Facebook Twitter

საქმე №ას-1028-2021 1 ივლისი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორი - რ. ე-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ე-ძე, ნ. ე-ძე, მ. ე-ძე, ჟ. ე-ძე (მოპასუხეები)

II კასატორი - ჟ. ე-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ე-ძე, ნ. ე-ძე, მ. ე-ძე, რ. ე-ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ჟ. ე-ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან მეორე კასატორი) სარჩელი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა და რ. ე-ეს (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან პირველი კასატორი) მოსარჩელის სასარგებლოდ 35 455.50 აშშ დოლარი დაეკისრა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

2.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ნაწილობრივ გაიზიარა მათი სამართლებრივი შეფასება და მიიჩნია, რომ პირველი მოპასუხის მიმართ მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები არსებობდა.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. პირველი მოპასუხე, მ. ე-ძე (შემდეგში - მეორე მოპასუხე), თ.ა ე-ძე (შემდეგში - მესამე მოპასუხე), ნ.ინო ე-ძე (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე, შემდეგში - ერთობლივად მოპასუხეები) არიან აწ. გარდაცვლილი შ. ე-ის (შემდეგში - მამკვიდრებელი ან მოსარჩელის ბიძა) შვილები, მოსარჩელე კი, მამკვიდრებლის დისშვილი. მოსარჩელეს, მოპასუხეებსა და მამკვიდრებელს შორის ახლონათესაური, თბილი და მოსიყვარულე ურთიერთობა არსებობდა.

3.2. მოსარჩელემ, 2008 წლის 11 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით, ბიძას მარწმუნებლის სახელით უძრავი ქონების შეძენისა და მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის მიღების უფლებამოსილება მიანიჭა. მინდობილობის არსებობა/ნამდვილობა, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

3.3. მოსარჩელის ბიძამ, 2008 წლის 14 აგვისტოს, თავისი და მოსარჩელის სახელით მინდობილობის საფუძველზე, შპს „მ-თან“ გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის N.... ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვით ნასყიდობის საგანი უძრავი ქონება - ქ. ბათუმში, -. ---- ქუჩა N...-ში მდებარე, 144 კვმ. საცხოვრებელი ბინა N.. იყო. ნასყიდობის საგნის ღირებულება 153 008.80 აშშ დოლარს შეადგენდა. ხელშეკრულება სანოტარი წესით დამოწმდა.

3.4. შპს „მ-ის“ მიერ 2008 წლის 4 ივლისს გაცემული ცნობითა და სს „----- ბანკის“ 2008 წლის 23 ივლისისა და 22 აგვისტოს საგადახდო დავალებების მიხედვით, მოსარჩელემ უძრავი ქონების ნასყიდობის ღირებულების სახით, შპს „მ-ს“ უნაღდო ანგარისწორების წესით 163 860,80 აშშ დოლარი გადაუხადა (მოსარჩელე ნასყიდობის ღირებულების სახით გადახდილი 161 039 აშშ დოლარის ნახევრის ანაზღაურებას ითხოვს).

3.5. უძრავი ქონება ს/კოდით - 05.24.05.002.01.079, 2012 წლის 2 ოქტომბერს საჯარო რეესტრში მოსარჩელისა და მისი ბიძის თანასაკუთრებად აღირიცხა. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის 2008 წლის 14 აგვისტოს N.... ხელშეკრულება წარმოადგენდა.

3.6. მოსარჩელის ბიძა 2013 წლის 15 ოქტომბერს გარდაიცვალა.

3.7. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ბიძის რეგისტრაციის შესახებ, მისთვის თავიდანვე ცნობილი იყო და ეს გარემოება არც მის სიცოცხლეში გაუხდია სადავოდ. მოსარჩელის მითითებით, მასსა და ბიძას შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის მიხედვით ამ უკანასკნელს 10 წლის მანძილზე მოსარჩელისთვის ბინის ნასყიდობის ღირებულების ნახევარი უნდა გადაეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კისრულობდა ვალდებულებას საცხოვრებელი ბინიდან თავისი კუთვნილი წილი მისთვის საკუთრებაში გადაეცა.

4. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელესა და მის ბიძას შორის ამგვარი შეთანხმების არსებობის ფაქტი წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა და მოსარჩელის ზეპირი განმარტება სადავო გარემოების დასადგენად საკმარისად ვერ მიიჩნეოდა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეების განმარტებაზე, რომლებიც კატეგორიულად უარყოფენ ასეთ შეთანხმებას; აგრეთვე, პირველი მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობასთან მიმართებით გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იგი მრავალი წელია რუსეთის ფედერეციაში მამიდასთან - მოსარჩელის დედასთან ცხოვრობს და ერთმანეთთან აქვთ განსაკუთრებულად ახლო ნათესაური ურთიერთობა. ამ გარემოებას არც მოსარჩელე უარყოფს და დამატებით აღნიშნავს, რომ ასეთივე მზრუნველობას იჩენდა ბიძის სხვა შვილების, მოპასუხეების მიმართაც.

5. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მისი ბიძის განსაკუთრებული დამოკიდებულების გათვალისწინებით დაასკვნა, რომ სადავო უძრავი ქონება (რომლის ღირებულების ნახევრის ანაზღურებას მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებისაგან), თავიდანვე შეძენილი იქნა როგორც მოსარჩელისა და მისი ბიძის თანასაკუთრება, მათ შორის ბინის ნახევრის ღირებულების ანაზღაურების პირობაზე შეთანხმების გარეშე.

6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც უძრავი ქონების თანასაკუთრებაში რეგისტრაციის შემდეგ, მოსარჩელის ბიძა თითქოსდა კისრულობდა ვალდებულებას, თავისი კუთვნილი წილი საერთო საკუთრებიდან გადაეცა მოსარჩელისთვის, რამდენადაც საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით ასეთი შეთანხების არსებობის ფაქტი არ დასტურდებოდა.

7. სალარო გასავლის ორდერებისა და სს “------------ ბანკის“ მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე დადგინდა, რომ მოსარჩელის ბიძამ, მოსარჩელის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, სს „------- ბანკში“ არსებული აპელანტის კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან, 2008 წლის 29 აგვისტოდან 2009 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით, 61 303 აშშ დოლარი გაიტანა. მოსარჩელის ბიძის მიერ ამ თანხის მოსარჩელის დავალებისამებრ გახარჯვის, ან მისი ინტერესების შესაბამისად გამოყენების ფაქტი, საქმეში არსებული რაიმე მტკიცებულებით არ დადასტურდა.

8. მოსარჩელემ, 2013 წლის 13 ივლისს, სს „--------- ბანკისაგან“ წერილობით მიიღო ინფორმაცია მის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე შესრულებული ტრანზაქციების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ ხანდაზმულობის საკითხთან მიმართებით გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ მოსარჩელისთვის ამ დროისათვის მაინც, თუ უფრო ადრე არა, ცნობილი იყო მისი კუთვნილი ანგარიშიდან ბიძის მიერ თანხების გატანისა და არამიზნობრივი გამოყენების თაობაზე.

9. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ მოსარჩელე სადავოდ არ მიიჩნევდა ბიძის გარდაცვალების (15.10.2013წ) თაობაზე იმთავითვე ინფორმირებას, თუმცა ვინაიდან რუსეთის ფედერაციაში იმყოფებოდა და ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი, დაკრძალვაზე ჩამოსვლა ვერ შეძლო.

9.1. მოპასუხეებმა, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეებმა, სამკვიდრო ქონება მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიიღეს, რაც შემდეგში სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობებით დადასტურდა და მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონებების, მათ შორის სადავო ნივთის, მესაკუთრეებად დარეგისტრირდნენ.

9.2. სადავო უძრავი ქონება 2016 წლის 9 აგვისტოს მოსარჩელის (½ წილი), პირველი მოპასუხის (1/8 წილი), მეორე მოპასუხის (1/8 წილი), მესამე მოპასუხის (1/8 წილი) და მეოთხე მოპასუხის (1/8 წილი) თანასაკუთრებაში 14.08.2008წლის გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის N..... ხელშეკრულების, 3.08.2016წლის N------სამკვიდრო მოწმობისა და 7.07.2016წლის N------ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აღირიცხა.

9.3. მოსარჩელემ მოპასუხეების, როგორც მოსარჩელის ბიძის მემკვიდრეების, მიმართ 2016 წლის 22 აგვისტოს თანხის დაკისრების თაობაზე სასამართლოში სარჩელი აღძრა.

10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა - გარდაცვლილი მოვალის (ბიძის) მემკვიდრეებისათვის, სამკვიდრო აქტივის ფარგლებში, თანხის დაკისრების თაობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 1484-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (მემკვიდრეები ვალდებული არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში, თითოეულის წილის პროპორცი ულად) გამომდინარეობს.

11. სარჩელის მიხედვით, მოსარჩელემ საკუთარი სახსრებით შეიძინა უძრავი ქონება, ს/კ ----------, რაშიც 161 039 აშშ დოლარი გადაიხადა. მიუხედავად ამისა, უძრავი ქონება საჯარო რეესტრში მისი და აწ. გარდაცვლილი ბიძის თანასაკუთრებად აღირიცხა. შეთანხმების შესაბამისად, ბიძას მისთვის ბინის შეძენისა და კეთილმოწყობისათვის გადახდილი ღირებულების ნახევარი უნდა გადაეხადა, თუმცა ისე გარდაიცვალა, რომ თანხა არ გადაუხდია. მოპასუხეებმა სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილი მემკვიდრეობით მიიღეს, რომლებიც უარს აცხადებენ ვალის - საცხოვრებელი ბინის ღირებულების ნახევრის - 80 519,5 აშშ დოლარის გადახდაზე, გარდა ამისა, მოპასუხეების მამკვიდრებელი მოსარჩელის მიერ გაცემული მინდობილობის გამოყენებით, უსაფუძვლოდ დაეუფლა მოსარჩელის კუთვნილ 61 302,5 აშშ დოლარს, რომლის გადახდაზეც მოპასუხეები ასევე უარს აცხადებენ. სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებმა სარჩელში დასახელებული გარემოები უარყვეს და მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც მიუთითეს. მათი განმარტებით, მოსარჩელეს 2016 წელს სარჩელის აღძვრამდე ქონების გადაცემის, ან თანხის ანაზღაურების თაობაზე ბიძისთვის ან მისი გარდაცვალების შემდეგ მოპასუხეებისათვის (მემკვიდრეებისათვის) პრეტენზია არ წარუდგენია, მიუხედავად იმისა, რომ იგი უძრავი ქონების მესაკუთრედ 2012 წლიდან დარეგისტრირდა, ხოლო თანხა მოსარჩელის კუთვნილი ანგარიშიდან, მისივე მტკიცების შესაბამისად, 2009 წლამდე გაიტანა. მოსარჩელის ბიძა 2013 წელს გარდაიცავალა და ეს გარემოება მოსარჩლისთვის იმთავითვე ცნობილი გახდა. სადავო არ იყო ის გარემოებაც, რომ მამისეულ ქონებას (მათ შორის არა მხოლოდ სადავო ქონებას) მამის გარდაცვალების მომენტიდანვე დაეუფლნენ მოპასუხეები (შვილები) და ამის შესახებ მოსარჩელისთვის ცნობილი იყი, თუმცა მას წლების მანძილზე მოპასუხეთა მიმართ რაიმე პრეტენზია არ წარუდგენია.

12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის ფარგლებში შეფასების საგანია - დაიცვა თუ არა მოსარჩელემ მოვალის მემკვიდრეების/ მოპასუხეების მიმართ მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის ვადა, რაც თავის მხრივ გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.

13. მოცემულ შემთხვევაში უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხეები მამის გარდაცვალების დღიდან სამკვიდრო ქონებას (მათ შორის მდებარე: ხელვაჩაური, სოფელი -----; ქ.ბათუმი, --- ქუჩა N--, ბინა N- და ა.შ) ფაქტობრივად დაეუფლნენ. მოსარჩელისათვის, როგორც ოჯახის ახლობელისთვის, ცნობილი იყო გარდაცვლილის მემკვიდრეებისა და მათი მხრიდან მამისეული სამკვიდროს დაუფლების თაობაზე. მოსარჩელეს საწინააღმდეგო გარემოებაზე არ მიუთითებია.

14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის ბიძის ვალდებულება მოსარჩელისთვის საცხოვრებელი ბინის ღირებულების 50%-ის (80 519.5 აშშ დოლარის) გადახდის ნაწილში სათანადო მტკიცებულებების წარდგენით მოსარჩელის მიერ დადასტურებული არ არის, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას, თუმცა სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის ბიძა დავალების ხელშეკრულების საფუძველზე დაეუფლა მოსარჩელის კუთვნილ თანხას 61 302.5 აშშ დოლარის ფარგლებში, მაგრამ აღნიშნული თანხა მარწმუნებლის დავალებათა რეალიზაციისათვის (ბინის რემონტი, ავეჯის შეძენა და ა. შ.) არ გამოუყენებია. ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხის მხრიდან სასამართლოსათვის წარდგენილი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ამ გარემოების დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.

15. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს მოპასუხეთათვის 61 302.5 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, სსკ-ის 715-ე მუხლის პირველი ნაწილი „რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის“ წარმოადგენს, თუმცა მოთხოვნის უსაფუძვლობა სსკ-ის 1488-ე მუხლით დადგენილი პირობების შეუსრულებლობამ განაპირობა.

16. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოპასუხეები მოსარჩელის ბიძაშვილები არიან და ახლონათესაური დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან, უდავოა, რომ მოსარჩელისთვის ბიძის გარდაცვალების მომენტიდანვე (15.10.2013წ) იყო ცნობილი მემკვიდრეებისა და მათ მიერ მამისეული სამკვიდრო ქონების დაუფლების/მიღების თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ, ბიძის ვალდებულების გამო, მისი მემკვიდრეების მიმართ სარჩელით 2016 წლის 22 აგვისტოს მიმართა სასამართლოს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მან, როგორც მამკვიდრებლის კრედიტორმა, მემკვიდრეებისადმი მოთხოვნის წარდგენის 6-თვიანი ვადა გაუშვა. სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელემ უფრო ადრე წარუდგინა მოთხოვნა აწ. გარდაცვლილი ბიძის მემკვიდრეებს, საქმეში წარდგენილი არ ყოფილა.

17. სააპელაციო სასამართლომ 61 302.56 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის „სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს“ ხანდაზმულადაც მიიჩნია, რამდენადაც მხარეებს შორის დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა. დადგენილია, რომ მოპასუხეების მამკვიდრებელი დავალების ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელის კუთვნილ თანხას 2008-2009 წლებში მოსარჩელის კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან მათი გამოტანის გზით დაეუფლა.

18. სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო ბრუნვისათვის აუცილებელი წინდახედულების ფარგლებში, მოსარჩელეს რწმუნებულთან კომუნიკაციით, ან საბანკო დაწესებულებიდან შესაბამისი ინფორმაციის მოძიებით, შეეძლო დაეზუსტებინა მის მიერ გაცემული მინდობილობის დანიშნულებისამებრ გამოყენების ფარგლები, რაც მოსარჩელეს არ შეუსრულებია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელეს შესაძლებლობა ჰქონდა შესაბამისი ინფორმაცია მიეღო. უდავოა, რომ მოსარჩელემ საბანკო დაწესებულებიდან ინფორმაციის გამოთხოვის გზით საკუთარი სახსრების განკარგვის შესახებ 2013 წლის 13 ივლისისათვის მაინც შეიტყო, თუმცა დარღვეული უფლების რეალიზაციისათვის სასამართლოს ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 2016 წლის 22 აგვისტოს მიმართა, მაშინ როცა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა მოსარჩელეს 2016 წლის 14 ივლისს ამოეწურა. ვინაიდან, მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებმა სსკ-ის 144-ე მუხლის „ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში, ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, რაც სარჩელის დასაბუთებულობის მიუხედავადაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია“ შესაბამისად, მოთხოვნის შემაფერხებელ გარემოებაზე - ხანდაზმულობაზე მიუთითეს, სასარჩელო მოთხოვნა ამ მოტივითაც არ დაკმაყოფილდა.

19. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებმა მოთხოვნის შემაფარხებელი შესაგებელი წარადგინდეს პირველი მოპასუხის მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) მე-3 მუხლის შესაბამისად „მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი“ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არსებობდა, ვინაიდან პირველმა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა სამკვიდრო წილის შესაბამისად, თანხის ¼-ის დაკისრების ნაწილში ცნო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება ამ ნაწილში გაუქმდა და პირველ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სასარჩელო მოთხოვნის 141 822 აშშ დოლარის ¼ ნაწილის - 35 455,5 (141822/4=35455,5) აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

20. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

20.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელემ, ისე - პირველმა მოპასუხემ. მოსარჩელემ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო პირველმა მოპასუხემ - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებითა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

20.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის, ხოლო 2022 წლის 1 ივნისის განჩინებით - პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის საკასაციო განაცხადები არ აკმაყოფილებენ სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ისინი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

22. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადები.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

24. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები: №ას-1529-1443-2012, 9 დეკემბერი, 2013 წელი; დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი, §187).

26. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოსამართლისათვის სავალდებულო არ არის მხარეთა მოსაზრებები, თუ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რა სამართლებრივი საფუძველი უნდა იქნეს გამოყენებული და არც კანონის იმპერატიული დათქმაა, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხარეთა მიერ მითითებულ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს. სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სამოსამართლო საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს კერძო სამართლის სუბიექტთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვას (№ას-1170-1125-2016, 13.06.2017წ). სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული (იხ. სუსგ Nას-1973-2018, 26.02.2021წ). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თანამედროვე საპროცესო სამართლებრივი დოქტრინა სარჩელს განსაზღვრავს, როგორც დაინტერესებული პირის მიმართვას სასამართლოსადმი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მოთხოვნით, უფლების შესახებ დავის გადაწყვეტის გზით.

27. როგორც უკვე აღინიშნა, საკასაციო საჩივრები დამოუკიდებლად წარმოდგენილი აქვს როგორც მოსარჩელეს, ასევე პირველ მოპასუხეს, რომელთა კასაციის საფუძვლები (მიზეზები) შინაარსობრივად ერთმანეთის იდენტურია. აქვე, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ პირველმა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა სამკვიდრო წილის შესაბამისად, თანხის ¼-ის დაკისრების ნაწილში ცნო. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მეორე კასატორის/მოსარჩელის პრეტენზიებზე გაამახვილებს ყურადღებას.

28. მეორე კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი (სსკ-ის 1239-ე, 1242-ე მუხლები), რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი (სსკ-ის 129-ე, 715-ე, 1488-ე მუხლები), რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ამის შედეგად იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო; არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ბინის საფასური მოპასუხეების მამკვიდრებელს არ გადაუხდია და მოსარჩელის ანგარიშიდან გატანილი თანხები მისი ნების შესაბამისად არ განკარგა; მოპასუხეებს სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად თანხის გადახდის ვალდებულება წარმოეშვათ; საქმეზე დაკითხული მოწმეების და პირველი მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა ადასტურებს, რომ ბინის ღირებულება და მასზე გაწეული ხარჯები სრულად მოსარჩელემ გაიღო; არასწორად დაადგინა ფაქტი მოთხოვნის ხანდაზმულობის და მემკვიდრეებისათვის პრეტენზიის წარდგენის თაობაზე; სასამართლოს მსჯელობა, რომ 2013 წლის 13 ივლისს მოსარჩელისთვის ბანკიდან მიღებული ინფორმაციით თითქოს ცნობილი გახდებოდა თანხების გატანის თაობაზე და სწორედ აქედან წარმოეშვა მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს, არალოგიკურია, რადგან მხარეებს შორის ახლო ნათესაური ურთიერთობა და ნდობა არსებობდა; დავა მოსარჩელის ბიძის მოულოდნელი გარდაცვალების და მოპასუხეების მიერ სამკვიდროს მიღების შემდეგ წარმოიშვა, როდესაც 2017 წელს მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ მემკვიდრეებს არ სურდათ მამკვიდრებლის ვალდებულებების შესრულება. შესაბამისად, ხანდაზმულობის და პრეტენზიის წარდგენის ვადები ამ დროიდან უნდა აითვალოს;

29. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ ფაქტობრივ და სამართლებრივ მსჯელობებსა და დასკვნებს.

30. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სარჩელში მითითებულ გარემოებებზე და აღნიშნულის საფუძველზე მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მოთხოვნის (61 302.5 აშშ დოლარის ფარგლებში) სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 715-ე მუხლიდან (ნორმის დეფინიცია იხ. მე-15 პუნქტში) გამომდინარეობს, რომლის უსაფუძვლობა სსკ-ის 1488-ე მუხლით დადგენილი პირობების შეუსრულებლობამ განაპირობა.

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „დავალების ხელშეკრულება ის სამართლებრივი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც პირს შეუძლია მიანდოს თავის რწმუნებულს იურიდიული მომსახურების გაწევა, პარტნიორთა კრებაზე მონაწილეობის მიღება, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება და ა.შ., ამ ხელშეკრულების საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულება. მარწმუნებელმა შეიძლება დაავალოს რწმუნებულს როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედების შესრულება, ვინაიდან, თავად დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ მუხლში არ არის დაკონკრეტებული რწმუნებულის მიერ შესასრულებელი მოქმედების ხასიათი, ამიტომ ასეთი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ყველა იმ მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ სამართლებრივ შედეგს. (შდრ. სუსგ-ებს: №ას-895-845-2015, 29.01.2016წ; №ას-655-611-2017, 11.07.2017წ.).

32. დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი (შდრ: სუსგ-ას №ას-1203-2018, 25.04.2019წ). სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე.

33. დადგენილია, რომ მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეები წარდგენილი შესაგებლით სარჩელს ხანდაზმულობის მოტივით შეედავნენ და მიუთითეს, რომ მხარეებს შორის დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა და მათი მამკვიდრებელი დავალების ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელის კუთვნილ თანხას 2009 წელს მოსარჩელის კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან მათი გამოტანის გზით დაეუფლა და ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა სარჩელის წარდგენის დროისათვის გასულია.

34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა. სასარჩელო მოთხოვნის ინდივიდუალიზაციის შემდეგ სასამართლო შეუდგება შესაგებლის შესწავლას, რომელიც თავისი შინაარსით შეიძლება იყოს მოთხოვნის გამომრიცხველი, შემაფერხებელი ან შემწყვეტი. შესაგებელი, რომელშიც მითითებულია ხანდაზმულობაზე, სასარჩელო მოთხოვნის წარმატებით განხორციელების შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს. იგი გულისხმობს მითითებას იმგვარ ვითარებაზე, როცა გასულია მოთხოვნის განხორციელების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, კრედიტორს აღარ შეუძლია იძულებით, სასამართლოს მეშვეობით, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, თუკი მოვალე შესაგებელში სასარჩელო ხანდაზმულობაზე მიუთითებს და ამგვარად შეეცდება მოთხოვნის სასამართლო წესით რეალიზების შეფერხებას. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მითითება ხანდაზმულობაზე, როგორც მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე, პროცესუალურად მთლიანად მოპასუხის კუთვნილ შესაგებელს წარმოადგენს. რაც შეეხება ხანდაზმულობის შეჩერებისა და შეწყვეტის წინაპირობებს, მისი შესწავლა, შესაბამისი შედავების არარსებობის პირობებშიც კი, სასამართლოს ვალდებულებაა (იხ. სუსგ Nას-1764-2018, 13.04.2020 წ).

35. სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს, ამასთან იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემურ საკითხებზე, 2007, გვ. 64)

36. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სწორად გამოიყენა მატერიალური (709-ე, 715-ე) ნორმები და მათ საფუძველზე მართებულად დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, კერძოდ დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, რომლის მიმართ სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება. ხანდაზმულია თუ არა სარჩელი, უნდა გადაწყდეს მოთხოვნის წარმოშობის მომენტის სწორად განსაზღვრის გზით, სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად.

37. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სამოქალაქო ბრუნვისათვის აუცილებელი წინდახედულების ფარგლებში, მოსარჩელეს რწმუნებულთან კომუნიკაციით, ან საბანკო დაწესებულებიდან შესაბამისი ინფორმაციის მოძიებით, შეეძლო დაეზუსტებინა მის მიერ გაცემული მინდობილობის დანიშნულებისამებრ გამოყენების ფარგლები, რაც მოსარჩელეს არ შეუსრულებია. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი გარემოების შესწავლის შედეგად მართებულად დაასკვნა, რომ უფლების დარღვევის შესახებ მოსარჩელისთვის საბანკო დაწესებულებიდან ინფორმაციის გამოთხოვის გზით საკუთარი სახსრების განკარგვის შესახებ 2013 წლის 13 ივლისისათვის უკვე ცნობილი იქნებოდა, თუმცა დარღვეული უფლების რეალიზაციისათვის სასამართლოს ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 2016 წლის 22 აგვისტოს მიმართა.

38. სსკ-ის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. ამავე კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად.

39. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის ფარგლებში განმარტავს, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლში საუბარია არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ პრეტენზიის წარდგენის ვადებზე, რაც განსხვავებული ცნებებია. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენისა და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც, სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე (შდრ. სუსგ-ები Nას-143-136-2010, 7.10.2010წ; Nას-570-2020, 5.02.2021წ).

40. საკასაციო სასამართლოს განსჯით, სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ვინაიდან მოპასუხეები მოსარჩელის ბიძაშვილები არიან და ახლონათესაური დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან, უდავოა, რომ მოსარჩელისთვის ბიძის გარდაცვალების მომენტიდანვე (15.10.2013წ) იყო ცნობილი მემკვიდრეებისა და მათ მიერ მამისეული სამკვიდრო ქონების დაუფლების/მიღების თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ, ბიძის ვალდებულების გამო, მისი მემკვიდრეების მიმართ სარჩელით 2016 წლის 22 აგვისტოს მიმართა სასამართლოს და ამით მან როგორც მამკვიდრებლის კრედიტორმა, მემკვიდრეებისადმი მოთხოვნის წარდგენის 6-თვიანი ვადა გაუშვა.

41. საკასაციო სასამართლო პირველი მოპასუხის/პირველი კასატორის საკასაციო საჩივრის პასუხად განმარტავს, რომ სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს შესაგებელის წარდგენა. სსსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

42. დასახელებული ნორმა განამტკიცებს იმ საპროცესო მოქმედებათა ჩამონათვალს, რომელშიც ვლინდება მხარის უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი საპროცესო უფლებები, იგი ნების ავტონომიის საპროცესო გამოხატულებაა და წარმოადგენს მხარის საპროცესო უფლებათა იმგვარი რეალიზაციის საშუალებას, როდესაც საქმეზე მისაღები გადაწყვეტილება უმთავრესად მხარის ნებაზეა ორიენტირებული. ნორმა იძლევა უფლებათა შემდეგ კლასიფიკაციას: პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ დაირღვა მისი უფლება, თავად წყვეტს ამ უფლების სასამართლო წესით დაცვას საპროცესო კანონმდებლობით შემოთავაზებული წესების დაცვით; თავად განსაზღვრავს დავის საგანს და იმას, თუ რა ფაქტებსა და გარემოებებზე დაამყაროს მოთხოვნა; მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე. ჩამოთვლილთაგან უმეტესი ნაწილი მიმართულია მოსარჩელის უფლებებისაკენ, თუმცა პირთა თანასწორობაზე დამყარებული სამოქალაქო საპროცესო სამართალი ანალოგიურ პირობებს უქმნის მოპასუხეს და ადგენს მის უფლებას, შეთანხმების შემთხვევაში, დავა დაასრულოს მორიგებით, მას ასევე შეუძლია ცნოს სარჩელი.

43. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას (შდრ. სუსგ №ას-64-58-2015, 8.04.2015წ; Nას-398-398-2018, 25.12.2018წ; Nას-1426-2018, 11.04.2019წ). ამრიგად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები (პრეტენზიები) უსაფუძვლოა და არ არის გაზიარებული.

44. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

45. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

46. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.

47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრები - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მათი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

48. სსსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ე-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ჟ. ე-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

3. ჟ. ე-ეს (პ/ნ ----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ---) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, ს. შ-ის (პ/ნ ----) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6000 ლარის (საგადახდო დავალება N-, გადახდის თარიღი 2022 წლის 13 იანვარი), 70% – 4200 ლარი;

4. რ. ე-ეს (პ/ნ ----) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 1 ივნისის განჩინებით (საქმე № ას-----) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 1797,77 ლარის 30 %-ის 539,33 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე