საქმე № ა-694-22 17 მაისი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით
განმცხადებელი – ნ. ლ-ლი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. კ-სი (მოსარჩელე)
განმცხადებლის მოთხოვნა – საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ნ. ლ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა სადავო უძრავი ქონება და დადგინდა მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისთვის გადაცემა. სარჩელი მოპასუხის შვილების მიმართ წარდგენილი მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ნ. ლ-ის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, განმცხადებელი) საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი, რადგან ის არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის დასაშვებობის არც ერთ მოთხოვნას. აღნიშნული საჩივრით კასატორი მოითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ზემოხსენებული განჩინების მიხედვით, საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, რადგან საჩივრის ავტორს არ ჰქონია წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დასაბუთებული და დასაშვები შედავება სსსკ-ის 407 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის აუცილებელი ყველა ფაქტობრივი გარემოები გამოიკვლია, შესაბამისად, სწორად მოხდა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი გარემოების დადგენა. ასევე, კასატორმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
2022 წლის 17 თებერვალს ნ. ლ-ის წარმომადგენელმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შემდეგი საფუძვლით:
შუამდგომლობის ავტორის მითითებით, აღნიშნულ საქმეში ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 იანვრის განჩინება, რომლის საფუძველზეც სასამართლომ დაიწყო გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერებასთან დაკავშირებით საქმის განხილვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 აპრილის განჩინებით ნ. ლ-ლს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო საქმის წარმოების განახილების შესახებ წარმოებაში იქნა მიღებული.
2022 წლის 19 აპრილს მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა სასამართლოს მომართა განცხადებით, რომლითაც არ დაეთანხმა შუამდგომლობას და მიიჩნევს, რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო სასამართლომ უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განჩინება გააუქმა და საქმის წარმოება განაახლა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული განჩინების დასაბუთება უძრავ ქონებებთან მიმართებით ჩათვალა საკმარისად. განჩინების გაუქმების მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. ლ-ის სასარჩელო მოთხოვნები და უძრავი ქონების მესაკუთრედ კვლავ გ. კ-სი დარჩა. აღნიშნული მოცემულობა შემდგომში აღარ შეცვლილა. განმცხადებლის მტკიცებით, საქმეში არ დადგენილა ახალი ფაქტობრივი გარემოება, უძრავი ქონება კვლავ გ. კ-ის საკუთრებაშია და საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილება არ განხორციელებულა. ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 12 აპრილის განჩნებით არ დაკმაყოფილდა ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, საჯარო რეესტრის მონაცემებიც არ შეცვლილა და გ. კ-სი დღემდეა სადავოდ გამხდარი ქონების მესაკუთრე. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ქონების უკანონო მფლობელობას ახორციელებს ნ. ლ-ლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ განიხილა ნ. ლ-ის წარმომადგენლის, ქ. უ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსსკ-ის 421.1 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმის დანაწესი ცხადყოფს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, ზოგიერთ შემთხვევაში, ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ასახულია სსსკ-ის 423.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას).
კანონის დასახელებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები: ა. მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ბ. ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; გ. მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (შდრ. სუსგ #ვ-74-ა-5-2016, 17.06.2016 წ.).
საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, იგი იძენს საბოლოო, სავალდებულო და შეუქცევად ხასიათს. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება ორ პრინციპს: პირველი - „დავა გადაწყვეტილია“ (Res Juticata) და მეორე - ფაქტების პრეიუდიციას. (იხ. პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, 2020).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ესაა კანონით დადგენილი წესით საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ მიღებული მართლმსაჯულების აქტი, რომელიც პასუხობს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და რომლითაც საქმე არსებითად წყდება. „ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება არის მართლმსაჯულების აქტი, რომლის მეშვეობითაც წესრიგდება მოდავე მხარეებს შორის სამართლებრივი ურთირთობები. გადაწყვეტილება სასამართლო საქმიანობის საბოლოო პროდუქტად მიიჩნევა“. (იხ. მ. ს.იშვილი, სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც საპროცესო დოკუმენტი და მისი გასაჩივრების ფორმები მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, „მართლმსაჯულება და კანონი“ , № 4(47), 2015, გვ.19.).
სასამართლო გადაწყვეტილების „საბოლოობის“, მისი შეუქცევადობის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი გულისხმობს, რომ ამ გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლებელია და მისი შედეგები შეუქცევადია. ხსენებულ პრინციპს მრავალი მიზანი გააჩნია. მისი საჯაროსამართლებრივი ინტერესი გამოიხატება, მაგალითად: სამართლებრივ განსაზღვრულობაში, სამართლებრივ უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და მართლმსაჯულობისადმი სანდოობაში. გადაწყვეტილების „საბოლოობის“ პრინციპი კერძო პირის უფლებასა და ინტერესსაც ემსახურება, რადგან ის ამით განმეორებითი სამართალწარმოებისგან დაცული იქნება.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება ყოველთვის ვერ გახდება ხელახალი სამართალწარმოებისათვის სამართლებრივი ბარიერი, რადგან შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმით შელახული განმცხადებლის ინტერესი აღემატებოდეს ამ გადაწყვეტილების გაუქმებით შელახულ ინტერესს. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებლისათვის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებასა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმა, გამართლებული ვერ იქნება.
სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ესაა გადაწყვეტილების თვისება, რომელსაც იგი იძენს გარკვეული, კანონით ზუსტად განსაზღვრული პირობების საფუძველზე. (იხ. თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005, გვ.377).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ერთმანეთისაგან განასხვავებენ გადაწყვეტილების ფორმალურ და მატერიალურ კანონიერ ძალას. გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერი ძალა ესაა გადაწყვეტილების თვისება, რომლის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს. სასამართლო გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერი ძალა გათვალისწინებულია სსსკ-ის 264-ე მუხლით. „დავა გადაწყვეტილია“ პრინციპიდან გამონაკლისს ითვალისწინებს სსსკ-ის 265-ე და 421-ე მუხლები, რომლებიც ითვალისწინებენ საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ფუნქციური დატვირთვით ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის რეალურად არსებობაა. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე - ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელთაც ერთმევათ უფლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი შედეგი კვლავ გახადონ სადავო (სსსკ-ის მე-10 მუხლი, XXVIII თავი). ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დასრულებული საქმისწარმოება შესაძლოა განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გზით, როგორც უკვე აღინიშნა, გათვალისწინებულია ამავე კოდექსის მე-11 კარით ( საქმის წარმოების განახლება) და აღნიშნული, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ მართლმსაჯულების სხვა აქტის შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ მიმართულია მხარის უფლებაზე, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას, როდესაც საქმისწარმოების განახლების საფუძველი განმცხადებლისათვის ობიექტურად იყო უცნობი საქმისწარმოების დასრულებამდე, არ აღმოჩნდეს არათანაბარ მდგომარეობაში. ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ ასეთი გარემოების არსებობა საკმარისი არაა და კანონმდებელი სავალდებულოდ მიიჩნევს, ერთი მხრივ, ამ გარემოების საფუძვლიანობის უტყუარად დადასტურებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის კვლევისათვის, პირველ რიგში, ყურადღებაა გასამახვილებელი კანონის იმ დანაწესზე, რომელიც საქმის წარმოების განახლების საპროცესო სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს, ხოლო შემდგომ დასადგენია ამ საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის კანონით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ-ის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. სსსკ-ის 423-ე მუხლის თანახმად კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დიკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და, გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების შესაბამისად, „არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით... საკუთრების ინტერესის არსებობა, რომელიც დადასტურებულია სავალდებულო და საბოლოო განჩინებით, წარმოადგენს განჩინების ბენეფიციარის „საკუთრებას“ №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დადგენილი მნიშვნელობით. ასეთი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა უტოლდება საკუთრებით სარგებლობაში ჩარევას.“ „საბოლოო გადაწყვეტილების გაბათილების უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით ისე, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნას დაცული სამართლიანი ბალანსი სხვადასხვა ინტერესებს შორის“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მეორე სექცია, საქმე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №18156/05, სტრასბურგი, 2010 წლის 27 მაისი, საბოლოო გახდა 2010 წლის 27 აგვისტოს, § 53; § 58; იხ. აგრეთვე : Brumărescu v. Romania [GC], no.28342/95, § 61, ECHR 1999-VII; Mitrea v. Romania, no. 26105/03, § 25, 29 July 2008; Nikitin v. Russia, no. 50178/99, § 57, ECHR 2004-VIII; Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX); შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე და მხარე ასეთ მტკიცებულებას საქმის განხილვის დროს ვერ წარადგენდა მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების გამო.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებები იურიდიული ფაქტებია, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საქმის სწორად გადასაწყვეტად, მაგრამ ეს გარემოებები არ იყო ცნობილი განმცხადებლისათვის. ამ გარემოებებზე (ფაქტებზე) დამოკიდებულია მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. ასეთი გარემოება უნდა შეეხებოდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამთავრებულ საქმეზე განხილულ მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობას და ზეგავლენის მოხდენა უნდა შეეძლოს საქმეზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე. კანონმდებელი ასეთად მიიჩნევს მხარის მიერ ახალი გარემოებისა და მტკიცებულების, ანუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტის (ფაქტობრივი ვითარების) და ისეთი მტკიცებულების შეტყობას, რომელიც საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე არსებობდა, ობიექტურად იყო უცნობი და საშუალო წინდახედულობის ფარგლებში მათი შეტყობა მხარისათვის შეუძლებელი იქნებოდა და ეს ფაქტი (ფაქტები) ცნობილი თუ იქნებოდა სასამართლოსათვის გადაწყვეტილების გამოტანის დროს, მაშინ სასამართლო გამოიტანდა საპირისპირო გადაწყვეტილებას (მთლიანად ან ნაწილობრივ). კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებს, რადგან საქმის წარმოების განახლება, როგორც საპროცესო მოქმედება, არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და, ამდენად, გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს. (იხ. სუსგ №ა-4083-ა-11-2021, 24 დეკემბერი, 2021; სუსგ №ას-7-2021, 18 მარტი, 2021).
„ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საკითხის გადასაწყვეტად, კანონი არ მოითხოვს სასამართლოს მიერ კანონის გამოყენების სისწორის, ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების, მტკიცებულებათა შეფასების სისწორის შემოწმებას. სასამართლოს მთავარი ამოცანაა გამოარკვიოს, არსებობს თუ არა სახეზე ახლად აღმოჩენილი გარემოებები მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში და დაადგინოს, მოახდინეს თუ არა მათ გავლენა გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების სისწორეზე (იხ. შალვა ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბილისი, 2015 წელი, 732.).“ მაშასადამე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებში იგულისხმება მხარეთა სადავო ურთიერთობისათვის სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ფაქტები; გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა ამ ფაქტების გაუთვალისწინებლად; თუ ეს ფაქტები ცნობილი იქნებოდა საქმის განმხილველი სასამართლოსათვის, მაშინ მათი გათვალისწინებით საქმეზე გამოტანილი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სადავო საკითხის შეფასებისას საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/8/765 გადაწყვეტილებას, რომლითაც: არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების /საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე/ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით /კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, გათვალისწინებული საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. გარდა ამისა, ამავე გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის /თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით/ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით /კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას/ გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (ამ განჩინების მიღების დროს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით მხედველობაშია 31-ე მუხლის პირველი პუნქტი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია).
ამავდროულად, პალატას მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას, საყურადღებოა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში გაკეთებული განმარტებები, კერძოდ: საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობისას, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, რიგ შემთხვევებში, სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნას წარმოადგენს; სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის სადავო ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა განაპირობა კანონმდებლის მიერ გონივრული ბალანსის დაუდგენლობამ იმ შემთხვევებში, როდესაც არ იკვეთება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სრულად (ყველა სამართლებრივი შედეგის) გაუქმების საჭიროება; წესი, რომელიც მოსამართლეს მისცემდა საშუალებას, გადაწყვეტილება მიეღო ინდივიდუალური გარემოებების შეფასების გზით, წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ნაკლებად მზღუდველ საშუალებას; თუ მოსამართლე მივა დასკვნამდე, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების შედეგების გაუქმებით შელახული ინტერესები აღემატება განმცხადებლის დაცულ ინტერესს, მაშინ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, არ გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება.
ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილებით სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა ეჭვქვეშ არ დამდგარა, არაკონსტიტუციურად სსსკ-ის 430.3 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი ჩაითვალა, რომელიც ამავე კოდექსის 423.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების ან მტკიცებულების არსებობისას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას იწვევდა, მიუხედავად იმისა, შეიცვლებოდა თუ არა გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგი. ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიზანი ისაა, რომ შესაბამისი რეგულაციის პირობებში, შესაძლებელი გახდეს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების მომთხოვნი მხარის ინტერესების იმგვარად დაცვა, რომ არ მოხდეს მეორე მხარის უფლების არაპროპორციულად შელახვა, რადგან ხსენებული გადაწყვეტილების მიხედვით, „აშკარაა, რომ იმ პირობებში, როდესაც არ დგინდება გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგების სრულად გაუქმების საჭიროება, გადაწყვეტილების გადახედვის საკითხთან მიმართებით, როგორც გადახედვის მომთხოვნ, ასევე მოწინააღმდეგე მხარეს შესაძლოა, ჰქონდეთ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით დაცული ინტერესები“. მოცემული თვალსაზრისით საკითხის შეფასებისას, ასევე, საგულისხმოა საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების სხვა ნაწილი, კერძოდ: „სადავო ნორმა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას იძლევა ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც დადგენილი არ არის გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგების სრულად შეცვლის საჭიროება. ამ ვითარებაში გადაწყვეტილების გაუქმება თავად სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნას არ წარმოადგენს. უფრო მეტიც, საქმის თავიდან განხილვის შედეგად, სასამართლომ შესაძლოა, გადაწყვეტილების მნიშვნელოვანი ნაწილის სამართლებრივი შედეგები არც კი შეცვალოს. ამდენად, სადავო ნორმა საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის იმ შემთხვევებშიც, როდესაც დადგენილი არ არის მისი მთლიანად გაუქმების, მისგან მომდინარე სამართლებრივი შედეგების სრულად შეცვლის საჭიროება. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილი ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.“
ზემოთ მოყვანილი განმარტებები ცხადყოფს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2018 წლის 7 დეკემბრის №2/8/765 გადაწყვეტილებაში არ უარყოფს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გამართლებულობას მაშინ, როდესაც ახლად აღმოჩენილი გარემოება/მტკიცებულება ძირეულ გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე და მისი არსებობის შემთხვევაში სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. საკონსტიტუციო სასამართლო, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას გაუმართლებლად მაშინ მიიჩნევს, როცა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების შედეგების გაუქმებით შელახული ინტერესები განმცხადებლის დაცულ ინტერესს აღემატება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა არ დამდგარა ეჭვქვეშ, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რაც ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა თუ მტკიცებულების არსებობისა და მისი საფუძვლიანობის შემთხვევაში „a priori“ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას იწვევდა, მიუხედავად იმისა შეიცვლებოდა თუ არა გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება უნდა დაეფუძნოს სასამართლოს მიერ გამოკვლეულ იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებულ დავას თუნდაც ნაწილობრივ, მაგრამ სხვაგვარად მოაწესრიგებს. საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებით მიზნად ისახავს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებით არ დაზიანდეს და საფრთხე არ შეექმნას სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოებაში არსებულ მაღალ ნდობას. საკონსტიტუციო სასამართლომ აგრეთვე მიიჩნია, რომ თუ მოსამართლე მივა დასკვნამდე, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების შედეგების გაუქმებით შელახული ინტერესები აღემატება განმცხადებლის დაცულ ინტერესს, მაშინ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, არ გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებისას, მნიშვნელოვანია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების არსებითად განხილვის დროს სასამართლო ხელმძღვანელობდეს იმ ამოსავალი დებულებით, რომ შეაფასოს, თუ რამდენად მოახდენს გავლენას საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიჩნეული გარემოება თუ მტკიცებულება განსაახლებელი საქმის სამართლებრივ შედეგზე. თუკი სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ სამართლებრივი სურათი საქმეზე, რომელზედაც მოთხოვნილია წარმოების განახლება, არ შეიცვლება, მან უარი უნდა უთხრას განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მარტოოდენ ფორმალურად არ უნდა გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. საქმის წარმოების განახლებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, იგი შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება სასამართლომ უნდა განიხილოს იმგვარად, რომ არსებითად გადაწყიტოს საქმის წარმოების განახლება შეცვლის თუ არა უკვე მიღებული გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს. ( იხ.სუსგ №ას-5815-2019, 14 დეკემბერი, 2021).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებისას, მნიშვნელოვანია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების არსებითად განხილვის დროს სასამართლო განცხადების განხილვის დროს ხელმძღვანელობდეს იმ ამოსავალი დებულებით, რომ შეაფასოს, თუ რამდენად მოახდენს გავლენას საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიჩნეული გარემოება თუ მტკიცებულება გასაახლებელი საქმის სამართლებრივ შედეგზე. თუკი სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ სამართლებრივი სურათი საქმეზე, რომელზედაც მოთხოვნილია წარმოების განახლება, არ შეიცვლება, მან უარი უნდა უთხრას განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მარტოოდენ ფორმალურად არ უნდა გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. საქმის წარმოების განახლებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, იგი შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება სასამართლომ უნდა განიხილოს იმგვარად, რომ არსებითად გადაწყიტოს საქმის წარმოების განახლება შეცვლის თუ არა უკვე მიღებული გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები: მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას;
ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ;
მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (შდრ. სუსგ #ვ-74-ა-5-2016, 17.06.2016 წ.).
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის მთავარი დასაბუთება, თუ რატომ უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება, მიმართულია სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერებასთან დაკავშირებულ საქმეზე N….., რომელიც განმცხადებლის მოსაზრებით ქმნის საქმის განახლების საფუძველს.
როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, განმცხადებელი ვალდებულია დაასაბუთოს ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობა, რომელსაც ექნება უკვე დამდგარი სამართლებრივი შედეგის შეცვლაზე არსებითი მნიშვნელობა. ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევა ისეთი ფაქტები, რომლებიც თუმცა არსებობდა საქმის წარმოების მიმდინარეობისას, მხარესთვის მისი არსებობა არ იყო ცნობილი. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების დაწყება ვერ მიიჩნევა ახლად აღმოჩენილი ფაქტობრივი გარემოების ზემოთთქმული დეფინიციის გამოხატულებად, რადგან სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული ქმედებები არ იყო საქმის განხილვის დროს პარალელურად არსებული გარემოებები, შესაბამისად, მათ შესახებ არაინფორმირებულობა სახეზე ვერ გვექნება.
მოწინააღმდეგე მხარის მიერ 2022 წლის 19 აპრილის შედავების მიხედვით, განცმხადებლის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებული სააპელაციო სასამართლოს წარმოება ასევე ვერ გახდება უკვე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან 2022 წლის 12 აპრილის განჩინებით საქმეზე N….. სააპელაციო სასამართლომ უკვე უთხრა ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივარს დაკმაყოფილებაზე უარი, შესაბამისად, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუნდაც სასამართლოს ჩაეთვალა განცმხადებლის მიერ მითითებული გარემოება ახლად აღმოჩენილად, მას კუმულაციურად უნდა დაეკმაყოფილებინა 423-ე მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, ახლად აღმოჩენილი გარემოება უნდა იყოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რაც საბოლოოდ განმცხადებლის სასარგებლოდ უნდა მოქმედებდეს. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი ვერც ამ ნაწილს ასაბუთებს, შესაბამისად, მისი განცხადება ვერ აკმაყოფილებს სსსკ-ის 423-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის ვერც ერთ კუმულაციურ მოთხოვნას, რის გამოც, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 421-ე მუხლის პირველი ნაწილით, 423-ე, 430-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ლ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მირანდა ერემაძე
მოსამართლეები: ლევან მიქარებიძე
ვლადიმერ კაკაბაძე