Facebook Twitter

საქმე №ას-1680-2019 30 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვით

საკასაციო საჩივრის ავტორი – ს. ი-ნი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ი-ნა (მოსარჩელე)

არასრულწლოვანი – ს. ი-ნი, წარმომადგენელი სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

ცენტრალური ორგანო – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული ბავშვის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ვ. ი-ნა (შემდგომში - „მოსარჩელე“, დედა“ ან „აპელანტი“) 2012 წლიდან 2016 წლის აგვისტომდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს. ი-თან (შემდგომში - „მოპასუხე“, „მამა“ ან „კასატორი“). მხარეებს ჰყავთ საერთო შვილი, ს. ი-ნი (შემდგომში - „არასრულწლოვანი“, „შვილი“ ან „ბავშვი“), დაბადებული 20.. წლის 27 აპრილს.

2. მხარეთა შორის ურთიერთობა ვერ შედგა და ერთმანეთს დაშორდნენ, რის შემდეგაც მოსარჩელე არასრულწლოვან შვილთან ერთად 2016 წლის აგვისტოში საცხოვრებლად გადავიდა მშობლების სახლში შემდეგ მისამართზე: მოგილიოვის ოლქი, ქ. ….., …… ქ. №... მამა აკითხავდა ბავშვს საცხოვრებელ ადგილზე მისთვის მოსახერხებელ დროს.

3. არასრულწლოვანი არის ბელარუსის მოქალაქე.

4. 2017 წლის 12 აპრილს არასრულწლოვანი წაიყვანა მამამ დედის თანხმობით, იმ პირობით, რომ იმავე წლის 17 აპრილს მას უკან დააბრუნებდა. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ მამამ ბავშვი დედასთან არ დააბრუნა, თუმცა დედას შვილთან ურთიერთობა და კავშირი არ გაუწყვეტია.

5. ქ. მინსკის ….. რაიონის სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №----) არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი: ქ. ----, --- ოლქი, --- ქ. №-- (იხ. ტ. I, ს.ფ. 12, 27-36).

6. ქ. მინსკის ---- რაიონის სასამართლოს 2018 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №---) მამას არასრულწლოვანი შვილის საზღვარგარეთ გაყვანის ნებართვა მიენიჭა მხოლოდ დედის წერილობითი თანხმობით (იხ. ტ. I, ს.ფ. 7-9), თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის არასრულწლოვანს უკვე დატოვებული ჰქონდა ბელარუსის საზღვარი 15.06.2016წ. სანოტარო წესით დამოწმებული „თანხმობის“ მეშვეობით.

7. 15.06.2016წ. „თანხმობის“ მიხედვით, მშობლებმა თანხმობა განაცხადეს ბავშვის ბელარუსის რესპუბლიკიდან დროებით გამგზავრებაზე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ბავშვთა საორგანიზაციო ჯგუფის შემადგენლობაში ჯგუფის ხელმძღვანელის თანხლებით, ან როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა პასუხისმგებელი პირების თანხლებით (იხ. ტ. I, ს.ფ. 126-127).

8. მამა შვილთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა 2018 წლის ივლისში. მან განაცხადა, რომ აპირებს იცხოვროს საქართველოში და უარს ამბობს არასრულწლოვნის უკან დაბრუნებაზე, რადგან არ ეთანხმება ბელარუსის სასამართლოს გადაწყვეტილებას (იხ. ტ. I, ს.ფ. 2; 08.10.2019წ. სხდომის ოქმი).

9. საქართველოში ჩამოსვლამდე მამა შვილთან ერთად იმყოფებოდა უკრაინასა და ეგვიპტეში დაახლოებით 4 თვე.

10. ამჟამად არასრულწლოვანი მამასთან ერთად ცხოვრობს საქართველოში, ქ. ----.

11. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს …. სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის 14.09.2018წ. დასკვნის თანახმად, არასრულწლოვნის ამჟამინდელ საცხოვრებელს წარმოადგენს ორ- სართულიანი კეთილმოწყობილი სახლის პირველ სართულზე ორ ოთახიანი ბინა (საძინებელი, მისაღები, სამზარეულო, აბაზანა-ტუალეტი). საცხოვრებელში არის თანამედროვე ავეჯი და ტექნიკა. ოთახები არის ნათელი და მზიანი. საცხოვრებელს აქვს კეთილმოწყობილი ეზო და ნახევრად ღია აივანი. ეზოში დაცულია არასრულწლოვნის უსაფრთხოება. კიბის საფეხურებს აქვს მოაჯირი. საცხოვრებელში მოწესრიგებულია ელ. გაყვანილობა. საძინებელ ოთახში არის ორი საწოლი. მამა-შვილი იძინებს ერთ ოთახში, მაგრამ ცალ-ცალკე საწოლებში. საძინებელში არის ტანსაცმლის კარადა. ბავშვს აქვს ასაკისა და სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, პირადი ნივთები, წიგნები, დიდი რაოდენობის სათამაშოები. მამა სათანადო მნიშვნელობას ანიჭებს შვილის მოვლა-მეთვალყურეობის საკითხებს, ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე და განათლებაზე. არასრულწლოვნის კვების რაციონში არის ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი, ტკბილეული და ხილი. ჰიგიენური საშუალებები არის საბავშვო. არასრულწლოვანს აქვს ურთიერთობა თანატოლებთან (მამის მეგობრების შვილები და მეზობლები). მათთან პერიოდულად დადიან სტუმრები, როგორც საქართველოდან, ისე სხვადასხვა ქვეყნებიდან. მამის განმარტებით, იგი არასრულწლოვან შვილთან ერთად დადის სასეირნოდ ზღვაზე, საბავშვო ატრაქციონებზე, ესწრებიან კონცერტებს, მოგზაურობენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ეცნობიან საქართველოს ღირსშესანიშნაობებს და კულტურას. მამა გეგმავს ქ. ---- ცხოვრების გაგრძელებას. ამჟამად მიმდინარეობს საბავშვო ბაღის შერჩევა. მცირეწლოვანი სწავლობს ქართულ ენას კომპიუტერით. მამის მტკიცებით, მისი ყოფილი მეუღლე არის ერთ-ერთი სექტის წევრი, რომლის ხელმძღვანელი არის ექსტრასენსი მ. კ-ვი. სწორედ ამ უკანასკნელთან ნაცნობობის შემდეგ დაეწყოთ მხარეებს ოჯახური კონფლიქტი. არასრუწლოვანი იცნობს ამ პიროვნებას. არსებობს ფაქტები, როდესაც არასრულწლოვანს კეტავდნენ ცალკე ოთახში, ძალადობდნენ ფიზიკურად. იგი იმყოფებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ (იხ. ტ. I, ს.ფ. 257-259).

12. არასრულწლოვანი დაბადებიდან 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ბელარუსში, დადიოდა საბავშვო ბაღში და იმყოფებოდა სამედიცინო აღრიცხვაზე. მას ბელარუსში ჰყავს მამის მხრიდან ძმები (არასრულწლოვნები), მამის მხრიდან ბებია-ბაბუა და დედის მხრიდან ბებია. ასევე, ჰყავს მამიდა, ბიძა (დედის ძმა), მამიდაშვილები და ბიძაშვილები, რომელთანაც ჰქონდა ურთიერთობა (იხ. 08.10.2019წ. სხდომის ოქმი; ასევე, ტ. V, ს.ფ. 172-175). არასრულწლოვანს საქართველოში არ ჰყავს ნათესავები. დაახლოებით ერთი თვეა, რაც იგი შევიდა რუსულენოვან სკოლაში ქ. …...

13. 2018 წლის 23 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტმა და „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციის (შემდგომში – „ჰააგის კონვენცია“ ან „კონვენცია“) საფუძველზე, წარუდგინა ბელარუსის ცენტრალური ორგანოს მიმართვა მოპასუხის მიერ არასრულწლოვანი შვილის სავარაუდო არამართლზომიერი გადაადგილების ფაქტთან დაკავშირებით.

14. შუამდგომლობის ინიციატორი მხარის/მოსარჩელის განმარტებით, არასრულწლოვანი დედის თანხმობის გარეშე იქნა ბელარუსიდან გაყვანილი, რის გამოც დედა ვერ ახორციელებს მასზე მეურვეობას და ურთიერთობის უფლებას. შესაბამისად, დარღვეულია ჰააგის კონვენციის მოთხოვნები.

15. მოპასუხემ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას და განმარტა, რომ არასრულწლოვნის ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნება არ არის მიზანშეწონილი, ეწინააღმდეგება მის ნებას და შეიცავს მასზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზემოქმედების საფრთხეს. არასრულწლოვანი კანონიერად იმყოფება მამასთან. მამა-შვილის მიერ ბელარუსისა და საქართველოს საზღვრის კვეთა მოხდა კანონმდებლობის სრული დაცვით. იგი სრულად არის ინტეგრირებული ახალ საცხოვრებელ გარემოში.

16. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს განჩინებით წინამდებარე საქმის მასალები გადაეგზავნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს …. სოციალური მომსახურების ცენტრს და, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ორგანოს, დაევალა მოცემულ საქმეზე არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით, წარმომადგენლის დანიშვნა და ფსიქოლოგის ჩართვა. ასევე, არასრულწლოვნის ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნების მიზანშეწონილობის თაობაზე დასკვნის წარდგენა.

17. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტმა 2018 წლის 29 აგვისტოს შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35110-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბავშვის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ბრძანების გამოცემა.

18. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განჩინებით მიღებულ იქნა ბრძანება ბავშვის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მამას აეკრძალა არასრულწლოვნის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანა.

19. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს ბრძანება არასრულწლოვნის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ.

20. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

21. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 03 იანვრის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება არასრულწლოვანი. იმავე განჩინებით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის საქალაქო განყოფილებას დაევალა არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნა და წერილობითი შესაგებლის წარდგენა.

22. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით წინამდებარე სამოქალაქო საქმეზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლომ ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვა ბელარუსის ----- ოლქის საგამოძიებო კომიტეტის სამმართველოდან მამის მიერ მცირეწლოვან შვილზე განხორციელებული ფიზიკური და სექსუალური ძალადობის თაობაზე წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით წარმოებული საქმის მასალებისა და გამოძიების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა; იმავე განჩინებით სასამართლომ ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსგან ითხოვა ,,ქალაქის კლინიკური ბავშვთა ფსიქონერვოლოგიური დისპანსერიდან“ არასრულწლოვნის მიმართ წარმოებული სამედიცინო ისტორიის გამოთხოვა.

23. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა დამატებითი ფსიქოლოგიური კვლევის დანიშვნის თაობაზე; არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და, ასევე, იმ საკითხის გარკვევის მიზნით, ვლინდება თუ არა მასზე სექსუალური ძალადობის ნიშნები, დამატებითი ფსიქოლოგიური კვლევის ჩატარება და დასკვნის შედგენა დაევალა ა(ა)იპ „საქართველოს ბავშვების“ ფსიქოლოგს. ფსიქოლოგიური კვლევის ჩატარებამდე შეჩერდა მოცემული საქმის წარმოება.

24. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინებით განსახილველ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.

25. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; დადგინდა არასრულწლოვნის დაბრუნება ბელარუსის რესპუბლიკაში, დედასთან, მცხოვრები: ბელარუსის რესპუბლიკა, ქ. ----, ----- ქ. №--; არასრულწლოვნის ბელარუსში დაბრუნების უზრუნველყოფა დაევალა დედას.

26. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით დაადგინა, რომ ამჟამად დედა იმყოფება საქართველოში, ის ყოველდღე ნახულობს შვილს და მასთან აქვს ძლიერი ფსიქო-ემოციური კავშირი.

27. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2019 წლის 08 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მამამ განმარტა, რომ ,,ბავშვმა ეკლესიაში ყოფნისას დაანთო სანთელი და ხმამაღლა შესთხოვა უფალს შეესრულებინა მისთვის სურვილი, რომ დედამისი საცხოვრებლად ჩამოსულიყო საქართველოში და ეცხოვრა მათთან ახლოს’’ (იხ. 08.10.2019წ. სხდომის ოქმი). ბავშვის ეს ფსიქო-ემოციური კავშირი დედის მიმართ ნათლად ჩანს 09.08.2019წ. ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნაშიც.

28. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ქ. მინსკის ---- რაიონის სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე №-----) მითითებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

28.1. მამამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მასთან შექმნილია ბავშვისთვის საჭირო ყველა პირობა. დედასთან ყოფნის პერიოდში იგი არ ზრუნავდა შვილის ჯანმრთელობაზე, მას არ შეუძენია ბავშვისთვის ტანსაცმელი, არ ამზადებდა საკვებს და არ ალაგებდა სახლს. დედას უტარდებოდა პროფილაქტიკური საუბრები, რადგანაც იგი ამორალურ ცხოვრებას ეწევა და მიდრეკილია ალკოჰოლისადმი;

28.2. მამის ინიციატივით არასრულწლოვანი 21.04.2017წ.-05.05.2017წ. პერიოდში მკურნალობას გადიოდა ,,ქალაქის კლინიკური ბავშვთა ფსიქონევროლოგიური დისპანსერის“ დღიური გაჩერების განყოფილებაში. სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით, მას დაესვა შემდეგი დიაგნოზი: ემოციური აშლილობის ფონზე ადაპტაციის დარღვევა, აქტიურობისა და ყურადღების დარღვევა, სასაუბრო არტიკულაციის დარღვევა. ბავშვს არ ჩატარებია მკურნალობის სრული კურსი, რადგან 2017 წლის 10 მაისიდან 19 მაისამდე მამამ შეიძინა ორი საგზური თავისთვის და შვილისთვის სანატორიუმ ,,----“. სანატორიუმის ექიმების მიერ დასმულ იქნა იგივე დიაგნოზი;

28.3. ექიმ-ფსიქიატრების განმარტების თანახმად, ემოციურ ფონზე არასრულწლოვნის ადაპტაციის დარღვევა, აქტივაციისა და ყურადღების დაქვეითება, სასაუბრო არტიკულაციის დარღვევა დიაგნოსტირებულია 18.04.2017წ., რაც დაკავშირებულია არასრულწლოვნის ცხოვრების სტილის კარდინალურ ცვლილებასთან. ეს ყოველივე გამოიწვია არასრულწლოვნის ახალმა საცხოვრებელმა პირობებმა, დედასთან უეცარმა დაშორებამ, სკოლამდელ დაწესებულებაში არყოფნამ;

28.4. არასრულწლოვანს დედასთან ყოფნისას არ აღენიშნებოდა სერიოზული დაავადებები, მაშინ, როცა მამასთან ყოფნის დროს ექიმებმა დაუდგინეს ნევროზული მდგომარეობის განვითარება, რაც (ბელარუსის) სასამართლოს აზრით, მის ინტერესებს არ შეესაბამება;

28.5. არასრულწლოვნის მშობლები ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არ იმყოფებიან;

28.6. სასამართლომ გამოიკვლია მამის განმარტება ბავშვის ჯანმრთელობისადმი დედის დამოკიდებულების თაობაზე და გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,სხვა რაიმე სახის მტკიცებულებები მამას სასამართლოსთვის არ წარუდგენია და არც სასამართლოს მიერ ყოფილა მოპოვებული“. ამგვარად სასამართლომ ჩათვალა, რომ ამ ნაწილში მამის მიერ მოყვანილი განმარტებები იყო დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო;

28.7. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნია, რომ მამა ხელს უშლიდა დედას შვილთან ურთიერთობაში, რაც გამოიხატებოდა როგორც ბავშვის ადგილსამყოფელის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიუწოდებლობაში, ასევე, მოსარჩელისათვის შვილთან ურთიერთობის თანაბარი შესაძლებლობის არმიცემაში, რაც, სასამართლოს მოსაზრებით, ასევე ბავშვის ინტერესებს უპირისპირდება;

28.8. სასამართლომ დაადგინა, რომ ორივე მშობლის საცხოვრებელ ადგილზე არასრულწლოვანი ბავშვისთვის სათანადო საცხოვრებელი პირობები იყო შექმნილი;

28.9. მოპასუხემ ვერ წარადგინა იმის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულება, რომ მოსარჩელე უწესო ცხოვრების წესით ცხოვრობდა, ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული ან რაიმე სექტაში მონაწილეობდა;

28.10. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის/მამის ქმედებაში იკვეთებოდა მშობლის უფლების ბოროტად გამოყენების მცდელობა, როგორც მეორე მშობლის, ისე თავად არასრულწლოვნის მიმართ;

28.11. სასამართლომ გადაწყვეტილებაში, ასევე, მიუთითა 16.10.2017წ. კომპლექსური ამბულატორიული ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად: არასრულწლოვანი ქ. ---- (დედასთან) გადასვლისას იქაურ პირობებში კარგად ადაპტირდა, მას არ აღენიშნებოდა ყოფა-ქცევის ცვლილებები, ემოციური აშლილობა ან რაიმე სხვა სახის დარღვევა. საქციელის ცვლილების პირველი ნიშნები ბავშვს აღენიშნა 2017 წლის აპრილის თვის მეორე ნახევრიდან, როდესაც მამამ თვითნებურად მიმართა ფსიქიატრს ჩივილებით: ბავშვის ხასიათის ცვალებადობა, ტირილიანობა, ცუდი ძილი, ღამის ძილის დროს კოშმარები და ამით გამოწვეული გაღვიძებები. ანალიზების საფუძველზე მამას მიეცა რეკომენდაცია ბავშვის ნერვული სისტემის გასაუმჯობესებლად - ოჯახში უკონფლიქტო სიტუაციების დაცვა. მიუხედავად რეაბილიტაციის არასრული კურსის ჩატარებისა, რომელიც მამის ნებით შეწყდა, არასრულწლოვანს აღენიშნებოდა მკურნალობისგან გამოწვეული დადებითი დინამიკა დაძაბული ემოციურობის შენარჩუნებით (დაძაბულობა, შფოთი) და რეგრესული ქმედების ნიშნებით (თითის წოვა), როდესც ბავშვს უხსენებდნენ ემოციურად ყველაზე სტრესულ სიტუაციას - დედასთან კავშირის უეცარ გაწყვეტას. ექსპერტ-ფსიქიატრების განმარტებით, არასრულწლოვანმა შეძლო ახალ საცხოვრებელ პირობებში ადაპტირება და მას რაიმე სახის ფსიქიკური აშლილობის ნიშნები არ აღენიშნებოდა (იხ. ტ. I, ს.ფ. 27-35; ტ. V, ს.ფ. 148-169).

29. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ბელარუსის სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში, 2017 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ნათლად ჩანს, რომ მამას სასამართლოსთვის არ მიუცია არანაირი განმარტება ბავშვის მიმართ დედის მეგობრის, მ. კ-ის მხრიდან განხორციელებულ შესაძლო სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით და ამ საფუძვლით ბავშვის დედასთან ცხოვრების დაუშვებლობაზე არ მიუთითებია. მან 08.10.2019წ. სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ამ საკითხზე დასმულ შეკითხვას - რატომ არ მიუთითა ბელარუსის სასამართლოში აღნიშნულის თაობაზე, უპასუხა, რომ ,,მითითებული პერიოდისათვის არ იყო დარწმუნებული, რომ ბავშვის მიმართ ნამდვილად განხორციელდა რაიმე სახის ძალადობა“. მამის მიერ შესაძლო ძალადობაზე განცხადება შესაბამის ორგანოში გაკეთდა მხოლოდ 2017 წლის ნოემბრის თვეში, ანუ მას შემდეგ, რაც ბელარუსის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ბავშვის საცხოვრებლის დედასთან განსაზღვრის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გაცემული პასუხის არადამაჯერებლობაზე მეტყველებს ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტების გამოკვლევის მიზნით, ბელარუსიდან გამოთხოვილი მასალებიც, საიდანაც ჩანს, რომ მამამ ბავშვზე შესაძლო ძალადობის შესახებ (მისივე განმარტებით) იცოდა ჯერ კიდევ 2017 წლის აპრილში (იხ. ტ. V, ს.ფ. 187), ხოლო ამ საკითხზე პირველად ზოგადი და მშრალი ხასიათის განცხადებით მიმართა ქ. ---, ---- რეგიონის ადმინისტრაციის განათლების სამმართველოს 2017 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით შვიდი თვის შემდეგ (იხ. ტ.V, ს.ფ. 102). ბავშვის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაზე, ასევე, საუბარი არ არის სოციალური მუშაკის 14.09.2018წ. და ფსიქოლოგ თ. ქ-ის მიერ 01.10.2018წ. შედგენილ დასკვნებში (იხ. ტ. I, ს.ფ. 293-295).

30. სააპელაციო პალატის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ბავშვისთვის ადაპტირებულ გარემოში (ბავშვთა ოთახში), არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის, სოციალური მუშაკისა და თარჯიმნის მონაწილეობით, 25.01.2019წ. მოსმენილ იქნა არასრულწლოვანი. მისი განმარტებით, საქართველოში ჩამოსვლამდე ის მამასთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა ბელარუსში; მას დედასთან ყოფნა არ სურს, რადგან ტოვებდა ბებიასთან, სადაც მოწყენილი იყო, ამიტომ აქ (საქართველოში) უფრო მოსწონს, რადგან აქ არის ზღვა, მთები, გასართობი, ხოლო ბელარუსში ზღვა, მთები არ არის და მოსაწყენია; იგი საქართველოში არ დადის საბავშვო ბაღში და არ ჰყავს ნათესავები (გარდა მამისა, განსხვავებით ბელარუსისგან); არ იცის ქართული; დროს ძირითადად ატარებს სახლში მამასთან ერთად; მის ყველა საჭიროებაზე ზრუნავს მხოლოდ მამა; მას უნდა დედასთან წასვლა (ყოფნა), თუმცა მამასთან ერთად; დედა-შვილს აქვთ თბილი ურთიერთობა (იხ. არასრულწლოვანთან გასაუბრების ოქმი, ტ. III, ს.ფ. 97-101).

31. იმავე სასამართლო სხდომაზე მამამ და მისმა წარმომადგენელმა გააკეთეს განცხადება დედის მეგობრის, მ. კ-ის მხრიდან ბავშვის მიმართ ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ფაქტებზე.

32. ბელარუსიდან გამოთხოვილი მასალებით დადგენილია შემდეგი:

32.1. 17.06.2017წ. მოპასუხემ განცხადებით მიმართა პოლიციას იმავე დღეს ორი უცნობი პირის (მამაკაცის) მიერ მასზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიების მოთხოვნით, რომლის დროსაც, მისივე განმარტებით, თავდამსხმელებმა სცადეს ბავშვის გატაცება (იხ. ტ. V, ს.ფ. 10-16);

32.2. 17.07.2017წ. დადგენილებით თავდასხმის საქმეზე მოპასუხეს უარი ეთქვა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე თავდამსხმელ პირთა დაუდგენლობის გამო (იხ. ტ.V, ს.ფ. 68-79);

32.3. 08.08.2017წ. მოპასუხემ თავდასხმის ფაქტზე განმეორებით მიმართა საგამოძიებო ორგანოებს განცხადებით, სადაც თავდამსხმელად მიუთითა მისი ყოფილი მეუღლის, მოსარჩელის მეგობარი მ. კ-ვი და მისი მძღოლი (იხ. ტ. V, ს.ფ. 80-83);

32.4. 2017 წლის 16 აგვისტოს ქ. ---- მილიციის განყოფილების მიერ გაუქმდა 17.07.2017წ. დადგენილება და განახლდა თავდასხმის საქმის გამოძიება. დაკითხულ იქნენ მოწმეები, თუმცა ამ გამოძიების ფარგლებშიც უტყუარად ვერ დადგინდა თავდამსხმელი პირების ვინაობა და 04.09.2017წ. დადგენილებით მოპასუხეს საბოლოოდ ეთქვა უარი თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე (იხ. ტ. V, ს.ფ. 77-79, 86-97);

32.5. ამ მოვლენების შემდგომ, 2017 წლის 14 ნოემბერს მოპასუხემ განცხადებით მიმართა ქ. ---- ---- რეგიონის ადმინისტრაციის განათლების სამმართველოს და მოითხოვა გასაუბრების ფორმით სოციალური გამოძიების ჩატარება, ფსიქოლოგების თანდასწრებით, მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ დედის საყვარლის, მ. კ-ის (ძია მ-ე) მხრიდან სექსუალური ქმედების ფაქტების დადასტურების მიზნით (იხ. ტ.V, ს.ფ. 102);

32.6. 14.11.2017წ. განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება, დაკითხულ იქნენ მოწმეები. მოსარჩელემ უარყო განცხადებაში მითითებული გარემოება ბავშვზე ფიზიკური და სექსუალური ძალადობის თაობაზე და განმარტა, რომ მხოლოდ ერთი ღამე გაატარეს მან და მისმა შვილმა მ. კ-ან და ამ ხნის განმავლობაში მას ბავშვი მარტო არ დაუტოვებია. ამ საქმეზე მ. კ-ვი ვერ დაიკითხა მისი მოუცლელობის მოტივით (იხ. ტ.V, ს.ფ. 141, 143-147);

32.7. საბოლოოდ, მოპასუხის 14.11.2017წ. განცხადებაზე 20.12.2017წ. დადგენილებით შეწყდა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, რადგან ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით, არ დადასტურდა მოპასუხის განცხადება მისი შვილის მიმართ ძალადობრივი სექსუალური ხასიათის ქმედებების განხორციელების თაობაზე (იხ. ტ.V, ს.ფ. 176-180);

32.8. აღნიშნულის შემდგომ, 2017 წლის 21 დეკემბერს მოპასუხემ ვრცელი განცხადებით მიმართა საგამოძიებო ორგანოებს და მიუთითა ყოფილი მეუღლის მეგობრის, მ. კ-ვის მხრიდან ბავშვის მიმართ ფიზიკური და სექსუალური ძალადობის განხორციელების ახალ ფაქტებზე, რომელთა თაობაზეც მისთვის, მისივე განმარტებით, ცნობილი იყო ჯერ კიდევ 2017 წლის აპრილის თვეში და, მით უფრო, მის მიერ სამართალდამცავი ორგანოებისადმი პირველი განცხადებით მიმართვის დროისათვის - 2017 წლის 14 ნოემბრისათვის (იხ. ტ.V, ს.ფ. 183-190);

32.9. მოპასუხის 21.12.2017წ. განცხადების საფუძველზე, 16.03.2018წ. განკარგულებით გაუქმდა 20.12.2017წ. დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოებაზე უარის თქმის თაობაზე და განახლდა გამოძიება ბავშვის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე (იხ. ტ.V, ს.ფ. 192-193);

32.10. მოპასუხის 21.12.2017წ. განცხადებაზე 31.03.2018წ. განკარგულებით საბოლოოდ შეწყდა გამოძიება და მას უარი ეთქვა მ. კ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე. განკარგულებაში მითითებულია შემდეგი: მოპასუხის მოსაზრება, რომ მისი შვილის მიმართ ხორციელდებოდა ძალადობრივი სექსუალური ხასიათის ქმედებები ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით არ დასტურდება, უფრო მეტიც, გამოძიების მასალების მიხედვით, ისინი აბსოლუტურად ბათილდება. აქედან გამომდინარე, ბელარუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მ. კ-ის ქმედებაში დანაშაულებრივი ქმედების ნიშნები არ აღინიშნება (იხ. ტ.V, ს.ფ. 209-215);

32.11. 31.01.2018 წლის განკარგულებით, ასევე, შეწყდა გამოძიება და მოპასუხეს უარი ეთქვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე ბავშვის მიმართ ფიზიკური ძალადობის (სხეულის დაზიანების) ფაქტთან დაკავშირებით (იხ. ტ.V, ს.ფ. 218-225);

32.12. ბელარუსის საგამოძიებო ორგანოებმა ვერ შეძლეს ბავშვის მიმართ რაიმე სახის ექსპერტიზის ჩატარება, რადგან არასრულწლოვანი რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა;

32.13. გამოთხოვილი მასალებიდან, ასევე, ირკვევა, რომ 2017 წლის 01 დეკემბერს დედამ განცხადებით მიმართა ძ-ის შს რაიონულ განყოფილებას მისი შვილის ადგილსამყოფელის დადგენისა და სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რომლითაც ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი.

33. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარდგენილია ა(ა)იპ ,,საქართველოს ბავშვების’’ ექსპერტ-ფსიქოლოგის 09.08.2019წ. დასკვნა (აღნიშნული დასკვნა მომზადდა საქმის სააპელაციო წარმოების ეტაპზე დამატებითი ფსიქოლოგიური კვლევის ფარგლებში), რომლის თანახმად, არასრულწლოვანი არ არის ასაკისთვის დამახასიათებლად ხალისიანი და სპონტანური. შეფასების შედეგად გამოიკვეთა, რომ ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, ასევე, გავლენას ახდენს ბავშვის განცდები დედის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ დედა მასთან ერთად არ ცხოვრობს, მისი სურვილია იცხოვრონ სამივემ (დედა, მამა, შვილი) ერთად. არასრულწლოვანი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ დედა მოჯადოებულია. იკვეთება დედასთან სიახლოვის ემოციური საჭიროების დომინანტობა. ბავშვის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დასკვნაში მითითებულია შემდეგი: თხრობის მომენტში ბავშვი სხეულებრივად გამოხატავს დაძაბულობას - იწყებს ღელვას, უხშირდება სუნთქვა, უწევს ხმის ტონს, ხრის თავს. ბავშვი ინტერვიუს დროს ამბობს, რომ როდესაც მ-მა მას დააბიჯა სასქესო ორგანოზე ფეხი, დედას ეძინა. მან დაიწყო ყვირილი. დედას გაეღვიძა და დაუწყო ცემა მ-ს. ასევე, ბავშვი საუბრობს იმის შესახებ, რომ მ. კ-მა მას მოსთხოვა სასქესო ორგანოს პირში ჩადება. ფსიქოლოგმა დედა-შვილის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ასევე, შეაფასა ბავშვის მიმართ სავარაუდო ძალადობის განხორციელების ფონზე და დასკვნაში მიუთითა შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი გარკვეულად ცდილობს დედის ნეგატიურად წარმოჩენას, რაც მამის მხრიდან ბავშვზე ზეგავლენის მოხდენისთვის მიმართული ქმედებების შედეგია, დედის წინააღმდეგ განწყობის მიზნით, არასრულწლოვანი სავარაუდო ძალადობის ირგვლივ საუბრის დროს არ ავლენს ამ ტენდენციას, პირიქით იგი აღწერს დედის მიერ მის მიმართ ,,დამცველ’’ ქცევებს. ექსპერტმა საბოლოოდ დასკვნის სახით აღნიშნა, რომ გამოვლენილი რიგი მნიშვნელოვანი ფაქტორები და გარემოებები მკვეთრად ამცირებს საქმესთან დაკავშირებულ ტენდენციას, რომ მოხდეს ბავშვის ნათქვამის ინვალიდიზაცია გადატანილი სექსუალური ხასიათის ძალადობის შესახებ; ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის მკვეთრი ცვლილება, რომელსაც ადასტურებს ორივე მშობელი, იმ ქცევით და ემოციურ გამოვლინებებში იკვეთება სექსუალური ძალადობის გადატანილი ბავშვის ნიშნები, როგორიც არის გუნება-განწყობილების დაქვეითება, შფოთვა, გაჯიუტება, გრძნობების ქაოსურად გამოვლენა, ძილის დარღვევა, ენურეზი (შარდის შეუკავებლობა); ასევე, ამ მომენტისათვის არსებული ფსიქოლოგიური გამოვლინებანი სტრესული სიტუაციის გასხენებისთვისაა დამახასიათებელი, როგორიცაა: დაძაბულობა, სირცხვილის განცდა, ღელვა (იხ. ტ. IV, ს.ფ. 309-312).

34. საქმეში, ასევე, წარდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ-ფსიქოლოგის 05.07.2019წ. დასკვნა (არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული შესაძლო ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ემოციური კვალის არსებობის დადგენის მიზნით), რომლის თანახმად, ამჟამინდელი გამოკვლევით არასრულწლოვანზე განხორციელებული შესაძლო ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ემოციური კვალის არსებობა არასრულად ვლინდება, თუმცა გარემო შედეგების გათვალისწინებით, შეიძლება მხედველობაში იქნას მღებული მისი ჩვენება დამატებითი სახით (იხ. ტ. VI, ს.ფ. 15-19).

35. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილზე, სადაც დეტალურად არის ასახული ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა (პორტრეტი) და განსაზღვრულია მისი მოწიფულობის ასაკობრივი მაჩვენებლები (მახასიათებლები). კერძოდ, ექსპერტი უთითებს შემდეგს: გამოსაკვლევი პირი - არასრულწლოვანი მიზანმიმართულ კონტაქტში თავისუფლად ერთვის. გამომეტყველება გამოხატავს ინდიფერენტულობას, მისთვის არასასურველ გარემოს, თუმცა მზაობას კომუნიკაციისთვის. მიმიკა, ჟესტიკულაცია საკმარისად გამომსახველია, ჩაკითხვისას პრაქტიკულად შეკითხვაზე პასუხობს ამომწურავად. საუბრობს გრამატიკულად გამართული წინადადებებით, კარგი ლექსიკით. მეტყველება გამართული, თუმცა გაწელილი მხატვრული ინტერპრეტირებით. ცდილობს იყოს თავაზიანი. შეკითხვა-პასუხის ფორმატში აწვდის მონაცემებს. ფრაგმენტულად გადმოსცემს შექმნილი გარემოების შესახებ. შეიცავს შეფასების ელემენტებსაც. აღნიშნულ გარემოებაზე ჰყვება მშვიდად, ინდიფერენტული სახის გამომეტყველებით, არასაკმარისად აღწერს თავის ემოციურ მდგომარეობას აღნიშნულ გარემოებასთან მიმართებაში. ემოციური სფერო შეფასების მომენტში საკმარისად გაწონასწორებულია. პერიოდულად საუბრისას აღენიშნება პაუზები, თითქოს სიზუსტის გარკვევის მიზნით, რა დროსაც ვლინდება დაძაბულობის ნიშნები. ექსპერიმენტულ გამოკვლევაში არ სურს ჩართვა. პერიოდულად საუბარში ერთვება პასიურად. აღიზიანებს დეტალების დაზუსტების მიზნით პასუხების გამეორება. შეკითხვაზე არ სურს პასუხის გაცემა, ჭირვეულობს. ორიენტირებულია საკუთარ თავში, გარემოში ფორმალურად სწორად, დროში - არასრულად. საუბრის მსვლელობისას, სიტუაციის დათბობის შემდეგ, პერიოდულად ხალისიანად იწყებს მისთვის საინტერესო თემის ირგვლივ. ადვილად შთაგონებადია. გუნება-განწყობის ფონი - არამყარი, ადვილად ცვალებადი. მეტყველება - განვითარებაში მყოფი, დეფექტის გარეშე. უჭირს მარჯვენა-მარცხენა მხარეებში ორიენტაცია. გააჩნია ასაკისთვის შესაფერისი, საკმარისი დამოუკიდებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ჩვევები. არ უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა, ნორმალური ადაპტაციური ფუნქციონირების უნარი. ასრულებს თამაშის წესებს. შეუძლია თვლა. არსებული სიტუაციის ირგვლივ საუბრობს ზერელედ. არ ესმის პრობლემის არსი. ფსიქიკური ფუნქციები შეესაბამება ასაკობრივი განვითარების დონეს: აღქმა საგნობრივი - სწორი, სიტუაციის აღქმა და გააზრება - ზერელე. ყურადღება-კონცენტრაციის მცირე უნარი, ადვილად გადართვადი გარე გამღიზიანებელზე. მეხსიერება - ასაკობრივი ნორმის ფარგლებში. დამახსოვრების უნარი - მექანიკური. აზროვნება - აზროვნების სტილი გამომდინარე ყოველდღიური პრაქტიკული ჩვევებისგან. შეუძლია ცალკეული საგნების ამოცნობა. ინტელექტი - ასაკის შესაბამისი. ქცევა - სხვადასხვა სიტუაციაში მიმართულია საორიენტაციო საფუძველზე. გ/პ-ს შემეცნებითი და ემოციური სფერო ჩამოყალიბების პროცესშია, რომელიც ხასიათდება ასაკობრივი თავისებურებებით. გამოხატულია არამდგრადი, განვითარებადი ფსიქიკური მონაცემები ასაკობრივი ინფანტილიზმის გამო უმწიფრობა (იხ. ტ. VI, ს.ფ. 15-16).

36. ექსპერტიზის დასკნაში აღნიშნულია, რომ ბავშვი მამასთან ერთად რამდენიმე თვეა იმყოფება ქ. ---- და ჯერ კიდევ ეჩვევა ახალ გარემოს (იხ. ტ. VI, ს.ფ. 17).

37. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ჰააგის კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, შესაფასებელია ადგილი აქვს თუ არა ბავშვის არამართლზომიერ გადაადგილებას.

38. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ჰააგის კონვენციის მე-3-5 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3517-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არასრულწლოვნის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ბელარუსის რესპუბლიკა. ამასთან, ქ. ---- ----- რაიონის სასამართლოს (საქმე №----) 28.11.2017წ. გადაწყვეტილებით არასრულწლოვანზე მეურვეობის უფლება გადაწყვეტილია მისი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის ქვეყნის სასამართლოს მიერ. აღნიშნული გადაწყვეტილებით ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი.

39. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, წინამდებარე საქმეში შეფასებულ იქნა მშობლების მიერ 15.06.2016წ. ხელმოწერილი ,,თანხმობა’’ და ამ დოკუმენტის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ისინი ბავშვის ბელარუსის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გადაადგილებაზე თანხმობას აძლევენ არა ერთმანეთს, არამედ სხვა მესამე პირს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ დოკუმენტზე დაყრდნობით ბავშვის მართლზომიერ გადაადგილებაზე მითითება არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და უპირობოდ ადგენს, რომ ბავშვის ბელარუსის რესპუბლიკიდან გადაადგილება და საქართველოში დაკავება მოხდა არამართლზომიერად. მოსარჩელე სადავოდ ხდის სწორედ ბავშვის საქართველოში ჩამოყვანას და მიუთითებს, რომ ეს მის ნებას არ შეესაბამებოდა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს არასრულწლოვნის როგორც არამართლზომიერ გადაადგილებას, ისე არამართლზომიერ დაკავებას, რაც კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, უკანონოდ გადაადგილებული და დაკავებული ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის ქვეყნაში (ბელარუსი) დაუყოვნებლივ დაბრუნების საფუძველია.

40. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და არასრულწლოვანთან გასაუბრების შედეგად მიაჩნია, რომ მიუხედავად ბავშვის საქართველოში ყოფნის ხანგრძლივობისა (ერთ წელზე მეტი), არ არსებობს ისეთი გარემოება, რაც მიუთითებს ბავშვის ახალ გარემოში იმგვარად და იმ ხარისხით ინტეგრირებაზე, რომ ჰააგის კონვენციის მე-12 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს მის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებაზე უნდა ეთქვას უარი.

41. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნის ბელარუსში დაბრუნება არ არის მიზანშეწონილი, ეწინააღმდეგება მის ნებას და შეიცავს საფრთხეს. კერძოდ, დედისა და მ. კ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბავშვზე ფიზიკური და სექსუალური ხასიათის ძალადობას. ამასთან, მ. კ-ვი არის ექსტრასენსი და გარკვეული სექტის წევრი. მოპასუხის განმარტებით, იგი სწორედ ამ სექსტის მიერ იდევნება, რის გამოც მიმართა საქართველოს შესაბამის ორგანოებს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მინიჭების თაობაზე, თუმცა საქმეში არ მოიპოვება ამ გარემოებების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები.

42. სააპელაციო პალატამ მოიხმო ჰააგის კონვენციის მე-13, მე-20 მუხლები და აღნიშნა, რომ არც ბელარუსის რესპუბლიკიდან გამოთხოვილი გამოძიების მასალებითა და არც წინამდებარე საქმეზე დადგენილი გარემოებებით დასტურდება ბავშვის მიმართ ფიზიკური ან სექსუალური ხასიათის ძალადობის განხორციელების ფაქტი. იმ პირობებში, როდესაც ბავშვის მიმართ ჩატარდა სამი ფსიქოლოგიური გამოკვლევა და, მათ შორის, ამბულატორიული კომპლექსური სასამართლო ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, არ დადგენილა რაიმე სახის ფაქტი „უკვე განხორციელებული ფიზიკური და სექსუალური ხასიათის ქმედებების თაობაზე“. საეჭვოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხე კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს სწორედ მურვეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მამის მიერ ჰააგის კონვენციის ფარგლებში ბავშვის დაბრუნების შემაფერხებელ საგამონაკლისო ნორმებზე მითითება, ბავშვის მიმართ ბელარუსში განხორციელებული შესაძლო ძალადობის საფუძვლით, ემსახურება მხოლოდ საქმის განხილვის გაჭიანურებას და არა საფუძვლიან ფაქტობრივ გარემოებებს, რაც სასამართლოს მიერ გამოთხოვილი მტკიცებულებების სრულყოფილი კვლევის შედეგადაც იქნა დადგენილი და შეფასებული. აღნიშნული კი, საბოლოო ჯამში არ იძლევა საგამონაკლისო ნორმების გამოყენებისა და ბავშვის ჩვეულებრივი ადგილსამყოფელის ქვეყანაში - ბელარუსში დაბრუნებაზე უარის თქმის შესაძლებლობას.

43. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული 09.08.2019წ. ფსიქოლოგიური შეფასების თანახმად, ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს ბავშვის განცდები დედის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ დედა მასთან არ ცხოვრობს, მისი სურვილია სამივემ ერთად იცხოვრონ. შეფასების პროცესში გამოიკვეთა, რომ ბავშვს აქვს როგორც მამასთან, ასევე, დედასთან ურთიერთობის სურვილი და ემოციური საჭიროება. ბავშვისათვის ორივე მშობელი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული. რაც შეეხება დედასთან ურთიერთობასა და დამოკიდებულებას, შეფასების პროცესში განხორციელებული დაკვირვების შედეგად, დედასა და შვილს შორის სკაიპით ურთიერთობების პროცესში ჩანდა ბავშვის საიამოვნება და დადებითი დამოკიდებულება. დედის მიერ მიწოდებული აუდიო ჩანაწერებიდან გამოიკვეთა, რომ მამა ცდილობდა ბავშვს ეთქვა უარი დედასთან ურთიერთობაზე, ბავშვის თანდასწრებით შეურაცხმყოფელი, ბილწი სიტყვების გამოყენებით. უფროსებს შორის დაძაბული საუბრის შემდეგ მამა ბავშვს უსვამს შეკითხვას: ,,გინდა დედასთან საუბარი, მე არ მინდა“, ბავშვი პასუხობს, რომ არ სურს დედასთან საუბარი, შემდეგ კი მამა ითხოვს, რომ თავად უთხრას ეს დედას, ბავშვიც ეუბნება. ხოლო, ერთ-ერთ ჩანაწერში, როდესაც დედა-შვილის საუბარს არ ესწრება მამა, ბავშვი ამბობს, რომ მას სურს დედასთან შეხვედრა, თუმცა მამა არ აძლევს ამის უფლებას.

44. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ფსიქოლოგთან საუბრისას ბავშვმა მასზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით მიუთითა მხოლოდ ორ გარემოებაზე: 1) მ. კ-მა ფეხი დააბიჯა სასქესო ორგანოზე, დედას ეძინა, მან დაიწყო ყვირილი, რაზეც დედას გაეღვიძა და მ. დაუწყო ცემა; 2) მ. კ-მა მას მოსთხოვა სასქესო ორგანოს პირში ჩადება. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მეორე ფაქტის თაობაზე გამოძიების მასალებში გაჟღერებული არ ყოფილა. ამდენად, ადგილი ჰქონდა ახალი სექსუალური ქმედების თაობაზე მითითებას, რამაც სასამართლოს შეუქმნა შინაგანი რწმენა დასახელებული ფაქტის არანამდვილობის შესახებ, რადგან, მისი მოსაზრებით, ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ მცირეწლოვანმა ბავშვმა ამგვარი ფაქტის დეტალები გაიხსენა ორი წლის შემდეგ და აღნიშნულის თაობაზე მეურვეობის საკითხის გადაწყვეტის ფარგლებში ბელარუსში ჩატარებული სამი გამოკვლევის დროს არაფერი უთქვამს, მაშინ, როდესაც სავარაუდო ძალადობის ფაქტები ახალი მომხდარი იყო. ამდენად, გარდა მოპასუხის ახსნა-განმარტებისა, საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი სარწმუნო და სათანადო მტკიცებულება, რომ არასრულწლოვნის მიმართ ნამდვილად განხორციელდა რაიმე სახის ძალადობრივი და სექსუალური ხასიათის ქმედებები ან კიდევ ასეთს ადგილი ექნება მომავალში. საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატას ჩამოუყალიბდა იმის ვარაუდი, რომ არასრულწლოვნის განმარტებები წარმოადგენს მხოლოდ მამის ზეგავლენის შედეგს.

45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არასრულწლოვნის მიმართ ბელარუსში ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის ფიზიკური და სექსუალური ხასიათის ძალადობას და ამ თვალსაზრისით მის პიროვნებას ბელარუსში დაბრუნების შემთხვევაში, არ ემუქრება საფრთხე. ასევე, არ არსებობს გარემოფაქტორები, რაც ბავშვის გაუსაძლის მდგომარეობაში ჩაყენების სერიოზული რისკის არსებობას განაპირობებს.

46. სააპელაციო სასამართლომ დასკვნის სახით მიუთითა, რომ ჰააგის კონვენციის შესაბამისად და მისი მიზნებიდან გამომდინარე, ბელარუსის რესპუბლიკიდან არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული არასრულწლოვნის ბელარუსის რესპუბლიკაში საცხოვრებლად დაბრუნება, სრულად შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ვინაიდან არ დადასტურდა წინამდებარე კონვენციის საგამონაკლისო წესით დადგენილი რომელიმე გარემოება, არ არსებობს არასრულწლოვნის ბელარუსში დაბრუნების დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება.

47. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

48. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

48.1. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები არაჯეროვნად შეაფასა. უგულებელყო საქმისათვის მნიშვნელოვანი და არსებითი მტკიცებულებები, მათ შორის, ექსპერტ-ფსიქოლოგის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ იკვეთება სექსუალური ძალადობის გადატანილი ბავშვის ნიშნები, როგორიც არის გუნება-განწყობის დაქვეითება, შფოთვა, გაჯიუტება, გრძნობების ქაოსურად გამოვლენა, ძილის დარღვევა, ენურეზი (შარდის შეუკავებლობა); ასევე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, არასრულწლოვანზე განხორციელებული შესაძლო ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ემოციური კვალის არსებობა არასრულად ვლინდება, თუმცა გარემო ფაქტორების გათვალისწინებით, შეიძლება მხედველობაში იქნას მიღებული მისი ჩვენება დამატებითი სახით. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა და არ გაიზიარა 2019 წლის 12 თებერვლის გასაუბრების ოქმი, სადაც არასრულწლოვანი ადასტურებს ძალადობის ფაქტს;

48.2. სასამართლომ, ასევე, არასრულად შეაფასა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის 14.09.2018წ. დასკვნა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგის 01.10.2018წ. დასკვნა და არ იმსჯელა იმავე სოციალური მუშაკის 14.01.2018წ. დასკვნაზე;

48.3. სასამართლომ უგულებელყო და არ შეაფასა სასამართლო პროცესზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალის ფსიქოლოგის მიერ მიცემული ჩვენება, რომლის თანახმად, ბავშვის დაბრუნება ბელარუსის რესპუბლიკაში მატრავმირებელი იქნება. ასევე, არ გაიზიარა სოციალური მომსახურების სააგენტოს ---- სოციალური მომსახურების ცენტრისა და ბავშვის წარმომადგენლის პოზიცია;

48.4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ფუნდამენტურად უგულებელყოფს და ზიანს აყენებს არასრულწლოვნის კანონიერ ინტერესებს. გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ჰააგის კონვენციას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს;

48.5. სასამართლომ არასწორად განმარტა ჰააგის კონვენციის მე-4 მუხლი და არასწორად დაადგინა, რომ ბელარუსის რესპუბლიკა ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს. არასრულწლოვანი 2018 წლის აპრილის თვიდან მამასთან ერთად მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და ადაპტირებულია გარემოში;

48.6. მოპასუხისა და მისი არასრულწლოვანი შვილის საქართველოში ჩამოსვლის ძირითადი მიზეზი არ ყოფილა ბელარუსის სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, არამედ აღნიშნული გამოწვეული იყო გადაუდებელი აუცილებლობით, არასრულწლოვნის დაცვისა და მისი ინტერესების გათვალისწინებით, ვინაიდან ბელარუსის რესპუბლიკამ ვერ უზრუნველყო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის სათანადოდ დაცვა;

48.7. არასრულწლოვანს აქვს მკვეთრად გამოხატული ნება, რომ დარჩეს მამასთან ერთად საქართველოში. მას არ სურს ბელარუსში დაბრუნება. ის კარგად გრძნობს თავს ახალ საცხოვრებელ გარემოში. აღნიშნული ნება იმდენად მკვეთრად არის გამოხატული, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მისი ნების საწინააღმდეგო, ვერ აღსრულდება ან აღსრულდება ძალის გამოყენებით და არასრულწლოვანზე ახალი ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილის მიყენების ხარჯზე, რაც დაუშვებელია. მიუხედავად მისი ასაკისა, ის არის საკმაოდ მომწიფებული, რათა მტკიცედ ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრი. არასრულწლოვანი კარგად გრძნობს თავს მამასთან, არის უზრუნველყოფილი, დადიოდა საბავშვო ბაღში, ამჟამად სკოლის მოსწავლეა, ადაპტირებულია გარემოში, თავს გრძნობს ლაღად და ბედნიერად, ჰყავს მეგობრები. მამასთან ერთად მოგზაურობს საქართველოში, დადის გასართობ ცენტრებში, კონცერტებსა და სხვა ღონისძიებებზე. მას აქვს მკვეთრად გამოხატული ნება, დარჩეს საქართველოში, შესაბამისად, მისი სურვილი სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს;

48.8. მამამ უკვე მიმართა შესაბამის ორგანოებს საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თხოვნით. ამდენად, მამა და არასრულწლოვანი წარმოადგენენ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მქონე პირებს, შესაბამისად, ვიდრე აღნიშნული საკითხი გადაწყდება, „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის, გაეროს 1951 წლის 28 ივლისის ლტოლვილთა სტატუსის კონვენციისა და 1967 წლის 31 იანვრის ლტოლვილთა სტატუსის შესახებ ოქმის შესაბამისად, დაუშვებელია თავშესაფრის მაძიებლის ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნება;

48.9. თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მინიჭება არის საფუძველი ვარაუდისა, რომ არასრულწლოვნის ბელარუსში დაბრუნების შემთხვევაში, არსებობს მასზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზემოქმედების განხორცილების საფრთხე;

48.10. დადგინდა, რომ დედასთან თანაცხოვრების პერიოდში ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანზე ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ფაქტს. თუმცა, საგამოძიებო ორგანოების მიერ არ განხორციელებულა სავარაუდო მოძალადის და არასრულწლოვნის გამოკითხვა, რაც იძლევა საფუძვლიანი ეჭვის საფუძველს, რომ ძალადობის განმეორების შემთხვევაში, არასრულწლოვანი იქნება დაუცველი, როგორც დედის, ასევე, სახელმწიფოს მხრიდან;

48.11. ბავშვზე მამის გავლენის არსებობა არც სოციალურ სამსახურს, არც მათ მიერ წარდგენილ ფსიქოლოგსა და არც სხვა ექსპერტ-ფსიქოლოგებს დაუდასტურებიათ. არც ბავშვის გამოკითხვის ოქმში არის ასახული ისეთი ინფორმაცია, რაც არასრულწლოვანზე მამის გავლენას დაადასტურებდა (ძალადობის კუთხით საერთოდ არ არის არასრულწლოვანი გამოკითხული). შესაბამისად, გაუგებარია, სასამართლომ რის საფუძველზე დაადგინა, რომ ბავშვის განმარტებები მამის ზეგავლენის შედეგს წარმოადგენს.

49. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

50. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვის მიზნით, 2020 წლის 28 თებერვალს დაინიშნა ზეპირი მოსმენა.

51. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.

52. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ზეპირი მოსმენით განხილულ იქნა 2020 წლის 28 თებერვლის სხდომაზე.

53. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

54. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება არასრულწლოვანთან დედის ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე. ამავე განჩინებით სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკიგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალა განეხორციელებინა ბავშვისა და დედის ურთიერთობის კონტროლი და უზრუნველეყო ფსიქოლოგის გამოყოფა, რომელიც ბავშვს დაეხმარებოდა დედასთან ფსიქო-ემოციური კავშირის დამყარებასა და დადგენაში.

55. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკიგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა აჭარის ა/რ რეგიონული ცენტრის სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის დასკვნები.

56. საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკიგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის აჭარის ა/რ რეგიონული ცენტრის სოციალური მუშაკის 14.04.2020წ., 22.04.2020წ. და ფსიქოლოგის 13.04.2020წ. დასკვნების თანახმად, დროებითი განკარგულების ფარგლებში დედა-შვილს შორის არაერთი შეხვედრა შედგა (იხ. ტ. VII, ს.ფ. 75-78, 87, 91-93).

57. საკასაციო საჩივრის განხილვის მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2020 წლის 16 აპრილს და იმავე წლის 23 აპრილს დისტანციური ფორმით გაიმართა ზეპირი მოსმენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

58. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, ზეპირ სხდომაზე მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

59. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული ბავშვის დედასთან, ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნების მართლზომიერება.

60. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის საერთაშორისო არამართლზომიერ გადაადგილებასთან/დაკავებასთან დაკავშირებული საკითხები ჰააგის კონვენციით არის რეგლამენტირებული. ამასთან, აღნიშნული კონვენციის ინტერპრეტაცია და გამოყენება უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების გათვალისწინებით და „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს 1989 წლის კონვენციის შესაბამისად. ჰააგის კონვენციის პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, კონვენციის მიზნებია: სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვების სწრაფი დაბრუნებისა და ერთ–ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მეურვეობისა და ურთიერთობის უფლებათა ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფა. ამდენად, კონვენცია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს „status quo“-ს აღგენას, ითხოვს რა არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნებას თავის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას (ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 16). აღნიშნული კი, საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა დაცვას არამართლზომიერი გადაადგილებით/დაკავებით გამოწვეული მავნე შედეგებისაგან. ამასთან, კონვენციის პრეამბულის მიხედვით, არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას სახელმძღვანელო პრინციპს ბავშვის საუკეთესო ინტერესები წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის მუხლები უშუალოდ არ ეხება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპს, კონვენციის ორივე მიზანი - ერთი პრევენციული, ხოლო მეორე მიმართული ბავშვის ჩვეულ გარემოში დაუყოვნებლივი რეინტეგრაციისკენ, მთლიანობაში პასუხობს ბავშვის საუკეთესო ინტერესების კონცეფციას (ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 25).

61. ჰააგის კონვენციის გამოყენების უპირველესი წინაპირობა არის იმის დადგენა, არასრულწლოვანი ექცევა თუ არა მის იურისდიქციაში, ანუ სახეზეა თუ არა მისი არამართლზომიერი გადაადგილება/დაკავება. კონვენციის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ბავშვის გადაადგილება ან დაკავება არამართლოზომიერად უნდა ჩაითვალოს, როდესაც: ეს წარმოადგენს მეურვეობის უფლების დარღვევას, რომელიც მიკუთვნებულია პირისთვის, დაწესებულებისთვის ან სხვა ორგანოსთვის, ერთობლივად თუ ცალკე, იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომელშიც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ გადაადგილებამდე ან დაკავებამდე და გადაადგილების ან დაკავების დროისათვის ეს უფლებები რეალურად გამოიყენებოდა ერთობლივად თუ ცალკე, ანდა ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა გადაადგილება ან დაკავება. აღნიშნული კრიტერიუმები, ასევე, ასახულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3517-ე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13057-ე მუხლებში.

62. წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ არასრულწლოვანი წარმოადგენს ბელარუსის რესპუბლიკიდან საქართველოში არამართლზომიერად გადაადგილებულ და დაკავებულ ბავშვს, რაც ჰააგის კონვენციის მიხედვით, ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების წინაპირობაა. კასატორს ეს გარემოება სადავოდ არ გაუხდია. თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა შემოწმდეს იმ გამონაკლისების არსებობა, რაც დადგენილია ჰააგის კონვენციის მე-12-13 და მე-20 მუხლებით და რომელთა არსებობის შემთხვევაში, სასამართლო არ არის ვალდებული მიიღოს გადაწყვეტილება არასრულწლოვნის უკან დაბრუნების შესახებ. აღნიშნული საგამონაკლისო შემთხვევები, ასევე, ასახულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35116-ე მუხლში.

63. კასატორი დავობს, რომ სააპელაციო სასამართლომ არაჯეროვნად შეაფასა საქმეში არსებული სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების დასკვნები, ასევე, არ გაითვალისწინა ბავშვის მოსაზრება. მისი მტკიცებით, ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნება შეიცავს არასრულწლოვანზე ფიზიკური და სექსუალური ძალადობის საფრთხეს. გარდა ამისა, იგი ადაპტირებულია ამჟამინდელ საცხოვრებელ გარემოში და აქვს მკვეთრად გამოხატული ნება, რომ დარჩეს მამასთან საქართველოში.

64. როგორც ზემოთ აღინიშნა, ჰააგის კონვენციით სასამართლოს აქვს მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, უარი განაცხადოს არასრულწლოვნის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებაზე. კერძოდ, ჰააგის კონვენციის მე-12 მუხლის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია უარი თქვას არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებაზე, თუ ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების თარიღიდან საქმის გარჩევის დაწყებამდე ერთ წელზე მეტია გასული და იგი ინტეგრირებულია ახალ გარემოში.

65. ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის თანახმად, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის გასცეს განკარგულება ბავშვის დაბრუნების თაობაზე, თუკი პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დადგენს, რომ: ა) პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომლის მზრუნველობის ქვეშაც იმყოფება ბავშვის პიროვნება, რეალურად არ სარგებლობდა მეურვეობის უფლებებით გადაადგილების ან დაკავების დროისათვის, ანდა დაეთანხმა ან მოგვიანებით შეეგუა გადაადგილებას ან დაკავებას; ან ბ) არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შექუმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში. საამართლოს ან ადმინისტრაციულ ორგანოს, აგრეთვე, შეუძლია უარი განაცხადოს ბავშვის დაბრუნების შესახებ განკარგულების გაცემაზე, თუკი იგი აღმოაჩენს, რომ ბავშვი მისი დაბრუნების წინააღმეგია და მან უკვე მიაღწია ისეთ წლოვანებას და მოწიფულობის ასაკს, როდესაც მიზანშეწონილია მისი აზრის გათვალისწინება. კონვენციის მე-20 მუხლის თანახმად კი, მე–12 მუხლის დებულებათა მიხედვით ბავშვის დაბრუნებაზე უარი შეიძლება იქნეს ნათქვამი, თუკი ეს აკრძალულია მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ძირითადი პრინციპების თანახმად, რომლებიც ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვას შეეხება.

66. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჰააგის კონვენციით დადგენილი დაბრუნების საგამონაკლისო წინაპირობები ეხმიანება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპს.

67. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, არსებობს ფართო კონსენსუსი საერთაშორისო სამართლის ჩათვლით, რომ, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა უნდა იყოს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. იგივე ფილოსოფიაა დამახასიათებელი ჰააგის კონვენციისთვისაც, რომელიც ასოცირდება ბალანსის აღდგენის ინტერესთან, რაც ნიშნავს უკანონო გატაცების შემთხვევაში გადაწყვეტილების საფუძველზე ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნებას საკუთარ ქვეყანაში, სადაც ჩვეულებრივ ცხოვრობს. ამავდროულად, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ბავშვის დაუბრუნებლობა საკუთარ ქვეყანაში იყოს გამართლებული ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ხსნის გამონაკლისების არსებობას, განსაკუთრებით როცა ბავშვის დაბრუნებას ახლავს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის დიდი რისკი, ან როდესაც ბავშვი იქნება გაუსაძლის პირობებში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, 21.07.2015წ., პარ. 44).

68. ხელშემკვრელ სახელმწიფოებს არ აქვთ კონვენციით განსაზღვრული გამონაკლისების ფართო ინტერპრეტაციის საშუალება, რაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოიწვევდა კონვენციის მიზნების განხორციელების ხელშეშლას. კონვენციის განმარტებითი ანგარიშის მიხედვით, ეს გამონაკლისები „შეზღუდულად უნდა იქნას გამოყენებული, თუ არ გვინდა, რომ კონვენცია ქაღალდის ნაგლეჯად იქცეს“. ამასთან, ხაზგასმულია, რომ აღნიშნული გამონაკლისების სისტემატური მოხმობა და ამით ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სასამართლოს ჩანაცვლება გამტაცებლის მიერ არჩეული სასამართლოთი, დაარღვევს კონვენციის მთელ სტრუქტურას და გამოაცლის მას ორმხრივი ნდობის სულს, რასაც იგი ეფუძნებოდა (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 47-48; ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 34).

69. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონვენციისა და მისი განმარტებითი ანგარიშის მიხედვით, გამონაკლისი შემთხვევების მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც ეწინააღმდეგება ბავშვის დაბრუნებას, ანუ პირს, ვინც არამართლზომიერად გადააადგილა ან დააკავა არასრულწლოვანი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჰააგის კონვენციის მე-12-13 მუხლებით განსაზღვრულია მხოლოდ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესი, რაც შეეხება მტკიცების სტანდარტს, იგი განისაზღვრება მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სამართლით (lex fori) (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 49; ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 109).

70. მტკიცების ზღვარი საკმაოდ მაღალია მაშინ, როდესაც პირი, რომელმაც არამართლზომიერად გადაადგილა ან დააკავა არასრულწლოვანი, უთითებს განმცხადებლის მიერ სექსუალური ხასიათის დანაშაულების ან/და სხვა სახის ძალადობის ჩადენის შემთხვევებზე. ასეთი ბრალდება არ უნდა იქნეს გათვალისწინებული იმ შემთხვევებში, როდესაც მოთხოვნა არ ეფუძნება საკმარის მტკიცებულებებს (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 68).

71. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი არ არის იმგვარად ინტეგრირებული ამჟამინდელ საცხოვრებელ გარემოში, რომ ჰააგის კონვენციის მე-12 მუხლის შესაბამისად, ეს გარემოება არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს. ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით: დადგენილია, რომ არასრულწლოვანი დაბადებიდან (27.04.20..წ.) დაახლოებით 5 წლის განმავლობაში უწყვეტად ცხოვრობდა ბელარუსის რესპუბლიკაში (20.. წლის 12 აპრილამდე, დაახლოებით 4 წლის განმავლობაში, არასრულწლოვანი ცხოვრობდა დედასთან, ხოლო მას შემდეგ მამასთან ერთად), სადაც დადიოდა საბავშვო ბაღში და იმყოფებოდა სამედიცინო აღრიცხვაზე; იგი არის ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქე; ბელარუსში მას ჰყავს ნათესავები - მამის მხრიდან ძმები (არასრულწლოვნები), მამის მხრიდან ბებია-ბაბუა და დედის მხრიდან ბებია, აგრეთვე, მამიდა, ბიძა (დედის ძმა), მამიდაშვილები და ბიძაშვილები, რომელთანაც ჰქონდა ურთიერთობა; იგი საქართველოში ჩამოვიდა 2018 წლის ივლისში, სადაც ცხოვრება გააგრძელა მამასთან ერთად. საქართველოში ჩამოსვლამდე მამა-შვილი მხოლოდ ოთხი თვით იმყოფებოდა უკრაინასა და ეგვიპტეში. ამდენად, საქართველოში ჩამოსვლამდე არასრულწლოვნის მთელი ცხოვრებისეული გამოცდილება სწორედ ბელარუსის რესპუბლიკასთან იყო დაკავშირებული და მას მისი საცხოვრებელი ადგილის მიმართ ბუნებრივად ჩამოუყალიბდა ემოციური კავშირი; არასრულწლოვანს საქართველოში არ ჰყავს ნათესავები; ამასთან, სრულყოფილად არ ფლობს ქართულ ენას და ახალი შესულია რუსულენოვან სკოლაში ქ. -----. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყოფნის პერიოდში არასრულწლოვანს დედასთან ურთიერთობა არ შეუწყვეტია. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს დედა იმყოფებოდა საქართველოში და სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განკარგულების ფარგლებში შვილთან ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა.

72. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, აგრეთვე, იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის დასკვნები არ შეიცავს კატეგორიულ შეფასებას ახალ გარემოში არასრულწლოვნის სრულყოფილ ინტეგრაციასთან დაკავშირებით და არც იმის შესახებ, რომ ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნება მისთვის ზიანის მომტანი იქნება. კერძოდ, ---- სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის 14.09.2018წ. დასკვნაში, რომელიც ძირითადად შეეხება საქართველოში ბავშვის საცხოვრებელი პირობების აღწერას და მიუთითებს ინფორმაციას მამის მიერ მიწოდებულ ფაქტებზე დაყრდნობით, აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანი ჯერ კიდევ ეჩვევა ახალ გარემოს, სასურველია მიღებულ იქნას ისეთი გადაწყვეტილება, რაც საფრთხეს არ შეუქმნის მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, სასურველია მისი შემზადება მოსალოდნელი ცვლილებებისათვის (იხ. ტ. I, ს.ფ. 257-259); სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ფსიქოლოგის მიერ 01.10.2018წ. შედგენილი დასკვნის (ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები) თანახმად, ბავშვი კარგად არის მამის გარემოსთან ადაპტირებული, ჩანს არასრულწლოვნის მამასთან ემოციური მიჯაჭვულობა და შესაძლებელია რადიკალურმა ცვლილებებმა ცუდად იმოქმედოს ბავშვის საერთო მდგომარეობაზე (იხ. ტ. I, ს.ფ. 293-295); სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქოლოგის 05.07.2019წ. დასკვნის თანახმად, ბავშვი მამასთან ერთად რამდენიმე თვეა იმყოფება ქ. ---- და ჯერ კიდევ ეჩვევა ახალ გარემოს (იხ. ტ. VI, ს.ფ. 15-18); სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ა/რ რეგიონული ცენტრის სოციალური მუშაკის 22.04.2020წ. დასკვნის მიხედვით, არასრულწლოვანი ორი წელია მამასთან ერთად იმყოფება ქ. -----, ადაპტირებულია კონკრეტულ გარემოში, სწავლობს სკოლაში, იღებს განათლებას, სწავლობს ქართულ ენას, არის აღრიცხვაზე სამედიცინო დაწესებულებაში, აქვს ურთიერთობა დედასთან და თანატოლებთან, ჰყავს მეგობრები, მამის მხრიდან ხელი ეწყობა მის სოციალიზაციას საზოგადოებაში (იხ. ტ. VII, ს.ფ. 91-93). ზემოთ დასახელებული დასკვნებიდან ნათლად ჩანს, რომ არასრულწლოვანი ჯერ კიდევ არ არის სრულად ინტეგრირებული ახალ საცხოვრებელ გარემოში და იგი გარკვეულწილად გადის ამ ეტაპს, აღნიშნული კი არ წარმოადგენს ჰააგის კონვენციის მე-12 მუხლის შესაბამისად, ინტეგრაციის საფუძვლით არასრულწლოვნის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებაზე უარის თქმის წინაპირობას.

73. არასრულწლოვანზე განხორციელებულ სავარაუდო ფიზიკურ ან/და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით - ბელარუსის რესპუბლიკიდან გამოთხოვილი გამოძიების მასალებითა და სპეციალისტების დასკვნებით არ იქნა დადასტურებული არასრულწლოვანზე დედის ან/და დედის მეგობრის, მ. კ-ის მხრიდან ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობის განხორციელების ფაქტები (იხ. წინამდებარე განჩინების 32-ე პუნქტი). მართალია, ა(ა)იპ „საქართველოს ბავშვების“ ექსპერტ-ფსიქოლოგის 09.08.2019წ. და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქოლოგის 05.07.2019წ. დასკვნები მიუთითებენ „სექსუალური ძალადობის გადატანილი ბავშვის ნიშნებზე“, თუმცა საწინააღმდეგო მტკიცებულებების არსებობის პირობებში შეუძლებელია ამ ფაქტის დადგენა.

74. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს ქ. ---- ---- რაიონის სასამართლოში 2017 წელს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შესახებ საქმის განხილვისას, სადაც ჩართულნი იყვნენ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოები, რომლებმაც მოამზადეს დასკვნა ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესახებ, დედის ან/და დედის მეგობრის მხრიდან არასრულწლოვანზე განხორციელებული სავარაუდო ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობის თაობაზე არ მიუთითებია, მიუხედავად იმისა, რომ მისივე განმარტებით, ძალადობის ფაქტზე მას ინფორმაცია ჯერ კიდევ 2017 წლის აპრილში ჰქონდა (იხ. ტ. V, ს.ფ. 187). მოპასუხემ აღნიშნულთან დაკავშირებით პირველად განცხადება შესაბამის ორგანოში მხოლოდ 2017 წლის ნოემბერში, შვიდი თვის შემდეგ წარადგინა, ხოლო გარკვეული ფაქტები, მან პირველად მხოლოდ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 05 თებერვლის სხდომაზე საქმის განხილვის დროს მიუთითა.

75. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, აგრეთვე, იმ გარემოებას, რომ საქართველოში ცხოვრების პერიოდში 20--- წლის 13 ნოემბერს ტელეკომპანია ------ -ის ეთერში მამის ნებით გასული სიუჟეტი და მასში ბავშვის მონაწილეობა, სადაც იგი ყვება მის მიმართ განხორციელებული სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ, არ შეესაბამებოდა მის საუკეთესო ინტერსებს (იხ. ვ. ი-ას დამატებითი მოსაზრებები საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, ტ. VI, ს.ფ. 452, დანართი CD დისკზე, ტ. VI, ს.ფ. 455).

76. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მამის მიერ ბავშვზე ბელარუსში განხორციელებულ სავარაუდო ძალადობაზე მითითება არადამაჯერებელია და შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება. ხოლო, არასრულწლოვნის განმარტებები მაღალი ალბათობით წარმოადგენდეს მასზე მამის ფსიქოლოგიური ზეგავლენის შედეგს.

77. ამდენად, მოპასუხემ მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, ვერ დაადასტურა ისეთი გარემოებების არსებობა, რაც არასრულწლოვნის ბელარუსში დაბრუნების შემთხვევაში, შეიცავს მასზე ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან/და სექსუალური ძალადობის საფრთხეს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევა, რა დროსაც სასამართლო არ არის ვალდებული მიიღოს გადაწყვეტილება არასრულწლოვნის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების თაობაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებში ასევე მოიაზრება მისი ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება.

78. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჰააგის კონვენციაში არსებული ჩანაწერი დაბრუნების თაობაზე არასრულწლოვნის აზრის გამოხატვასთან დაკავშირებით, ეხმიანება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციით გარანტირებულ აზრის გამოხატვის უფლებას. აღნიშნული კონვენციის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა მოსმენილ იქნეს ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი, ან წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით.

79. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხე მიუთითებს, რომ არასრულწლოვანს არ სურს დედასთან, ბელარუსში დაბრუნება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნის აღნიშნული პოზიცია არ არის ცალსახა და დედასთან დაბრუნების თაობაზე მის მიერ გაკეთებულ განმარტებებზე ნათლად იკვეთება მამის ზეგავლენა. კერძოდ, ა(ა)იპ „საქართველოს ბავშვების“ ექსპერტ-ფსიქოლოგის 09.08.2019წ. დასკვნაში მითითებულია, რომ არასრულწლოვანს სურს დედასთან ერთად ცხოვრება. ფსიქოლოგის შეფასებით, ბავშვის მიერ დედის ნეგატიურად წარმოჩენის მცდელობა წარმოადგენს მამის მხრიდან მასზე ზეგავლენის მოხდენისთვის მიმართული ქმედების შედეგს, დედის წინააღმდეგ განწყობის მიზნით. ბავშვი ამბობს, რომ დედა მოჯადოებულია, რაც, სასამართლოს აზრით, ცალსახად მიუთითებს მამის ზეგავლენის არსებობაზე. ბავშვის დედასთან დაბრუნების შემაფერხებელ ერთ-ერთ გარემოებად მამა სწორედ იმას მიუთითებს, რომ დედა არის ერთ-ერთი სექტის წევრი, რომლის ხელმძღვანელიც არის ექსტრასენსი მ. კ-ვი. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს აღნიშნულ დასკვნაში მითითებულ გარემოებას, რომ დედის მიერ მიწოდებული აუდიო ჩანაწერებიდან გამოიკვეთა მამის მცდელობა, ბავშვს უარი ეთქვა დედასთან ურთიერთობაზე. უფროსებს შორის დაძაბული საუბრის შემდეგ მამამ არასრულწლოვანს დაუსვა შეკითხვა შემდეგი ფორმულირებით: „გინდა დედასთან საუბარი, მე არ მინდა“, რაზეც არასრულწლოვანმა განაცხადა, რომ არ სურს დედასთან საუბარი. ხოლო, ერთ-ერთ ჩანაწერში, როდესაც მამა დედა-შვილის ურთიერთობას არ ესწრებოდა ბავშვი ამბობს, რომ სურს დედასთან შეხვედრა, თუმცა მამა ამის უფლებას არ აძლევს (იხ. ტ. IV, ს.ფ. 308-314); არასრულწლოვანი საქართველოში ყოფნის სურვილს ასაბუთებს იმით, რომ აქ არის ზღვა, მთები, გასართობი, რაც ბელარუსში არ არის (იხ. არასრულწლოვანთან გასაუბრების ოქმი, ტ. III, ს.ფ. 97-101). ეს გარემოებები, სასამართლოს შეფასებით, არასაკმარისია იმისათვის, რომ ბავშვის სურვილი - დარჩეს საქართველოში დამაჯერებლად იქნეს მიჩნეული; ამასთან, სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მამამ თავად განმარტა, რომ არასრულწლოვანს სურს დედასთან ერთად ცხოვრება (იხ. 08.10.2019წ. სხდომის ოქმი); დედასთან ურთიერთობის სურვილი, ასევე, ვლიდნება სოციალური მუშაკის 14.04.2020წ., 22.04.2020წ. და ფსიქოლოგის 13.04.2020წ. დასკვნებიდან (იხ. ტ. VII, ს.ფ. 75-78, 87, 91-93). ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან ცალსახად იკვეთება არასრულწლოვნის აზრის ჩამოყალიბებაზე მამის ზეგავლენის არსებობა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხის მითითებას, რომ არასრულწლოვანს არ სურს დედასთან დაბრუნება.

80. საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ქ. --- --- რაიონის სასამართლოს 28.11.2017წ. გადაწყვეტილების თანახმად, არასრულწლოვანს ფსიქოლოგიური პრობლემები და ხასიათის ცვლილების პირველი ნიშნები გამოუვლინდა 2017 წლის აპრილის თვის მეორე ნახევრიდან, სწორედ იმ პერიოდიდან, როდესაც მოხდა მისი დედასთან უეცარი დაშორება. ამასთან, ა(ა)იპ „საქართველოს ბავშვების“ ექსპერტ-ფსიქოლოგის 09.08.2019წ. დასკნის თანახმად, არასრულწლოვნის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს ბავშვის განცდები დედის მიმართ. მას გააჩნია დედასთან სიახლოვის ემოციური საჭიროება. მიუხედავად დედის ნეგატორულად წარმოჩენის მცდელობისა, რაც მამის ზეგავლენის შედეგს წარმოადგენს, სავარაუდო ძალადობის ირგვლივ საუბრის დროს, იგი არ ავლენს ამ ტენდენციას და პირიქით აღწერს დედის მიერ მის მიმართ „დამცველ“ ქმედებებს; არასრულწლოვანი გამოხატავს სითბოს და სიყვარულს დედის მიმართ, რაც ცალსახად ჩანს სოციალური მუშაკის 14.04.2020წ., 22.04.2020წ. და ფსიქოლოგის 13.04.2020წ. დასკვნებიდან; არასრულწლოვანმა სააპელაციო სასამართლოში გასაუბრებისას დასმულ შეკითხვას - რას გააკეთებდა და ეტყოდა დედას, ის რომ დარბაზში შესულიყო, უპასუხა, რომ მაგრად მოეფერებოდა, ჩაეხუტებოდა და ეტყოდა, რომ ძალიან უყვარს (იხ. არასრულწლოვანთან გასაუბრების ოქმი, ტ. III, ს.ფ. 97-101); ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნის ბელარუსში, დედასთან დაბრუნება შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს.

81. კასატორი მიუთითებს, რომ ვინაიდან მამა და შვილი წარმოადგენენ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მქონე პირებს, დაუშვებელია მათი ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი არ უნდა იქნეს დაბრუნებული ან გაძევებული იმ ქვეყნის საზღვარზე, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო საფრთხე შეექმნება. განსახილველ შემთხვევაში მამა არამართლზომიერად გადაადგილებული არასრულწლოვნის ბელარუსში დაბრუნების შემაფერხებელ გარემოებად მიუთითებდა მასზე ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობის საფრთხის არსებობას, თუმცა მან სასამართლოს ვერ წარუდგინა ამ საფრთხის რეალურად არსებობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი არ წარმოადგენს არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების დამაბრკოლებელ გარემოებას.

82. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სწორია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.

83. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

84. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს კასატორის მიერ გაღებული ხარჯის მხარეთა შორის განაწილების ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ს. ი-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე