Facebook Twitter

საქმე №ას-429-2022 14 ივნისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ.ფ–ი (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ძ–ი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.03.2022წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა, აუცილებელი გზით სარგებლობისთვის კომპენსაციის დაკისრება (სარჩელში); ხელშეშლის აღკვეთა (შეგებებულ სარჩელში)

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.ძ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოპასუხე შეგებებული სარჩელში") სარჩელი აღძრა სასამართლოში რ.ფ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში“, „აპელანტი“, „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა:

- მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს ქ. თბილისში, ........, მეორე სართულზე არსებული და შპს „პ.ს–ის“ 05.12.2008 წლის შენობის შიდა აზომვით ნახაზში მითითებული მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართი - 1.65 კვ.მ;

- მოპასუხეს აეკრძალოს ქ. თბილისში, ......, მეორე სართულზე მდებარე და შპს „პ.ს–ის“ 05.12.2008 წლის შენობის შიდა აზომვით ნახაზში მითითებული მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 15.47 კვ.მ ფართით სარგებლობა;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 1220.44 ლარის გადახდა;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შესასვლელი კიბით სარგებლობის გადასახადი 2019 წლის 03 ივლისიდან ყოველწლიურად 909 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა: მოპასუხეს შეგებებულ სარჩელში აეკრძალოს ქ. თბილისში, ...... ში სადარბაზოს ფართით, ღია აივნის ფართით, ეზოში შესასვლელი ჭიშკრით, ეზოდან ღია აივანზე ასასვლელი კიბით და ეზოს ფართით სარგებლობაში განხორციელებული ხელშეშლა, შესაბამისად, მოსარჩელეს შეგებებულ სარჩელში მიეცეს უფლება ისარგებლოს აღნიშნული ფართით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.04.2021 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა თბილისში, ......... (ს/კ .....) მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე არსებული შპს „პ.ს–ის“ 05.12.2008 წლის შიდა აზომვით ნახაზში მითითებული მოსარჩელის კუთვნილი ფართი 1,65 კვ.მ; მოპასუხეს აეკრძალა თბილისში, ...... (ს/კ ......) მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე არსებული შპს „პ.ს–ის“ 05.12.2008 წლის შიდა აზომვით ნახაზში მითითებული მოსარჩელის კუთვნილი 15,47 კვ.მ ფართით სარგებლობა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1220,44 ლარის გადახდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველწლიურად 454.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.03.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და განმარტა, რომ მოპასუხემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, რაც გახდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.03.2022 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, შემდეგი საფუძვლებით: ხარვეზის შევსების პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აპელანტის წარმომადგენელმა ვერ მოახერხა ხარვეზის შევსება. აღენიშნებოდა სისუსტე და თავის ტკივილი, რის გამოც ჰქონდა წოლითი რეჟიმი, იმყოფებოდა იზოლაციის რეჟიმში. ასევე, წარმომადგენლის მამას ჰქონდა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც საჭიროებდა მუდმივ მეთვალყურეობას, 15.03.2022 წელს კი გარდაიცვალა. კერძო საჩივარზე დართულ იქნა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე, გარდაცვალების მოწმობა. აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს მიმართა დამაბრკოლებელი გარემოების აღმოფხვრისთანავე და მოითხოვა დამატებითი ვადის განსაზღვრა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.05.2022 წლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

9. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

10. საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც აპელანტს ხარვეზის შევსების (ა. სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად სააპელაციო საჩივრის დაზუსტება; ბ. სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრა და გ. შესაბამისი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა) საპროცესო ვადა განესაზღვრა 10 დღით, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს (იხ.: ვადაში მოქმედი მინდობილობა, ტ.3, ს.ფ. 172-174) ჩაჰბარდა 23.02.2022 (იხ.: ტ.2, ს.ფ.176). ხარვეზის შევსების ბოლო დღე იყო 07.03.2022 წელი (რადგან მეათე დღე - 05 მარტი გახლდათ შაბათი).

11. კერძო საჩივარზე დართული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 06.03.2022 წლის ცნობით (ფორმა N100/ა) დგინდება, რომ აპელანტის წარმომადგენელმა ექიმს მიმართა 06.03.2022 წელს და ამ პერიოდისთვის აღენიშნებოდა სურდოს მოვლენები, ხველა, სუბფებრილური ტემპერატურა, თავის ტკივილი, ზოგადი საერთო სისუსტე. ცნობაში აღნიშნულია, რომ პაციენტისთვის რეკომენდირებულია წოლითი რეჟიმი 3 დღის განმავლობაში და ექიმის განმეორებითი კონსულტაცია (იხ.: ტ.2, ს.ფ.200). ამდენად, უშუალოდ 07 მარტს, ანუ ხარვეზის შევსების ბოლო დღეს, აპელანტის წარმომადგენელი იმყოფებოდა ე.წ. წოლით რეჟიმზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 08 მარტი გახლავთ საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლით განსაზღვრული უქმე დღე - ქალთა საერთაშორისო დღე. აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს მიმართა 09 მარტს, ანუ წოლითი რეჟიმის ამოწურვის შემდგომ პირველივე სამუშაო დღეს, წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად დამატებითი ვადის განსაზღვრა (ტ.3, ს.ფ.177-188).

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 65-ე მუხლი. საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული (შდრ. Nას-366-366-2018, 18.05.2018წ.). საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. ასეთ გარემოებაზე მითითების ვალდებულება შესაბამისი ვადის გამშვებ პირს აკისრია, რომელმაც პირველ რიგში უნდა იშუამდგომლოს გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე და ამასთან, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ უნდა დაადასტუროს ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობა (შდრ. სუსგ. Nას-1023-2019 , 25.09.2019წ., Nას-229-2021, 18.05.2021წ.).

13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეფასდეს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის გაშვების საპატიო მიზეზად, რა დროსაც მას არ შესწევდა საპროცესო უფლება-მოვალეობების რეალიზების უნარი.

14. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს სსსკ-ის 93-ე მუხლზე, რომლის მე-2 ნაწილით მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა/საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მარწმუნებლის უფლების კვალიფიციურად დაცვაზე (შდრ. სუსგ. Nას-1016-2020, 10.06.2021წ.).

15. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.03.2022 წლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.ფ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.03.2022წ. განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია