საქმე№ას-536-2022 24 ივნისი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს "ე- ჯ-ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – კ. ჩ-ლი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების დაკისრება, საშვებულებო თანხისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით სს "ე- ჯ-ის" (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, საწარმო, კომპანია ან კასატორი) მიმართ სახელფასო დავალიანების, საშვებულებო თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე კ. ჩ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული ან აპელანტი) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. მოსარჩელემ საქალაქო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2019 წლის აგვისტოდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით, 7 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, ყოველთვიურად ხელზე ასაღები 700 ლარის ოდენობით, ჯამში 4900 ლარი (ხელზე ასაღების სახით/დაბეგრილი) დაეკისრა; მასვე დაეკისრა 2019-2020 წლებში ხელფასის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 700 ლარის 0.07%; გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
4. სააპელაციო სასამართლომ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები დაადგინა:
4.1. მოპასუხე საწარმოს დირექტორმა 2019 წლის 29 ოქტომბერს მოსარჩელის, როგორც კომპანიის იურისტის, სახელზე რწმუნებულება გასცა, რომლის თანახმად, მოსარჩელეს მიენიჭა უფლებამოსილებები, მათ შორის, წარმოედგინა და დაეცვა მარწმუნებლის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესები საქართველოს საერთო სასამართლოების სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებში, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში, საქართველოს ყველა კერძო საარბიტრაჟო სასამართლოში, ასევე - შეუზღუდავად წარმოედგინა მარწმუნებლის ინტერესები სახელმწიფო და კერძო სამართლის სუბიექტებთან ურთიერთობისას და ა.შ.; რწმუნებულება გაიცა 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
4.2. მოპასუხე საწარმოს დირექტორმა 2020 წლის 14 იანვარს მოსარჩელისა და მ. მ-ის, როგორც კომპანიის იურისტების, მიმართ რწმუნებულება გასცა, რომლის თანახმად, რწმუნებულებს მიენიჭათ უფლებამოსილებები, მათ შორის წარმოედგინათ და დაეცვათ მარწმუნებლის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესები საქართველოს საერთო სასამართლოების სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებში, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში, საქართველოს ყველა კერძო საარბიტრაჟო სასამართლოში, ასევე შეუზღუდავად წარმოედგინათ მარწმუნებლის ინტერესები სახელმწიფო და კერძო სამართლის სუბიექტებთან ურთიერთობისას და ა.შ.; რწმუნებულება გაიცა 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
4.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2020 წლის 15 იანვრის სარჩელით მიმართა მოპასუხემ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ 2019 წლის 10 დეკემბერს ბრძანების N--- ბათილად ცნობისა და ახალი ბრძანების გამოცემის დავალების მოთხოვნით. სარჩელს ხელს აწერენ და სარჩელის წარმომადგენლობის გრაფაში მითითებული არიან მ. მ-ძე და მოსარჩელე.
4.4. მოპასუხის იურიდიული მისამართია: თბილისი, ….-….. რაიონი, რკინიგზის სადგურ ,,-----“ მიმდებარედ.
4.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2020 წლის 4 სექტემბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართა მოსარჩელემ შპს ,,ფ-ის ს-ის’’ მიმართ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების, გამოუყენებელი შვებულების, ბოლო თვის სახელფასო ანაზღაურების, პირგასამტეხლოს დაკისრებისა და დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
4.6. მოსარჩელემ 2019 წლის აგვისტოდან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მოპასუხე საწარმოსთან იურისტის პოზიციაზე, 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით დაიწყო მუშაობა, იმავე წლის ნოემბრიდან კი - უვადოდ. სამუშაო გრაფიკი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით განისაზღვრა 09:00 – 18:00 საათამდე, ხოლო ზეგანაკვეთურად - შაბათი 09:00 - 16:00. მოსარჩელე მოპასუხე საწარმოში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით სრული დატვირთვით მუშაობდა, ასევე, შაბათ დღეს - ზეგანაკვეთურად. შპს ,,ფ-ის ს-ში“ სამუშაო მისამართი იყო თბილისი, სამგორის რაიონი, …. ….. ჩიხი N…. შპს ,,ფ-ის ს-ის“ 2020 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გათავისუფლდა თანამდებობიდან.
4.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში.
5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს შეფასების საგანს მხარეებს შორის სამართალურთიერთობის არსებობა/არ არსებობის დადგენა წარმოადგენს, რამდენადაც, მოსარჩელის მტკიცებით, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება მოქმედებდა და იგი დასაქმებულის უფლება-მოვალებებს ასრულებდა. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხე კომპანია უარყოფს მასსა და მოსარჩელეს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას და მიუთითებს, რომ მოსარჩელე სხვა კომპანიაში იყო დასაქმებული და პარალელურად მოპასუხე კომპანიასთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში ვერ იქნებოდა.
6. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები და გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება მხარეებს შორის შრომით - სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის თაობაზე. აღნიშნული ურთიერთობა დადასტურდა მთელი რიგი მტკიცებულებებით, კერძოდ, საქმეში წარდგენილი მინდობილიბებით და ელ. წერილებით დადგინდა, რომ მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში იურისტის თანამდებობაზე იყო დასაქმებული. ელ. მიმოწერაში გაყიდვების მენეჯერი, რომელიც მომხმარებელს პასუხს სცემს, მოპასუხის (კომპანიის) კუთვნილი ელ.ფოსტით, არ უარყოფს გარემოებას, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხესთან დაუთითებს, რომ იგი დღეის მდგომარეობით აღარ არის დასაქმებული კომპანიაში, რაც, თავის მხრივ, მოწმობს, რომ მხარეთა შორის გარკვეულ პერიოდში შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა. საქმეში წარდგენილი ელ. წერილებით ასევე დადგინდა, რომ მოსარჩელე მომსახურებას უწევდა კომპანიას და შრომით სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებდა. მოსარჩელის მიერ შედგენილია სხვადასხვა წერილობითი დოკუმენტები, კერძოდ, უსაფრთხოების პრობლემატიკაზე მომზადებული დოკუმენტები და სამშენებლო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით მომზადებული სხვადასხვა ხელშეკრულებები. საქმის მასალებშია მოპასუხე კომპანიის მიერ გაცემული მინდობილობები, ადმინისტრაციულ საქმეზე მოსარჩელის ხელმოწერითა და წარმომადგენლობით სასამართლოში წარდგენილი სარჩელი და სასამართლოს უწყება, რაც ადასტურებს, რომ მოპასუხის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო უწყება გაგზავნილია მოსარჩელის სახელზე. საგულისხმოა, რომ წარდგენილ სარჩელს, მ. მ-ან ერთად, ხელს აწერს მოსარჩელეც, შესაბამისად მოპასუხის მტკიცება, რომ თითქოს წარდგენილი სარჩელი შედგენილია მხოლოდ მ. მ-ის მიერ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული. აღნიშნული მინდობილობებით ასევე დადგინდა, რომ კომპანიამ მინდობილობა გასცა არა ფიზიკურ პირზე, არამედ - კომპანიის იურისტზე, მოსარჩელეზე.
7. სააპელაციო სასამართლომ იურისტის მიერ შესასრულებელი სამუშაოს, მათ შორის დისტანციური სამუშაო რეჟიმის დანერგვის პირობებში, არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ რადგან მოსარჩელე დასაქმებული იყო შპს ,,ფ-ის ს-ში’’, იმავდროულად მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული ვერ იქნებოდა. საბოლოოდ სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შეეძლო პარალელურ რეჟიმში სამუშაო ორი კომპანიის სასარგებლოდ შეესრულებინა.
8. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, შრომით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას 7 თვის მანძილზე (08.08.2019წ.-15.02.2020წ) ასევე ადასტურებს, უწყვეტ რეჟიმში მოსარჩელის მიერ კომპანიისათვის და კომპანიის სახელით შესრულებული სხვადასხვა მოქმედებები, რაც მოწმობს, რომ მითითებულ პერიოდში მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში და დამსაქმებლის მიერ მითითებულ დავალებებს ასრულებდა. სამუშაოს უწყვეტი რეჟიმი და ყოველ კონკრეტულ შესრულებასთან მიმართებით შესაბამისი ანაზღაურების გაუცემლობა ადასტურებს, რომ მხარეთა შორის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა და ფიქსირებული ანაზღაურებაც შეთანხმებული იყო. მოპასუხე საწარმოს მტკიცება, რომ მოსარჩელე უსასყიდლოდ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული, რამდენადაც მოსარჩელის მიერ კომპანიისათვის შესრულებულია არაერთი სამუშაო, რაც წარმოშობს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ პირი აღნიშნულ ვალდებულებებს საპასუხო შესრულების - ხელფასის ანაზღაურების სანაცვლოდ ასრულებდა. შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში დასაქმებული ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება შრომითი ხელშკრულების აუცილებელი ელემენტია და უპირობოდაა დაკავშირებული სამუშაოს შესრულებასთან.
9. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის დირექტორის მიერ 2021 წლის 5 მაისს გაცემული ცნობაც შეაფასა, იგი მოპასუხე/მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებად მიიჩნია და მასზე დაყრდნობით არ გაიზიარა დამსაქმებლის მტკიცება, რომ მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში არ ყოფილა დასაქმებული, რამდენადაც დოკუმენტი შედგენილია დავის მონაწილე მხარის მიერ და, მითითებული ფაქტის სადავოობის პირობებში, ცნობას ვერ მიენიჭება მხარის განმარტებაზე მეტი მტკიცებულებითი მნიშვნელობა, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა შრომითი ურთიერთობის არარსებობის ფაქტის დადასტურება.
10. სააპელაციო სასამართლომ ხელფასის ოდენობასთან მიმართებით, მოსარჩელის მტკიცება გაიზიარა, რამდენადაც მოპასუხეს საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარუდგენია. ამასთან, არსებული სახელფასო განაკვეთების შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ოდენობით სახელფასო ანაზღაურება გონივრულია/შესაბამისობაშია შესასრულებელ სამუშაოსა და ნაკისრ პასუხისმგებლობასთან. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადასტურებულად იქნა მიჩნეული მხარეთა შორის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა და მოპასუხე კომპანიას ხელფასის სახით მოსარჩელისათვის ყოველთვიურად 700 ლარის გადახდა დაევალა.
11. საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი 31-ე მუხლი) შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 31.2 მუხლი) თანახმად, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, 44-ე მუხლით (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 34-ე მუხლი) კი დადგენილია, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა. განსახილველი დავის ფარგლებში დადასტურდა შრომითი ურთიერთობის არსებობა, ასევე ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს სახელფასო ანაზღაურება არ მიუღია. შესაბამისად მოპასუხე კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, ჯამში 4900 ლარის ოდენობით (700 ლარი x 7 თვეზე) დაეკისრა.
12. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხე კომპანიას სშკ-ის 41-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი“ შესაბამისად, სახელფასო ანაზღაურების დაყოვნებისათვის განსაზღვრული პირგასამტეხლოც დააკისრა, რომელიც ყოველ დაყოვნებულ თვის ხელფასთან მიმართებით, დამოუკიდებლად განისაზღვრა, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: 2019 წლის აგვისტოს თვის ხელფასის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 700 ლარის 0.07%-ის ოდენობით, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; - 2019 წლის სექტემბრის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 700 ლარის 0.07%-ის ოდენობით, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; - 2019 წლის ოქტომბრის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს 700 ლარის 0.07%-ის ოდენობით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; - 2019 წლის ნოემბრის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 700 ლარის 0.07%-ის ოდენობით, 2019 წლის 1 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; - 2019 წლის დეკემბრის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 700 ლარის 0.07%-ის ოდენობით, 2020 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; - 2020 წლის იანვრის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 700 ლარის 0.07%-ის ოდენობით, 2020 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; - 2020 წლის თებერვლის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 700 ლარის 0.07%-ის ოდენობით, 2020 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
13. სშკ-ის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 21.1 მუხლი) თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ-თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად (დღეს მოქმედი კოდექსის 31.5 მუხლის თანახმად - შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტისას იგი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად). 36-ე მუხლის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 26-ე მუხლი) შესაბამისად, ყოველთვიური ფიქსირებული შრომის ანაზღაურების შემთხვევაში, დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით; სშკ-ს 32.1 მუხლის თანახმად, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ. მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.
14. სააპელაციო სასამართლომ გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების კომპენსაციის მოთხოვნის რეალიზაციისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობაზე მიუთითა: ა) დასაქმებულის მიერ ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლების მოპოვება; ბ) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რომელიც დამსაქმებლის ინიციატივით დასაქმებულის გათავისუფლების გზით განხორციელდა; გ) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე კუთვნილი შვებულების გამოუყენებლობა/არასრული გამოყენება (სუსგ Nას-131-127-2016, 23.09.2016წ), ამავდროულად დაადგინა, რომ: მოსარჩელე კომპანიაში დასაქმებული იყო 7 თვის მანძილზე და დასაქმების დროის გათვალისწინებით, ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება მოპოვებული არ ჰქონდა, დასაქმებიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ეტაპისათვის 11 თვე გასული არ ყოფილა, ამასთან, არ დადასტურდა მხარეთა სხვაგვარი შეთანხმება, საშვებულებო თანხების ანაზღაურებასთან მიმართებით, სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებლად მიიჩნია და ამ ნაწილში სარჩელი არ დააკმაყოფილა.
15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
15.1. მოპასუხემ (დამსაქმებელმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
15.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად გამოაქვს დასკვნა, რომ მოპასუხის (დამსაქმებლის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
17. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
19. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
20. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ მინდობილობისა და გაურკვეველი ხასიათის კორესპონდენციის საფუძველზე დაადგინა მხარეებს შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა;
21. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, რამდენად სწორად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების დაკისრებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე, რამდენადაც მხარეებს შორის სადავოა შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტი.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას (სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი). შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“ (სუსგ-ები №ას-1350-2019, 27.11.2019წ; Nას-98-94-2016, 26.07.2016წ; №ას-368-2019, 31.07.2019წ;). ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენება.
23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართებულობის საკითხის შესწავლა.
24. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც, კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მტკიცების ტვირთის სპეციალური წესის მოქმედების პირობებში, სწორედ დამსაქმებელს ავალებს სადავო ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთს, რამეთუ დამსაქმებელს მეტად ხელეწიფება, როგორც შრომითი ურთიერთობის არსებობის, ასევე მისი შეწყვეტის დამტკიცების შესაძლებლობა.
25. ევროპის სოციალური ქარტიის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის დადგენილებით) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შრომის უფლების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ ეფექტიანად დაიცვან მუშაკის მიერ ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება. მაშასადამე, ქარტია განამტკიცებს დასაქმებულის უფლებას, მიიღოს ანაზღაურება შრომითი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ, რაც უზრუნველყოფილია ეროვნული კანონმდებლობითაც. სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
27. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის სახელმძღვანელო პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან განასხვავებს. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული (სშკ-ის მე-3 მუხლი), ამასთან, დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია სამუშაო პროცესი, რომელიც ორგანიზებულად წარიმართება დამსაქმებლის მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით (შრომითი ხელშეკრულება, შინაგანაწესი, საკანონმდებლო რეგულაცია და სხვა) (იხ. სუსგ Nას-34-2022, 21.06.2022წ).
28. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ ფაქტობრივ/სამართლებრივ მსჯელობებსა და დასკვნებს. ასევე, იზიარებს მსჯელობას, რომ კომპანიის სახელით დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობების (29.10.2019წ-14.01.2020წ) გარდა, მოპასუხესთან მოსარჩელის შრომით ურთიერთობას ამ უკანასკნელის მიერ კომპანიის სახელით შესრულებული სხვადასხვა მოქმედებებიც ადასტურებს, ხოლო ყოველ კონკრეტულ შესრულებასთან მიმართებით ანაზღაურების გაუცემლობა კი იმ გარემოებას, რომ დასაქმებულსა და კომპანიას შორის არსებობდა შეთანხმება ფიქსირებული ანაზღაურების თაობაზე. აქვე საყურადღებოა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომლის მიხედვით, მოსარჩელემ 2019 წლის აგვისტოდან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მოპასუხესთან იურისტის პოზიციაზე, 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით მუშაობა დაიწყო, იმავე წლის ნოემბრიდან კი უვადოდ. სამუშაო გრაფიკი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით განისაზღვრა 09:00 – 18:00 საათამდე, ხოლო ზეგანაკვეთურად შაბათი 09:00 - 16:00.
29. საკასაციო სასამართლოს განსჯით, საქმეზე დადგენილი გარემოებებისა (იხ. განჩინების 4.1-4.3; 4.6 მე-8; მე-9 პუნქტები) და წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა მოდავე მხარეებს შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, სწორად განსაზღვრა კასატორისთვის შრომის ანაზღაურებისა და მასზე დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა. აღნიშნულმა კი, კასატორის პრეტენზიების (იხ. განჩინების მე-20 პუნქტი) უარყოფის საფუძველი წარმოშვა.
30. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საადვოკატო მომსახურება არ არის უსასყიდლო ე.წ. „pro bono“ ანუ, უსასყიდლო მომსახურება (რაც ასევე განსხვავდება, სახელმწიფოს ხარჯზე ცალკეული სეგმენტის პირთათვის გაწეული უფასო იურიდიული დახმარებისაგან) იმ პროფესიული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, რომელიც მიღებული და დამკვიდრებულია, როგორც ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების საადვოკატო ბიუროების, ისე - აშშ-ის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელთა კერძო საადვოკატო პრაქტიკაში და არა მხოლოდ სოციალურად დაუცველ პირთა იურიდიულ მომსახურებას მოიცავს, არამედ იდეალური მიზნების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივ მხარდაჭერასაც. შესაბამისად, კლიენტს ეკისრება ადვოკატის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურება ხელშეკრულების ფარგლებში (იხ. სუსგ Nას-29-2021, 28.05.2021წ). საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არც იმ არგუმენტს, რომ მოსარჩელე სხვა სამსახურში იყო დასაქმებული და მოპასუხე კომპანიაში მუშაობას ვერ შეძლებდა, რაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებიდან გამომდინარეობს, ხოლო მოპასუხე საწარმოს პრეტენზია სააპელაციო სასამართლოსადმი, რომ თითქოსდა სასამართლომ გამორიცხა იმის ალბათობა, რომ მოსარჩელე შესაძლოა უსასყიდლოდ ასრულებდა სამუშაოს, ან ეს მის, როგორც შპს „ფ-ის ს-ის“ იურისტის, მოვალეობებში შედიოდა, დამატებით წარმოაჩენს მოპასუხის წინააღმდეგობრივ და დაუსაბუთებელ პოზიციას, რომელმაც ვერ გადაწყვიტა სასარჩელო მოთხოვნის წინააღმდეგ როგორი დაცვის ტაქტიკა აირჩიოს, ის, რომ მოსარჩელე უსასყიდლოდ მუშაობდა, თუ ის, რომ მოსარჩელე სხვა კომპანიაში მუშაობდა. შრომითსამართლებრივ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურობის გარდა (იხ. წინამდებარე განჩინების 22-24 პუნქტები), ზოგადად სამოქალაქო სამართალში და სამოქალაქო საპროცესო სამართალში დამკვიდრებულია პრინციპი, რომლის თანახმად, თითოელ მხარეს მოეთხოვება მისი სასარგებლო გარემოებების დამტკიცება და არა საკუთარი პოზიციის გამომრიცხველი ან საწინააღმდეგო გარემოებების მითითება ან დადასტურება, რაც შეეხება სასამართლოს როლს, ის მხარეთა შეჯიბრებითობას ხელმძღვანელობს, მათივე სარჩელსა და შესაგებელში დისპოზიციურობის პრინციპით წარდგენილი გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და დადგენის პროცესში, რაც სასამართლოს ინიციატივით შრომითსამართლებრივ დავებზე გარემოებათა დადგენას და კვლევას არ გულისხმობს.
31. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "ე- ჯ-ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს "ე- ჯ-ს" (ს/კ ----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე , მ. მ-ის (პ/ნ ---) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 920,18 ლარის (საგადახდო დავალება N----, გადახდის თარიღი 2022 წლის 14 აპრილი; საგადახდო დავალება N---, გადახდის თარიღი 2022 წლის 25 მაისი;), 70% – 644,12 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური