Facebook Twitter

საქმე № ას-844-2021 16 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ა-ა.გ--“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ყ-ლი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 აპრილი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ა-ა.გ-ს“ (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდა, კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4 605.04 ლარის გადახდა.

2. კასტორის განმარტებით, სამართლებრივი ნორმების არასათანადო განმარტების შედეგად სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. კასატორის განმარტებით, სააპელაციო საჩივრის პასუხად წარდგენილ შესაგებელში მითითებული იყო არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რომელიც სასამართლომ არ გაითვალისწინა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

7.1. მოსარჩელემ, მოპასუხის მეშვეობით, 2019 წლის 21 ივნისს შეიძინა თბილისი პარიზი თბილისის მიმართულების ბილეთი, 18.07.2019 – 9:00, შეძენისას გადაიხადა ავიაბილეთების საფასური 2 610 ლარი.

7.2. მოსარჩელემ 2019 წლის 18 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიძინა 2 ავიაბილეთი იმავე ავიარეისზე, რომელზეც შეძენილი ჰქონდა ავიაბილეთები მოპასუხის მეშვეობით. აეროპორტში შეძენილ ბილეთებში გადაიხადა 4 605.40 ლარი.

7.3. მოსარჩელე, თანმხლებ პირთან ერთად, 2019 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 6:30 საათზე პარიზში გამგზავრების მიზნით გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. რეგისტრაციის გავლისას, მოსარჩელეს ოპერატორმა აცნობა, რომ მიუხედავად მოპასუხე კომპანიის მეშვეობით ბილეთების შეძენისა, აღნიშნული ბილეთები ბაზაში არ იძებნებოდა, ამდენად არ დგინდებოდა შეძენის ფაქტი.

7.4. მოსარჩელემ აეროპორტიდანვე სცადა მოპასუხე კომპანიასთან დაკავშირება ცხელ ხაზზე, თუმცა, უშედეგოდ.

7.5. ფრენის ოპერატორი კომპანიის „Air France“-ის წარმომადგენელთან გასაუბრების შემდეგ, მოსარჩელე იძულებული გახდა, აეროპორტში ხელახლა შეეძინა 2 ავიაბილეთი იმავე ავიარეისზე, რომელზეც 2019 წლის 21 ივნისს მოპასუხის მეშვეობით ჰქონდა შეძენილი ბილეთები, რაშიც 4 605.40 ლარი გადაიხადა.

8. საკასაციო სასამართლო, საქმეზე დადგენილი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, განმარტავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გამყიდველის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 477-ე „ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი; მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება; თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე“, 487-ე „გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი“, 488-ე მუხლი „ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის“, 491(I)-ე „მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით“, 491 (II)-ე „გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები“, 494(I)-ე „ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით“, 394(I)-ე „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის“ მუხლები წარმოადგენს.

9. სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ, მოპასუხე კომპანიის მეშვეობით შეიძინა ორი ავიაბილეთი.

10. მოსარჩელის მიმართვის პასუხად კომპანია „Air France“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოპასუხე კომპანიამ სათანადო წესით არ გამოწერა ბილეთები, კერძოდ აღნიშნულ ბილეთებზე არ იყო ასახული ნომერი, არამედ, მხოლოდ ჯავშანს ადასტურებდა, რაც არ იყო საკმარისი ბილეთის შესაძენად და ამავე ბილეთის საფუძველზე გამგზავრებისთვის.

11. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც მოპასუხე კომპანიასა და კომპანია „ს-ოს ა-ბს“ შორის მიმოწერას ასახავს და რომლითაც მოპასუხე კომპანიის შეკითხვაზე შეიძლებოდა თუ არა წარდგენილი ბილეთების საფუძველზე ფრენის განხორციელება, შესაბამისი ელექტრონული ნომრების გარეშე, დადებითი პასუხია მიღებული, ვერ გამორიცხავს განსახილველი დავის ფარგლებში მოპასუხე კომპანიის ბრალეულობას დამდგარ შედეგთან მიმართებით, მით უფრო მაშინ როდესაც „ს-ოს ა-ბს“ მოცემული დავასთან კავშირი არ აქვთ.

12. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელემ 2019 წლის 21 ივნისს შეძენილი ავიაბილეთებით, თანმხლებ პირთან ერთად ვერ შეძლო გაფრენა, რის გამოც იძულებული გახდა ხელმეორედ შეეძინა ბილეთები 4 605.40 ლარად, რის გამოც მიადგა ზიანი.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.

14. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა-ა.გ-ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ა-ა.გ-ს“ (----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ. ნ-ას (----) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №---, გადახდის თარიღი 2021 წლის 6 სექტემბერი), 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე