№ას-325-2022
21 ივლისი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – მ.ჯ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,გ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ივნისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – დისციპლინური სახდელის დადების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, შრომის ანაზღაურების დავალიანებისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ჯ–ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მ.ჯ–ამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განჩინებით მ.ჯ–ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მ.ჯ–ამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ: მ.ჯ–ას დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის დედნის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით, ასევე 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2022 წლის 31 მარტს.
2022 წლის 04 აპრილს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და წარმოადგინა საკასაციო საჩივრის დედანი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით, თუმცა არ წარმოუდგენია 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით კასატორის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კასატორი წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს და მისი სტატუსიდან გამომდინარე, მას ან უნდა გადავადებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა ან იგი უნდა გათავისუფლებულიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 აპრილის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების და არც ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე. კასატორს - მ.ჯ–ას გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობის მიზნით დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა გადახდისუუნარობის შესახებ ან 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2022 წლის 08 აპრილს სსსკ-ის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 368-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 399-ე მუხლის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა საკასაციო საჩივრის ავტორს.
2022 წლის 13 აპრილს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და კვლავ აღნიშნა, რომ კასატორი წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს და მისი სტატუსიდან გამომდინარე, მას ან უნდა გადუვადდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა ან იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან. ამასთან, განმცხადებლის მითითებით, რამდენადაც კასატორი დავობს მისი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, იგი ამ საფუძვლითაც გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
2022 წლის 21 აპრილის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობის მიზნით დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა გადახდისუუნარობის შესახებ ან 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2022 წლის 21 აპრილს.
2022 წლის 2 მაისს (01 მაისი იყო არასამუშაო დღე - კვირა) საკასაციო სასამართლოს მომართა კასატორის წარმომადგენელმა, კვლავ მიუთითა, რომ კასატორი წარმოადგენს იძულებით გადაადგილებული სტატუსის მქონე პირს და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება ან წინააღმდეგ შემთხვევაში ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 15 დღით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 11 მაისის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა 5 დღის ვადაში 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ხარვეზის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2022 წლის 20 მაისს.
2022 წლის 27 მაისს (სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით) საკასაციო პალატას მომართა კასატორის წარმომადგენელმა და წარმოადგინა 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ივნისის განჩინებით მ.ჯ–ას საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო. ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მიეთითა, რომ განჩინება იყო საბოლოო და არ საჩივრდებოდა.
2022 წლის 22 ივნისს საკასაციო სასამართლოს კერძო საჩივრით მომართა კასატორის წარმომადგენელმა, მიუთითა, რომ საკასაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დაცვით და ითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ივნისის განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინა ხარვეზი წამროდგენილ კერძო საჩივარზე და დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად შედგენილი განცხადების წარმოდგენა, ასევე ბ) 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2022 წლის 05 ივლისს.
2022 წლის 11 ივლისს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ვინაიდან სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5-დღიანი ვადის უკანასკნელი დღე დაემთხვა არასამუშაო დღეს - კვირას, ხოლო 11 ივლისი იყო პირველი სამუშაო დღე კვირის შემდეგ), საკასაციო სასამართლოს დაზუსტებული განცხადებით მომართა განმცხადებლის წარმომადგენელმა, რომლითაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 02 ივნისს N-325-2022 საქმეზე გამოტანილი განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება ითხოვა. განმცხადებელმა განცხადებას არც ამჯერად დაურთო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება ითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლი ითვალისწინებს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შინაარსს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას; ბ) მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება; გ) მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე; დ) მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე; ე) მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე შეადგენს - 100 ლარს. სსსკ-ის 429-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
ამრიგად, მხარის მიერ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს, შეიცავს თუ არა წარმოდგენილი განცხადება კანონით დადგენილ აუცილებელ მონაცემებს და არსებობს თუ არა მისი დასაშვებად ცნობის წინაპირობები. კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადების შეუსაბამობა კი შესაძლოა მისი განუხილველად დატოვების საფუძველი გახდეს.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი მის კერძო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად შედგენილი განცხადების წარმოდგენა, ასევე ბ) 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ხარვეზის შესახებ განჩინება განმცხადებლის წარმომადგენელს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმეში არსებულ მისამართზე და პირადად ჩაბარდა 2022 წლის 05 ივლისს.
2022 წლის 11 ივლისს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) კერძო საჩივრის ავტორმა დაზუსტებული განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 02 ივნისის, N-325-2022 საქმეზე გამოტანილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. ამასთან განმცხადებლის წარმომადგენელმა განცხადებას არც ამჯერად დაურთო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება ითხოვა. პალატა აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განმცხადებელი სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლებას იმავე საფუძვლით ითხოვს, რა საფუძელზეც საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე ითხოვდა მ.ჯ–ას გათავისუფლებას სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, თუ მხარე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. აღნიშნული ნორმების შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, რის გამოც მას არა აქვს საშუალება წინასწარ გადაიხადოს სასამართლო ხარჯები, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობაზე მოქალაქის ქონებრივ მდგომარეობას, რის გამოც მას არა აქვს საშუალება გადაიხადოს სასამართლო ხარჯები. ამ გარემოების დადასტურების ტვირთი ეკისრება თვითონ იმ შუამდგომლობის ავტორს, რომელიც ითხოვს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადებას ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებას.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეაფასოს მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და თუ მათ საკმარისად არ მიიჩნევს, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი სათანადოდ უნდა დაასაბუთოს, საჭიროების შემთხვევაში კი, დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენაც მოითხოვოს.
მოცემულ შემთხვევაშიც და საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზეც, განმცხადებლის წარმომადგენელი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებელი - მ.ჯ–ა წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს და შრომისსამართლებრივი ხასიათის დავის შემთხვევაში, იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად, განმცხადებლის წარმომადგენელმა უზენაეს სასამართლოს კვლავ მ.ჯ–ას სახელზე გაცემულ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობაზე მიუთითა, რომლითაც დასტურდება, რომ განმცხადებელს - მ.ჯ–ას ნამდვილად აქვს მინიჭებული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
საკასაციო სასამართლომ განცხადების ავტორს, კიდევ ერთხელ განუმარტავს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები და ამ გარემოებების დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ განმცხადებლის - მ.ჯ–ას მძიმე ქონებრივ მდგომარეობას და არ წარმოადგენენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების კანონით გათვალისწინებულ ობიექტურ საფუძვლებს, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, განცხადების ავტორს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც მ.ჯ–ას გადახდისუუნარობას დაასაბუთებდა, არ წარმოუდგენია.
საკასაციო პალატა განმცხადებელს კვლავ განუმარტავს, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან - ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან. ამრიგად, განმცხადებელი საკასაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან მისი ქონებრივი მოთხოვნის ნაწილში, სწორედ იმ საფუძვლით, რომ მისი მოთხოვნები შრომის ანაზღაურების თაობაზე გამომდინარეობდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან, რასაც საკანონმდებლო დანაწესი პირდაპირ ითვალისწინებს, თუმცა კანონმდებლობით იგი არ იყო გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან მისი არაქონებრივი მოთხოვნის ნაწილში, კერძოდ, იმ მოთხოვნის ნაწილში, რომლითაც ითხოვდა დისციპლინური სახდელის დადების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. ამასთან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონის“ მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: იძულებით გადაადგილებული პირები − დევნილები და თავშესაფრის მაძიებლები − შესაბამისად, იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის სტატუსის მინიჭებასთან და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებულ საჩივრებზე. შესაბამისად, განმცხადებელი ვერც ამ ნორმის მიხედვით გათავისუფლდებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ვინაიდან, განმცხადებლის მოთხოვნა არ შეეხება დევნილის სტატუსის მინიჭებისა და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებულ საკითხებს.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძვლებს და ამ შემთხვევაში ეს საფუძვლები დავის საგნიდან გამომდინარე არ ვრცელდება კასატორზე. პალატა, კასატორის წარმომადგენლის განცხადების შინაარსიდან გამომდინარე ასკვნის, რომ განმცხადებელი, როგორც საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე, ასევე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარმოდგენის ეტაპზეც კასატორისათვის საელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას ან მისი გადახდისგან გათავისუფლებას პრაქტიკულად ითხოვს გამონაკლისის სახით, რადგან კასატორი არის დევნილი და დავა ეხება შრომითსამართლებრივ დავას. აღნიშნულ მოსაზრებას პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან განმცხადებლის მიმართ დიფერენცირებული მიდგომით საკანონმდებლო დანაწესებიდან გამონაკლისის დაშვება, მაშინ როდესაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემებით საქართველოში მ.ჯ–ას ანალოგიური სტატუსი მინიჭებული აქვს 270 000-ზე მეტ ადამიანს (იხ. http://mra.gov.ge/geo/static/55(ნანახია 19.07.2022)), გაუმართლებელია, მით უმეტეს, როდესაც განმცხადებლის მიერ დევნილის სტატუსის შესახებ ცნობასთან ერთად რაიმე მტკიცებულება, რომლითაც შეფასდებოდა გააჩნია თუ არა მ.ჯ–ას მძიმე მატერიალური მდგომარეობა, არ ყოფილა უზენაესი სასამართლოსთვის წარმოდგენილი.
საკასაციო პალატა კვლავ განუმარტავს განმცხადებელს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება და უზრუნველყონ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება - უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, თუმცა სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია შეიზღუდოს. სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისთვის ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად და კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფთან შეუსაბამოდ (იხ. Weissman and Others v. Romania, №63945/00, §34, 35, 24 მაისი, 2006 წელი). შესაბამისად, უფასო სამართლებრივი დახმარებისა და უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს.
კონკრეტულად საჩივრის დასაშვებობის ეტაპთან დაკავშირებით კი ევროსასამართლო მიუთითებს, რომ შეზღუდვა ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე რომლებიც ეხება საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებს, რადგან, მისი ბუნების გათვალისწინებით, აღნიშნული საკითხი სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს რეგულირებული, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით შეფასების ფართო ფარგლებით სარგებლობს (იხ. Luordo v. Italy, N 32190/96, §85, ECHR 2003-IX). ეროვნულ დონეზე პირის საჩივარს აქვს თუ არა სასარჩელო ძალა შეიძლება დამოკიდებული იყოს არა მხოლოდ ძირითად შინაარსზე, კონკრეტულად რომ ვთქვათ, ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ რელევანტურ სამოქალაქო უფლებებზე, არამედ ასევე საპროცესო შეზღუდვების არსებობაზე, რომელიც ხელს უშლის ან ზღუდავს სასამართლოსათვის კონკრეტული მოთხოვნებით მიმართვის შესაძლებლობას (იხ. McElhinney v. Ireland [დიდი პალატა], N 31253/96, §24, ECHR 2001-XI). ის ფორმა თუ როგორ უნდა გავრცელდეს კონვენციის 6.1 მუხლი სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოზე დამოკიდებულია საქმისწარმოების განსაკუთრებულ მახასიათებლებზე. სამართლის საკითხების გასაჩივრების მისაღებობის პირობები შეიძლება უფრო მკაცრი იყოს, ვიდრე ჩვეულებრივი საჩივრის (იხ. Levages Prestations Services v. France, 23 ოქტომბერი 1996, §45). საბოლოო ჯამში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ეროვნულ დონეზე არსებული ეროვნული სამართალწარმოებების სისტემა მთლიანობაში.
უზენაესი სასამართლო ერთ-ერთ განჩინებაში აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფად. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება Nას-1220-2018).
ამდენად, სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს.
გარდა იმისა, რომ განმცხადებლის მიერ არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც განცხადება განუხილველი უნდა დარჩეს, განცხადება ასევე არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. განცხადების ძირითადი დასაბუთება პრაქტიკულად იდენტურია იმ განცხადებების დასაბუთებისა, რომლითაც კასატორი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე ითხოვდა მ.ჯ–ას სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებასა თუ ბაჟის გადახდის გადავადებას და ამ შემთხვევაშიც განცხადების დასაბუთებაა ის, რომ კასატორი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე უნდა გათავისუფლებულიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. აღნიშნულის უსაფუძლობაზე უკვე იმსჯელა საკასაციო პალატამ ამ განჩინებაში (სასამართლოს მითითებულ საფუძველზე მრავალჯერ აქვს ნამსჯელი ასევე ხარვეზის დადგენის განჩინებებში). განცხადებაში განმცხადებელი ასევე უთითებს, რომ მის მიერ არ მომხდარა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გადაცილება, რადგან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი წარმოადგინა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის შემოწმების პირველი სამუშაო დღის დროის დაწყებამდე 2022 წლის 27 მაისს, 09:54 საათზე და შესაბამისად მისი გადახდის შემოწმებამდე. პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის ამ მითითებით კასატორს ახალი გარემოებები მის მიერ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ვადაში შევსების შესახებ არ მიუთითებია. პირიქით, იგი თავადაც ადასტურებს, რომ ხარვეზი შევსების შესახებ კორესპონდენცია წარადგინა ვადის დარღვევით -2022 წლის 27 მაისს, 09:54 საათზე, ნაცვლად 2022 წლის 25 მაისისა, რაც გახდა კიდეც საფუძველი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისა.
აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ აღნიშნული განცხადება არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილ განცხადებას (მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება).
უზენაესი სასამართლო ერთ-ერთ განჩინებაში აგრეთვე აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების განახლების ინსტიტუტი არ წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვის მექანიზმს და ის არ შეიძლება ე.წ შენიღბულ აპელაციად იქცეს, სასამართლოს აქტს, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ საზოგადოების ნდობა გააჩნია და მისი გაუქმების შესაძლებლობა არღვევს მუდმივობის პრინციპს. ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილია, რომ საქმის წარმოების განახლების მექანიზმი ევროკონვენციის მე-6 მუხლით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლების განუყოფელი ნაწილია, თუმცა საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევაში. არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh, §52). საბოლოოდ გადაწყვეტილი სამოქალაქო დავის განახლების პროცედურა კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებს ემსახურება, თუმცა იგი გამართლებულია თუკი დადგინდება სწორად იქნა თუ არა პროცედურა განხორციელებული არსებული საქმის ფაქტებზე, ანუ სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ საქმის წარმოების განახლება არ ემსახურებოდა სხვა მიზნებს, გარდა იმისა, რომლის გამოც იგი გადაწყდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამის დებულებებზე დაყრდნობით. „საბოლოო გადაწყვეტილების გაბათილების უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, ისე რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნეს დაცული სამართლიანი ბალანსი სხვადასხვა ინტერესებს შორის“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მეორე სექცია, საქმე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი N 18156/05, სტრასბურგი, 2010 წლის 27 მაისი, საბოლოო გახდა 2010 წლის 27 აგვისტოს, § 58; Mitrea v. Romania, no. 26105/03, § 25, 29 July 2008; Nikitin v. Russia, no. 50178/99, § 57, ECHR 2004-VIII) ((იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 10 ივნისის განჩინება Nას-208-2022).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან განმცხადებელმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა სსსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადება და 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც როგორც აღინიშნა, განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 427-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ჯ–ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 02 ივნისის, N-325-2022 საქმეზე მიღებული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე რევაზ ნადარაია