Facebook Twitter

საქმე №ას-524-2022 1 ივლისი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს ე-ო პ-ო ჯ-ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ვ-ი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ვ-ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, პირველი აპელანტი ან მესაკუთრე) სარჩელი სს „ე-ო პ-ო ჯ-ას“ (შემდეგში: კომპანია, მოპასუხე, მეორე აპელანტი ან კასატორი) მიმართ, ქმედების განხორციელების დავალებისა და 135 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 30 000 ლარის გადახდა დაეკისრა; მოსარჩელის მოთხოვნა მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტროხაზების დემონტაჟის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხისათვის კომპენსაციის დაკისრების ნაწილში გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 50 583,6 ლარის გადახდა დაეკისრა; მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტროხაზების დემონტაჟზე უარის თქმის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები:

3.1. საკადასტრო კოდით N….. რეგისტრირებული, 2500 კვ.მ ფართის მქონე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მოსარჩელის საკუთრებაშია;

3.2. შპს ჯ….ალ-ა….ის 2019 წლის 17 სექტემბრის დასკვნის თანახმად, ზემოხსენებული მიწის ნაკვეთის 1 კვ.მ ფართის ყოველთვიური საიჯარო ქირა ერთი ლარიდან ერთნახევარ ლარამდე შეადგენს;

3.3. მოსარჩელის ნაკვეთზე მოპასუხის კუთვნილი 6-10 კვ-იანი მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები გადის;

3.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 10 ნოემბრის დასკვნის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილების „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები“ შესაბამისად, მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების 10 მეტრიანი დაცვის ზონა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 1405,1 კვ.მ. ფართს მოიცავს, ხოლო დანარჩენი მიწის ნაკვეთის თავისუფალ გამოყენებაზე გავლენას არ ახდენს;

3.5. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 180-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად არ დააკმაყოფილა სარჩელი მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტროხაზების დემონტაჟის ნაწილში;

3.6. სსკ-ის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონებიდან ორმხრივი ზემოქმედება გამომდინარეობს, ე.ი. ეს ქონება კანონის მიზნებისათვის მიიჩნევა მეზობლად და მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობა, სწორედ სამეზობლო სამართლის ნორმების საფუძველზე უნდა გადაწყვეტილიყო;

3.7. სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე კომპანია კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზებით მომხმარებელს ელექტროენერგიას აწვდის და, მოსარჩელის კუთვნილ ნაკვეთზე გავლის გარეშე, იგი ამას ვერ მოახერხებს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად მისი მიწის ნაკვეთის გამოყენების თმენის ვალდებულება აქვს. ეს კი ელექტროგადამცემი ხაზების დემონტაჟის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას ნიშნავს;

4. სააპელაციო სასამართლომ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე მიუთითა, რომლის თანახმადაც, მიუხედავად იმისა, რომ კომპენსაციის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ, დელიქტური ვალდებულების მარეგულირებელი ნორმით - სსკ-ის მე-1000 მუხლით დაასაბუთა, რაც საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა, მიიჩნია, რომ ამ დარღვევას შედეგად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა არ მოჰყოლია. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველი მოთხოვნა გამომდინარეობს სანივთო, კერძოდ, სამეზობლო სამართლიდან. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზი კვეთს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, ანუ მოპასუხე მოსარჩელის მიწის ნაკვეთს იყენებს ამ ნაკვეთზე გატარებული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებით საკუთარი აბონენტებისათვის ელექტროენერგიის მისაწოდებლად. ამ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სსკ-ის 180-ე მუხლი (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების 3.7 ქვეპუნქტში) განსაზღვრა და დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის მეორე წინადადებაზე მიუთითა, რომლის თანახმად, იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს), რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, კანონის ანალოგიით იქნა გამოყენებული გამოვიყენოთ (სსკ-ის 5.1 მუხლი). საკასაციო სასამართლოს განმარტებით „ამ ნორმის მიზანია, მიწის ნაკვეთის მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფა. ამ მიზნის მისაღწევად, ნორმა ავალდებულებს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს, ითმინოს აუცილებელი გზა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სასარგებლოდ, რომელსაც არა აქვს კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან. ნორმის მიხედვით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელიც ამგვარად ვერ უკავშირდება საჯარო გზებს, მოიპოვებს მეზობელი ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ვალდებულია, გადაიხადოს შესაბამისი კომპენსაცია მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს დააკისრა მის მიწის ნაკვეთზე მოპასუხის კუთვნილი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების გატარების თმენის ვალდებულება. მოსარჩელის ასეთი ვალდებულება, მართალია, ზემოხსენებული კანონიდან გამომდინარეობს, მაგრამ იგივე კანონი მოპასუხესაც აკისრებს გარკვეულ ვალდებულებას, კერძოდ, ეს უკანასკნელი ვალდებულია, შესაბამისი კომპენსაცია გადაუხადოს მოსარჩელეს (შდრ.:სუსგ-ებს: N ას-803-762-2013, 10.10.2014წ; N ას-516-493-2016, 23.09.2016წ.). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნორმის წინაპირობები სახეზეა, შესაბამისად, კომპენსაციის მოთხოვნა იურიდიულად საფუძვლიანია“ (სუსგ N ას-965-2019, 10.04.2020 წ., პ. 1.4);

4.1. დადგენილია, რომ მოპასუხე მოსარჩელის მიწის ნაკვეთს ამ ნაკვეთზე გატარებული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებით საკუთარი აბონენტებისათვის ელექტროენერგიის მისაწოდებლად იყენებს. შესაბამისად, სსკ-ის 180-ე მუხლის საფუძველზე, მას მოსარჩელისათვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება აკისრია;

4.2. სააპელაციო სასამართლომ იმავე საქმეში საკასაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებაზე მიუთითა: „რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, მოსარჩელემ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულება, რომლის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეფასების გზით, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას მისი დასაბუთებულობის თაობაზე, ამასთანავე, ვინაიდან საპირისპირო დასკვნა მოპასუხეს არ წარმოუდგენია, მტკიცებულებაში გადმოცემული კომპენსაციის ოდენობა გაზიარებას ექვემდებარება“ . სხვა საქმეზე კი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „კომპენსაციის ოდენობა სასამართლომ დატვირთვის ინტენსივობისა და უფლებაში ჩარევის ხარისხის გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს სამართლიანი და გონივრული ოდენობით“ (სუსგ. N ას-1869-2018, 25.10. 2019 წ., პ. 1.3.5);

4.3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარდგენილი შპს ჯ…ლ-ა….ის 2019 წლის 17 სექტემბრის დასკვნა, რომლითაც განსაზღვრულია მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის საიჯარო ქირის ოდენობა, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულებაც მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია;

4.4. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N 366 დადგენილებით დამტკიცებული ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების მე-4 მუხლის თანახმად, ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში ყველა სახის ქმედება აკრძალული არ არის. მაგალითად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, მოპასუხის წერილობითი თანხმობით, ამ ზონაში ეწარმოებინა სამშენებლო სამუშაოები, მოეწყო ავტოტრანსპორტის და სხვა მანქანა-მექანიზმების სადგომები და გადასასვლელი გზები, ხოლო ამ ტიპის სამუშაოების ჩატარებაზე მოპასუხის უარი გაესაჩივრებინა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.5. ზემოხსენებულ გარემოებათა საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ თმენის ვალდებულებისათვის კომპენსაციის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო შპს ჯ…ლ-ა…ის 2019 წლის 17 სექტემბრის დასკვნით დადგენილი იჯარის მინიმალური ოდენობით, ანუ ერთ კვ.მ. ფართზე 1 ლარით. მაშასადამე, მოპასუხემ მოსარჩელეს აუცილებელი გზის თმენის ვალდებულებისათვის კომპენსაციის სახით, ყოველთვიურად, 1405,1 ლარი, ე.ი. სამი წლის პერიოდისათვის - 1405,1X36=50 583,6 ლარი უნდა გადაუხადოს.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5.1. კასატორის განმარტებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას ეწინააღმდეგება (სუსგ-ები:N ას-803-762-2013; N ას-80-80-2018, N ას-965-2019).

5.2. კასატორის პრეტენზიით კომპენსაციის დაკისრების ნაწილში სასამართლოს კანონის ანალოგია არ უნდა გამოეყენებინა, რადგან აღნიშნული ურთიერთობა სპეციალური კანონით წესრიგდება, რომელიც რაიმე სახის კომპენსაციას არ ითვალისწინებს;

5.3. კასატორის განმარტებით მესაკუთრეს ზიანი არ ადგება, მას არ აქვს ქონებრივი დანაკლისი, ამასთან, მოსარჩელეს, კანონით დადგენილი პირობების დაცვით, უძრავი ქონებით სარგებლობა შეუძლია;

5.4. კასატორის პრეტენზია იმასაც ეხება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე ექსპერტიზის დანიშვნით სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპი დაარღვია.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხე კომპანიის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

9. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

10. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

11. მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.). კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა.

12. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

13. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

14. როდესაც სამართლებრივი თვალსაზრისით განსახლველი და გადასაწყვეტი საკითხი არ არის გათვალისწინებული და რეგულირებული კანონის არც ერთ ნორმაში, ადგილი აქვს ხარვეზს კანონმდებლობაში. ნორმის შერჩევა მოითხოვს მართლწესრიგის მთელი სისტემის სათანადო ცოდნას. წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლის შემფარდებელი ვერ განსაზღვრავს, თუ რომელი ნორმა უნდა იქნეს გამოყენებული. ნორმის შერჩევა რთული აზრობრივი პროცესია. ნორმის მისადაგების პროცესი შეიძლება დამთავრდეს იმით, რომ ვერ იქნეს მოძიებული კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა. სამოქალაქო დავა, რომელიც კანონით არაა პირდაპირ მოწესრიგებული, შეიძლება გადაწყდეს მსგავსი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმის საფუძველზე. თუ სამართლის შემფარდებელი, სამართლის განმარტების ხერხების გამოყენების მიუხედავად, ვერ „პოულობს“ კონკრეტული შემთხვევის მომწესრიგებელ ნორმას, მან უნდა გამოიყენეოს ყველაზე უფრო მსგავსი შემთხვევის მარეგულირებელი ნორმა (analogia legis). მოსამართლე ვალდებულია საკითხი გადაწყვიტოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ არსებობს კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა (შეადრ. სუსგ-ას Nას-34-2022, 21.06.22 წ., იხ. დამატებით: გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბილისი, 2004, გვ.168).

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის მე-5.1 მუხლის თანახმად, კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია). ურთიერთობის მომწესრიგებელი კონკრეტული ნორმის არარსებობისას, სსკ-ის მე-5 მუხლი, მოსამართლეს ანიჭებს ანალოგიური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმის გამოყენების უფლებას. აღნიშნული ნორმის მიზანია მოსამართლისათვის სსკ-ის მე-4 მუხლით დაკისრებული მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი სამართლებრივი მექანიზმის შემუშავება, ანუ მოსამართლეს არ აქვს უფლება, უარი თქვას სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ სამართლის ნორმა არ არსებობს, ან იგი ბუნდოვანია. კანონის ხარვეზი კანონის საკანონმდებლო პროცესის ბუნებრივ თანამდევ მოვლენად ანდა სამართლის განვითარებისათვის აუცილებელ წინაპირობად ითვლება (შეადრ. ლ. ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, 2017, ველი. 2., დ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, თბილისი, 2009, გვ.61;).

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როცა კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა გამოსაყენებელ კანონში არ არის. ანალოგიის ადრესატი არის მოსამართლე. მხოლოდ მას შეუძლია სამართალგამოყენების ამ მეთოდით სარგებლობა. კანონის ანალოგიის გამოყენების წინაპირობა არის კანონის ე.წ. დაუგეგმავი, ე.ი. წინასწარ გაუთვალისწინებელი არასრულყოფილება(შეადრ. სუსგ-ას N ას-34-2022, 21.06.22 წ.).

17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონის ანალოგიით გამოყენება გულისხმობს ამ ნორმის განზოგადებას, რომელიც შეფასებს გზითაა შესაძლებელი. ნორმის შინაარსით დგინდება, რომ განსხვავება კანონით მოწესრიგებულ და მოუწესრიგებელ შემთხვევებს შორის იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რომელიც გაამართლებდა მათ განსხვავებულად გადაწყვეტას, ანუ გამოსაყენებელი ნორმის საერთო, ზოგადი ნიშნები, საკმარისი უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის გამოყენების დასასაბუთებლად. ამით დასტურდება ის, რომ კანონის (სამართლის ნორმის) ანალოგიით გამოყენება, წარმოადგენს თანაბარი მოპყრობის პრინციპის ერთ-ერთ გამოხატულებას. აგრეთვე შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს ზღვარი, რომელიც კანონის ინტერპრეტაციასა და ხარვეზის შევსებას შორის არსებობს. ეს ზღვარი საკანონმდებლო დანაწესების შესაძლო სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით არის გავლებული. კანონის სიტყვითი მნიშვნელობის ფარგლებში ხორციელდება ინტერპრეტაცია (ნორმის გამოყენების სფერო). სადაც ამ ზღვრის გადასვლა ხდება, ადგილი აქვს კანონის ხარვეზის დადგენასა და შევსებას (სამართლებრივი პრინციპის მოქმედების სივრცე), ან დადგენილია, რომ ეს შემთხვევა ამ ნორმის გამოყენების სფეროდან უნდა იქნეს ამოღებული (რესტრიქცია - ქმედების საგამონაკლისო შემადგენლობა) (შეადრ. სუსგ-ას N ას-34-2022, 21.06.22 წ.).

18. საერთო სასამართლოები არაერთ გადაწყვეტილბაში/განჩინებაში უთითებენ, რომ მოთხოვნის საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა და მხარის მიერ სარჩელის დამფუძნებელ ნორმად კანონის ამა თუ იმ დანაწესის მითითება არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლოსათვის ხელისშემშლელი, ამგვარი მიდგომა გამომდინარეობს სამართალაში დამკვიდრებული პრინციპიდან: „jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი).

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებული სპეციალური ნორმის არარსებობის გამო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გამოიყენეს კანონის ანალოგია და სადავო საკითხი სამეზობლო სამართლის ნორმებით იქნა გადაწყვეტილი, რაც საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკითაა დადგენილი, მათ შორისაა კასატორის მიერ მითითებული საქმეც N ას-------. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილება „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები“ არ ითვალისწინებს განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის წამოჭრილი დავის გადაჭრის გზას, სწორედ ამიტომ მართებულად იქნა სსკ-ის შესაბამისი მუხლები გამოყენებული.

20. კასატორის პრეტენზიას, რომ ექსპერტიზის დანიშვნით სააპელაციო სასამართლომ დააღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, რადგან წინამდებარე განჩინების 3.4 ქვეპუნქტში ასახული ექსპერტიზის დასკვნით გამორკვეულ იქნა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, რის დაუდგენლადაც სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა (სსსკ-ის 173.1-ე მუხლი), ამასთან, სსსკ-ის 162.1-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, როდესაც საჭიროა, სპეციალური ცოდნის გამოყენებით, კონკრეტული საკითხის განმარტება საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილლების გამოტანა შეუძლებელია .

21. კასატორის პრეტენზიით გასაჩივრებული გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას ეწინააღმდეგება, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, რადგან საქმეებში N ას-….. და N ას-…-…-… დადგენილია განსახილველი დავისაგან სრულიად განსხვავებული გარემოებები, ხოლო საქმეში N ას-…. საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კასატორის (ელ. კომპანია) პრეტენზიები და განმარტა, რომ საკუთრებით სარგებლობის უფლების შეზღუდვის გამო, მესაკუთრის მოთხოვნა კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე განხორციელებადია.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაიზიარა შპს ჯ…ლ-ა…..ის 2019 წლის 17 სექტემბრის დასკვნა, რრომლითაც განსაზღვრულია მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საიჯარო ქირის ოდენობა, რისი საწინააღმდეგო მტკიცებულებაც მოპასუხეს (კასატორს) არ წარუდგენია. კომპენსაციის გადახდის საკითხი მჭიდროდაა დაკავშირებული საკუთრების უფლების შეზღუდვასთან. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით, ასევე, „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროკონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული საკუთრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს. შეზღუდვის კანონიერება, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მოწმდება ე.წ პროპორციულობის ტესტით; იგი უნდა ემყარებოდეს ლეგიტიმურ საფუძველს, გამართლებული უნდა იყოს საზოგადოების აუცილებელი საჭიროებით და მიზნის მიღწევა ნაკლებად მზღუდავი საშუალებით არ უნდა იყოს შესაძლებელი.

23. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მოპასუხე კომპანიის ელექტორგადამცემი ხაზები მოსარჩელის მიწის ნაკვეთს მის მიერ ზემოხსენებულ ობიექტებზე საკუთრების უფლების მოპოვებამდე ჰკვეთდა. ხაზობრივი ნაგებობის არსებობა კი გამართლებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში უკიდურესი აუცილებლობით - ელექტროენერგიის მომხმარებლებისათვის მიწოდებით, ამასთან დაკავშირებით რაიმე შედავება, რომელიც მიზნის მიღწევის ნაკლებად შემზღუდავი საშუალების გამოყენებით იქნებოდა შესაძებელი, მხარეებს არ მიუთითებით, შესაბამისად, მოსარჩელის საკუთრების შეზღუდვა გამართლებულია, თუმცა, ზემოხსენებული კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში, საკუთრების შეზღუდვა კანონიერი იქნება მესაკუთრისათვის კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ (იხ. სუსგ N ას-965-2019 10.04.2020წ).

24. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ კომპენსაციის ოდენობას, რომელიც შპს ჯ….ენერალ-ა….ის 2019 წლის 17 სექტემბრის დასკვნის თანახმად ერთ კვ.მ. ფართზე მინიმუმ 1ლარს შეადგენს. აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგოდ კასატორს რაიმე სახის მტკიცებულება არ წარუდგენია, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კომპენსაციის ოდენობის - იჯარის მინიმალური ღირებულების სამ წლიან პერიოდზე გაანგარიშებით გამოთვლა დასაბუთებული და კანონიერია.

25. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს ე…ო-პ…ო ჯ….ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს ე…ო-პ…ო ჯ…ას (ს/კ ----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2530 ლარის (საგადახდო დავალება N----, გადახდის თარიღი 2022 წლის 14 აპრილი), 70% – 1771 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე