Facebook Twitter

საქმე №ას-1098-2021 26 ივლისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ე.პ.ქ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.06.2021 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „თ–მა“(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე.პ.ქ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ გადაუხდელი ქირის - 9 706.80 ლარის, დაუბრუნებელი 8 ცალი დგარის ღირებულების - 400 ლარისა და პირგასამტეხლოს - 4 104 ლარის გადახდის დაკისრება.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 06.08.2018 წელს მოპასუხემ მოსარჩელისგან იქირავა გარკვეული სახის ინვენტარი - 5 მეტრიანი სამშენებლო დგარები - 300 ცალი, 30 დღით. დღეში ერთი ცალი დგარის ღირებულება განისაზღვრა 20 თეთრით, ჯამში 300 ცალი დღეში 60 ლარად.

2.2. მოპასუხემ 09.02.2019 წელს დააბრუნა 68 ცალი დგარი, 21.02.2019 წელს - 22 ცალი, 13.04.2019 წელს - 106 ცალი, ხოლო 23.04.2019 წელს - 96 ცალი. მოპასუხეს დასაბრუნებელი დარჩა 8 ცალი დგარი, რომლის ღირებულებაა 50 ლარი.

2.3. მოპასუხემ 06.08.2018 წელს გადაიხადა 1800 ლარი, ხოლო 15.04.2019 წელს - 2500 ლარი. საერთო ჯამში - 4300 ლარი. ხელშეკრულება შეწყდა 23.04.2019 წელს. ამ დროისთვის ქირის დავალიანება იყო 14006.80 ლარი, საიდანაც გადახდილია 4300 ლარი, შესაბამისად, დარჩენილი დავალიანება შეადგენს 9706.80 ლარს. აღნიშნულ თანხას უნდა დაემატოს 8 ცალი დგარის ღირებულება - 400 ლარი, ასევე პირგასამტეხლო 4104 ლარის ოდენობით, რაც დაანგარიშდა 1800 ლარის 1%-ით, 228 ვადაგადაცილებული დღიდან თითოეულ დღეზე 18 ლარის ოდენობით.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, ძირითადი დავალიანების - 5442 ლარის ფარგლებში. იგი დაეთანხმა სარჩელის პირველ და მეორე ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1.- 2.2. პუნქტები) და მიუთითა, რომ საიჯარო დავალიანება შეადგენდა 9742 ლარს, რის შესახებაც მოსარჩელეს მოპასუხისთვის წარდგენილი აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურები და რაც დადასტურებული აქვს მოპასუხეს. აღნიშნული დავალიანებიდან მოპასუხეს გადახდილი აქვს 4300 ლარი და გადასახდელი დარჩა 5442 ლარი.

3.2. 2018 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მოსარჩელემ წარმოადგინა საგადასახადო ანგარიშფაქტურები დგარების გაქირავებაზე, თანხით 900-900 ლარი. მოპასუხის მიერ ორივე ანგარიშფაქტურა უარყოფილია, ვინაიდან ამ პერიოდში იგი მოსარჩელის კუთვნილი დგარებით არ სარგებლობდა, რაც ამ უკანასკნელისთვის ცნობილი იყო.

3.3. პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.07.2020 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ქირის დავალიანების - 7 242 ლარის და დაუბრუნებელი დგარების ღირებულების - 400 ლარის გადახდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 410.4 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

4.1. 06.08.2018 წელს მოსარჩელეს, როგორც გამქირავებელს და მოპასუხეს, როგორც დამქირავებელს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სამშენებელო მასალებისა და იარაღის გაქირავება, რომლებიც გამქირავებელმა უნდა მიაქირაოს დამქირავებელს წინასწარ შეთანხმებული ტარიფების შესაბამისად.

4.2. ხელშეკრულების თანახმად, დამქირავებელი ვალდებულია წინასწარ გადაიხადოს შეთანხმებული თანხა და გამქირავებელს ჩააბაროს ნაქირავები მასალები და იარაღი ისეთივე მდგომარეობაში, როგორიც იყო წაღების დროს. სამშენებლო მასალებისა და იარაღების დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში, გამქირავებელს გადაუხადოს მისი ღირებულების 100%, რომელიც თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გამქირავებელს გადაუხადოს მთლიანი თანხის 1% ჯარიმის სახით.

4.3. ხელშეკრულების თანახმად, წაღებული საქონლის დასახელებაა - დგარი 5მ, ქირავნობის საგნის წაღების თარიღია - 06.08.2018წ., რაოდენობა - 300 ცალი, 1 დღის საცალო ფასი - 0.20 თეთრი, 1 დღის მთლიანი ფასი - 60 ლარი, დღეების რაოდენობა - 30 დღე. ამავე ხელშეკრულების თანახმად, თითოეული დგარის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 50 ლარით.

4.4. მოპასუხის მიერ დარღვეულია 06.08.2018 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ქირავნობის საგნის განსაზღვრულ დროში დაბრუნებისა და შეთანხმებული ქირის გადახდის შესახებ. 06.08.2018 წლის ხელშეკრულების საფუძველზე ქირავნობის საგნად განსაზღვრული სამშენებლო დგარებიდან 09.02.2019 წელს მოპასუხემ მოსარჩელეს დაუბრუნა 68 ცალი დგარი, 21.02.2019 წელს დაუბრუნა - 22 ცალი დგარი, 13.04.2019 წელს - 106 ცალი დგარი, ხოლო 23.04.2019 წელს - 96 ცალი დგარი.

4.5. მხარეთა შორის 06.08.2018 წელს დადებული ხელშეკრულება შეწყდა 23.04.2019 წელს.

4.6. 06.08.2018 წლის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული 300 ცალი სამშენებლო დგარიდან, მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ დაუბრუნებია 8 ცალი დგარი (თითოეული ღირებულებით 50 ლარი).

4.7. 06.08.2018 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს მოსარჩელისთვის გადახდილი აქვს 4 300 ლარი.

4.8. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ დაუბრუნებელი დგარების ღირებულების 400 ლარისა და ქირის დავალიანებიდან 5 442 ლარის დაკისრების ნაწილში. მოპასუხის მიერ ამ მოთხოვნების ნაწილობრივ ცნობა განაპირობებს ამ ნაწილში მის მიმართ წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებას.

4.9. მხარეთა შორის ფაქტობრივად სადავოა მხოლოდ დავალიანების ოდენობა. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა რას ეყრდნობოდა მისეული დავალიანების ოდენობის გაანგარიშება. სასამართლო ფაქტის დადგენის მიზნით დაეყრდნო წარმოდგენილ 2018 წლის აგვისტოდან 2019 წლის მარტის პერიოდზე შედგენილ საგადასახადო ანგარიშფაქტურებს, რომელთა შესაბამისადაც დავალიანების სრული მოცულობა ნაცვლად მოსარჩელის მიერ მითითებულისა, შეადგენს 11 542 ლარს. საგულისხმოა, რომ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშფაქტურებიდან მოპასუხის მიერ უარყოფილია 2018 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვის ანგარიშფაქტურები ჯამში ღირებულებით 1 800 ლარი. მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კომპანია ფაქტობრივად ფლობდა ქირავნობის ხელშეკრულების საგანს. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ კომპანია ამ დროის მანძილზე არ აწარმოებდა სამუშაოებს არ შეიძლება გახდეს გამქირავებლისთვის ამ პერიოდის ქირის გადახდაზე უარის თქმის ჯეროვანი საფუძველი. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე, დავალიანების სრული მოცულობა შეადგენს 11 542 ლარს. ამასთან, ვინაიდან უდავოა მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის 4 300 ლარის ანაზღაურების ფაქტი, გადასახდელი დავალიანების მოცულობა განისაზღვრება 7 242 ლარით.

4.10. ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 531-ე და 361-ე მუხლების თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს არა მხოლოდ მის მიერ ცნობილი, არამედ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, რეალურად არსებული დავალიანების 7 242 ლარისა და 400 ლარის გადახდა. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით და მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 4 104 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია ძირითად ვალდებულებასთან მიმართებით და იგი უნდა შემცირდეს 410.4 ლარამდე.

5. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მხოლოდ მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.06.2021 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანების - 9706.80 ლარისა და დაუბრუნებელი დგარების ღირებულების - 400 ლარის გადახდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 4104 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

6.1. სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მოპასუხე სრულად დაეთანხმა სარჩელის პირველ და მეორე ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც შემდეგი შინაარსისაა: 2018 წლის 06 აგვისტოს მოსარჩელემ მოპასუხისგან ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე წაიღო 300 ცალი 5 მეტრიანი სამშენებლო დგარი, 1 ცალი დგარის დღიური ფასი იყო 20 თეთრი; 1 დღის მთლიანი გადასახადი - 60 ლარი. თითო დგარის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 50 ლარს; მოპასუხემ 2019 წლის 09 თებერვალს დააბრუნა 68 ცალი დგარი, 2019 წლის 21 თებერვალს - 22 ცალი, 2019 წლის 13 აპრილს - 106 ცალი, ხოლო 2019 წლის 23 აპრილს - 96 ცალი დგარი; დასაბრუნებელი დარჩა 8 ცალი დგარი. მოპასუხეს შესაგებლის აღნიშნული პოზიცია არც შემდეგში გაუხდია სადავოდ.

6.2. იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხე ეთანხმება სარჩელის პირველ და მეორე ფაქტობრივ გარემოებებს, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია შესაგებლის შედავება სარეჩელის მე-3 ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, რომელიც სარჩელის პირველ და მეორე ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობილ მათემატიკურ გაანგარიშებას წარმოადგენს (მოპასუხემ ვერ მიუთითა ამ გააანგარიშების უზუსტობაზე). ამასთან, მოპასუხის მითითება მასზე, რომ საიჯარო ქირის ოდენობა უნდა გაანგარიშდეს საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე (შესაგებლის მე-3 ფაქტობრივი გარემოება) სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, რადგან საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომელიც საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია და გამოიყენება გადასახადების ადმინისტრირებისთვის, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების არსებობისა და ხელშეკრულების არსებითი პირობების უდავოდ დადგენილად მიჩნევის პირობებში, გავლენას ვერ მოახდენს მხარეთა შორის შეთანხმებული თანხის გადახდის ვალდებულებაზე.

6.3. ამრიგად, საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდზე მოპასუხის მიერ გადასახდელი საიჯარო ქირა შეადგენს 14006.80 ლარს. აქედან, მოპასუხის მიერ უკვე გადახდილი 4300 ლარის გათვალისწინებით, საიჯარო ქირის დავალიანება შეადგენს 9706.80 ლარს, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოპასუხეს გააჩნია სსკ-ის 531-ე და 361-ე მუხლების საფუძველზე.

6.4. სადავო არ არის, რომ შესრულების ვადაგადაცილებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მთლიანი თანხის 1%-ის ოდენობით. დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 228 დღიანი ვადაგადაცილებით (23.04.2019წ.) შეასრულა და შეთანხმებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობამ აღნიშნულ პერიოდზე ჯამში 4104 ლარი შეადგინა (1800 ლარის 1% x 228 დღეზე). პირველი ინსტანციის სასამართლომ დარიცხული პირგასამტეხლო 10-ჯერ შეამცირა, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე.

6.5. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს შესაგებლით კვალიფიციური შედავება პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით არ განუხორციელებია. მოპასუხეს არ მიუთითებია თუ რატომ უნდა მიჩნეულიყო კერძო ავტონომიისა და ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის საფუძველზე მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და რა გარემოებების გათვალისწინებით უნდა შეემცირებინა იგი სასამართლოს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. მოპასუხეს არ წარმოუდგენია პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე დასაბუთება, მოპასუხეს მისი მტკიცების ფარგლებში არ მიუთითებია თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და რა ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა იქნას იგი შემცირებული. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან არ არსებობს მოპასუხის დასაბუთებული შედავება პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, პალატამ მიიჩნია, რომ სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (მით უფრო, რომ მოპასუხე იურიდიული პირია და როგორც მეწარმე სუბიექტს წინდახედულობის მაღალი სტანდარტი მოეთხოვება) სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საფუძველი არ არსებობდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა 4104 ლარის ოდენობით.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ მისთვის საიჯარო ქირის დავალიანების 2464.80 ლარისა და პირგასამტეხლოს 3693.60 ლარის დაკისრების ნაწილში.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. ამრიგად, სასამართლო ვერ გადაწყვეტს ვერცერთ სამოქალაქო საქმეს, თუ მან წინასწარ არ დაადგინა გარკვეული ფაქტები. ამ ფაქტების დადგენა ხორციელდება უმთავრესად დამტკიცების გზით, შესაბამისი მტკიცებულებების გამოყენებით (სუსგ №ას-948-2021, 17.12.2021წ., პ. 67). ფაქტებზე მითითება, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა (შდრ. სუსგ №ას-1190-2021, 22.02.2022წ., პ. 104).

12. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ №ას-1465-2020, 18.03.2021წ., პ.48). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02.03.2017წ., პ. 202).

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს [სსსკ-ის 201.4. მუხლი]. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. სუსგ №ას-201-2019, 08.05.2019წ.).

14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ დაშვებული შეცდომა ფაქტების მითითების დროს, შეიძლება გამოიხატოს იმით, რომ მათ არ მიუთითეს ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელსაც აქვს მნიშვნელობა საქმეზე სწორი გადაწყვეტილების გამოტანისათვის. მხარეთა მიერ დაშვებულ შეცდომას სასამართლო ვერ გამოაწორებს: სასამართლო ვერ „გაამდიდრებს“, ვერ შეავსებს მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, რადგან მხოლოდ მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს თუ შესაგებელს (სსსკ-ის მე–4 მუხლი) (იხ. თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო პროცესუალური სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 214). საკასასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სსსკ-ის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი მოდის მოპასუხეზე. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით), დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; განსხვავებით მტკიცების ტვირთისაგან, რომელსაც მოსამართლე აქტიურად ხელმძღვანელობს და კარნახობს მხარეებს, თუ ვინ უნდა ამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი, იგი პასიურია ფაქტების მითითებისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ვერ დაეხმარება მხარეს სარჩელის/შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთების შედგენაში. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება რელევანტური ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს (სუსგ №ას-354-2021, 25.06.2021წ., პ. 101, 102).

15. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სსკ-ის 531-ე (ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა) მუხლის შემადგენლობას და, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას ქმნის. უფრო მეტიც, მოპასუხე შესაგებლით დაეთანხმა სარჩელის პირველ და მე-2 ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1.-2.2. პუნქტები). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის საგანი მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის კანონიერება, აპელანტის მიერ მითითებული ფაქტობრივ-სამართლებრივი უსწორობების შემოწმება გახლდათ. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე მოპასუხის მიერ გადასახდელი ქირა შეადგენს 14 006.80 ლარს.

16. პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების არსებობა და მისი დაანგარიშების წესი გაზიარებულ იქნა პირველი ინსტაციის სასამართლოს მიერ, რომელმაც მისი ოდენობა შეამცირა მხოლოდ სსკ-ის 420-ე მუხლზე დაყრდნობით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად. კასატორი სადავოდ ხდის მისთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ №ას-1292-2019, 24.12.2020წ; №ას-386-2019, 02.04.2021წ; №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.). ამრიგად, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუკი აღნიშნულის თაობაზე მოპასუხეს კვალიფიციური შედავება აქვს წარმოდგენილი.

17. კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა... თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (ჩიტაშვილი ნათია. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.).

18. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით შესაგებელში კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია. შესაგებელში მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, საკმარისი არ იყო. სსსკ-ის 201.4 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო, სრულყოფილად აესახა და დაესაბუთებინა თავისი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიჩნევს მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირგასამტეხლოს ოდენობას შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, რაც მას არ განუხორციელებია. აღნიშნულის თაობაზე მას არც საკასაციო საჩივარში მიუთითებია. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: №ას-1033-2018, 30.10.2018წ. პ.23; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ., პ.17). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საფუძველი არ არსებობდა.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

20. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 307,92 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 215.54 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ე.პ.ქ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შპს „ე.პ.ქ–ს“ (ს/კ ......) უკან დაუბრუნდეს გ.ხ–ის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 307,92 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 05.11.2021წ.) 70% – 215.54 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია