საქმე №ას-891-2022 05 სექტემბერი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ნ. ო-ლი (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ო-ლი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ხელშეკრულების გაუქმება, მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, ნ. ო-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ასევე 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. ო-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინების გაუქმება, საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა ხარვეზის შევსება, კერძოდ 2 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დედანი ქვითრის წარმოდგენა. ხარვეზის შესავსებად კასატორს განესაზღვრა შვიდი დღე.
2022 წლის 19 ივლისს, განჩინებით განსაზღვრული ვადის დაცვით, ნ.იკა ო-მა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობით მომართა სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით, აღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და კასატორს კვლავ დაევალა 2 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დედანი ქვითრის წარმოდგენა. ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა შვიდი დღე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი საჩივრის ავტორს ეცნო 2022 წლის 02 აგვისტოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინება კასატორს სატელეფონო კომუნიკაციის გზით ეცნო და ჩაბარდა 2022 წლის 02 აგვისტოს, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ვადის დენა განისაზღვრა 2022 წლის 03 აგვისტოდან 2022 წლის 09 აგვისტოს ჩათვლით.
აღნიშნული დროის განმავლობაში საკასაციო საჩივრის ავტორს არ მოუმართავს სასამართლოსთვის, შესაბამისად, მან გაუშვა 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების ვადა, რაც საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ო-ის საკასაციო საჩივარი, დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ო-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მირანდა ერემაძე