Facebook Twitter

საქმე №ას-578-2022 7 ივლისი, 2022 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ს-ს ფ-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ-ფ გ-ს თ-სი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „კ-ფ გ-ს თ-ის“ (შემდეგში: მოსარჩელე ან ტვირთის გამგზავნი) სარჩელი.

1.1. შპს „ს-ს ფ-ს“ (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია, აპელანტი ან კასატორი) მოსარჩელის სასარგებლოდ 3198 ლარი დაეკისრა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განჩინებით.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2018 წლის 16 აგვისტოს №--- ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საგანი იყო, ტვირთის გადაზიდვის საფასურის სანაცვლოდ, გადამზიდველის მიერ გამგზავნის კუთვნილი ტვირთის ტრანსპორტირება ჩატვირთვის წერტილიდან დანიშნულებამდე. ჩატვირთვის წერტილი თბილისის „გეზი“ (გაფორმების ეკონომიკური ზონა) იყო, დანიშნულების წერტილი კი - ----- ქუჩა №--.

3.2. ტვირთვის გადაზიდვის საფასური 95 ლარს შეადგენდა, გადახდის ვადა მომსახურების გაწევიდან 5 კალენდარული დღით განისაზღვრა.

3.3. ხელშეკრულების მე-4 მუხლით გათვალისწინებულ იქნა განსაკუთრებული პირობები: ტვირთის გამგზავნი ვალდებული იყო, გადასატანი ტვირთი ისე შეეფუთა, გამორიცხულიყო შეფუთვის ან ტვირთის დაზიანება, დაღუპვა გადამზიდველის მიერ მისი ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს (4.1 პუნქტი); 4.1 პუნქტის პირობის დარღვევის შემთხვევაში გადამზიდველი უფლებამოსილი იყო, უარი განეცხადებინა ტვირთის მიღებაზე და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე (4.2 პუნქტი); გადამზიდველი ვალდებული იყო, უზრუნველეყო ტვირთის მიმღებისათვის ტვირთის ჩაბარება შეფუთვის მთლიანობის დაურღვევლად (გაუხსნელად) (4.3. პუნქტი); გადამზიდველს ტვირთის გადატანისა და ჩაბარების ვალდებულება შესრულებულად ჩაეთვლებოდა ტვირთის მიმღების მიერ ზედნადებზე ან სხვა დოკუმენტზე ტვირთის ჩაბარების თაობაზე შესაბამისი აღნიშვნის შემდეგ, რის შედეგადაც ყველანაირი პასუხისმგებლობა ტვირთის უსაფრთხოებაზე, მის მთლიანობასა და ტვირთის გამგზავნისათვის ჩაბარებაზე გადამზიდველს მოეხსნებოდა (4. პუნქტი).

3.4. ტვირთი გადაიზიდა და დაზიანდა 2018 წლის 16 აგვიტოს.

4. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 686-ე მუხლის პირველი ნაწილიდან („გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე – მიტანის ვადის გადაცილებისათვის“) გამომდინარეობს.

5. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის/აპელანტის მტკიცებაზე, რომ ტვირთის დაუზიანებლად და შეფუთვის დაურღვევლად მიღების დადასტურება გამგზავნის ვალდებულებას წარმოადგენდა; საბაჟოზე გადაღებული ფოტომასალით არ დგინდება პოლონეთიდან გამოგზავნილი ტვირთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში - თბილისში უვნებლად ჩამოტანა; საბაჟო დეკლარაციებითა და გადაღებული ფოტოებით შეუძლებელია ტვირთის მდგომარეობის განსაზღვრა; გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გადაღებული ფოტოებში ჩანს, რომ კასრებს, რომელიც პოლონეთიდან თბილისში ჩამოვიდა, ზემოდან მძიმე ტვირთი ელაგა, რაც მის დეფორმირებას გამოიწვევდა და რასაც ადასტურებს გადაზიდვების სამსახურის მძღოლი გ. ქ-ძე თავის ახსნა-განმარტებაში; კასრების დაზიანებაში არ დგინდება მოპასუხის ბრალეულობა; მოპასუხის მიერ ტვირთის გადაზიდვის დროს ტვირთის ზედა ნაწილი ვერ დაზიანდებოდა, რადგან მასზე არაფერი იყო მოთავსებული, რაც დასტურდება ფოტომასალით.

6. მოპასუხე ტრანსპორტირებისას ტვირთის დაზიანებაში მისი პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებად სსკ-ის 686-ე მუხლის მეორე ნაწილის („გადამზიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის გადაცილება უფლებამოსილი პირის ბრალით ანდა ამავე პირის ისეთი მითითებით მოხდა, რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებს; აგრეთვე, თუ ტვირთის ნაკლი ისეთი გარემოებებითაა გამოწვეული, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდველს არ შეეძლო და არც მათი შედეგები შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა“) შემადგენლობაზე მიუთითებს.

7. სსკ-ის 676-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, გადამზიდველი ვალდებულია, ტვირთის მიღებისას შეამოწმოს: ა) ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მათი ნიშნებისა და ნომრების შესახებ ზედნადებში აღნიშნულ მონაცემთა სისწორე; ბ) ტვირთისა და მისი შეფუთვის გარეგნული მდგომარეობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ გადამზიდველს არა აქვს სათანადო საშუალება იმისათვის, რომ შეამოწმოს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული მონაცემები, მაშინ მას ზედნადებში შეაქვს პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს. ამგვარადვე უნდა შეიტანოს მან ისეთი პირობები, რომლებიც შეეხება ტვირთის გარეგნულ მდგომარეობასა და მის შეფუთვას. ეს პირობები გამგზავნისთვის არ არის სავალდებულო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მან ისინი ზედნადებში აშკარად აღიარა.

8. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმისთვის, რომ მოპასუხე პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს, უნდა დადასტურდეს, სულ მცირე, ის გარემოება, რომ მოპასუხემ ტვირთი მიღების დროს შეამოწმა და ამის შედეგად შეფუთვა (მათ შორის, ჰერმეტულობა) დარღვეული იყო, ან/და დაზიანება გამოიწვია 686-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულმა გარემოებებმა.

9. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 102-ე მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა გადამზიდველი კომპანიის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხის მიერ ტვირთის შეფუთვის გარეგნული მდგომარეობის შემოწმებასა და ამის შედეგად გამოვლენილ დარღვევის არსებობას დაადასტურებდა.

10. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ სსკ-ის 676-ე და 687-ე მუხლების შინაარსის, მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტისა და კანონმდებლის მიერ ტვირთის მიღებისას მისი შემოწმების ვალდებულების გადამზიდველისათვის დაკისრების გათვალისწინებით, ამ უკანასკნელს ეკისრება დადასტურება იმ ფაქტისა, რომ გამოვლენილი იყო ტვირთვისა და მისი შეფუთვის გარეგნული დარღვევა/ნაკლი და გამგზავნის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა ტვირთის ამგვარი სახით გადაზიდვაზე. თუკი გადამზიდველი უთითებს ტვირთის შეფუთვის დარღვევით მიღებაზე და შემდგომ გამგზავნის წარმომადგენლის დასახელებით გადაზიდვაზე, მანვე უნდა დაადასტუროს, რომ ტვირთი ამ სახით მიიღო და გამგზავნის წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა ასეთი ტვირთის გადაზიდვაზე, თუმცა აპელანტმა ამის დამტკიცება ვერ შეძლო.

11. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დაუზიანებელი ტვირთის მიღების დადასტურების მტკიცების გამგზავნისათვის დაკისრებისა და გადამზიდველის ბრალეულობის გამორიცხვის თაობაზე გადამზიდველის პოზიცია ამგვარ დავებში მატერიალური საფუძვლით დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის გათვალისწინებით.

12. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ზიანის ოდენობისა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე აპელანტის პრეტენზია. მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ დაღვრილ კასრებში დარჩენილი მასალა გამოსაყენებლად უვარგისი იყო, ამასთან, საქმის მასალებში არ მოიპოვება ნივთის სრული განადგურების თაობაზე მტკიცებულება.

13. მოსარჩელის კონტრაჰენტის შპს „ლ-ბ ტ-ის“ წერილის თანახმად, შპს „ლ-ბ ტ-ბი“ ბოლო 2-3 წლის განმავლობში იყენებს სამშენებლო-სარემონტო მომსახურების გაწევის დროს მოსარჩელე კომპანიის მასალებს, მათ შორის, დასაგრუნტ მასალას, ე.წ. „Betonokontakt”- ს; მასალის სპეციფიკიდან გამომდინარე, იგი მოთავსებულია კასრებში/სათლებში, რომელიც აუცილებლად მყარად და ჰერმეტულად არის დახურული; ჰერმეტულობის დაცვის საკითხი არსებითი და გადამწყვეტია, ვინაიდან მასალას შესაძლოა, ბუნებრივი მტვრის ან/და სხვა ნარჩენები შეჰყვეს; ასეთ დროს შესაბამის ზედაპირზე გამოყენებისათვის მასალა იქნება უვარგისი; კომპანია არ მიიღებს ნაწილობრივ სავსე ან გახსნილ და შემდგომში დალუქულ კასრებს.

14. მოპასუხის წარმომადგენლის წერილობით მიმართვაზე („ტუბის გახსნის შემდეგ რამდენ ხანს შეიძლება პრუდუქტის გამოყენება, მაგალითად, თუ გამოვიყენებ ტუბის შიგთავსის ნახევარს, შემდეგ ტუბს ისევ დავლუქავ, რამდენ ხანს შევძლებ დარჩენილი პროდუქტი გამოყენებას?) K-f T-l S-s-მა აღნიშნა, რომ „კ-ფ ბ-ტის“ გამოყენება შესაძლებელია მრავალჯერადად, თუ იგი სწორად დაილუქება და შესაბამის გარემოში შეინახება (არ იქნება დატოვებული გარეთ და ცხელ ადგილას), შენახვის ვადა კი 6 თვეს შეადგენს.

15. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ტვირთი აგვისტოში მიაწოდეს, მაშინ, როცა ჰაერის ტემპერატურა მაღალია; შეფუთვის დარღვევისას არ იყო დაცული შენახვის პირობები, სათლებში დარჩენილი მასალა (მისი სპეციფიკურობის გათვალისწინებით) გადაზიდვისას ვერ იქნებოდა დაცული მტვრისაგან (18 კილომეტრის გავლისას); მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული, გადაზიდვის შემსრულებელი პირის - გ. ქ-ის ახსნა-განმარტების თანახმად, დაზიანებული სათლებიდან, საიდანაც გარკვეული სითხე იყო გადმოღვრილი, შევსების მიზნით ჩაასხა სხვა სათლში.

16. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმ გარემოების მტკიცების ტვირთის მოსარჩელისათვის გადაკისრება, დარჩენილი მასალის რა ნაწილი იყო გამოსაყენებლად ვარგისი, არაგონივრულია.

17. გამყიდველის კომერციული ინვოისის თანახმად, 128 ცალი 2 560,00 კგ „B-kt-ის“ ღირებულება 2 127,52 ევროა, საერთაშორისო გადაზიდვის ხარჯი შპს „- ჯ- თ- ე-ის“ ინვოისის შესაბამისად - 750,00 ევრო; ამასთან, 2018 წლის 16 აგვისტოს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,9495 ლარი იყო; შემოსავლების სამსახურის №--- შეტყობინებით, მომსახურების საფასური 368,85 ლარია (რაც მოსარჩელემ გადაიხადა 2018 წლის 16 აგვისტოს), ხოლო დღგ - 1527,00 ლარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზიანის ოდენობა, ფაქტობრივი დანაკლისის სახით, უნდა განსაზღვრულიყო დაზიანებულ სათლებში არსებული მასალის წონის (780,00 კგ გაუფასურებული მასალა) პროპორციულად გამრავლებით ერთი კილოგრამი მასალისათვის მოსარჩელის მიერ გაწეულ/გასაწევ ხარჯზე, ხოლო, მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის (შემოსავლების სამსახურის №---შეტყობინება, მომსახურების საფასური 368,85 ლარი) მიხედვით - ერთეული კილოგრამის ღირებულება 4,06 ლარით.

18. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ გადამზიდველისათვის დაკისრებული ტვირთის გადაზიდვის ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით მოპასუხემ მოსარჩელეს 3 166,8 ლარის ზიანი მიაყენა.

19. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ რეკლამაციის წარდგენის ვადის დარღვევის თაობაზე აპელანტის მტკიცება. აპელანტი მიიჩნევს, რომ გამგზავნს პრეტენზია ტვირთის მიღების/ჩაბარების დღესვე, 2018 წლის 16 აგვისტოს უნდა წარედგინა.

20. დადგენილია, რომ ტვირთი გადაიზიდა და დაზიანდა 2018 წლის 16 აგვისტოს. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია გარემოება, რომ გადამზიდველს ტვირთის დაზიანების შესახებ გამგზავნის შეტყობინება 2018 წლის 17 აგვისტოს ჩაჰბარდა.

21. სსკ-ის 698-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,თუ მიმღები მიიღებს ტვირთს ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს გადამზიდველთან ერთად და არ უყენებს გადამზიდველს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მიმღებმა ტვირთი ჩაიბარა ზედნადებში მითითებულ მდგომარეობაში; აღნიშნული პრეტენზია უნდა წარედგინოს ტვირთის ჩაბარების დღესვე, თუ საქმე ეხება გარეგნულად შესამჩნევ დანაკარგებსა და დაზიანებებს, ხოლო გარეგნულად შეუმჩნეველი დანაკარგებისა და დაზიანებების შემთხვევაში – ჩაბარებიდან არა უგვიანეს შვიდი დღისა. თუ საქმე ეხება გარეგნულად შეუმჩნეველ დანაკარგებსა და დაზიანებებს, პრეტენზია (მოთხოვნა) უნდა წარედგინოს წერილობით; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული ვადების გამოთვლისას ამ ვადებში არ ჩაითვლება: ტვირთის გამოგზავნის, შემოწმების ან მიმღებისათვის მისი ჩაბარების დღეები“. შესაბამისად, 16 აგვისტო, ამ მუხლის მიზნებისათვის, პრეტენზიისა და რეკლამაციის წარდგენის ვადაში არ ჩაითვლება და ასეთი ვადა, აღნიშნული მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების გათვალისწინებით, 17 აგვისტოა. აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ გამგზავნმა სსკ-ის 698-ე მუხლით დადგენილი პრეტენზიის წარდგენის ვადა დაიცვა.

22. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისთვის, როგორც გადამზიდველისათვის, დაკისრებული ტვირთის გადაზიდვის ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, სსკ-ის 668-ე, 686-ე, 687-ე, 692-ე, 698-ე მუხლების შესაბამისად, ის ვალდებულია, მოსარჩელეს აუნაზღაუროს 3 166,8 ლარი.

23. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

23.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განაჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

23.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ მოპასუხის (გადამზიდველის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

25. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო საჩივარი.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

27. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა გადაზიდვის ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები და არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი; გადამზიდავი ვალდებულია, დაამტკიცოს მხოლოდ ისეთი გარემოების არსებობა, რასაც მისგან დამოუკიდებლად ტვირთის დაზიანება შეეძლო გამოეწვია (არასათანადო შეფუთვა), ხოლო იმის მტკიცების ტვირთი, რომ ზიანი არ არის საფრთხისგან ან მხოლოდ ამ საფრთხისგან წარმოშობილი, მოსარჩელეს ეკისრება; პროდუქციის დატვირთვას მოსარჩელის წარმომადგენელი ესწრებოდა და სწორედ მისი მითითებით განლაგდა ქილები; შესაბამისად, ტვირთის დაზიანება მოსარჩელე მხარემ გამოიწვია; სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია დაზიანებულ ტვირთს ჰქონდა თუ არა ნარჩენი ღირებულება და ვარგისი იყო თუ არა გამოყენებისათვის; მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ტვირთის დაზიანების ან განადგურების თაობაზე ექსპერტიზის დასკვნა; ზარალის რეალური ოდენობა დათვლილი არ არის; მოსარჩელემ დაარღვია რეკლამაციის ვადები.

28. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 102-ე მუხლზე მიუთითებს, რომლის თანახმად, „1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით“ და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილია ყველა ის მტკიცებულება და ფაქტობრივი გარემოება, რომელიც საჭიროა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობის შესამოწმებლად.

29. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას“ (იხ. სუსგ-ები: N ას 1529-1443-2012; N ას-973-1208-04; N ას 664-635-2016).

30. საკასაციო სასამართლოს განსჯით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მტკიცების ტვირთის განაწილებისას იხელმძღვანელეს იმ სტანდარტისა და სპეციფიკურობის გათვალისწინებით, რომელიც წინამდებარე სამართალურთიერთობის მონაწილეთათვის კანონითაა დადგენილი, კერძოდ, სსკ-ის 687-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სამართალწარმოების საპროცესო ელემენტს შეიცავს, ამგვარი სამართალურთიერთობის მონაწილეებისთვის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ სტანდარტს ადგენს: „იმის მტკიცება, რომ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის დარღვევა გამოიწვია 686-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულმა გამგზავნის ბრალეულობამ, ეკისრება გადამზიდველს“.

31. გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერთ-ერთ სასამართლო დავაზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: „გადაზიდვის ურთიერთობის რეგულირებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რა გადამზიდველის პასუხისმგებლობის ფარგლებს, ამ მიზნით სსკ-ის 686-ე მუხლის პირველ ნაწილსა (ნორმის დეფინიცია იხ. განჩინების მე-4 პუნქტში) და 687-ე მუხლზე „გადამზიდველის პასუხისმგებლობის ძირითად პირობას წარმოადგენს რა მისი ბრალი, თავად გადამზიდველმა უნდა დაამტკიცოს, რომ ზიანი მისი ქმედებით არ გამოწვეულა“ მიუთითა (იხ. სუსგ Nას-667-667-2018, 28.06.2018წ).

32. გადამზიდველის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების სამართლებრივი ნორმების ობიექტური შემადგენლობის არსებობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის წარმატების განმაპირობებელ გარემოებათა კვლევა გულისხმობს მოსარჩელის მოთხოვნის (ასევე, მოთხოვნის გამომრიცხველ) მატერიალურსამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის შემოწმებას, სარჩელში მითითებული (და დადგენილად მიჩნეული) გარემოებები რამდენად უზრუნველყოფენ მოთხოვნის დაკმაყოფილების მომწესრიგებელი მატერიალური ნორმის ობიექტურ შემადგენლობას. საქმის გარემოებათა კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ტვირთის გამგზავნის (მოსარჩელის) ბრალეულობას კასატორი (მოპასუხე) ვერ ადასტურებს, იგი მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლება და ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ, ობიექტურ შემადგენლობაზე არ მიუთითებს. კასატორს წინამდებარე დავის ფარგლებში არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც გადამზიდველის მიერ ტვირთის შეფუთვის გარეგნული მდგომარეობის შემოწმებასა და ამის შედეგად გამოვლენილ დარღვევის არსებობას დაადასტურებდა.

33. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ ფაქტობრივსამართლებრივ მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა სსსკ-ის 687-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში სასამართლოს ვერ წარუდგენს პასუხისმგებლობისგან მისი გათავისუფლებისთვის სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებს, ცხადია, რომ გამგზავნისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის იგი პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება. ზემოხსენებული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს წარმოდგენილი შედავების საფუძვლიანობას და მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთი წინამდებარე დავის ფარგლებში ვერ დაძლია (შეად. სუსგ-ას N ას-227-212-2014, 01.12.2014წ).

34. საკასაციო სასამართლო კასატორის არც იმ პრეტენზიას იზიარებს, რომ მოსარჩელემ რეკლამაციის წარდგენის ვადა დაარღვია და გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ გარემოებაზე მიუთითებს, რომლის მიხედვით, ტვირთი გადაიზიდა და დაზიანდა 2018 წლის 16 აგვისტოს. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია გარემოება, რომ გადამზიდველს ტვირთის დაზიანების შესახებ გამგზავნის შეტყობინება 2018 წლის 17 აგვისტოს ჩაჰბარდა. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ გამგზავნმა სსკ-ის 698-ე მუხლით (ნორმის დეფინიცია იხ. განჩინების 21-ე პუნქტში) დადგენილი პრეტენზიის წარდგენის ვადა დაიცვა.

35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეესაბამება გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადამზიდველის პასუხისმგებლობის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (იხ. სუსგ Nას-667-667-2018, 28.06.2018წ). კასატორმა ვერ დაადასტურა საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობის არსებობა, რაც წარმოდგენილი საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის უარყოფისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

36. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ს-ს ფ-ს" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "ს-ს ფ-ს" სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება N---, გადახდის თარიღი 2022 წლის 30 მაისი), 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე