13 აპრილი, 2022 წელი
№ას-1031-2021 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ ი.მ. თ. შ–ძე, ხ.ნ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „უ–ი“
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. „უ–ი“-ს სარჩელი ი.მ. თ.შ–ძისა და ხ.ნ–ძის მიმართ, დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების - 18 283.21 ლარის გადახდა.
2. ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრეს ი.მ. თ.შ–ემ და ხ.ნ–ძე.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 მარტის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 22 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი.მ. ი.ა–ძემ და ხ.ნ–ძემ.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შევსების მიზნითაც, აპელანტებს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალათ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრისა და მისი ელექტრონული ვერსიის, აგრეთვე სახელმწიფო ბაჟის სახით 731.32 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარდგენა.
6. განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ გაეგზავნა აპელანტების წარმომადგენელ ი.ა–ძეს და პირადად ჩაბარდა 2021 წლის 02 ივლისს.
7. დადგენილია, რომ აპელანტებს (წარმომადგენელს) სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სააპელაციო სასამართლოსთვის.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 აგვისტოს განჩინებით, ი.მ. ი.ა–ძისა და ხ.ნ–ძის სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის მოტივით, დატოვებულ იქნა განუხილველად.
9. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გაეგზავნა აპელანტების წარმომადგენელ ი.ა–ძეს და პირადად ჩაბარდა 2021 წლის 09 სექტემბერს.
10. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი.მ. ი.ა–ძისა და ხ.ნ–ძის წარმომადგენელმა ი.ა–ძემ, მიუთითა, რომ მის მარწმუნებლებს ფინანსური პრობლემების გამო არ აქვთ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა, რის გამოც სააპელაციო სასამართლოში იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, თუმცა სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით, კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ კერძო საჩივარს ხელს აწერდა არაუფლებამოსილი პირი - სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატი და გადახდილი არ იყო კერძო საჩივრისთვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
12. 2021 წლის 27 ოქტომბერს კერძო საჩივრის ავტორებმა - ი.მ. ი.ა–ძემ და ხ.ნ–ძემ წარმოადგინეს მათ მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივარი, რომლითაც, ფინანსური პრობლემების გამო იშუამდგომლეს კერძო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 ნოემბრის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივრის ავტორთა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ, ხოლო ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაგრძელდა 07 დღით.
14. 2021 წლის 05 ნოემბრის განცხადებასთან ერთად კერძო საჩივრის ავტორებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, ი.მ. ი.ა–ძისა და ხ.ნ–ძის კერძო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
18. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა არ შეავსო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი საამისოდ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.
20. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
21. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლითაც დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტების წარმომადგენელ ი.ა–ძეს გაეგზავნა საჩივარსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. ბათუმი, ...... და პირადად ჩაბარდა 2021 წლის 02 ივნისს (იხ. ტ.1, ს.ფ. 162).
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, ფოსტის ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნლების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება ასევე შესაძლოა გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
24. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
25. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
26. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კანონიერია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტებისათვის ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადის ათვლა 2021 წლის 22 ივნისიდან დაიწყო (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე) და 2021 წლის 01 ივლისს ამოიწურა.
27. პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში არსებულ მინდობილობას, რომლითაც კერძო საჩივრის ავტორებმა ი.ა–ძეს მიანიჭეს საპროცესო წარმომადგენლობის უფლება სამოქალაქო საქმეებზე ყველა ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო აქტების გასაჩივრების უფლებამოსილების ჩათვლით (ტ.1, ს/ფ 99).
28. კერძო საჩივრის პრეტენზია მიემართება იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტთა ფინანსური პრობლემები არ გაითვალისწინა და არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ, რის შედეგადაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
29. პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმადაც, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინადადების თანახმად, სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან.
31. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
32. ამრიგად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, ხოლო დასაბუთების საკმარისობას, შუამდგომლობაში მოხმობილ არგუმენტთა საფუძველზე, სასამართლო აფასებს შუამდგომლობის შინაარსობრივი მხარის განხილვისას, მოტივირებული განჩინებით.
33. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის მე-6 გვერდზე აპელანტებს მონიშნული აქვთ გრაფა, რომ ითხოვენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებას, თუმცა საფუძვლისა და მტკიცებულებების მითითების გარეშე.
34. წერილობითი დასაბუთების არარსებობით დარღვეულია რა შუამდგომლობის მიმართ სსსკ 215-ე მუხლისა და 47-ე მუხლის პირველი ნაწილებით დადგენილი მოთხოვნები, აღნიშნულ გარემოებას პალატა უთანაბრებს ბაჟისგან გათავისუფლების შუამდგომლობის არარსებობას, რა დროსაც სასამართლო უფლებამოსილია, შესაბამის გრაფაში განხორციელებული მონიშვნის მიუხედავად, არც კი იმსჯელოს სახელმწიფო ბაჟისგან განთავისუფლების წინაპირობებზე (იხ. სუსგ. №ას-259-2022)
35. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტებს არათუ არ დაუმტკიცებიათ, არამედ არც კი მიუთითებიათ, რაში მდგომარეობს მათი ფინანსური სირთულეები. არც პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას და არც სააპელაციო ეტაპზე საქმის მასალებში არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება, რაც აპელანტთა ქონებრივ პრობლემებზე მიანიშნებდა, ამდენად, კერძო საჩივრის პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ აპელანტთა ქონებრივი მდგომარეობის გაუთვალისწინებლობის შესახებ, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ 47-ე მუხლი), აგრეთვე, შუამდგომლობისა და ამ შუამდგომლობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსკ 48-ე მუხლი). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის სრული და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ (იხ. სუსგ. №ას-243-233-2013; №ას-1714-2018).
37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).
38. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან აპელანტებს მათი ქონებრივი მდგომარეობა უტყუარად არ დაუდასტურებიათ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაათავისუფლა ისინი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. საგულისხმოა ისიც, რომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანის წინაპირობა გახდა არამარტო სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა, არამედ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობაც (ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით აპელანტებს დაევალათ მიეთითებინათ, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა, კონკრეტულად რას ითხოვენ სააპელაციო საჩივრის შემტანი პირები, მიეთითებინათ გარემოებები, რომლებიც ადასტურებენ სააპელაციო საჩივარს, მტკიცებულებებზე, რომლებიც ასაბუთებენ ამ გარემოებებს). სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად აპელანტებს სამართლებრივი მნიშვნელობის მოქმედებები არ განუხორციელებიათ, - არ უშუამდგომლიათ საპროცესო ვადის გაგრძელება, სახელმწიფო ბაჟთან მიმართებით არ წარუდგენიათ არგუმენტირებული შუამდგომლობა და შესაბამისი მტკიცებულებებები, არ შეუვსიათ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის ის ნაწილი, რომელიც აპელანტებს დასაბუთებული საჩივრის წარდგენას ავალებდა. მხარის პასიურობამ საპროცესო უფლებათა ეფექტურად გამოყენების თვალსაზრისით შექმნა გონივრული ვარაუდი, რომ აპელანტმა დავის გაგრძელების ინტერესი დაკარგა.
39. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტებს დაუდგინდათ გონივრული (10-დღიანი) ვადა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისათვის. თავის მხრივ, მათ არ გამოასწორეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს სწორედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენდა. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორებს არ მიუთითებიათ ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე, 47-ე, მე-60, 61-ე, 63-ე, 215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.მ. თ.შ–ძისა და ხ.ნ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 აგვისტოს განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი