Facebook Twitter

საქმე №ას-1336-2019 30 მარტი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ბ-ე-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.04.2019წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.07.2017 წლის გადაწყვეტილებით სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს” (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „სააგენტო“, „კასატორი“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ”ა-ბ-ე-ის” (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კონტრაქტორი“) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო - 500 000 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

1.1. 15.06.2006 წელს მოსარჩელემ „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების“ მოთხოვნების შესაბამისად ჩაატარა ღია საერთაშორისო ტენდერი ნავთობისა და გაზის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად. მე-5 სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც მიენიჭა ნავთობისა და გაზის ოპერაციების ექსკლუზიური უფლება. 03.04.2007 წელს, ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფოს (წარმოდგენილი მოსარჩელის სახით) და მეორე მხრივ, მოპასუხეს შორის გაფორმდა პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულება (შემდეგში „ხელშეკრულება“).

1.2. ხელშეკრულების მე-9 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ასრულებს და ამთავრებს მინიმალურ სამუშაო პროგრამას ხელშეკრულების შესაბამისად და მასში მითითებულ ვადებში. 9.2 მუხლით, მინიმალური სამუშაო პროგრამა მოიცავს ნავთობისა და გაზის ოპერაციებს, რომლებიც მოცემულია დანართი „D”-ში და დაყოფილია 3 ეტაპად: 1) პირველი ეტაპი - მინიმალური სამუშაო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად აუცილებელია არსებული გეოლოგიური, გეოფიზიკური (სეისმური), სარეწაო-გეოფიზიკური მონაცემების მოძიება, მიღება, ციფრულ და სტანდარტულ ფორმატში მოყვანა, მათი დამუშავება და ინტერპრეტაცია არსებული ჭაბურღილების შეფასებისა და შერჩევის, მათი რეაბილიტაციის, ფართობების ნავთობგაზიანობის შემოწმების მიზნით. მიღებული შედეგების გათვალისწინებით შედგება ჩასატარებელი გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევების დეტალური პროგრამა. პირველი ეტაპის მოქმედების ვადად განისაზღვრა 6 თვე ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან. 2) მეორე ეტაპი - უნდა ჩატარდეს მოდიფიკაციის მაღალი გარჩევითობის (ორ და სამ განზომილებიანი) სეისმო საძიებო სამუშაოები, ტერიტორიის რთული ზედაპირული პირობების გამო. ერთი ან ორი კონსერვაციაში მყოფი ჭაბურღილის გახსნა თანამედროვე სარეწაო-გეოფიზიკური სამუშაოების ჩასატარებლად და 3 კომპონენტიანი ვერტიკალური სეისმო პროფილირებისათის. დადებითი შედეგების მიღების შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნულ ჭაბურღილებში ნავთობის მოდინების შეფასება. მეორე ეტაპის მოქმედების ვადად განისაზღვრა 24 თვე ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან. 3) მესამე ეტაპი - სამუშაოთა მეორე ეტაპზე დამაკმაყოფილებელი შედეგების მიღების შემთხვევაში და იმის გათვალისწინებით, რომ კონტრაქტორს არ შეუწყვეტია ხელშეკრულება, განხორციელდება ერთი ჭაბურღილის ბურღვა (არსებულ საბადოზე ან ახალ სტრუქტურაზე), ნავთობისა და გაზის კომერციული მოპოვებისათვის საჭირო ყველაზე ღრმა ჰორიზონტის დასინჯვის შესაძლებლობით. ეკონომიკური მიზანშეწონილობის შემთხვევაში გაგრძელდება არსებული ჭაბურღილების გახსნისა და მათი საცდელი საექსპლუატაციო სამუშაოები. მესამე ეტაპის მოქმედების ვადად განისაზღვრა 24 თვე მეორე ეტაპის დასრულების თარიღიდან.

1.3. ხელშეკრულების 9.7 მუხლისა და დანართი „D“-ს შესაბამისად, მინიმალური სამუშაო პროგრამის პირველი და მეორე ეტაპი წარმოადგენს გეოლოგიური-საძიებო სამუშაოების სავალდებულოდ შესასრულებელ მინიმუმს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ლიცენზიის გაუქმებას, ხელშეკრულების შეწყვეტასა და პირგასამტეხლოს დაკისრებას. ასეთ შემთხვევაში კონტრაქტორი სახელმწიფოს უხდის პირგასამტეხლოს 3 000 000 აშშ დოლარის ოდენობით, სავალდებულო სამუშაოების შესრულებაზე გაწეული ფაქტობრივი ხარჯების გამოკლებით. ხოლო სამუშაოების მესამე ეტაპზე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტორი იხდის პირგასამტეხლოს 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით.

1.4. 16.08.2012 წელს მხარეთა შორის გაფორმდა დამატება N5, რომლითაც ცვლილება შევიდა ხელშეკრულების მე-9 მუხლის დანართ „D”-ში და მესამე ეტაპის მოქმედების ვადად განისაზღვრა 19 თვე მეორე ეტაპის დასრულებიდან.

1.5. 16.08.2012 წლის შეთანხმების (დამატება N5 ) შესაბამისად მოპასუხეს დაევალა: 01.12.2012 წლამდე დაესრულებინა მინიმუმ 2200 მეტრი სიღრმის მქონე ერთი საძიებო ჭაბურღილის ბურღვა (მე-2 პუნქტი) და გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 30.09.2012 წლამდე სააგენტოსათვის წარედგინა გამოუხმობადი საბანკო გარანტია 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით (მე-3 პუნქტი), მე-3 პუნქტში აღნიშნული ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით ხელმოწერიდან 21 დღის ვადაში სააგენტოსთვის წარედგინა სს „მ–იის“ უფლებამოსილი ორგანოს (დირექტორთა საბჭო) მიერ გაცემული წერილობითი გარანტია 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლითაც სს „მ–ია“ უპირობოდ აიღებს ვალდებულებას გადაიხადოს 1 000 000 აშშ დოლარი იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ შეასრულებს მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებას (მე-4 პუნქტი). ზემოაღნიშნული პუნქტების შეუსრულებლობის შემთხვევაში სააგენტოს მიენიჭა უფლება ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება მხოლოდ შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, ამ შეტყობინებაში მითითებულ ვადაში.

1.6. 16.07.2013 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო განკარგულება N832 სახელმწიფოსა და მოპასუხეს შორის მე-5 სალიცენზიო ბლოკზე ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მოსარჩელემ დამატება N5-ის მე-5 პუნქტის საფუძველზე მოპასუხეს 05.08.2013 წლის შეტყობინებით N05-06/111 აცნობა, რომ მან დაარღვია დამატება N5-ის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები და ამავე დამატება N5-ის მე-5 მუხლის თანახმად, მე-5 სალიცენზიო ბლოკზე გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფოსა და მოპასუხეს შორის 12.08.2013 წლიდან შეწყვეტილია. 03.09.2013 წლის ბრძანებით (N11/037) გაუქმდა 06.12.2007 წელს მოპასუხეზე გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია სერია GLOG N3.

1.7. 09.09.2013 წელს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს, რომ ხელშეკრულების 9.7 მუხლის თანახმად, ეკისრება - 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, მითითებული იქნა შესაბამისი რეკვიზიტები თანხის ჩარიცხვისთვის.

1.8. 29.03.2013 წელს მოპასუხემ მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, რომ მზად იყო გადაეხადა ჯარიმა - 140 000 აშშ დოლარის ოდენობით, დოკუმენტის ხელმოწერის მომენტიდან 3 თვის განმავლობაში, რომელიც დაარეგულირებდა მომავალ ვალდებულებებს ხელშეკრულებაზე დადებული დამატება N5-ის პირობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. მოპასუხემ დამატებით განმარტა, რომ მან წინასწარ გააფრთხილა მოსარჩელე დამატება N5-ის პირობების ვადაში შესრულების შეუძლებლობის თაობაზე. კონტრაქტორმა წარმატებით შეასრულა მინიმალური სამუშაო პროგრამის პირველი ორი ეტაპი, მიღებული შედეგების საფუძველზე, დაახლოებით 900 მეტრ სიღრმეზე, მისი მხრიდან გამოიყო ახალი პერსპექტიული ობიექტები ბურღვისათვის, რის შემდგომაც შესთავაზეს სააგენტოს გაებურღათ სამი 900 მეტრი სიღრმის ჭაბურღილი, თუმცა ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უარი განაცხადა აღნიშნულ შეთავაზებაზე და მოითხოვა გაბურღულიყო არა პერსპექტიული, არამედ ღრმა და ცარიელი წერტილი. ამის მიუხედავად, კონტრაქტორი თანახმა იყო გაებურღა ცარიელი ჭაბურღილი, დაიწყო მზადება 2200 მეტრი სიღრმის ჭაბურღილის გასაბურღად, მაგრამ იმის გამო, რომ საჭირო იყო დანადგარებისა და მასალების შეძენა, მძიმე საბურღი დაზგის მობილიზება, რომელიც არ არის საქართველოს ბაზარზე, მოპასუხემ ვერ მოასწრო ვადაში გაებურღა 2200 მეტრი სიღრმის ჭაბურღილი.

1.9. 08.08.2013 წელს მოპასუხემ მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, გამოთქვა თანხმობა შეესრულებინა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირობები და შესთავაზა პირგასამტეხლოს 500 000 აშშ დოლარის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვის განმავლობაში, ასევე შესთავაზა 900 მეტრი სიღრმის პერსპექტიული ჭაბურღილის ბურღვა 01.08.2014 წლამდე.

1.10. მოპასუხემ ხელშეკრულების პირველი და მეორე ეტაპი შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დაცვით, მის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებულია ინვესტიცია ჯამში - 5 000 000 აშშ დოლარის ოდენობით.

1.11. ვალდებულება დარღვეულია მესამე ეტაპზე, რაც ხელშეკრულების 9.7 მუხლის საფუძველზე წარმოშობს 1 000 000 აშშ დოლარის დაკისრების საფუძველს. სასამართლომ განმარტა, რომ მისი დისკრეციის ფარგლებში მიზანშეწონილად მიაჩნია იმსჯელოს პირგასამტეხლოს ოდენობასთან მიმართებით. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ვერც დამატებით ვადაში უზრუნველყო გაებურღა 2200 მეტრის სიღრმის ჭაბურღილი, წარმოედგინა გამოუხმობადი საბანკო გარანტია 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით.

1.12. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 361-ე მუხლზე, ასევე ამავე კოდექსის 417-418-ე მუხლებზე და განმარტა, რომ დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ვალდებულების დარღვევის გამო (შეთანხმებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობა), მხარეებს შორის არსებული წერილობითი შეთანხმების თანახმად, მოსარჩელეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება. კონკრეტულ შემთხვევაში, მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს 500 000 აშშ დოლარამდე. გონივრული პირგასამტეხლოს განსაზღვრისას სასამართლომ შეაფასა არაერთი ფაქტობრივი გარემოება, არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ 1 000 000 აშშ დოლარი შესაძლოა ყოფილიყო იმ მოგების 10%, რასაც ამ ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულება მოიტანდა. სასამართლოს განმარტებით, უპირველეს ყოვლისა ეს არის შესაძლებლობა და ზუსტად ასეთივე წარმატებით შესაძლოა ივარაუდებოდეს, რომ ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებას არ მოეტანა მხარეთათვის არავითარი სარგებელი. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: ვალდებულების დარღვევის ხარისხი, გამოწვეული ზიანი, წერილებში ასახული მოპასუხის პოზიცია და ა.შ..

1.13. სასამართლომ არ გაიზიარა მოსაზრება, თითქოს მოპასუხეს არ ჰქონდა ხელშეკრულების შესრულების მზაობა და სურვილი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე მხარის მიერ განხორციელებული ინვესტიციებით აშკარად ვლინდება კონტრაქტორის სურვილი პროექტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. მოპასუხის მიერ ჯამში ხელშეკრულების ფარგლებში (პირველ და მეორე ეტაპზე) განხორციელებულია ინვესტიცია 5 000 000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ცალსახად მიუთითებს მოპასუხის ნებას, შეასრულოს პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებები.

1.14. სასამართლომ იმოქმედა სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში, მხედველობაში მიიღო ხელშეკრულების დარღვევის ხასიათი, შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, აგრეთვე ის გარემოება, რომ მოსარჩელეს დარღვევის შედეგად რაიმე ფინანსური ზარალი არ განუცდია და მოსარჩელე მისი ინტერესების სხვა სახის შელახვაზე არ მიუთითებს. სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო გაანახევრა და განსაზღვრა 500 000 აშშ დოლარით.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარემ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.04.2019 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო არსებობდა მისთვის გონივრულ ოდენობამდე შემცირებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მხოლოდ მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი და პირგასამტეხლოს არაგონივრულობაზე მოპასუხის შედავების პირობებში, სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მას დააკისრა გონივრულ ოდენობამდე შემცირებული პირგასამტეხლოს გადახდა. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრებულია მხოლოდ მოსარჩელის მიერ. კასატორის პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა.

9. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას. სახელშეკრულებო თანასწორობის დაცვის პროცესში ბალანსი, თანაზომიერება დასაცავია, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს ოდენობას, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების (შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების) გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთი ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ №ას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; სუსგ №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).

11. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

12. სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.). კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.). ამდენად, რადგან მოვალეს ენიჭება პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების უფლება, ხოლო სასამართლოს მისი შემცირების უფლებამოსილება - მნიშვნელოვანია კრედიტორის ვალდებულების დარღვევის ნაწილში წარმოდგენილი შეფასება დარღვევის მნიშვნელობასთან, ხანგრძლივობასთან და დარღვეულ სახელშეკრულებო ინტერესთან მიმართებით, რაც კრედიტორს მისცემს კვალიფიციურ შესაძლებლობას, შეამციროს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების პერსპექტივა. სასამართლოს ხელშეკრულების განმარტების პროცესში სახელმძღვანელოდ ექნება არა მხოლოდ მოვალის კვალიფიციური შეცილება პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობის შესახებ, არამედ კრედიტორის პერსპექტივიდან წარმოჩენილი მისივე სახელშეკრულებო ინტერესის რღვევის ხარისხი (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17).

13. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის თაობაზე და მიაჩნია, რომ კრედიტორის და მოვალის მტკიცების ფარგლების, ვალდებულების დარღვევის შინაარსის, შეუსრულებელი ვალდებულების მთლიან სახელშეკრულებო ვალდებულების მოცულობასთან თანაფარდობის, მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებებისადმი დამოკიდებულების და ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა ადეკვატური და გონივრულია.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

16. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

17. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

ლაშა ქოჩიაშვილი