Facebook Twitter

საქმე №ას-443-2022 1 ივლისი, 2022 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს "მ-ს" (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "თ-ის ჯ-ფი" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულებულად აღიარება, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „მ-ს-ს“ (შემდეგში: მოსარჩელე, მიმწოდებელი, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინებით.

3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:

3.1. შპს ,,თ-ის ჯ-ის’’ (შემდეგში: მოპასუხე ან შემსყიდველი) 2020 წლის 21 აპრილს ნატრიუმის ორთქლის მაღალი წნევის ნათურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით შექმნილი სატენდერო კომისიის სხდომის ოქმით მიღებულ იქნა აღნიშნული საგნის შესასყიდად აუქციონის გარეშე ტენდერის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება. შესყიდვის საგანი იყო ნატრიუმის ორთქლის მაღალი წნევის 5 000 ცალი 70-ვატიანი ნათურა და 500 150-ვატიანი ნათურა. სატენდერო პირობების თანახმად, ორივე სიმძლავრიან ნათურას გაზის გამანაწილებელი (გაზის გამწოვი) - ე.წ. ,,ტაბლეტი’’ ზედა ნაწილში უნდა ჰქონოდა.

3.2. მოსარჩელემ მოპასუხეს 2020 წლის 2 ივნისს მისაწოდებელი საქონლის ნიმუშები წარუდგინა. სატენდერო კომისიის 2020 წლის 5 ივნისის სხდომის ოქმის თანახმად, დადგინდა, რომ პრეტენდენტის (მოსარჩელის) მიერ წარდგენილი ნიმუშები შეესაბამებოდა და აკმაყოფილებდა სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

3.3. 2020 წლის 5 ივნისს მიმართვით მოპასუხეს ეცნობა, რომ 2020 წლის 21 აპრილს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მოსარჩელემ წარადგინა დაზუსტებული ტექნიკური მახასიათებლები და ნატრიუმის ორთქლის მაღალი წნევის ნათურის ნიმუშები, რომლებიც სატენდერო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. აღნიშნულის საფუძველზე 2020 წლის 12 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №…. ხელშეკრულება დაიდო.

3.4. მოსარჩელემ მოპასუხეს 2020 წლის 24 ივლისს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტი - სულ - 5 500 ნათურა მიაწოდა, თუმცა 2020 წლის 31 ივლისის წერილით მოპასუხემ უარი განუცხადა მოსარჩელეს მიწოდებული პროდუქციის მიღებაზე იმ დასაბუთებით, რომ მიწოდებული შესყიდვის ობიექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს არ შეესაბამებოდა.

3.5. 2020 წლის 31 ივლისის ინსპექტირების აქტის თანახმად, მოპასუხისთვის საბოლოოდ მიწოდებულ როგორც 70-ვატიან, ისე 150-ვატიან ნათურებს, ე.წ. ,,ტაბლეტი’’, ნაცვლად ზედა ნაწილისა (ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად), ქვედა მხარეს ჰქონდა.

3.6. ფასების ცხრილში როგორც 70-ვატიან, ისე 150-ვატიან ნათურას გაზის გამანაწილებელი ე.წ. ,,ტაბლეტი’’ აქვს ზედა ნაწილში.

3.7. 2020 წლის 8 მაისის ელფოსტის მიმოწერის თანახმად, მოსარჩელეს ვინმე ჯ. ჰ. ატყობინებს, რომ უგზავნის ნათურების ნიმუშებს, რომელიც დამზადებულია მათი სპეციალური შეკვეთის მოთხოვნის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნავს, რომ ნათურის ბრენდის, მოდელისა და სიმძლავრის შესახებ ინფორმაცია მითითებულია ნათურის შუშაზე მოთხოვნის შესაბამისად. სპეციალური შეკვეთისა და პანდემიის გამო, ნიმუშები ინფორმაციის შემცველი ყუთების ნაცვლად, თეთრ ყუთებში მოათავსეს.

3.8. ვებგვერდ “My Alibaba-ს“ ამონაწერის თანახმად, ფაქტობრივად გადახდილია - 5 895.00 აშშ დოლარი და გადახდა დასრულებულია 06.22.2020 წელს. შეკვეთილი პროდუქტის სახელწოდებაა - 5000 მაღალი წნევის ნატრიუმის ნათურები 70W E27, მაღალი წნევის ნატრიუმის ნათურები 150W E40 - 500 ცალი, პროდუქციის სრული ფასი 5 915.00 დოლარია.

4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წინამდებარე დავაში კვლევის საგანია მოსარჩელის/აპელანტის მიერ მიწოდებული ნასყიდობის საგნის, ნიმუშთან შესაბამისობის დადგენა.

5. შესაბამისად, მოსარჩელე მოპასუხისთვის თანხის დაკისრებას მოითხოვს და მოთხოვნის მატერიალურსამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 477-ე, (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი), 487-ე (გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი) 488-ე (ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის) და 491-ე (მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით ) მუხლები წარმოადგენს.

6. აპელანტის მტკიცებით, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, დამოუკიდებელი მესამე პირების საქონლის მწარმოებლის მიერ წერილით და ე.წ. „მაი ალიბაბას“ საიტის ამონაწერით, უდავოდ დასტურდება, რომ ნიმუში და მიწოდებული საქონელი ზუსტად შეესაბამება ერთმანეთს, თუმცა სასამართლომ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ შედგენილ მიმართვას, ინსპექტირების აქტსა და წარდგენილ ფოტოსურათებს დააფუძნა, რომლებზეც ზუსტად არ ჩანს, რა ადგილასაა განთავსებული ე.წ. „ტაბლეტი“ ნათურაზე და, ამასთან, არ დასტურდება, რომ ეს იმ ნათურების სურათებია, რაც მოსარჩელემ მიაწოდა მოპასუხეს.

7. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებზე მიუთითა და არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების თაობაზე, რამდენადაც საქმეში წარდგენილი 2020 წლის 8 მაისის ელფოსტის მიმოწერა მხოლოდ შეკვეთილი ნათურების ნიმუშების გამოგზავნის ფაქტს ადასტურებს და არ არის მითითებული ნათურების თაობაზე ინფორმაცია. ელექტრონული საიტის “My Alibaba-ს“ ამონაწერის თანახმად, ფაქტობრივი გადახდა - 5 895.00 აშშ დოლარია, რაც დასრულებულია 06.22.2020 წელს; შეკვეთილი პროდუქტის სახელწოდებაა - 5000 მაღალი წნევის ნატრიუმის ნათურები 70W E27 –, 5000 მაღალი წნევის ნატრიუმის ნათურები 150W E40, პროდუქციის სრული ფასი 5 915.00 დოლარია. წარდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ შეკვეთილი ნათურები მოწონებული ნიმუშის იდენტურია და ე.წ. ,,ტაბლეტი’’ (გაზის გამწოვი/გაზის გამანაწილებელი) ნათურას ჰქონდა ზედა ნაწილში.

8. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხემ 2020 წლის 31 ივლისს ინსპექტირების აქტი წარადგინა, რომლის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის საბოლოოდ მიწოდებულ როგორც 70-ვატიან, ისე 150- ვატიან ნათურებს, ე.წ. ,,ტაბლეტი’’ ნაცვლად ზედა ნაწილისა, (ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად) ქვედა მხარეს ჰქონდა.

9. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხეს ნიმუშისა და მიწოდებული საქონლის არაიდენტურობის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს, როგორც მხარის მიერ წარდგენილი ნიმუშები, აგრეთვე, ფოტოსურათები, რაც სათანადო მტკიცებულებებით ვერ იქნა შედავებული, ხოლო მოსარჩელისა და მიმწოდებლის მიმოწერა ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად არ მიიჩნია, შესაბამისად - 2020 წლის 12 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მიწოდებული ხელშეკრულების საგანი იყო ნაკლიანი და მისი მახასიათებლები (კერძოდ, ე.წ. ,,ტაბლეტის’’ განთავსების ადგილი) არ შეესაბამებოდა სატენდერო და, მოგვიანებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.

10. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელემ მოპასუხეს ნასყიდობის საგანი მიაწოდა, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა მის მიღებასა და თანხის ანაზღაურებაზე, რაც ნასყიდობის საგნის ნივთობრივ ნაკლს დაუკავშირა. ამ შემთხვევაში ნივთის ნაკლის მტკიცების ტვირთი შემსყიდველს ეკისრებოდა, რომელმაც სსკ-ის 488-ე მუხლის მეორე ნაწილის (ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე) წინაპირობების არსებობა დაადასტურა, მოპასუხემ მოცემული სამართალწარმოების ფარგლებში სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რამაც სასამართლო დაარწმუნა, რომ მოსარჩელემ შემსყიდველს ნაკლიანი ნივთი მიაწოდა და სარჩელის წარუმატებლობაც ამან განაპირობა.

11. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ ხელშეკრულების საგნის მიუღებლობა ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა და ეს შემსყიდველის მხრიდან არა საკუთარი ინტერესების დაცვით, არამედ მიმწოდებლის შავ სიაში შეყვანით იყო ნაკარნახევი, რაც, აპელანტის მოსაზრებით იმით დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ გამოცხადებული ახალი ტენდერით იმავე საქონელზე, იმავე ოდენობით, იმავე მიზნით და იმავე ტექნიკური მოთხოვნებით და მეორე- ტენდერში ე.წ. „ტაბლეტი“ (გაზის გამწოვი მოწყობილობა) შეიძლება ყოფილიყო, როგორც ნათურის ზედა, ისე ქვედა ნაწილში. მორიგ ტენდერში მოსარჩელემ გაიმარჯვა და მოპასუხეს მიაწოდა იგივე საქონელი, რომელიც ამ უკანასკნელმა მიიღო.

12. სასამართლომ განმარტა, რომ ელექტრონულად გამოქვეყნებული სატენდერო პირობები და უშუალოდ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დანართი შეიცავდა პირდაპირ მითითებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხისთვის მიწოდებული 5 500 ნათურა, უნდა ყოფილიყო შემდეგი მახასიათებლის მქონე: ე.წ. ,,ტაბლეტი’’ (გაზის გამწოვი/გაზის გამანაწილებელი) ნათურას უნდა ჰქონოდა ზედა ნაწილში. დავა გამომდინარეობს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებიდან, რომლითაც ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პირობა განისაზღვრა და მოპასუხე ვალდებულია, მიიღოს ზუსტად ისეთი შესრულება (საქონელი), რომელსაც ითვალისწინებს გამოცხადებული სატენდერო პირობები და ხელშეკრულება. შესაბამისად, აპელანტის განმარტება, რომ მოპასუხემ ამის შემდეგ გამოაცხადა იმავე რაოდენობის ნათურის შესყიდვაზე ახალი ტენდერი, რომლითაც ნათურის მახასიათებელი უნდა ყოფილიყო ე.წ. ,,ტაბლეტის’’ ზედა ან ქვედა ნაწილში განთავსებული, მოცემული დავის ფარგლებში ვერ გახდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის გამაქარწყლებელი. საქმის მასალებით დგინდება, მოსარჩელემ ვერ დააკმაყოფილა ტენდერის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების პირობა - მიწოდებული საქონელი არ იყო ხელშეკრულების პირობის შესაბამისი. ის გარემოება კი, თუ რატომ არ მიიჩნია მოგვიანებით გამოცხადებულ ტენდერში მოპასუხემ ე.წ. ,,ტაბლეტის“ განთავსების ადგილი არსებით პირობად, მოცემული დავის განხილვის საგანს არ წარმოადგენს.

13. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურსამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1 მოსარჩელემ (მიმწოდებელმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

14.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად გამოაქვს დასკვნა, რომ მოსარჩელის (მიმწოდებლის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

19. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ სრულად უგულებელყო აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს რომ მიმწოდებლის ნიმუში და საქონელი ზუსტად შეესაბამება ერთმანეთს; გადაწყვეტილება დააფუძნა მოპასუხის ფოტოსურათებს, სადაც ბუნდოვნად ჩანს ე.წ „ტაბლეტის“ მდებარეობა და არ დასტურდება, რომ იგი ეკუთვნის მოსარჩელის მიერ მიწოდებულ ნათურებს; შემსყიდველის მხრიდან საქონლის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი არა საკუთარი ინტერესის დაცვაა, არამედ მოსარჩელისთვის ზიანის მიყენებით არის განპირობებული; სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ მოპასუხემ პირველი ტენდერის შემდეგ ახალი ტენდერი გამოაცხადა, იმავე პირობებით, გარდა ერთი გამონაკლისისა, ე.წ „ტაბლეტები“ შეიძლება ყოფილიყო ნათურის როგორც ზედა, ასევე - ქვედა ნაწილში.

20. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის/მიმწოდებლის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების საკითხის გამორკვევა წარმოადგენს.

21. დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, ნასყიდობის (სსკ-ის 477-ე მუხლი) ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, რომლის საფუძველზეც მხარეებს წარმოეშვათ უფლება-მოვალეობები. მიმწოდებელი (მოსარჩელე) ვალდებული იყო, მოპასუხისთვის შეთანხმებული საქონელი მიეწოდებინა, ხოლო შემსყიდველი ვალდებული იყო, მიწოდებული საქონლის საფასური გადაეხადა.

22. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში უზრუნველყო მოპასუხისათვის ნასყიდობის საგნის - ნატრიუმის ორთქლის მაღალი წნევის 5 000 70- ვატიანი ნათურა და 500 150-ვატიანი ნათურა, თუმცა, მოპასუხემ მიწოდებული ნასყიდობის საგანი იმ მიზეზით არ ჩაიბარა, რომ მიწოდებული შესყიდვის ობიექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს არ შეესაბამებოდა, კერძოდ, 2020 წლის 31 ივლისის ინსპექტირების აქტის თანახმად, მოპასუხისთვის საბოლოოდ მიწოდებულ როგორც 70-ვატიან, ისე 150-ვატიან ნათურებს, ე.წ. ,,ტაბლეტი’’ ნაცვლად ზედა ნაწილისა (ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად) ჰქონდა ქვედა მხარეს.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპასუხო შესრულებისგან მოვალეს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ათავისუფლებს, თუ ის დაამტკიცებს, რომ მან ნასყიდობის საგანი ვერ მიიღო ან მიიღო შეთანხმებული ხარისხისგან განსხვებული ხარისხის ან რაოდენობის ნივთი. ამგვარ გარემოებათა არსებობა მოვალეს კრედიტორის მიმართ, ფასის შემცირების, წუნდებული ნივთის ახლით შეცვლის ან ხელშეკრულებიდან გასვლისა და ზიანის ანაზღაურების მეორად სახელშეკრულებო მოთხოვნებს წარმოუშობს, თუმცა მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში სწორედ მოვალის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს საპასუხო შესრულებისგან გათავისუფლების საფუძვლიანობის დადასტურება (იხ. სუსგ Nას-883-2021, 9.12.2021წ) .

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და წარმოშობს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (იხ. სუსგ №ას-696-696-2018, 6.07.2018წ)

25. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელემ მოპასუხეს ნასყიდობის საგანი მიაწოდა, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა მის მიღებასა და თანხის ანაზღაურებაზე, რაც ნასყიდობის საგნის ნივთობრივ ნაკლს დაუკავშირა. ასეთ შემთხვევაში, ნივთის ნაკლის მტკიცების ტვირთი სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად სწორედ შემსყიდველს ეკისრებოდა, რომელმაც სსკ-ის 488-ე მუხლის (ნორმის დეფინიცია იხ. განჩინების მე-5 და მე-10 პუნქტებში) წინაპირობების არსებობა დაადასტურა, მიმწოდებელმა/ კასატორმა კი, საწინააღმდეგო ვერ დაამტკიცა.

26. საკასაციო სასამართლოს განსჯით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რამდენადაც 2020 წლის 8 მაისის ელ-ფოსტის მიმოწერა მხოლოდ შეკვეთილი ნათურების ნიმუშების გაგზავნის ფაქტს ადასტურებს და არ არის მითითებული ნათურების მონაცემების თაობაზე ინფორმაცია. ელექტრონული საიტის “My Alibaba“-ს ამონაწერით კი, მხოლოდ ნასყიდობის საგნის რაოდენობა, ნათურების წნევის სიმძლავრე და მათი ღირებულების დადგენაა შესაძლებელი. სატენდერო პირობების თანახმად, ორივე სიმძლავრიანი ნათურის შემთხვევაში გაზის გამანაწილებელი (გაზის გამწოვი) - ე.წ. ,,ტაბლეტი’’ ნათურას ზედა ნაწილში უნდა ჰქონოდა. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ინსპექტირების აქტის მიხედვით, მოპასუხისთვის საბოლოოდ მიწოდებულ როგორც 70-ვატიან, ისე 150- ვატიან ნათურებს, ე.წ. ,,ტაბლეტი’’, ნაცვლად ზედა ნაწილისა (ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად), ქვედა მხარეს ჰქონდა. ამდენად, უდავოდ დგინდება მიმწოდებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, რაც პროდუქციის ხელშეკრულებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მახასიათებლების მიწოდებით გამოიხატება.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ დაასაბუთა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, რისი გათვალისწინებითაც შემძენს წარმოეშვებოდა ვალდებულება, სსკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის ღირებულება. შესაბამისად, კასატორის პრეტენზიები არ არის გაზიარებული უსაფუძვლობის გამო. მოპასუხის მიერ მოგვიანებით გამოცხადებული ტენდერის პირობებისა და შესაძლო შედეგების თაობაზე მსჯელობა განსახილველი დავის საგანს სცილდება, რაც მართებულად მიუთითა სააპელაციო სასამართლომ (იხ. გასაჩივრებული განჩინება- ს.ფ. 419) და ამ მიმართებითაც არ არის გაზიარებული საკასაციო პრეტენზია.

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

29. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

30. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "მ..ს-ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "მ..ს-ს" (ს/კ ….) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №…, სახაზინო კოდი …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1722 ლარის (საგადახდო დავალება N-, გადახდის თარიღი 2022 წლის 27 აპრილი), 70% – 1205,4 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე