საქმე № ას-1124-2021 16 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-ი ---(მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „მ-ი …. (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, მენარდე კომპანია) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობას (შემდეგში: მოპასუხე, შემკვეთი, გამგეობა ან კასატორი) შორის 2013 წლის 29 აგვისტოს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება #------, რომლითაც მოსარჩელემ, როგორც შემკვეთმა მოპასუხეს, როგორც შემსრულებელს ქ. თბილისში, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე 20 ობიექტზე სკვერების (მარტივი ტიპის ატრაქციონებით) მოწყობის სამუშაოების შესრულება დაუკვეთა. ხელშეკრულება 2013 წლის 31 დეკემბრამდე დაიდო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ბოლო ვადად 2013 წლის 20 ნოემბერი განისაზღვრა. დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, რაზეც შემსრულებელმა მხარემ თანხმობა განაცხადა 8 ობიექტზე სამუშაოები 2013 წლის 2 ოქტომბრამდე უნდა დასრულებულიყო, ხოლო დარჩენილ 12 ობიექტზე 2013 წლის 20 ნოემბრამდე. სამუშაოების საერთო ჯამური ღირებულება ხარჯთაღრიცხვით 66 998.63 ლარით განისაზღვრა.
2. ხელშეკრულების 7.1 პუნქტით შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ამავე ხელშეკრულების 7.2 პუნქტით მიმწოდებელი ეტაპობრივად ჩააბარებს შემსყიდველს შესრულებულ სამუშაოებს. სამუშაოების ეტაპობრივი მიღება-ჩაბარება განხორცილდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოთა შესრულების ფორმა #2-ის და/ან ფორმა #3-ის საფუძველზე. სამუშაოთა საბოლოო მიღება-ჩაბარება განხორციელდება მათი დამთავრების შემდეგ თანახმად ტექნიკური დავალებისა, მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესებით განსაზღვრულ აქტების საფუძველზე.
3. ხელშეკრულების 8.3 პუნქტით ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების 8.4 პუნქტით ანგარიშსწორებისათვის მიმწოდებელმა უნდა წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადახდო დოკუმენტაცია წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს უარი თქვას ანგარიშსწორებაზე.
4. ხელშეკრულების 13.1 პუნქტით თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ შეტყობინების მიმღებ მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
5. ხელშეკრულების 13.2 პუნქტით იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდნენ ამ ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის გზით.
6. ხელშეკრულების 14.2.3 პუნქტით შემსყიდველი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აუნაზღაუროს მიმწოდებელს შესრულებული სამუშაოს ღირებულება. 14.4.1. პუნქტით მიმწოდებელი ვალდებულია დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამავე ხელშეკრულების 14.5.1 პუნქტით მიმწოდებელს უფლება აქვს მოსთხოვოს შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება.
7. ხელშეკრულების 15.3. პუნქტით თუ შემსყიდველი არ ასრულებს წინამდებარე ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტის მოთხოვნებს, დაეკისრება პირგასამტეხლო ჩასარიცხი თანხის 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
8. ხელშეკრულების 16.1 პუნქტით შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, ასევე დააკისროს მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად: ა) თუ მიმწოდებელი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ბ) თუ მიმწოდებელი სისტემატიურად და/ან უხეშად არღვევს ხელშეკრულების პირობებს. ამავე ხელშეკრულების 16.2 პუნქტით შემსყიდველს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს ხელშეკრულება, 4 მიმწოდებლისათვის ვალდებულებების შესრულების წერილობით შეტყობინების შემდეგ: ა) თუ მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან შემსყიდველის მიერ გაგრძელებულ ვადაში არ შეუძლია შეასრულოს სამუშაო ან მისი ნაწილი.
9. ამავე ხელშეკრულების 16.4 პუნქტით მე-16 მუხლის 16.1 და 16.2 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ასევე, 22.1 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულება ძალში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის თარიღიდან და ძალშია 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (ტ. 1, ს. ფ. 19-27, 32-33, 35-36).
10. სარჩელის მოთხოვნა
10.1. კომპანიამ, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მოპასუხისთვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 70 998 ლარისა და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს 23 720 ლარის დაკისრება მოითხოვა.
11. მოპასუხის შესაგებელი
11.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
12.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
13. კომპანიის სააპელაციო საჩივარი
13.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კომპანიამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით კომპანიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება, გამგეობას კომპანიის სასარგებლოდ 53 598 ლარისა და 2 372 ლარის გადახდა დაეკისრა.
14.2. თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც პრეიუდიციულად დადგენილი იყო, რომ 2013 წლის 30 აგვისტოდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში კომპანიის მიერ 8 ობიექტზე შესასრულებელი 26 799.44 ლარის ღირებულების სამუშაოებისა და 20 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე პერიოდში 12 ობიექტზე შესასრულებელ 40 199.19 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება არ დგინდება. სამუშაოების შესრულება დგინდება მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ვადის გასვლის შემდეგ. მიმწოდებლის მიერ მხოლოდ 2014 წლის 24 თებერვალს მოხდა შემკვეთისათვის ხელშეკრულებით გათვალისიწინებული ფორმა #2-ებისა და ფოტოსურათების წარდგენა შესრულებული სამუშაოების დასადასტურებლად (ტ. 1, ს. ფ. 41-48, 127-141,144-145).
14.3. გამგეობამ 2013 წლის 30 აგვისტოს მოსარჩელეს 8 ობიექტის მისამართი აცნობა, სადაც სკვერების მოწყობა უნდა მომხდარიყო, აგრეთვე მიუთითა სამუშაოების დასრულების ბოლო ვადა - 2013 წლის 2 ოქტომბერი.
14.4. მოპასუხემ 2013 წლის 20 სექტემბერს მოსარჩელეს 12 ობიექტის მისამართი აცნობა, სადაც სკვერები უნდა მოეწყო, ასევე სამუშაოების დასრულების ვადაზე მიუთითა - 2013 წლის 20 ნოემბერი.
14.5. მოსარჩელემ 2013 წლის 22 ნოემბერს მოპასუხე მხარეს წერილობით მიმართა და მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელება მოითხოვა. მოსარჩელემ 2013 წლის 23 ნოემბრს წერილობით მიმართა მოპასუხეს და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავანსის ჩარიცხვა მოითხოვა. აღნიშნულ წერილში მითითებული იყო, რომ 2013 წლის 23 ნოემბრისთვის მოსარჩელე ადგილზე ჩაატარებდა გრუნტის მოსწორების და ბორდიურების მოწყობის სამუშაოებს, ხოლო, პარალელურად საამქროში ატრაქციონებს დაამზადებდნენ.
14.6. მოპასუხის 2013 წლის 18 დეკემბრის წერილში ავანსის მოთხოვნის თარიღად მითითებულია 2013 წლის 23 ოქტომბერი, ხოლო ავანსი მხარეთა ახსნა-განმარტებით 2013 წლის 25 ოქტომბერს ჩაირიცხა (ტ. 1, ს. ფ. 30, 31, 157).
14.7. მოპასუხემ მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად მოსარჩელეს ავანსი საგადახდო დავალების შესაბამისად 2013 წლის 20 ნოემბერს ჩაირიცხა (ტ. 1, 152).
14.8. გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების 2013 წლის 5 დეკემბრის მოპასუხისთვის გაგზავნილ წერილში მითითებულია, რომ მოსარჩელემ სკვერების და სკვერებში მარტივი ტიპის ატრაქციონების მოწყობის სამუშაოების დასრულება ვერ უზრუნველყო. მოსარჩელეს არცერთ ობიექტზე სამუშაოს შესრულების ფორმა #2 არ წარუდგენია, კომპანიას რამდენიმე ობიექტზე ჩატარებული აქვს ნაწილობრივი სამუშაოები, კერძოდ, გრუნტის მოსწორება და ბორდიურების მოწყობა, ხოლო, ერთ ობიექტზე ნაწილობრივ მოეწყო სკვერი, მაგრამ სამუშაოები დასრულებული არ არის (ტ. 1, ს. ფ. 153).
14.9. მოპასუხემ 2013 წლის 6 დეკემბერს დათარიღებული წერილით მოსარჩელეს მის მიერ ხელშეკრულებით მითითებულ ვალდებულებათა ნაწილობრივ შესრულების გამო ხელშეკრულების შეწყვეტისა და ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის შესახებ შეატყობინა, კერძოდ, წერილში მითითებული იყო შემდეგი: მიუხედავად მოპასუხის 2013 წლის 2 დეკემბრის წერილისა და მრავალგზის სიტყვიერი გაფრთხილებისა სამუშაოები ნაწილობრივ არის შესრულებული ერთ ობიექტზე, რამდენიმე ობიექტზე მოსწორებულია გრუნტი და მოწყობილია ბორდიური, ხოლო დანარჩენ ობიექტზე სამუშაოები საერთოდ არ არის ნაწარმოები.
14.10. გამგეობამ, 2013 წლის 6 დეკემბრიდან მოსარჩელესთან ხელშეკრულება შეწყვიტა (ტ.1,ს.ფ. 32-33).
14.11. მოსარჩელემ 2013 წლის 11 დეკემბერს მოპასუხისათვის ჩაბარებული წერილით შესრულებული სამუშაოების ოდენობა სადაოდ გახადა, კერძოდ, მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ შესრულებულია ხელშეკრულებით გათვალიწინებული სამუშაოების ნაწილი გრუნტის მოსწორება და ბეტონის ბორდიურების მოწყობა ოცივე ობიექტზე, ერთ ობიექტზე სამუშაოები დამთავრებულია მთლიანად სულ შესრულებულია 27 792 ლარის ღირებულების სამუშაოები, ასევე მოპასუხეს ეცნობა, რომ შესრულებულია ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისიწინებელი დამატებითი სამუშაოების რელიეფის მოსწორების მიზნით შეტანილ იქნა 200 მ3 მიწა, რის ღირებულებამაც 4 000 ლარს შეადგენდა.
14.12. ამავე წერილში სამუშაოების ვადაში შეუსრულებლობისა და შეფერხების გარემოებად მითითებულია მოსახლეობის მხრიდან ხელის შეშლა, სამუშაო ობიექტების არადროული შერჩევა. ასევე, მითითებულია, რომ დამზადებულია და მზადდება სკვერში დასადგამი საქანელები, რომელთა მონტაჟსაც ობიექტებზე იწყებენ ხვალიდან (ანუ 12.11.2013 წლიდან). წერილშივე მითითებულია, რომ მოწყობილობების მონტაჟი და მთლიანი მოწყობა 2013 წლის 25 დეკემბერს დასრულდება. წერილს ჩატარებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის მტკიცებულება ან ფორმა #2 შესრულებული სამუშაოების შესახებ არ ერთვის. მოსარჩელის მიერ 2014 წლის 24 თებერვლით დათარიღებული ფორმა #2-ში მითითებულია, რომ დამატებით შეტანილ იქნა 400 მ3 გრუნტი ტერიტორიის მოსასწორებლად (ტ. 1, ს. ფ. 35-36, 145).
14.13. მოპასუხის 2013 წლის 18 დეკემბრის წერილში მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია სამუშაოების შესრულების დოკუმენტაცია, რის გამოც სამუშაოებს მიღებულად არ თვლიდა. წერილში ასევე მოპასუხე აღნიშნავდა, რომ დანარჩენ შესრულებულ სამუშაოებთან მიმართებით მიწის მოსწორება, ბორდიურების მოწყობა ბალანსზე მიღება მისი ღირებულების ანაზღაურება არ მიაჩნია მიზანშეწონილად მათზე დასამონტაჟებელი ატრაქციონების გარეშე, ვინაიდან შესრულებული სამუშაოების მიმართ ატრაქციონების გარეშე არ აქვს ინტერესი (ტ. 1, ს. ფ. 157).
14.14. კომპანიამ, 2013 წლის 26 დეკემბერს მოპასუხე მხარეს წერილობით აცნობა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მთლიანად შესრულებული იყო, რის გამოც სამუშაოების მიღება ითხოვა. წერილს შესრულებული სამუშაოების ფორმა #2-ები არ ერთვოდა (ტ. 1, ს. ფ. 37).
14.15. მოპასუხემ 2013 წლის 30 დეკემბერს წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლისა და ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, მოპასუხე არ არის უფლებამოსილი ობიექტები ჩაიბაროს (ტ. 1, ს. ფ. 159).
14.16. მოსარჩელემ 2014 წლის 3 თებერვალს მოპასუხისადმი მიწერილ წერილში მოპასუხეს აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მის მიერ შესრულებულ სამუშაოების ჩამონათვალი გრუნტის მოსწორება და ბორდიურების მოწყობა ოცივე ობიექტზე, ასევე ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ სამუშაოების ღირებულება ერთ ობიექტზე 1 452.20 ლარი, ხოლო 20 ობიექტზე 29 044 ლარი. ასევე ერთი სკვერის მოწყობის ღირებულება 3 097.20 ლარი. სულ - 32 141.20 ლარი (ტ. 1, ს. ფ. 52-53).
14.17. მოპასუხე მხარეს ახალი ტენდერი სადავო სკვერების მოწყობაზე სარჩელის შეტანის დროისათვის გამოცხადებული არ ქონდა.
14.18. დასახელებული ფაქტების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გამგეობას აპელანტის სასარგებლოდ 53 598.63 ლარი უნდა დაკისრებოდა.
14.19. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება იურიდიული ბუნებით სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებულ ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს. ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. უდავო იყო ის გარემოება, რომ მხარეები ხელშეკრულებით ანაზღაურების ოდენობასა (სამოქალაქო კოდექსის 630-ე მუხლი) და წესზე (სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლი) შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებშიც შეთანხმდენენ, რომ შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ ჩაითვლებოდა. ამავე ხელშეკრულების 7.2 პუნქტით მიმწოდებელი ეტაპობრივად ჩააბარებს შემსყიდველს შესრულებულ სამუშაოებს. სამუშაოების ეტაპობრივი მიღება-ჩაბარება განხორცილდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოთა შესრულების ფორმა #2-ის და/ან ფორმა #3-ის საფუძველზე, ხოლო, სამუშაოთა საბოლოო მიღება-ჩაბარება მათი დამთავრების შემდეგ, ტექნიკური დავალების, მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესებით განსაზღვრულ აქტების საფუძველზე მოხდებოდა. ამავე ხელშეკრულების 8.3 პუნქტით ანგარიშსწორება ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უნდა განხორციელებულიყო.
14.20. უდავო იყო, რომ ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოები დათქმულ ვადაში არ დასრულებულა, თუმცა აპელანტი მიუთითებდა, რომ ვადის დარღვევით შესრულებული სამუშაოები შემკვეთმა მიიღო, რაც სამუშაოების ანაზღაურების წინაპირობა იყო.
14.21. საქმის მასალებში წარდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულება ძალაში მხარეთა მიერ ხელმოწერის თარიღიდან შედიოდა და 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებდა. ასევე საქმის მასალებში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების თანახმად, კერძოდ, 2013 წლის 15 ნოემბრის წერილით, დგინდებოდა, რომ კომპანია ხელშეკრულებით ნაკისრ სკვერების მოწყობის სამუშაოებს ასრულებდა. მართალია სამუშაოები 2013 წლის ნოემბრამდე უნდა დაესრულებინათ, თუმცა მოსახლეობის მხრიდან გარკვეული ხელშეშლის გამო, სამუშაოები ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში ვერ შესრულდა, რის გამოც იგი ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას მოითხოვდა (ტ. 1, ს.ფ. 30), აღნიშნულ წერილზე შემკვეთის საპასუხო წერილობითი კორესპონდენცია საქმის მასალებში წარმოდგეილი არ არის, თუმცა საქმის მასალებში წარმოდგენილი საგადასახადო მოთხოვნა N…….-ის კვლევის შედეგად დგინდება, რომ სამუშაოების შესასრულებლად მენარდეს ავანსი 2013 წლის 20 ნოემბერს (ტ. 1, ს.ფ. 152), ანუ ვადის გაგრძელების მოთხოვნის შემდეგ ჩაერიცხა, რაც ქმედების კეთილსინდისიერი განმარტების პრინციპიდან გამომდინარე, შემკვეთის მიერ განხორციელებულ დადებით კონკლუდენტურ მოქმედებად და მენარდისთვის სამუშაოების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემად უნდა განიმარტოს.
14.22. საქმის მასალებში არსებული წერილობითი მტკიცებულების მიხედვით, აპელანტი კომპანიის წარმომადგენელი შემკვეთს 2013 წლის 11 დეკემბერს ატყობინებდა, რომ შემკვეთის მხრიდან 2013 წლის 6 დეკემბერს ხელშკერულება ცალმხრივად შეწყდა, რაც მენარდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სამუშაოების დასრულების შესაძლებლობის არსებობის გამო, არასწორად მიაჩნდა. ამავე წერილით მხარე შემკვეთს აცნობებდა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე სამუშაოების მნიშვნელოვანი, შრომატევადი ნაწილი ღირებულებით 27 792 ლარი უკვე შესრულებული იყო. ასევე ატყობინებდა, რომ ობიექტების რელიეფის მოსწორების მიზნით 200 კუბ.მ. მიწაა შეტანილი, ხელშეკრულების საფუძველზე დამზადებულია და კიდევ მზადდება სკვერში დასადგამი საქანელები: აიწონა-დაიწონა, ორმხრივი, ჩამოსასრიალებელი სასრიალოები, საპარკე სკამები, რომელთა მონტაჟს მენარდე წერილის გაგზავნიდან მეორე დღეს აპირებდა. აღნიშნული მოწყობილობების მონტაჟი და მთლიანად მოწყობა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში - 2013 წლის 25 დეკემბრამდე, დასრულდებოდა (ტ. 1, ს.ფ. 35-36). აქვე ნიშანდობლივია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მისი ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ვალდებულება იყო შეთანხმებული, თუმცა, მენარდის მიერ შემკვეთისთვის მიწოდებული ხარჯთაღრიხვის შესაბამისი ანაზღაურება, რაც ხელშეკრულების შეწყვეტამდე მენარდის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფდა, საქმის მასალებით არ დასტურდება.
14.23. 2013 წლის 25 დეკემბრით დათარიღებული წერილით დგინდება, რომ მენარდე კომპანიის დირექტორმა შემკვეთს წერილობით მიმართა, განუმარტა, რომ სამუშაოები დასრულებულია და შემკვეთს მათი ჩაბარება მოსთხოვა (ტ. 1, ს.ფ. 37). აღნიშნულ მოქმედებაზე პასუხად, შემკვეთმა შემსრულებელს განუმარტა, რომ რადგან ხელშეკრულება ცალმხრივად იყო შეწყვეტილი მას ობიექტის ჩაბარების უფლებამოსილება არ გააჩნდა. მიუხედავად აღნიშნულისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ 2021 წლის 1 ივლისის ზეპირ სხდომაზე, სასამართლოს დამაზუსტებელ შეკითხვაზე მოწინააღმდეგე მხარეს არ უარყვია, რომ სკვერი გახსნილია და ინფრასტრუქტურით ბავშვები სარგებლობენ (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის სხდომის ოქმი 13:24:45 საათი და შემდგომ). ფაქტი მასზედ, რომ ხელშეკრულებით გათვალსწინებული ობიექტი დასრულებული იყო, თუმცა შემკვეთი მიღება-ჩაბარების აქტს არ აფორმებდა, ასევე საქმის მასალებში წარმოდგენილი შეუცილებადი მტკიცებულებით, კერძოდ, აპელანტის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათებითაც დგინდება (ტ. 1, ს.ფ. 54-75).
14.24. სააპელაციო სასამართლომ სამუშაოების შესრულების დამადასტურებლად კვლავ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის კანონიერ გადაწყვეტილებაზე მიუთითა, რომლითაც ამავე მხარეებს შორის მიმდინარე დავაზე დადგინდა, რომ 2013 წლის 30 აგვისტოდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში კომპანიამ 8 ობიექტზე შესასრულებელი 26 799.44 ლარის ღირებულების სამუშაოებისა და 20 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე პერიოდში 12 ობიექტზე შესასრულებელ 40 199.19 ლარის ღირებულების სამუშაოები არ შეასრულა. სამუშაოების შესრულება დგინდება მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ვადის გასვლის შემდეგ. მიმწოდებლის მიერ შემკვეთისათვის შესრულებული სამუშაოების დასადასტურებლად ხელშეკრულებით გათვალისიწინებული ფორმა #2-ებისა და ფოტოსურათების წარდგენა მხოლოდ 2014 წლის 24 თებერვალს მოხდა. როგორც სამართალში ცნობილია და სამოქალაქო კოდექსის 106-ე მუხლითაც გარანტირებულია, პრეიუდიციული ფაქტების მტკიცებისგან მხარეები თავისუფლდებიან. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მენარდემ ვალდებულება ვადის დარღვევით, თუმცა, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში დაასრულა. გარდა ამისა, ამავე გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მენარდეს სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევისთვის პირგასამტეხლო - 3 577,8 ლარის ოდენობით დაეკისრა, ასევე შემკვეთმა საბანკო გარანტია გამოითხოვა, რაც კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ შემკვეთმა შესრულება მიიღო და დაგვიანებისთვის მხარეს შესაბამისი სანქციაც დააკისრა (ტ. 1, ს.ფ. 41-48).
14.25. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება რომ შემკვეთმა ნაკლის გამო პრეტენზია არ განაცხადა და მენარდისთვის დამატებითი ვადა არ დაუწესებია უდავოა, თუმცა, საქმის მასალებში წარდგენილი შეუცილებადი მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ შემკვეთმა მენარდის არაჯეროვანი შესრულების გამო საბანკო გარანტია გამოითხოვა და ასევე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სამუშაოს დაგვიანებით შესრულების გამო, მენარდეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც დააკისრა, შესაბამისად პალატამ დაადგინა, რომ ხელშეკრულების ვადისდარღვევით გამოწვეული დისკომფორტი შემკვეთს სრულად ჰქონდა კომპენსირებული.
14.26. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საბანკო გარანტია, როგორც უზრუნველყოფის საშუალება გადაიხდება ძირითადი კონტრაქტის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის.
14.27. მოსარჩელის მიერ წარდგენილი წერილობითი დოკუმენტაციით, ფოტოსურათებითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, აშკარად დგინდება, რომ აპელანტმა ვადის დარღვევით, თუმცა ხელშეკრულების ვადაში ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, რის გამოც შესაბამისი გასამრჯელო არ მიუღია.
14.28. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, განმარტავს, რომ მენარდის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად შესრულების ფაქტი დადასტურდა. მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაუფორმებლობა არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მენარდის მიერ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია ჯეროვნად, რაც მას უფლებას აძლევს სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შეთანხმებული საზღაურის გადახდა მოითხოვოს. ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლად მიჩნევას დადებოდა საფუძვლად.
14.29. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც სამუშაოთა ღირებულებას ადასტურებდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა იყო, საიდანაც დგინდებოდა, რომ ხელშკეურლებით ნაკისრი სამუშაოების ღირებულება 66 998.63 ლარს შეადგენდა, თუმცა მენარდის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ხარჯის - 4 000 ლარის ოდენობით გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა. დასახელებულ თანხას მენარდის მიერ მიღებული ავანსი - 13 400 ლარი და დამატებითი ხარჯი - 4 000 ლარი უნდა გამოკლებოდა, რის შედეგადაც მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ 53 598,63 ლარის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა.
14.30. სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს შესახებ, გონივრულ ოდენობად, გამგეობისთვის 2 372 ლარის დაკისრება მიიჩნია.
15. გამგეობის საკასაციო საჩივარი
15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გამგეობამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
15.2. კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები მხარემ ვერ შეასრულა, შესაბამისად, კასატორმა 2013 წლის 6 დეკემბერს, იმ საფუძვლით, რომ იმავე წლის 20 ნოემბრამდე სკვერების მოწყობის სამუშაოები ვერ დაასრულა, რამდენიმე უშედეგო გაფრთხილების მიუხედავად, ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება.
15.3. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ სამუშაოების დასრულებაზე მიუთითა 2013 წლის 26 დეკემბრის წერილში, თუმცა, ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი, ხელშეკრულებით განსაზღვრული, ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების ფორმა №2 არ წარუდგენია, შესაბამისად სხვა მტკიცებულებებით ვერ დადასტურდება სამუშაოების შესრულება, რაც მოპასუხისთვის თანხის დაკისრებას გამორიცხავს.
15.4. კასატორის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც ძირითადი ვალდებულება ვერ მიიჩნევა შესრულებულად, პირგასამტეხლოს დაკისრება უსაფუძვლო იყო.
16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
16.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
19. საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები - ას-52-2020, 25.02.2022; ას-1190-2021, 22.02.2022; ას-1232-2021, 18.02.2022; ას-989-2021, 18.02.2022).
22. განსახილველ შემთხვევაში, ნარდობის ურთიერთობიდან გამომდინარე, შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების, შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებაზე უარის თქმის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 629.1 „ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური“, 417-ე-418-ე „პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას“ მუხლები.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამავე მხარეებს შორის ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კომპანიისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მიმდინარეობდა დავა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დასრულდა და კანონიერ ძალაში შევიდა დასახელებული გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გამგეობის სარჩელი, კომპანიისთვის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
24. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2013 წლის 30 აგვისტოდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში კომპანიის მიერ 8 ობიექტზე შესასრულებელი 26 799.44 ლარის ღირებულების სამუშაოებისა და 20 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე პერიოდში 12 ობიექტზე შესასრულებელ 40 199.19 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება არ დგინდება. სამუშაოების შესრულება დგინდება მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ვადის გასვლის შემდეგ. მიმწოდებლის მიერ მხოლოდ 2014 წლის 24 თებერვალს მოხდა შემკვეთისათვის ხელშეკრულებით გათვალისიწინებული ფორმა #2-ებისა და ფოტოსურათების წარდგენა შესრულებული სამუშაოების დასადასტურებლად (ტ. 1, ს. ფ. 41-48, 127-141,144-145).
25. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ კასატორის წერილზე, საპასუხოდ წარდგენილ წერილში მოსარჩელე სამუშაოთა ნაწილის შესრულებაზე უთითებდა, რომლის მიხედვითაც, კომპანიის წარმომადგენელი შემკვეთს 2013 წლის 11 დეკემბერს ატყობინებდა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე სამუშაოების მნიშვნელოვანი, შრომატევადი ნაწილი ღირებულებით 27 792 ლარი უკვე შესრულებული იყო. ასევე ატყობინებდა, რომ ობიექტების რელიეფის მოსწორების მიზნით 200 კუბ.მ. მიწაა შეტანილი, ხელშეკრულების საფუძველზე დამზადებულია და კიდევ მზადდება სკვერში დასადგამი საქანელები: აიწონა-დაიწონა, ორმხრივი, ჩამოსასრიალებელი სასრიალოები, საპარკე სკამები, რომელთა მონტაჟს მენარდე წერილის გაგზავნიდან მეორე დღეს აპირებდა. აღნიშნული მოწყობილობების მონტაჟი და მთლიანად მოწყობა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში - 2013 წლის 25 დეკემბრამდე, დასრულდებოდა (ტ. 1, ს.ფ. 35-36). აქვე ნიშანდობლივია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მისი ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ვალდებულება იყო შეთანხმებული, თუმცა, მენარდის მიერ შემკვეთისთვის მიწოდებული ხარჯთაღრიხვის შესაბამისი ანაზღაურება, რაც ხელშეკრულების შეწყვეტამდე მენარდის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფდა, საქმის მასალებით არ დასტურდება.
26. კომპანია, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების საფუძვლად სამუშაო ობიექტების არადროულ შერჩევასა და მოსახლეობისგან ხელის შეშლაზე უთითებდა, ამასთან მიუთითებდა, რომ სკვერებში დასადგამი ინვენტარი დამზადებული იყო და იწყებოდა მონტაჟი. იმავე პერიოდში, 26 დეკემბერს კომპანიამ სამუშაოების დასრულებაზე მიუთითა და მათი მიღება მოითხოვა გამგეობის მხრიდან, რის პასუხადაც, მოპასუხემ განმარტა, რომ შეწყვეტილი ხელშეკრულების პირობებში შეუძლებელი იყო, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების მიღება, ხოლო, მიღება-ჩაბარების ფორმა #2-ების გარეშე სამუშაოებს შესრულებულად ვერ ჩათვლიდა.
27. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულება ძალაში მხარეთა მიერ ხელმოწერის თარიღიდან შედიოდა და 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებდა. ასევე საქმის მასალებში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების თანახმად, კერძოდ, 2013 წლის 15 ნოემბრის წერილით, დგინდებოდა, რომ კომპანია ხელშეკრულებით ნაკისრ სკვერების მოწყობის სამუშაოებს ასრულებდა. მართალია სამუშაოები 2013 წლის ნოემბრამდე უნდა დაესრულებინათ, თუმცა მოსახლეობის მხრიდან გარკვეული ხელშეშლის გამო, სამუშაოები ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში ვერ შესრულდა, რის გამოც იგი ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას მოითხოვდა (ტ. 1, ს.ფ. 30), აღნიშნულ წერილზე შემკვეთის საპასუხო წერილობითი კორესპონდენცია საქმის მასალებში წარმოდგეილი არ არის, თუმცა საქმის მასალებში წარმოდგენილი საგადასახადო მოთხოვნა N……-ის კვლევის შედეგად დგინდება, რომ სამუშაოების შესასრულებლად მენარდეს ავანსი 2013 წლის 20 ნოემბერს (ტ. 1, ს.ფ. 152), ანუ ვადის გაგრძელების მოთხოვნის შემდეგ ჩაერიცხა, რაც ქმედების კეთილსინდისიერი განმარტების პრინციპიდან გამომდინარე, შემკვეთის მიერ განხორციელებულ დადებით კონკლუდენტურ მოქმედებად და მენარდისთვის სამუშაოების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემად უნდა განიმარტოს.
28. საკასაციო სასამართლო აგრეთვე განმარტავს, რომ მიუხედავად ფორმა №2 გაუფორმებლობისა, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, აგრეთვე, მხარეთა მიერ დადასტურებული გარემოებებით, საქმეში არსებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომელიც ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში მენარდეს პირგასამტეხლოს აკისრებდა, ასევე, გათხოვილი საბანკო გარანტიისა და საბოლოოდ შესრულებული სამუშაოების პირობებში, გამგეობა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულია გადაიხადოს სამუშაოების საფასური.
29. საკასაციო სასამართლო შესასრულებელ სამუშაოთა სპეციფიკურობაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ საბოლოოდ სკვერების მოწყობა დასრულდა ხოლო, გამგეობას, მათ უხარისხო შესრულებაზე თუ ასეთს ადგილი ჰქონდა არ ჰქონია სათანადო რეაგირება, არამედ, სკვერები ფუნქციონირებს, რასაც მხარეები ადასტურებენ.
30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016).
31. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016).
32. საკასაციო სასამართლო პირგასამტეხლოს თაობაზე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და დამატებით განმარტავს, რომ დადგენილი იყო მხარემ ვალდებულება ვადის დარღვევით თუმცა მაინც შეასრულა, ამასთან, არაჯეროვანი შესრულების გამო, პასუხისმგებლობაც დაეკისრა, რაც მისთვის პირგასამტეხლოსა და საბანკო გარანტიის დაკისრებაში გამოიხატა, ამდენად, სანაცვლოდ შესრულებული სამუშაოს საფასურის გადაუხდელობის პირობებში მოწინააღმდეგე მხარეს დასაბუთებულად დაეკისრა პირგასამტეხლო.
33. ამდენად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიუხედავად მიღება-ჩაბარების აქტების არარსებობისა, სხვადასხვა გარემოებებით, მათ შორის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უდავოდ დგინდება ვალდებულების შესრულება, რაც გამგეობის მიერ თანხის გადახდის ვალდებულებას, ასევე, ამ საფასურის დაგვიანებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას მოითხოვს.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე