Facebook Twitter

3გ-ად-45გ-02 15 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მ.-ი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განიხილა გ. ა.-ის, დ. ნ.-ის, ნ. წ.-ის, გ. ძ.-ის სარჩელის განსჯადობის თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის, საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შორის დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 19 მაისს აუქციონზე აღნაგობის უფლების მოსაპოვებლად გადატანილი იქნა ქუთაისში, ... მდებარე მიწის ნაკვეთი, დროებითი სარგებლობისათვის ლითონის ასაკრები ავტოფარეხის მოსაწყობად. ქუთაისის მერიის 1999წ. 7 ივნისის ¹179 ბრძანებით დამტკიცდა აუქციონის შედეგები. აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა მოპასუხე მ. ა.-ე და მას 5 წლის ვადით, დროებით სარგებლობაში გადაეცა ... მდებარე 20კვ.მ მიწის ნაკვეთი, ასაწყობი ავტოფარეხის მოსაწყობად, რის შემდეგაც ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოსა და მ. ა.-თანს შორის გაფორმდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო 1999წ. 26 ივლისს მ. ა.-თან დაიდო ხელშეკრულება ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე.

2002წ. 5 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს სარჩელით მიმართეს გ. ა.-მ, დ. ნ.-მ, ნ. წ.-მა და გ. ძ.-მ, რომლებმაც მოითხოვეს 1999წ. 19 მაისის აუქციონის შედეგების, ქუთაისის მერიის 1999წ. 7 ივნისის ბრძანების ბათილად ცნობა და მ. ა.-ზე გაცემული აღნაგობის უფლების გაუქმება. მოსარჩელეთა განცხადებით, ისინი წარმოადგენენ ... სახლის მობინადრეებს. ნაკვეთი, რომელიც დროებით სარგებლობისათვის გადაეცა მოპასუხეს, არის ეზოს მაცხოვრებელთა და ბავშვების დასასვენებელი ადგილი. სადავო ფართი ჯერ კიდევ ქუთაისის აღმასკომის 1963წ. ¹13-17/14 გადაწყვეტილებით გამოეყოთ ¹... კოოპერატივს (იგივე ... მცხოვრებ პირებს). ქუთაისის მერიის 1999წ. 7 ივნისის ბრძანებით მათ ეზღუდებათ საერთო ეზოთი სარგებლობის უფლება და საფრთხე ექმნება მათთვის სასმელი წყლით მომარაგებას. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ მ.ა.-ის მიერ ავტოფარეხის მოსაწყობად აუცილებელი იყო, როგორც ... მცხოვრებ პირთა სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა, ასევე მიწისქვეშა კომუნიკაციების მქონე ორგანიზაციების თანხმობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

მოპასუხე მ. ა.-მ არ ცნო სარჩელი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 8 აპრილის განჩინებით სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე, 275-ე მუხლების საფუძველზე.

2002წ. 1 მაისს მოსარჩელეებმა იმავე მოთხოვნით კვლავ მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი საოლქო სასამართლოს განსჯადია და 2002წ. 20 სექტემბრის განჩინებით საქმე განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ «ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 პუნქტის თანახმად: “ნორმატიული აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანამდებობის პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს”. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ნორმატიული აქტია ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის «გ” ქვეპუნქტის თანახმად კი ქუთაისის საკრებულოსა და მერიის (მერი) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტების კანონიერების შესახებ ადმინისტრაციული საქმე საოლქო სასამართლოს განსჯადია.

საქალაქო სასამართლოს მსჯელობას არ დაეთანხმა ქუთაისის საოლქო სასამართლო, რომელმაც 2002წ. 9 ოქტომბრის განჩინებით სარჩელის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად საქმე გადმოგზავნა უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში. საოლქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის «გ” პუნქტის მიხედვით, საოლქო სასამართლოს განსჯადია არა ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არამედ მხოლოდ ნორმატიული ხასიათის ადმინისტრაციული აქტი. აღნიშნული ნორმა სპეციალური ნორმაა და მისი განვრცობითი ან ანალოგიით გამოყენება დაუშვებელია. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის «ე” პუნქტის მიხედვით, ნორმატიულ-ადმინისტრაციულ აქტად მიიჩნევა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს”. საოლქო სასამართლოს განმარტებით, განსახილველი დავის საგანია ქუთაისის მერიის ისეთი ბრძანების გაუქმება, რომელიც მიღებულია ერთი კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის გადასაწყვეტად, კერძოდ, მიწის ნაკვეთის მოპასუხისათვის დროებით სარგებლობაში გადაცემის მოსაწესრიგებლად. ამდენად, სასამართლოს განსახილველია ერთჯერადად გამოსაყენებელი ანუ ინდივიდუალური ხასიათის ადმინისტრაციული აქტის კანონიერება, რომელიც თავისი სამართლებრივი ბუნებით საჯარო ხასიათისაა და მიეკუთვნება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯად საქმეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გ. ა.-ის, დ. ნ.-ის, ნ. წ.-ისა და გ. ძ.-ის სარჩელის განსჯადობის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სარჩელი განსახილველად განსჯადობით ექვემდებარება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელე ფიზიკური პირები მოპასუხე – ქ. ქუთაისის მერიისა და ფიზიკური პირის მ. ა.-ის მიმართ აღძრული სარჩელით ითხოვენ:

ა) ქუთაისში, ... მდებარე მიწის ნაკვეთზე აღნაგობის უფლების მოსაპოვებლად 1999წ. 19 მაისს ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობას;

ბ) ... საერთო ეზოში დროებითი სარგებლობისათვის მიწის ნაკვეთის გაცემის შესახებ ქუთაისის მერიის 1999წ. 7 ივნისის ¹179 ბრძანების ბათილობას;

გ) მ. ა.-ისათვის აღნაგობის უფლების აკრძალვას.

ამდენად, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ადმინისტრაციული გარიგებიდან, კერძოდ მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გაცემიდან წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობაა. შესაბამისად, განსახილველი დავის საგანიც _ აუქციონის შედეგებიცა და ქუთაისის მერიის ¹179 ბრძანებაც მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემას (1999წ. 26 ივლისის ¹2 ხელშეკრულებას) ეხება, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ზ” პუნქტისა და 65-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ გარიგებას წარმოადგენს, რომელიც იურიდიულად იგივე სამოქალაქო – სამართლებრივი გარიგებაა, მხოლოდ ერთ-ერთი კონტრაჰენტი _ მეაღნაგე არის ადმინისტრაციული ორგანო _ საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ქუთაისის მიწის მართვის სამმართველო. რადგან ქუთაისის მერიის სადავო ¹179 ბრძანება და აუქციონის შედეგები სწორედ ამ ადმინისტრაციულ გარიგებასთან, მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით მ. ა.-სათვის დროებით სარგებლობაში გადაცემასთან არის დაკავშირებული, საკასაციო პალატის აზრით, მერიის სადავო ბრძანება სამართლებრივად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ აქტს კი არ წარმოადგენს, არამედ გარიგების კონტრაჰენტი ადმინისტრაციული ორგანოს _ ქუთაისის მერიის ცალმხრივი ნების წერილობითი გამოხატულებაა ადმინისტრაციული გარიგების დადებაზე (სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლი), რაც არაერთგზის იქნა განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, მაგრამ მიუხედავად ამისა ქუთაისის საქალაქო და საოლქო სასამართლოებმა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს სადავო სამართალურთიერთობას, დავის საგანს და შესაბამისად საქმე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე წამოჭრილ ადმინისტრაციულ საქმედ მიიჩნიეს, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ზემოაღნიშნული განმარტების გამო. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე და სკ-ს 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ გარიგებაში სახელმწიფო და მისი ადმინისტრაციული ორგანოები ისევე მონაწილეობენ, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტები, ამიტომ ადმინისტრაციულ გარიგებაში ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრირებას ვერ განახორციელებს და ვერც გარიგების მეორე მხარისათვის სავალდებულო აქტს გამოსცემს, რადგან კერძო სამართლებრივი (სახელშეკრულებო) ურთიერთობა დაფუძნებულია არა ადმინისტრირების პრინციპზე, არამედ მხარეთა თანასწორუფლებიან პარტნიორობაზე.

ამრიგად, ვინაიდან ქუთაისის მერიის სადავო ¹179 ბრძანება და აუქციონი თავისი იურიდიული ბუნებით ადმინისტრაციული აქტი კი არ არის, არამედ ადმინისტრაციულ გარიგებასთან – მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით დროებით სარგებლობაში გადაცემასთანაა დაკავშირებული და მოსარჩელეები სადავოდ არ ხდიან აღნიშნული მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის შესახებ ქუთაისის მერიის ბრძანების კანონიერებას, რაც უდავოდ ადმინისტრაციული აქტია, ამიტომ განსახილველი დავა სამართლებრივად წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ” პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული გარიგების დადების ან შესრულების თაობაზე დავას, რომელიც ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის «დ” პუნქტის გათვალისწინებით (რადგან სარჩელის ფასი 500000 ლარს არ აღემატება) განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2; 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ა.-ის, დ. ნ.-ის, ნ. წ.-ისა და გ. ძ.-ის სარჩელი განსჯადობით დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს;

2. სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება