Facebook Twitter

3გ-ად-47-გ-02 10 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მ.-ი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. ჯ.-ისა და მ. ბ.-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობის საკითხი.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 10.02.99წ. ¹67 ბრძანებით, პოლიციის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელისათვის, რაც გამოიხატა საქართველოს შს მინისტრის 17.03.97წ. ოპერატიულ თათბირზე მიღებული ,,ტვირთების უკანონო გაცილების შესახებ” გადაწყვეტილების მოთხოვნების უხეშ დარღვევაში, დაკავებული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნენ შს ორგანოებიდან შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების ინსპექტორი, პოლიციის ლეიტენანტი მ. ბ.-ე და გორის შს სამმართველოს გორის შს განყოფილების კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანაყოფის ინსპექტორი, პოლიციის ლეიტენენტი ნ. ჯ.-ე.

მ. ბ.-მ და ნ. ჯ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვეს დაკავებულ თანამდებობებზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 24.10.02წ. განჩინებით მ. ბ.-ის და ნ. ჯ.-ის სარჩელი შს სამინისტროს მიმართ განსჯადობის მიხედვით გადაეგზავნა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტების თანახმად, მინისტრის ბრძანება თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ, უფრო ზუსტად ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტს, სასკ მე-6 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად სარჩელებს საქართველოს სამთავრობო დაწესებულების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ საოლქო სასამართლოები.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 06.11.02წ. განჩინებით მ. ბ.-ის და ნ. ჯ.-ის სასარჩელო განცხადება სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად, გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას. საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეების შს ორგანოებში დანიშვნა მოხდა მხარეებს შორის ადმინისტრაციული გარიგების დადების შედეგად. მინისტრის ბრძანება მოსარჩელეების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ წარმოადგენს ერთჯერად სამართლებრივ აქტს, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციულ გარიგებასთან დაკავშირებით და ადასტურებს ამ გარიგების ცალმხრივად მოშლას. ვინაიდან განსახილველი სამართალურთიერთობა ადმინისტრაციული გარიგების მოშლას უკავშირდება, საოლქო სასამართლოს კოლეგიამ მიიჩნია, რომ სარჩელი რაიონული სასამართლოს განსჯად საქმეთა რიცხვს განეკუთვნება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, განსჯადობის თაობაზე რაიონულ და საოლქო სასამართლოთა განჩინებების გაცნობის შედეგედ მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული დავა განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში ფიზიკურ პირებს _ მ. ბ.-ს, ნ ჯ.-ის და ადმინისტრაციულ ორგანოს _ საქართველოს შს სამინისტროს შორის, შს მინისტრის ¹67 ბრძანებით შეწყდა საჯარო-სამართლებრივი სამსახურეობრივი ურთიერთობა. ამდენად, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული გარიგების _ საჯარო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება. შესაბამისად, სარჩელი წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული საქმეს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართლწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შსს მინისტრის სადავო ბრძანება ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ელემენტებს, სახელდობრ, ბრძანება ადმინისტრაციული ორგანოს _ საქართველოს შს მინისტრის მიერ მიღებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, არის ინდივიდუალურ-სამართლებრივი ხასიათის და კონკრეტულად მოსარჩელეებსა და ადმინისტრაციულ ორგანოს _ შს სამინისტროს შორის საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას ეხება. ამასთანავე, ბრძანების სამართლებრივ შედეგს და მიზანს წარმოადგენს სამსახურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტა, ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება მუშაკის სამუშაოზე მიღების ან გათავისუფლების შესახებ, თავისი არსით, არ არის ადმინისტრაციული აქტი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 21.10.02წ. განჩინება ზ. ფ.-ის სარჩელის განსჯადობის შესახებ). შესაბამისად, სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა სადავო ბრძანების, როგორც ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის კანონიერებაზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 6.1 მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ ადმინისტრაციული გარიგების დადების ან შესრულებასთან დაკავშირებულ სარჩელებს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის ფასი 500000 ლარს აღემატება. ამდენად, პროცესუალური სუბიექტების, სადავო სამართალურთიერთობის არსისა და დავის საგნის მიხედვით, მოცემული სარჩელი არის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული, თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული დავა და ამავე კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ბ.-ისა და ნ. ჯ.-ის სასარჩელო განცხადება განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს;

2. მ. ბ.-ისა და ნ. ჯ.-ის სასარჩელო განცხადება საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. საქართევლოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.