№ას-824-2022
09 სექტემბერი 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს „ს.ბ–ი" (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ლ. ქ–ი, ი.შ–ი, ბ.ქ–ი, დ. ქ–ი, ლ. ქ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეები: ლ. ქ–ი, ი.შ–ი, ბ.ქ–ი, დ. ქ–ი და ლ. ქ–ი) ცნობილ იქნენ აწ გარდაცვლილი ვ. ქ–ის უფლებამონაცვლეებად. უძრავი ქონება მდებარე: ქარელის რაიონი, სოფელი ...., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N...... სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ. ქ–ის, ი.შ–ის, ბ.ქ–ის, დ. ქ–ის და ლ. ქ–ის სახელზე ვ. ქ–ის 1/5 წილის პროპორციულად. მოპასუხეებს: ლ. ქ–ს, ი.შ–ს, ბ.ქ–ს, დ. ქ–სა და ლ. ქ–ს სს "ს.ბ–ი"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 59 456 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 55600 ლარი, პროცენტი - 3356 ლარი და პირგასამტეხლო 500 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩნების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინებით ლ. ქ–ის, ი.შ–ის, ბ.ქ–ის, დ. ქ–ის და ლ. ქ–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით აპელანტთა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 04 ივლისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე, კერძოდ: სს "ს.ბ–ს" დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში ა) სსსკ-ის 391-ე მუხლის 11 პუქტისა და 396-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილი და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის დედნის წარმოდგენა, ასევე 2972,8 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2022 წლის 06 ივლისს.
2022 წლის 11 ივლისს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა, წარმოადგინა 2972,8 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 10 დღით. ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობასთან დაკავშირებით კასატორის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მან ვერ წარმოადგინა საკასაციო საჩივარი კასაციის მიზეზების მითითებით, ვინაიდან არ მიუღია პირველი ინსტანციის სასამართლოდან მის მიერ გამოთხოვილი ის სასამართლო სხდომის ოქმები, რომელთა გამოყენებაც საჭიროა დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივლისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს ჩაბარდა 2022 წლის 25 ივლისს, ხოლო მის მიერ მოთხოვნილი სასამართლო სხდომის ოქმები კასატორს ჩაბარდა 2022 წლის 26 ივლისს. კასატორს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება და უზრუნველყონ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება – უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, თუმცა სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია შეიზღუდოს. ამდენად, სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, სს „ს.ბ–ს“ დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე – თბილისი, ....... – და გზავნილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად კასატორს ჩაბარდა 2022 წლის 25 ივლისს (იხ. ტ.2 ს.ფ. 147).
სსსკ–ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 26 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 01 აგვისტოს, რომელიც იყო სამუშაო დღე – ორშაბათი. ამდენად, სს „ს.ბ–ი“ ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2022 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით. საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ კასატორმა უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა 2022 წლის 03 აგვისტოს, ხოლო კორესპონდენცია ფოსტას გასაგზავნად ჩააბარა 2022 წლის 02 აგვისტოს, შესაბამისად, სასამართლოს მიერ მისთვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 7-დღიანი ვადის დარღვევით.
სსსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ–ის 396–ე მუხლის თანახმად, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო მისთვის დადგენილი ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399–ე, 372–ე, 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით, 401–ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.ბ–ის" საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. სს „ს.ბ–ს" სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 11.07.2022წ. №39978 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 2,972.80 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე რევაზ ნადარაია