მეტყველებს, რომ მოპასუხე მ-ო-ს პროცესუალურმა მოწინააღმდეგეებმა (მოსარჩელეებმა) პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი წარადგინეს 2020 წლის 18 ნოემბერს (იხ. ტ.1, ს.ფ. 336), რითაც ასევე დასტურდება, რომ გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში იყო მომზადებული, ხოლო მოპასუხემ არ შეასრულა საპროცესო კოდექსით დადგენილი ვალდებულება (იხ. წინამდებარე განჩინების 16-20 პუნქტები).

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

23. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს "მ-ო ე-ო კ-ის" კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური