საქმე №ას-504-2022 21 ივნისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს.ც–ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები - ე.ც–ია, ჯ.ც–ია
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.03.2022 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „თ.ბ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა ს.ც–იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“, „აპელანტი“, „კერძო საჩივრის ავტორი“) ე.ც–იას და ჯ.ც–იას (შემდეგში ტექსტში პირველ მოპასუხესთან ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 60 643.23 ლარის დაკისრება (თავდები პირების პასუხისმგებლობის ლიმიტი - 55 876.80 ლარი); დავალიანების გადახდევინების მიზნით პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია: მისამართი - ქ. ზუგდიდი, ......, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი № ......; მისამართი - ქ. ზუგდიდი, ....., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №......; იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული თანხის დასაფარად, მოპასუხეების სხვა ქონების აღსასრულებლად მიქცევა.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 15.08.2018 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაადგინა, რომ გზავნილი (სარჩელი და თანდართული დოკუმენტები) მოპასუხეებს ჩაჰბარდათ 24.06.2018წ.. სასამართლომ იხემძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 2321-ე მუხლით და შესაგებლის წარუდგებლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 01.12.2021 წლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწვეტილება. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.03.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს ხარვეზის შესავსებად მიეცა 10-დღიანი ვადა. ამავე განჩინებით განემარტა აპელანტს, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს ორჯერ გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თუმცა გზავნილები აპელანტს ვერ ჩაჰბარდა. ჩაუბარებლობის მიზეზად მიეთითა, რომ სახლში არავინ იყო.
4.2. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ს 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიიჩნია, რომ გზავნილი აპელანტისთვის ჩაბარებულად ჩაითვალა. ჩაბარების თარიღად განისაზღვრა უკუგზავნილის თარიღი, ანუ 23.02.2022 წელი. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის 59-ე, 63-ე მუხლების, მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა 24.02.2022 წლიდან დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.03.2022 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ფარგლებში შემოწმების ობიექტია სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი (აპელანტს უნდა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი (ს.ფ.131-136)) და აპელანტს მის შესავსებად მიეცა 10-დღიანი ვადა. ამავე განჩინებით განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.
10. სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
11. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, სასამართლო უწყება თუ გზავნილი გაუგზავნოს როგორც უშუალოდ მხარეს, ისე მის წარმომადგენელს, ასევე, გზავნილი გააგზავნოს აღნიშნულ პირთა მიერ საქმეში მითითებული მისამართებიდან ნებისმიერზე, საკუთარი შეხედულებით. შესაბამისად, კანონმდებელი არ ითვალისწინებს რაიმე დათქმას, სასამართლოს მიერ მხარის მისამართის არჩევასთან დაკავშირებით. აღნიშნული იმითაცაა განპირობებული, რომ მხარე ვალდებულია, მიუთითოს ისეთი მისამართი, სადაც მისთვის სასამართლო კორესპონდენციის მიღება ხელმისაწვდომი იქნება. სასამართლო უწყება/გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი მხარეს ან მის წარმომადგენელს გაეგზავნა მათ მიერ მითითებულ მისამართზე ორჯერ მაინც (სუსგ №ას-208-2022, 29.04.2022წ.).
12. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის დადგენის შესახებ 31.01.2022 წლის განჩინება აპელანტს გაეგზავნა საჩივარსა და სააპელაციო საჩივარში თავად მის მიერ მითითებულ მისამართზე - ქ. ზუგდიდი, ...... (იხ. ს.ფ.95, 116, 137). "შეტყობინების ბარათზე გზავნილების ჩაბარების შესახებ" მითითებულია, რომ სახლში არავინ იყო (იხ. ს.ფ.138). ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს ხელმეორედ გაეგზავნა ზემოაღნიშნულ მისამართზე, თუმცა გზავნილი იმავე მიზეზით ვერ ჩაჰბარდა ადრესატს, "შეტყობინების ბარათი გზავნილების ჩაბარების შესახებ" დათარიღებულია 23.02.2022 წლით (იხ. ს.ფ. 140, 141). ამდენად, სააპელაციო სასამართლომ კანონით დადგენილი წესით ორჯერ გაუგზავნა აპელანტს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება თავად აპელანტის (მოპასუხის) მიერ დასახელებულ მისამართზე და იგი სსსკ-ის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ჩაბარებულად მართებულად მიიჩნია. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 24.02.2022 წლიდან (აპელანტისთვის მის მიერ მითითებულ მისამართზე გზავნილის განმეორებით მიტანის მომდევნო დღიდან) და ამოიწურა ამავე წლის 7 მარტს - ორშაბათს (რადგან ხარვეზის შევსევის ბოლო დღე იყო 5 მარტი - შაბათი). აპელანტს აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
13. კერძო საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ აქვს მოლაპარაკების და დავის მორიგებით დასრულების სურვილი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიმართ არ დარღვეულა მორიგებით დავის დასრულების უფლება, რამდენადაც მხარეებს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ მორიგების მიღწევა, მათ შორის, გადაწყვეტილების აღსრულების პროცესშიც (შდრ. სუსგ. №ას-2-2021 , 30.11.2021წ., №ას-893-2021, 31.01.2022წ., პ.16).
14. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: №ას-1033-2018, 30.10.2018წ. პ.23; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ., პ.17).
15. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5; სუსგ №ას-1615-2019, 14.01.2020წ.). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები) (სუსგ. Nას-693-2019, 28.06.2019წ., Nას-1615-2019, 14.01.2020წ.).
16. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების საფუძველი და კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ც–იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.03.2022 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მომხსენებელი: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია