3გ-ად-46-გ-02 8 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: სასამართლოთა შორის განსჯადობა.
აღწერილობითი ნაწიწი:
2002წ. 11 ოქტომბერს შპს “მ.”-მ სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ, მესამე პირი _ საქართველოს კულუტურის სამინისტრო.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002წ. 19 სექტემბრის ¹1-3/674 ბრძანებით, მის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ შპს “მ.”-ის საწესდებო კაპიტალიდან, შემდგომში კულტურის სამინისტროსათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის მიზნით ამოღებულ იქნა ქ. თბილისში, ...-ის მოედანი ¹10-ში მდებარე, 10080 ლარად შეფასებული 260 კვ.მ ფართის შენობა. ამავე ბრძანებით შპს “მ.-ის” საწესდებო კაპიტალი, რომელიც შეადგენდა 63920 ლარს, შემცირდა და განისაზღვრა 53840 ლარით.
მოსარჩელემ აღნიშნული ბრძანება მიიჩნია უსაფუძვლოდ, უკანონოდ და სარჩელით ითხოვა მისი ბათილად ცნობა.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 ოქტომბრის განჩინებით შპს “მ.-ის” სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას იმ საფუძვლით, რომ სარჩელით გასაჩივრებული იყო სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის ბრძანება, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციის წესით განსახილველ დავას წარმოადგენდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სადავო ბრძანება არ წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ აქტს, ვინაიდან სამინისტრომ, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დამფუძნებელმა, მის მიერვე დაფუძნებული საწარმოს _ შპს “მ.-ის” _ საწესდებო კაპიტალის შემცირების მიზნით, “მეწარმეთა შესახებ” კანონის 3.3 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან ამოიღო თავისივე შენატანის ნაწილი, კერძოდ, 10080 ლარად შეფასებული 260 კვ.მ ფართის შენობა, შემდგომში კულტურის სამინისტროსათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის მიზნით. სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ სადავო ბრძანება სამართლებრივად განხილული უნდა ყოფილიყო, როგორც აქციონერთა კრების გადაწყვეტილება და არა _ ადმინისტრაციული აქტი. ამასთან, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო წარმოადგენს ადმინისტრაციული გარიგების მონაწილე მხარეს, რის გამოც საქმე განხილული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო, რადგანაც საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული ქონების ნაწილი არ აღემატებოდა 500000 ლარს, ამიტომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად მოცემული სარჩელი რაიონული სასამართლოს განსჯადი იყო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 28 ოქტომბრის განჩინებით სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად, შპს “მ.-ის” სარჩელი გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა რაიონული და საოლქო სასამართლოების განჩინებების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განსჯადია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002წ. 19 სექტემბრის ¹1-3/674 ბრძანება არ წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ აქტს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო ბრძანება, რომლითაც შპს “მ.-ის” ასპროცენტიანმა დამფუძნებელმა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ აღნიშნული საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან შემდგომში კულტურის სამინისტროსათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის მიზნით ამოიღო ქ. თბილისში, ...-ს მოედანი ¹10-ში მდებარე, 10080 ლარად შეფასებული 260 კვ.მ ფართის შენობა, წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეხუთე თავით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ გარიგებას შპს “მ.--ის” ასპროცენტიან დამფუძნებელს, ადმინისტრაციულ ორგანოს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და თავად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას შორის ამავე საწარმოს საწესდებო კაპიტალის შემცირების თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს მოტივაციას, რომ, ვინაიდან სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო წარმოადგენს ადმინისტრაციული გარიგების მონაწილე მხარეს, ამის გამო, მოცემული საქმე განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. შესაბამისად, აღნიშნული საქმე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის და მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის თანახმად, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განსჯადია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “მ.-ის” სარჩელი მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და მესამე პირის, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიმართ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002წ. 19 სექტემბრის ¹1-3/674 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.
2. მოცემული საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.