საქმე №ას-588-2022 1 ივლისი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. შ-ლი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "----------- ბანკი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. შ-ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე სს „--------- ბანკის“ (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს განჩინების ასლის გადაცემიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის ე.წ. „სი დი დისკის“ (CD) სახით წარდგენა დაევალა; აპელანტს იქვე განემარტა, რომ, თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, სასამართლო გამოიტანდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინებას.
3.2. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2021 წლის 6 ოქტომბრის ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინება აპელანტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით სააპელაციო საჩივარში მითითებულ ძირითად მისამართზე: „ქ.თბილისი, ნაძალადევის რ. ------ ქ. N---,“ ორჯერ - 2021 წლის 29 ოქტომბერს და 2021 წლის 23 დეკემბერს გაეგზავნა, გზავნილები ჩაუბარებელი დაბრუნდა კურიერის შემდეგი კომენტარებით: „მისამართზე არავინ იყო, დავტოვე შეტყობინება“; ,,ტელეფონს არ პასუხობს, მისამართზე არავინ იყო“.
3.3. აპელანტს დამატებით 2022 წლის 28 იანვარსაც გაეგზავნა გზავნილი, სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ ალტერნატიულ მისამართზე: საჩხერე, სოფელი -----, საიდანაც გზავნილი 2022 წლის 8 თებერვალს დაბრუნდა ჩაუბარებელი შემდეგი კომენტარით: ,,არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, ტელეფონის ნომერი გამორთულია“.
4. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე - „მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს“, 71-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებსა „სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება“ და 73-ე მუხლზე „სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე“ მიუთითა და განმარტა, რომ, ვინაიდან აპელანტს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ, როგორც ძირითად, ისე ალტერნატიულ მისამართზე, ჯამში სამჯერ გაეგზავნა, იგი სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ჩაბარებულად ითვლება 2022 წლის 8 თებერვალს, როდესაც ბოლოს დაბრუნდა გზავნილი ჩაუბარებელი სახით. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7-დღიანი ვადის ათვლა 2022 წლის 9 თებერვალს დაიწყო და იმავე წლის 15 თებერვალს ამოიწურა. აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოში განცხადება არ წარუდგენია.
5. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სასამართლომ აღნიშნა, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით არ მიუმართავს სასამართლოსათვის, გამოვლენილი იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალური საფუძველი.
6. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის განჩინებაზე აპელანტმა (მოპასუხემ) კერძო საჩივარი წარადგინა და მისი გაუქმება მოითხოვა.
7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ფოსტის თანამშრომელი საქმეში არსებულ ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდა, რომელსაც მისი ახალი საცხოვრებლის მისამართი მიუთითა და გასაჩივრებული განჩინება დროულად ჩაჰბარდა. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ აღნიშნულ ნომერზე შესაძლებელი იყო დაკავშირება, თუმცა სააპელაციო სასამართლო აპელანტის ინტერესს სათანადოდ გულისხმიერებით არ მოეკიდა და „საქმის ჩამოშორების მიზნით“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინებით, კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება წარმოადგენს.
11. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
12. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი - სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
13. სასამართლო უფლებამოსილია, სასამართლო უწყება თუ გზავნილი გაუგზავნოს როგორც უშუალოდ მხარეს, ისე მის წარმომადგენელს, ასევე, გზავნილი გააგზავნოს აღნიშნულ პირთა მიერ საქმეში მითითებული მისამართებიდან ნებისმიერზე, საკუთარი შეხედულებით. შესაბამისად, კანონმდებელი არ ითვალისწინებს რაიმე დათქმას, სასამართლოს მიერ მხარის მისამართის არჩევასთან დაკავშირებით. აღნიშნული იმითაცაა განპირობებული, რომ მხარე ვალდებულია, მიუთითოს ისეთი მისამართი, სადაც მისთვის სასამართლო კორესპონდენციის მიღება ხელმისაწვდომი იქნება. სასამართლო უწყება/გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი მხარეს ან მის წარმომადგენელს გაეგზავნა მათ მიერ მითითებულ მისამართზე ორჯერ მაინც (იხ. სუსგ Nას-208-2022, 29.04.2022წ).
14. საქმის მასალებიდან დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს ხარვეზი დაუდგინდა და აპელანტს მისი შევსების მიზნით განჩინების ასლის გადაცემიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის „სი დი დისკის“ (CD) სახით წარდგენა დაევალა. აპელანტს განჩინება ძირითად მისამართზე: „ქ.თბილისი, ნაძალადევის რ. ---- ქ. N---“ ორჯერ - 2021 წლის 29 ოქტომბერს და 2021 წლის 23 დეკემბერს გაეგზავნა, საიდანაც გზავნილები ჩაუბარებელი დაბრუნდა შემდეგი კომენტარებით: „მისამართზე არავინ იყო, დავტოვე შეტყობინება“; ,,ტელეფონს არ პასუხობს, მისამართზე არავინ იყო“; აპელანტს დამატებით 2022 წლის 28 იანვარსაც გაეგზავნა გზავნილი, სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ ალტერნატიულ მისამართზე: საჩხერე, სოფელი ----, საიდანაც 2022 წლის 8 თებერვალს დაბრუნდა ჩაუბარებელი შემდეგი კომენტარით: ,,არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, ტელეფონის ნომერი გამორთულია“.
15. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით კანონი დაარღვია, რითაც ხელყო აპელანტის სამართლიანი სასამართლოს უფლება. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის უარსაყოფად, საყურადღებოა საჩივრის ავტორის განმარტება, სადაც ის აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება ფოსტის კურიერმა მის მიერ დასახელებულ ახალ მისამართზე ჩააბარა. საკასაციო სასამართლოს განსჯით, კერძო საჩივრის ავტორის ეს განმარტება ეწინააღმდეგება წარდგენილი საჩივრის დანიშნულებას, რამდენადაც თავისი ახსნა-განმარტებით დაადასტურა, რომ დაარღვია საპროცესო ვალდებულება, რომელიც სსსკ-ის 76-ე მუხლიდან „მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს“ გამომდინარეობს, სასამართლოს არ შეატყობინა ახალი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, რაც მოხმობილი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო კორესპონდენციის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარებად განიხილება.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 70-ე, 71-ე და 73-ე მუხლებით დადგენილი წესით გაუგზავნა აპელანტ მხარეს ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინება და იგი მხარისათვის ჩაბარებულად მართებულად მიიჩნია. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა სსსკ-ის მე-60 მუხლის 2-ე ნაწილის (წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი) თანახმად, დაიწყო 2022 წლის 9 თებერვლიდან - აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე გზავნილის ალტერნატიულ მისამართზე მიტანის მომდევნო დღიდან. აღნიშნული დღიდან 7 დღის განმავლობაში და არც მოგვიანებით აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი კანონიერად დარჩა განუხილველად.
17. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, გარანტირებულია პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით, სახელმწიფო რეგულირებას ექვემდებარება. რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ.: Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების (იხ. სუსგ Nას-1615-2019, 14.01.2020წ).
18. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სსსკ-ის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. იმ ვითარებაში, როდესაც უდავოა, რომ თავად მხარემ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, სასამართლოს განსჯით, მის მიმართ მართლზომიერად შეიზღუდა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, რაც სასამართლოს მხრიდან ამ უფლების დარღვეულად მიჩნევას გამორიცხავს.
19. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე. ამ განჩინების წინააღმდეგ კი, კერძო საჩივარი არ შეიცავს იმგვარ დასაბუთებულ პრეტენზიას (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას დაედება საფუძვლად (შდრ. სუსგ: №ას-753-2019, 30.09.2019წ).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. შ-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე