15 ივლისი, 2022 წელი
საქმე №ას-362-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შ.პ.ს. „ლ.კ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე - ზ.კ-კ.კ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების ხელახლა განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2014 წლის 18 აგვისტოს ზ.კ-კ.კ–იმ სარჩელი აღძრა შ.პ.ს. „ლ.კ–ი“-ს მიმართ, მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნების აღრევამდე მსგავსი ნიშნებით მარკირებული უალკოჰოლო სასმელებისა და მოსარჩელის კუთვნილი მოცულობითი სასაქონლო ნიშნის (ბოთლის ფორმის) გამოყენებით საქართველოში უალკოჰოლო სასმელების იმპორტისა და გაყიდვის აკრძალვის, აგრეთვე 2014 წლის 07 აგვისტოს შეჩერებული კონტრაფაქციული ტვირთის მოსარჩელის ხარჯით განადგურების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 ივლისის განჩინებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე ყადაღა დაედო შ.პ.ს. ”ლ-კ”-ს კუთვნილ კონტრაფაქციულ ტვირთს, რომელიც განთავსებულია ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ”ბათუმი” (მდებარე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...., სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ კილომეტრი), კონტრაფაქციული ტვირთის მონაცემებია: უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელი, რომლის შეფუთვაზეც უკანონოდ დატანილია სასაქონლო ნიშანი C.C. და C.P. ამავე განჩინების მე-3 პუნქტის თანახმად, შ.პ.ს. ,,ლ.კ–ი”-ს საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე აეკრძალა ასეთივე ბოთლებში ჩამოსხმული უალკოჰოლო სასმელების შემდეგომი იმპორტი საქართველოში.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილებით, შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება ზ.კ-კ.კ–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და შ.პ.ს. „ლ.კ–ი“-ს აეკრძალა ზ.კ-კ.კ–ის კუთვნილი სასაქონლო ნიშნების აღრევამდე მსგავსი ნიშნებით მარკირებული უალკოჰოლო სასმელებისა და მოსარჩელის კუთვნილი მოცულობითი სასაქონლო ნიშნის (ბოთლის ფორმის) გამოყენებით საქართველოში უალკოჰოლო სასმელების იმპორტი და გაყიდვა; ზ.კ-კ.კ–ის ხარჯებით დადგინდა შემოსავლების სამსახურის მიერ 2014 წლის 07 აგვისტოს შეჩერებული შ.პ.ს. „ლ.კ–ი“-ს კუთვნილი კონტრაფაქციული საქონლის განადგურება.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინების ძალით, არ დაკმაყოფილდა შ.პ.ს. „ლ.კ–ი“-ს საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება, რის შედეგადაც, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განჩინებით, ზ.კ-კ.კ–ი-ს წარმომადგენლის, გ.ც–ას შუამდგომლობით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე ყადაღა დაედო შ.პ.ს. ”ლ-კ”-ს კუთვნილ კონტრაფაქციულ ტვირთს, რომელიც განთავსებულია ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ”ბათუმი” (მდებარე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...., სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ კილომეტრი), კონტრაფაქციული ტვირთის მონაცემებია: უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელი, რომლის შეფუთვაზეც უკანონოდ დატანილია სასაქონლო ნიშანი C. C.და C.P.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განჩინებითვე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 06 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის გარანტია, რომლითაც მოსარჩელე ზ.კ-კ.კ–ის დაევალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა 7662,72 აშშ დოლარის ოდენობით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განჩინების საფუძველზე 2019 წლის 25 თებერვალს ამავე სასამართლოს მიერ გამოიცა სააღსრულებო ფურცელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისა და უზრუნველყოფის გარანტიის გაუქმებაზე მითითებით. სააღსრულებო ფურცლის დედანი ჩაიბარა ზ.კ-კ.კ–ის წარმომადგენელმა 2019 წლის 27 მარტს.
8. 2021 წლის 08 ოქტომბერს და ამავე წლის 03 ნოემბერს შ.პ.ს. „ლ.კ–ი“-ს წარმომადგენელმა განცხადებებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ ამავე სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის განჩინების საფუძველზე სააღრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ მოთხოვნას დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ 2014 წლის 07 აგვისტოს შეჩერებული შ.პ.ს. „ლ.კ–ი“-ს კუთვნილი კონტრაფაქციული საქონლის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილებით დადგენილია განადგურების ღონისძიება, შესაბამისად, შ.პ.ს. „ლ.კ–ი“ ვერ განიხილება ამ საქონლის მართლზომიერ მფლობელად თუ მესაკუთრედ, ხოლო მისი განცხადება ყადაღის მოხსნაზე გაუმართლებელია. ამავე განჩინებით განმცხადებელს მიეთითა, რომ განცხადება შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე წარმოადგენს აღსრულების მიმდინარეობის დამთავრების (საქონლის განადგურების) შესახებ ინფორმაციას.
10. 2021 წლის 22 დეკემბერს და ამავე წლის 27 დეკემბერს შ.პ.ს. „ლ.კ–ი“-ს წარმომადგენელმა კვლავ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომელშიც მიეთითა, რომ სასამართლოს წარედგინებოდა მტკიცებულება კონტრაფაქციული საქონლის განადგურების შესახებ და აღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელმა კვლავ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განჩინების საფუძველზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა, ამ განჩინების შ.პ.ს. „ლ.კ–ი“-ს მიმართ აღსასრულებლად. განცხადებებს დაერთვოდა 2019 წლის 23 აპრილით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტის ასლი, რომლის თანახმადაც, შ.პ.ს. „ს. ?“-ს შ.პ.ს. „მ–ძე, გ–ი, თ“-სგან, ხელშეკრულების საფუძველზე, 2019 წლის აპრილის თვეში ქ.ბათუმის ნაგავსაყრელზე შემდგომი განადგურების მიზნით მიღებული აქვს 19800 კგ კონტრაფაქციული უალკოჰოლო სასმელი (ჩატ კოლა 36864 ცალი, ჩატ პორთაქალ 23040 ცალი), რომელიც განადგურების მიზნით დაიმტვრა და დაიმარხა, რისთვისაც გადასახდელია 792 ლარი მომსახურების საფასური დღგ-ის ჩათვლით.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინებით, 2021 წლის 22 დეკემბრის განცხადება დატოვებული იქნა განუხილველად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მეხუთე ნაწილზე მითითებით, რომლის თანახმადაც, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც საჩივრდება საჩივრიით. პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებით განმცხადებელს უკვე ეთქვა უარი სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე, იგივე მოთხოვნით განცხადება ექვმდებარება განუხილველად დატოვებას.
12. ზემოაღნიშნული განჩინების წინააღმდეგ შ.პ.ს. „ლ.კ–ი“-ს წარმომადგენელმა წარადგინა კერძო საჩივარი, რომელშიც მიუთითებს, რომ განჩინება არაკანონიერია, ვინაიდან 2021 წლის 03 ნოემბრის განცხადებისგან განსხვავებით, 2021 წლის 27 დეკემბრის განცხადებას დაერთო 2019 წლის 23 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დადასტურდა დაყადაღებული კონტრაფაქციული ტვირთის განადგურების ფაქტი. კერძო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებაში თავადვე დააფიქსირა კონტრაფაქციული ტვირთის განადგურების დამადასტურებელი საბუთის წარდგენის აუცილებლობა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდებოდა სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე მსჯელობა. საბუთის განცხადებაზე დართვამ ახალი ფაქტობრივი საფუძველი შესძინა მოთხოვნას, რაც სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და 2021 წლის 22 დეკემბრისა და ამავე წლის 27 დეკემბრის განცხადებები ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია შ.პ.ს. „ლ.კ–ი“-ს მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღების მიზნით 2021 წლის 03 ნოემბერს წარდგენილი განცხადების მოთხოვნისა და საფუძვლების იდენტურობა ამავე განმცხადებლის მიერ 2021 წლის 22 და 27 დეკემბერს წარდგენილ განცხადებასთან მიმართებით.
15. უპირველესად, პალატა მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განჩინების გამოტანის ან/და სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ მხარის მიერ ხელახალი მოთხოვნის წარდგენის საპროცესო შედეგებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ არეგულირებს, ამდენად, სასამართლომ უნდა მიმართოს კანონის ანალოგიის წესს.
15.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).
15.2. განსახილველი საკითხის მსგავსი საპროცესო შინაარსი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მეხუთე ნაწილს, რომელიც ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების დაუკმაყოფილებლობისას იმავე საგანზე იმავე საფუძვლით წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების წესს.
16. უპირველესად, უნდა განიმარტოს, თუ რა იგულისმება ტერმინებში - „საგანი“ და „საფუძველი“. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, განმცხადებელს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაში მართებს, მიუთითოს: 1) სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად (საგანი) და 2) გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით (საფუძველი). ამდენად, განცხადების საგანი ნიშნავს მოთხოვნას, ხოლო განცხადების საფუძველი ის ფაქტებია, რომელთა მითითებაც მართებს მხარეს დასახული საპროცესო მიზნის მისაღწევად.
17. 2021 წლის 03 ნოემბრის განცხადებაში სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნა ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში შ.პ.ს. „ლ.კ–ი“-ს მიმართ კვლავ რეგისტრირებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რაც კას აფერხებს ბანკებთან და პარტნიორებთან ურთიერთობაში. ამასთან, მართალია, 2019 წლის 30 იანვრის განჩინება სააღსრულებო ფურცელთან ერთად გაიცა ზ.კ-კ.კ–ი-ს წარმომადგენელზე, თუმცა იგი შ.პ.ს. „ლ.კ–ი“-ს მიმართ გამოყენებული ყადაღის გაუქმების ნაწილში აღსრულებული არ არის.
18. საგულისხმოა, რომ 2021 წლის 22 და 27 დეკემბრის განცხადებები უთითებს არა 2021 წლის 03 ნოემბრის განცხადებაში ასახულ გარემოებებზე (საფუძვლებზე), არამედ სასამართლოსთვის აქამდე უცნობ გარემოებაზე - კონტრაფაქციული საქონლის განადგურებაზე, ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განჩინების მითითებას 2021 წლის 03 ნოემბრის განცხადებასთან 2021 წლის 22 და 27 დეკემბრის განცხადებების იდენტურობის შესახებ.
19. სასამართლო მიუთითებს, რომ მხარის მიერ კონტრაფაქციული საქონლის განადგურების დადასტურების მიზნით სასამართლოში დოკუმენტის წარდგენა, თავის მხრივ, დაემყარა სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინების მითითებას, რომლის თანახმადაც, განცხადება ყადაღის გაუქმების შესახებ სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე შეიძლება დაკმაყოფილებულიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე წარმოადგენდა აღსრულების მიმდინარეობის დამთავრების (საქონლის განადგურების) შესახებ ინფორმაციას.
20. პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით შეფასების მიღმა დარჩა იმ გარემოების დამტკიცების მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტის შინაარსობრივი მხარე, რომლის დადასტურებაც, სააპელაციო სასამართლოს შეფასებითვე, წარმოადგენდა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა წინამდებარე განჩინებით აუქმებს რა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ და აბრუნებს მას იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად, უზენაესი სასამართლო განცხადების განხილვისას სავალდებულოდ მიიჩნევს განცხადებაზე დართული მიღება-ჩაბარების აქტის ფორმალური და შინაარსობრივი მხარის კვლევას: წარმოდგენილია თუ არა დოკუმენტი საპროცესო კოდექსის შესაბამისი წესით; შედგენილია თუ არა ის უფლებამოსილ სუბიექტთა მიერ; რამდენად იდენტურია მიღება-ჩაბარების აქტში ჩამოთვლილი საქონელი დაყადაღებული ქონებისა (სახეობის, ოდენობის, მოცულობის და ა.შ. პარამეტრების გათვალისწინებით).
21. განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტის კვლევისას წარდგენილი ცნობების არასაკმარისობის შესახებ დასკვნის გაკეთების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ კანონის ანალოგიის წესით უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიმართოს განცხადებაზე ხარვეზის დადგენის ინსტიტუტს, რაც განმცხადებელს ეფექტური მართლმსაჯულებით სარგებლობისა და ინტერესის დროული დაკმაყოფილების შესაძლებლობას მისცემს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 191-ე, 194-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს „ლ.კ–ი“-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ და 2021 წლის 22 დეკემბრისა და 27 დეკემბრის განცხადებები სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი