24 მაისი 2022 წელი
№ას-227-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნ.კ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ს.რ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს.რ–ძემ 2020 წლის 23 ივნისს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ნ.კ–ძის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (მდებარე: ქ. ბათუმი, ........, ბინა N 47, ს/კ ......., ფართით 55.98 კვ.მ.) გამოთხოვისა და ამ ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან, მისი გამოსახლების გზით, გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ......, ბინა N 47, ს/კ ......, ფართით 55.98 კვ.მ. და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. მოსარჩელეს უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. მოსარჩელე წარმოადგენს ქ. ბათუმში, ......მდებარე უძრავი ქონების, N47 ბინის (ს/კ .......) მესაკუთრეს.
5.2. სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება მოსარჩელემ მოიპოვა ბიძის - ბ.ჯ–ძის მიერ გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე.
5.3. მოპასუხე მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს და არ ათავისუფლებს მას.
5.4. მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ უძრავი ნივთის ფლობის ფაქტი თავადვე დაადასტურა მოპასუხემ, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში, ისე - სააპელაციო საჩივარში. სასარჩელო მოთხოვნის წინააღმდეგ, მოპასუხის პრეტენზია შეეხებოდა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ის სხვა პირებთან (ოჯახის წევრებთან) ერთად წლების განმავლობაში, კანონიერად (ქირით) ცხოვრობდა სადავო ბინაში, უძრავი ქონების ყოფილ მესაკუთრესთან ქირავნობის შესახებ ზეპირი სახით, განუსაზღვრელი ვადით დადებული გარიგების საფუძველზე.
5.5. მოსარჩელე მხარემ არ უარყო მოპასუხესა და უძრავი ქონების ყოფილ მესაკუთრეს შორის ქირავნობის შესახებ ზეპირი შეთანხმების არსებობის ფაქტი, თუმცა მიუთითა, რომ საჯარო რეესტრში, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრაციისთანავე (2019 წლის 20 აგვისტო), მან მოპასუხეს მოსთხოვა უძრავი ქონების გამოთავისუფლება და მესაკუთრისათვის დაბრუნება. მოპასუხემ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, უარი განაცხადა სადავო ქონების მოსარჩელისათვის გადაცემაზე.
5.6. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სანივთო უფლებიდან, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა იმ საკითხის შეფასება გააჩნია თუ არა მოპასუხეს უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობდა თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის - მოსარჩელის ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხველი გარემოება.
5.7. პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით, რომელთა თანახმადაც, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. როგორც ზემოხსენებული ნორმების ანალიზი ცხადჰყოფს, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება მესაკუთრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და მისი უზრუნველყოფა სავინდიკაციო სარჩელის შეტანის გზით ხდება. მოთხოვნა დაკმაყოფილდება სამი წინაპირობის არსებობის შემთხვევაში: უნდა არსებობდეს ნივთის მესაკუთრე, უნდა არსებობდეს ნივთის მფლობელი და მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
5.8. დასახელებული ნორმების შესაბამისად, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ანუ ხორციელდება, თუ არა მფლობელობა საამისო უფლების მქონე პირის გარეშე.
5.9. მხარეთა შორის სადავო იყო ის გარემოება, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის ბინის ქირა არ გადაუხდია.
5.10. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ქირის გადახდის ან მოსარჩელის თანხმობით სადავო ბინის მფლობელობის ფაქტს.
5.11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი შეფასების მიზნით მიუთითა, რომ ვინდიკაციურ სარჩელებზე მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: მოსარჩელე მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომ ის წარმოადგენს იმ ნივთის მესაკუთრეს, რომლის გამოთხოვასაც ითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და რომ ეს ნივთი იმყოფება მოპასუხის არამართლზომიერ მფლობელობაში. მოპასუხის მტკიცების ტვირთს კი, წარმოადგენს მის მიერ სადავო ნივთის ფლობის მართლზომიერების დადასტურება.
5.12. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ უძრავი სადავო ქონება 2019 წლის 20 აგვისტოდან საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე.
5.13. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედი უტყუარობის პრეზუმფცია შედავებული არ იყო, მოსარჩელის საკუთრების უფლება უძრავ ნივთთან მიმართებით მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.
5.14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენდა მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელობა, რომლის დადასტურებაც გამორიცხავდა მოსარჩელის მიერ აღძრული მოთხოვნის მართებულობას. ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით განხილვის შედეგად პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების - უძრავი ნივთის ფლობის მართლზომიერების დადასტურება. სახელდობრ, დადგენილი იყო, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრების უფლება შეცილებული და სადავოდ გამხდარი არ იყო და უძრავ ქონებას ვალდებულებით-სამართლებრივი შეზღუდვა არ გააჩნდა.
5.15. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე (ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა), 558-ე (გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში), 559.3-ე (თუ ქირავნობის ხელშეკრულების ვადა არ არის განსაზღვრული, ქირავნობის ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების მოშლის შესახებ განცხადების გაკეთებით) და 561-ე (ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს სამ თვეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმის გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს) მუხლების დანაწესები, იმ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ მოპასუხესა და უძრავი ნივთის ყოფილ მესაკუთრეს შორის არსებობდა განუსაზღვრელი ვადით დადებული გარიგება ქირავნობის შესახებ, რომლის მოშლა მოსარჩელემ მოითხოვა 2019 წლიდან, ასევე ის გარემოება, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის ქირავნობის თანხა 2019 წლიდან დღემდე არ გადაუხდია, გამორიცხავდა მოპასუხის/აპელანტის მტკიცებას, რომ მას გააჩნია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფლობის მართლზომიერი საფუძველი.
5.16. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კანონმდებლის ნებით, საკუთრების არსებითი შინაარსი მის ექსკლუზიურობაშია - გამორიცხოს ყველა ადამიანი სხვა პირის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვისაგან. საკუთრების უფლების ექსკლუზიურობა პირს აძლევს ძალაუფლებას დაუპირისპირდეს სხვა ნებისმიერი პირის ჩარევას (ზ/ჯ, საკუთრების უფლების ექსკლუზიური ხასიათი და საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენება, 2012, გვ. 300; ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, თბილისი, 2003, გვ. 83.) საკუთრების უფლება თავისი სრული, ექსკლუზიური ხასიათის გამო განსაკუთრებული უფლებაა, თუმცა მის გამოყენებასაც ახლავს შეზღუდვები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესების უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.
5.17. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია უფლების ბოროტად გამოყენებას, რადგან მესაკუთრის ქმედება ობიექტურად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეფასდეს საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენებად, თუ მის ქმედებას სხვა მიზანი არ ჰქონდა, გარდა სხვა პირისათვის ზიანის მიყენებისა და მისი განხორციელება მესაკუთრის ინტერესში არ შედიოდა. ამდენად, უფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს უფლებით ისეთ სარგებლობას, როდესაც უფლების გამოყენება მხოლოდ სხვა პირებისათვის არის ზიანის მომტანი, ხოლო მესაკუთრის კანონიერი ინტერესებისათვის არ არის სარგებლის მომტანი, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის.
5.18. უტყუარად იყო დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე უკანონოდ ფლობს მოსარჩელის უძრავ ქონებას, რადგან მხარეთა შორის აღარ არსებობს კანონშესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მესაკუთრე შეიძლებოდა შეზღუდულიყო მოპასუხესთან (აპელანტთან) მიმართებით, ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს, შესაბამისად, არ არსებობს კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები და გამოითხოვოს ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა სარჩელი.
5.19. პალატამ დამატებით მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა სრულად შეესაბამებოდა როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალს - ისე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას მსგავსი ტიპის დავებზე (სუსგ ას-1099-2019, 3 ოქტომბერი, 2019 წელი).
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
6.1. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ კასატორი სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელია.
6.2. სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს, სადავოა ის, ფლობს თუ არა აღნიშნულ უძრავ ნივთს მოპასუხე არამართლზომიერად. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მოპასუხე ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, წლების განმავლობაში ფლობდა და სარგებლობდა სადავო ქონებით. მოსარჩელე კი, ხსენებული ქონების მესაკუთრე გახდა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ამ უკანასკნელმა ქონების გამოთავისუფლება და გადაცემა ისე მოითხოვა, რომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხემ სადავო საცხოვრებელი ბინა გაარემონტა და ხარჯი იმ მიზნით გაწია, რომ ის იცხოვრებდა და ისარგებლებდა ამ ქონებით.
6.3. სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოპასუხე არამართლზომიერად ფლობს სადავო ქონებას, შესაბამისად, არსებობდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, მაშინ, როდესაც, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე მოპასუხე ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდა სადავო ქონებას, ჩუქების ხელშეკრულებით კი, დასაჩუქრებულზე გადადის იგივე უფლებები და ვალდებულებები, რაც მჩუქებელს გააჩნია.
6.4. სადავო საცხოვრებელ ბინაში მოპასუხე ამ ქონების ძველ მესაკუთრესთან არსებული ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე წლებია ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს და იხდის ქირას. თუკი ქონების ახალ მესაკუთრეს სურს თავისი საკუთრება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს, მან ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად უნდა მოითხოვოს.
6.5. სასამართლოს ყურადღება უნდა მიექცია იმ გარემოებისთვის, რომ მოპასუხის გარდა სადავო სახლში ცხოვრობენ სხვა პირებიც და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზ, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245; სუსგ №ას-457-2021, 05.10.2021წ.)
11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; სუსგ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.).
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
13. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს, ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე სადავო ქონების მფლობელია.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ. Nას-1579-2019, 17.12.2019წ.).
15. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ ის მართლზომიერად ფლობს სადავო უძრავ ქონებას, ხოლო ის გარემოებები რასაც კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს, საკასაციო სასამართლოს არარელევანტურად მიაჩნია, მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონების მართლზომიერების სამტკიცებლად. ამდენად, არ არსებობს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან აღნიშნული ქონების გამოთხოვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება.
16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ Nას-887-2019, 27.12.2019წ.).
17. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე (ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა), 558-ე (გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში), 559.3 (თუ ქირავნობის ხელშეკრულების ვადა არ არის განსაზღვრული, ქირავნობის ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების მოშლის შესახებ განცხადების გაკეთებით) და 561-ე (ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს სამ თვეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმის გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს) მუხლების დანაწესები, იმ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ მოპასუხესა და უძრავი ნივთის ყოფილ მესაკუთრეს შორის არსებობდა განუსაზღვრელი ვადით დადებული გარიგება ქირავნობის შესახებ, მოპასუხეს მოსარჩელისათვის ქირავნობის თანხა 2019 წლიდან დღემდე არ გადაუხდია და მოსარჩელემ მოითხოვა სადავო ქონებაზე მფლობელობის შეწყვეტა, გამორიცხავდა მოპასუხის მიერ სადავო ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტს.
18. უდავოა, რომ მოპასუხესა და ქონების ყოფილ მესაკუთრეს შორის დადებული იყო ქირავნობის ხელშეკრულება, მესაკუთრე მიუთითებს ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობაზე 2019 წლიდან (მოსარჩელის მითითებით ასევე 15 წლის მანძილზე რამდენჯერმე თუ ექნება ქირა გადახდილი მოპასუხეს), რის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მოსარჩელის მითითებით, სადავო ქონებაზე მესაკუთრედ რეგისტრაციის დღიდან _ 2019 წლის 20 აგვისტოდან არაერთხელ მიმართა მოპასუხეს შეეწყვიტა მფლობელობა უძრავ ქონებაზე. მითითებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი წერილობითი შესაგებლით შედავება არ განუხოციელებია. კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელემ ქონების გამოთავისუფლება და გადაცემა ისე მოითხოვა, არ გაითვალისწინა მოპასუხის მიერ სადავო საცხოვრებელ ბინაზე განხორციელებული რემონტი და გაწეული ხარჯი. პალატა განმარტავს, რომ მესაკუთრის შეტყობინება და დამქირავებლის მიმართ მოთხოვნა უძრავ ქონებაზე მფლობელობის შეწყვეტის შესახებ, არის ქირავნობის ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებით ნების გამოხატვა. რაც შეეხება სადავო ქონების რემონტისა და გაუმჯობესების ხარჯებს, აღნიშნულის თაობაზე მოპასუხეს სასარჩელო წარმოებით მოთხოვნა არ დაუყენებია და ამ ხარჯების გაწევის ფაქტი, არც საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადასტურებულა. ამდენად, მოპასუხეს სადავო ქონების ფლობის მართლზომიერი საფუძველი აღარ გააჩნია.
19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კასატორის ვერც ის პრეტენზია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია მოპასუხესთან ერთად მცხოვრებ პირებზე. ამ თვალსაზრისით, პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა“ შესახებ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ მოვალეთა გამოსახლება უძრავი ქონებიდან ხდება მათთან მყოფ პირებთან ერთად, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებას არ გამორიცხავს (სუსგ №ას-881-2019, 25.07.2019).
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს (შდრ. სუსგ-ებები: №ას-292-2020, 16.12.2020წ.; №ას-434-2019, 30.01.2020წ.; № ას-1032-952-2017, 17.10.2017წ.; № ას-1082-1039-2016, 14.02.2017წ.; № ას-3-3-2016, 09.03.2016წ.).
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ნ.კ–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს მ.პ–ძის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის (საგადახდო დავალება № 28500255, გადახდის თარიღი 22.03.2022წ.) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი