ას-1097-2021
25 მაისი, 2022 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შ.ჭ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „ჯ.ფ.კ.ჯ.ე.ს“ (მოპასუხე)
მესამე პირები – დ.ფ–ი, ქ.თ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შ.ჭ–მა (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „მ.ო.ჯ.ფ.კ. - ჯ.ე.ს–ის“ მიმართ (შემდეგში - მოპასუხე) შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1.შემცირდეს სააღსრულებო ფურცლით (№171373505) დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა 10-ჯერ და მოპასუხე შ.ჭ–ს დაეკისროს სესხის ძირი თანხის 20%-ის ნაცვლად, სესხის ძირი თანხის 2% პირგასამტეხლოს სახით;
1.2.შევიდეს ცვლილება ნოტარიუს ბ.შ–ას მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში №171373505 პირგასამტეხლოს ნაწილში;
1.3.შემცირდეს სააღსრულებო ფურცლით (№171373670), დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა 10-ჯერ და დ.ფ–ს დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის 20%-ის ნაცვლად სესხის ძირითადი თანხის 2% პირგასამტეხლოს სახით;
1.4.შევიდეს ცვლილება ნოტარიუს ბ.შ–ას მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში №171373670 პირგასამტეხლოს ნაწილში. შემცირდეს სააღსრულებო ფურცლით (№171373685) დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა 10-ჯერ და ქ.თ–ძეს დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის 20%-ის ნაცვლად, სესხის ძირითადი თანხის 2% პირგასამტეხლოს სახით;
1.5.შევიდეს ცვლილება ნოტარიუს ბ.შ–ას მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში №171373685 პირგასამტეხლოს ნაწილში;
1.6.ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი შპს „მ.ო. ჯ.ფ.კ.ჯ.ე.სის“ მიერ შ.ჭ–თან, დ.ფ–თან და ქ.თ–ძესთან დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების 5.6 პუნქტი სარგებლის ნაწილში, კერძოდ, სარგებლის 2 %-ის ნაცვლად განისაზღვროს 1.2 % ყოველთვიურად, შესაბამისად, თითოეული მოვალისთვის საპროცენტო სარგებლის ოდენობა ნაცვლად 2453.32 აშშ დოლარისა, განისაზღვროს 1472 აშშ დოლარით. (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა - ტომი 1, ს.ფ. 296-297).
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე შ.ჭ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შ.ჭ–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინებით, შ.ჭ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1.სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1.1. 2016 წლის 20 ოქტომბერს, შპს „ჯ.ფ.კ.ჯ.ე.სიმ“ შ.ჭ–თან, დ.ფ–თან და ქ.თ–ძესთან დადო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ჯ.ფ.კ.ჯ.ე.ს–იმ“ თითოეულ ფიზიკურ პირზე სესხი 20 000 აშშ დოლარის ოდენობით გასცა, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 2 %-ის დარიცხვით, 2017 წლის 22 აპრილამდე ვადით (იხ. ხელშეკრულება ტ.1, ს.ფ. 28-43).
6.1.2. ხელშეკრულების 5.9 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მსესხებელი მაინც დაარღვევდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ სესხის დაბრუნების ან/და სარგებლის გადახდის ვადას და თუ ვადაგადაცილებული დღეების საერთო რაოდენობა 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები იქნებოდა, მას დამოუკიდებლად გამსესხებლის სასარგებლოდ გადასახდელად ავტომატურად დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მსესხებლის სარგებლის თანხის 2.5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების ნებაყოფლობით ან იძულებითი აღსრულების ღონისძიების გზით შესრულების დღემდე.
6.1.3. ხელშეკრულების 5.10 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე
მსესხებელი მაინც დაარღვევდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ სესხის დაბრუნების ან/და სარგებლის გადახდის ვადას და ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა საერთო ჯამში იქნებოდა 30 კალენდარულ დღეზე მეტი, მას გამსესხებლის სასარგებლოდ გადასახდელად ავტომატურად დაეკისრებოდა პირგასამტეხლო თითოეული მსესხებლისთვის დამოუკიდებლად სესხის ძირი თანხის 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების ნებაყოფლობით ან იძულებითი აღსრულების ღონისძიების გზით შესრულების დღემდე, თუმცა არაუმეტეს სესხის ძირი თანხის 20%-ისა.
6.1.4. 24.11.2017 წელს, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კრედიტორ შპს „მ.ო. ჯ.ფ.კ.ჯ.ე.სის“ მიმართ, მოვალე შ.ჭ–ის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა 20 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2016 წლის 23 დეკემბრიდან 2016 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე (5 დღე); 2017 წლის 23 იანვრიდან 2017 წლის 23 იანვრის ჩათვლით პერიოდზე (1 დღე); 2017 წლის 23 აპრილიდან 2017 წლის 24 აპრილის ჩათვლით პერიოდზე (2 დღე) და 2017 წლის 23 ივნისიდან 2017 წლის 14 ივლისის ჩათვლით პერიოდზე (22 დღე) პირგასამტეხლომ შეადგინა სესხის ყოველთვიური სარგებლის (სესხის ძირი თანხის 2 %) 2.5% ყოველდღიურად, ხოლო 2017 წლის 15 ივლისიდან ვალდებულების ნებაყოფლობითი ან იძულებით შესრულების დღემდე სესხის ძირი თანხის 0.3% ყოველდღიურად, თუმცა არაუმეტეს სესხის ძირი თანხის 20%-ისა; სესხით სარგებლობის საფასური 2453.32 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 123.81 ლარი. ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგინდა, მოპასუხე შ.ჭ–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით №..... იძულებით აუქციონზე რეალიზაცია (იხ. სააღსრულებო ფურცელი ტ.1, ს.ფ. 50-54).
6.1.5. 24.11.2017 წელს, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კრედიტორ შპს „მ.ო.ა ჯ.ფ.კ.ჯ.ე.სის“ მიმართ, მოვალე ქ.თ–ძის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა 20 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2016 წლის 23 დეკემბრიდან 2016 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე (5 დღე); 2017 წლის 23 იანვრიდან 2017 წლის 23 იანვრის ჩათვლით პერიოდზე (1 დღე); 2017 წლის 23 აპრილიდან 2017 წლის 24 აპრილის ჩათვლით პერიოდზე (2 დღე) და 2017 წლის 23 ივნისიდან 2017 წლის 14 ივლისის ჩათვლით პერიოდზე (22 დღე) პირგასამტეხლომ შეადგინა სესხის ყოველთვიური სარგებლის (სესხის ძირი თანხის 2 %) 2.5% ყოველდღიურად, ხოლო 2017 წლის 15 ივლისიდან ვალდებულების ნებაყოფლობითი ან იძულებითი შესრულების დღემდე სესხის ძირი თანხის 0.3% ყოველდღიურად, თუმცა არაუმეტეს სესხის ძირი თანხის 20%-ისა; სესხით სარგებლობის საფასური 2453.32 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 123.82 ლარი. ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგინდა, მოპასუხე შ.ჭ–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით №..... იძულებით აუქციონზე რეალიზაცია (იხ. სააღსრულებო ფურცელი ტ.1, ს.ფ. 55-59).
6.1.6. 24.11.2017 წელს, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კრედიტორ შპს „მ.ო. ჯ.ფ.კ.ჯ.ე.სის“ მიმართ, მოვალე დ.ფ–ის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა 20 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2016 წლის 23 დეკემბრიდან 2016 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე (5 დღე); 2017 წლის 23 იანვრიდან 2017 წლის 23 იანვრის ჩათვლით პერიოდზე (1 დღე); 2017 წლის 23 აპრილიდან 2017 წლის 24 აპრილის ჩათვლით პერიოდზე (2 დღე) და 2017 წლის 23 ივნისიდან 2017 წლის 14 ივლისის ჩათვლით პერიოდზე (22 დღე) პირგასამტეხლომ შეადგინა სესხის ყოველთვიური სარგებლის (სესხის ძირი თანხის 2 %) 2.5% ყოველდღიურად, ხოლო 2017 წლის 15 ივლისიდან ვალდებულების ნებაყოფლობითი ან იძულებითი შესრულების დღემდე სესხის ძირი თანხის 0.3% ყოველდღიურად, თუმცა არაუმეტეს სესხის ძირი თანხის 20%-ისა; სესხით სარგებლობის საფასური 2453.32 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 123.81 ლარი. ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგინდა, მოპასუხე შ.ჭ–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, სკადასტრო კოდით №..... იძულებით აუქციონზე რეალიზაცია (იხ. სააღსრულებო ფურცელი ტ.1, ს.ფ. 60-64).
6.2. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება მასზედ, რომ მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით თვიური სარგებელი განისაზღვრა 2%-ით, რაც წელიწადში შეადგენს 24%-ს; ანუ, დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული წლიური სარგებელი შესაბამისობაში არ მოდის და აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ წლიურ საპროცენტო დანაწესს - 9,5%-ს, რაც პროცენტის შემცირების საფუძველია და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულების დებულებები, რომლითაც სესხისათვის სარგებელი განისაზღვრა, არ იყო შეუსაბამოდ მაღალი, არ ეწინააღმდეგებოდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით, არ წარმოადგენდა უცილოდ ბათილს, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიწვევდა არა მთლიანი ხელშეკრულების, არამედ მხოლოდ სარგებლის ნაწილში მის ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.
6.3. პალატამ განმარტა, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს, ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.
6.4. პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის №ას-663-629-2015 გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით, საბოლოოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი შემცირდა წლიურ 48%-მდე. აღნიშნულის საფუძველზე კი, პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი 2%-ის ოდენობით, რაც წლიურ 24%-ს შეადგენდა, შეუსაბამოდ მაღალ პროცენტად ვერ მიიჩნეოდა და შესაბამისად, მისი ბათილად ცნობის საფუძველიც არ არსებობდა.
6.5. სააპელაციო პალატამ ასევე, ვერ გაიზიარა აპელანტის განმარტება მასზედ, რომ პირგასამტეხლო 60 000 აშშ დოლარის 20% - 12000 აშშ დოლარი შეუსაბამოდ მაღალია, რადგან მოცემულ შემთხვევაში, შპს-მ 67 დღეში ანუ 2 თვესა და 7 დღეში შეძლო ლიმიტის შევსება. ამასთან, როდესაც მოვალე სესხის ხელშეკრულების მიხედვით დროულად არ იხდის ყოველთვიურად დადგენილ თანხის ოდენობას, პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს იმ თვეს არსებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის და არა მთელი ძირი თანხიდან. მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორმა პირგასამტეხლოს ათვლა დაიწყო გაცემული სესხის მთლიანი ძირი თანხიდან, ჯერ კიდევ მაშინ როცა ძირითადი თანხის დაფარვის ვადა დამდგარი არ იყო. პირგასამტეხლოს ვადის ათვლა დაწყებულია 2016 წლის 23 დეკემბრიდან, მაშინ როდესაც ვადაგადაცილება იყო მხოლოდ გრაფიკზე და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ 2016 წლის 20 ოქტომბერს, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 5.10 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მსესხებელი დაარღვევდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ სესხის დაბრუნების ან/და სარგებლის გადახდის ვადას და ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა საერთო ჯამში იქნებოდა 30 კალენდარულ დღეზე მეტი, მას გამსესხებლის სასარგებლოდ გადასახდელად ავტომატურად დაეკისრებოდა პირგასამტეხლო თითოეული მსესხებლისთვის დამოუკიდებლად სესხის ძირი თანხის 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების ნებაყოფლობით ან იძულებითი აღსრულების ღონისძიების გზით შესრულების დღემდე, თუმცა არაუმეტეს სესხის ძირი თანხის 20%-ისა. ამდენად, აღნიშნული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დაკისრების წესსა და ოდენობაზე, რომელიც ითვალისწინებდა, რომ თუ ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა 30 კალენდარულ დღეზე მეტი იქნებოდა, პირგასამტეხლო დაერიცხებოდა სესხის ძირი თანხის 0.3%-ის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 20 ოქტომბერს, შპს „ჯ.ფ.კ.ჯ.ე.სი“-სა და შ.ჭ–ს, დ.ფ–ს, ქ.თ–ძეს შორის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება დადებულ იქნა 2017 წლის 22 აპრილამდე. სააღსრულებო ფურცლები ნოტარიუსის მიერ გაცემულ იქნა 2017 წლის 24 ნოემბერს. ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა 30 კალენდარულ დღეზე მეტი იყო და შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნა სესხის ძირი თანხის 0.3%-ის ოდენობის დაკისრების თაობაზე მართებული იყო. ამდენად, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის განმარტება მასზედ, რომ მოვალეს პირგასამტეხლო იმ თვეს არსებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის უნდა დაკისრებოდა და არა მთელი ძირი თანხიდან.
6.6. გარდა ამისა, სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 2016 წლის 20 ოქტომბერს დაიდო 2017 წლის 22 აპრილამდე, ყოველთვიური 2% სარგებლის დარიცხვით. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 2017 წლის 24 ნოემბერს ნოტარიუსის მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცლები, რომლითაც განისაზღვრა იპოთეკით დატვირთული შ.ჭ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, თუმცა, ამ დროიდან მოყოლებული მოსარჩელის მოთხოვნა ჯერ კიდევ დაუკმაყოფილებელი, სასესხო ვალდებულების ძირი თანხის ოდენობა კი საკმაოდ მოცულობითი იყო, პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ ოდენობას წარმოადგენდა და არ უნდა შემცირებულიყო.
6.7. პალატამ დამატებით მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლებზე, ასევე, უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში ასახულ პირგასამტეხლოს სამართლებრივ ბუნებაზე, მის ფუნქციასა და გამოყენების ფარგლებზე და განმარტა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა წარმოადგენდა. მოცემულ შემთხვევაში, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ ვალდებულების ძირითად ოდენობასთან მიმართებით და იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ მისი ზრდა დროის მონაკვეთის მიუხედავად ვეღარ მოხდებოდა, პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრული იყო და არ არსებობდა მისი შემცირების საფუძველი, რის გამოც, პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობასა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე შ.ჭ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
7.1. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
7.1.1. კასატორის განმარტებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2016 წლის 20 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელზე შეთანხმება - ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის 2%-ის ოდენობით, არ წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალ საპროცენტო სარგებელს, არ ეწინააღმდეგებოდა საჯარო წესრიგს, ზნეობრივ ნორმებს და ამ მსჯელობას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ თავად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით დადგენილი პროცენტი არ აღემატებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებულ კომერციული ბანკების მიერ გამოცემულ სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთს, თუმცა, სასამართლოს არანაირი მტკიცებებულება არ გააჩნდა ამ დებულების დასადასტურებლად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასამართლო პრაქტიკა კი, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო და გვერდი აუარა მას.
7.1.2. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 იანვრის განჩინების მიხედვით (საქმე 2ბ/4259-14), საქართველოს ეროვნული ბანკის კომერციული ბანკის სტატისტიკური ანგარიშების საფუძველზე გაანგარიშებული წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 14.5 პროცენტს და ამ ქმედებით სასამართლომ ირიბად დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი, რომლის თანახმადაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე და მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით. მოცემული სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სახეზეა მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგება, ვინაიდან შ.ჭ–სა და შპს „მ. ო.ჯ.ფ.კ.ჯ.ე.სის“ შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით, თვიური სარგებელი განისაზღვრა 2% ყოველთვიურად, რაც წელიწადში შეადგენს 24%-ს, ანუ დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული წლიური სარგებელი შესაბამისობაში არ მოდის და 9.5%-ით აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ წლიურ საპროცენტო დანაწეს (რაც შეადგენს 14.5%-ს წელიწადში, შესაბამისად თვეში 1.2%-ს).
7.1.3. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სუბიექტურად იმსჯელა პირგასამტეხლოს საკითხზე, არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა და არ შეამცირა პირგასამტეხლო 10-ჯერ. კასატორის მითითებით პირგასამტეხლო თავის მხრივ შეადგენს ნაკისრი ვალდებულების, ძირი თანხის 20%-ს, რაც რეალურად ძირი თანხის 1/5-ია. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 418.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შესაძლებელია განისაზღვროს ლიმიტების გარეშე. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს აძლევს ბერკეტს დაადგინოს ლიმიტი იმისთვის, რომ კრედიტორის მიერ არ მოხდეს პირგასამტეხლოს ბოროტად გამოყენება ან/და თავიდან იქნეს აცილებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. კასატორმა ყურადღება გაამახვილა სასამართლოს განმარტებაზე, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, თუმცა, მისი მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმე სხვაგარადაა; კერძოდ, პირგასამტეხლოდ დადგენილ იქნა 60 000 აშშ დოლარის 20 % - 12000 აშშ დოლარი. ეს თანხა კი, საგრძნობლად მეტია ისეთი მიზნისთვის, როგორიცაა ვალდებულების შეუსრულებლობის ან დარღვევის თავიდან აცილება. კასატორის მოსაზრებით, დაუშვებელია სასამართლო მხოლოდ საკუთარი სუბიექტური შეხედულების საფუძველზე იღებდეს გადაწყვეტილებას და არ იღებდეს მხედველობაში ისეთ ფაქტებს, რომელიც სასამართლოს დაეხმარებოდა გონივრულად შეეფასებინა არის თუ არა პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი.
7.1.4. კასატორის განმარტებით, ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ლიმიტის დაწესება (არაუმეტეს სესხის ძირი თანხის 20%-ისა) ერთი შეხედვით ლმობიერი დამოკიდებულების ნიშანია კრედიტორის მხრიდან, თუმცა, სასამართლოს უნდა ემსჯელა თუ რაოდენ სწრაფად მოხდა ამ ლიმიტთან მიახლოება და ამ მიმართებით კასატორმა განმარტა, რომ მოპასუხე კომპანიამ 67 დღეში, ანუ 2 თვესა და 7 დღეში შეძლო ლიმიტის შევსება.
7.1.5. კასატორმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და აღნიშნულიდან გამომდინარე განმარტა, რომ როდესაც დებიტორი სესხის ხელშეკრულების მიხედვით დროულად არ იხდის ყოველთვიურად დადგენილ თანხის ოდენობას, პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს იმ თვეს არსებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის (მაგალითისთვის, თუ თვეში გრაფიკით იხდის 500 აშშ დოლარს, პირგასამტეხლოც უნდა დაეკისროს ვადაგადაცილებულ დღეზე 500 აშშ დოლარიდან და არა მთელი ძირი თანხიდან - 60 000 აშშ დოლარიდან, ვინაიდან ძირი თანხის გადახდის ვადა ჯერ არ დამდგარა) ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მოსაზრებით, პირგასამტეხლო არასწორად იქნა დათვლილი, რადგან შპს „მ.ო. ჯ.ფ.კ.ჯ.ე.სიმ“ პირგასამტეხლოს ათვლა გაცემული სესხის მთლიანი ძირი თანხიდან (60 000 აშშ დოლარი) ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ძირითადი თანხის დაფარვის ვადა დამდგარი არიყო. კასატორის მითითებით, სააღსრულებო ფურცლების (№171373505, №171373670, №171373685) მიხედვით, პირგასამტეხლოს ვადის ათვლა 2016 წლის 23 დეკემბრიდან დაიწყო, მაშინ როდესაც უბრალოდ ვადაგადაცილება იყო გრაფიკზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო იმ თანხიდან უნდა დათვლილიყო, რაზედაც ვადაგადაცილება მოხდა.
7.1.6. კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველთვიური სარგებელი და შ.ჭ–ზე დაკისრებული პირგასამტეხლო განიხილა ინდივიდუალურად, მაშინ, როდესაც ორივე სასარჩელო მოთხოვნა განხილვას საჭიროებდა კუმულაციურად - ერთ კონტექსტში. სწორედ ამიტომ, სახეზეა ისეთი ვითარება, როდესაც დებიტორი, ვალდებულია სესხის ძირ თანხასთან ერთად გადაიხადოს დამატებით სესხის ყოველწლიური 24.5%-იანი სარგებელი და ძირი თანხის 20% პირგასამტეხლოს სახით, რაც ჯამში ძირი თანხის, 60 000 აშშ დოლარის, თითქმის ნახევარი - 26 700 აშშ დოლარია. გამომდინარე აქედან, მოსამართლეს უნდა შეემცირებინა პირგასამტეხლო და იგი უნდა მიეჩნია შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ ერთი მხრივ იმის გამო, რომ 4 თვის განმავლობაში პირგასამტეხლო 12 000 აშშ დოლარი შეუსაბამოდ მაღალია, რაც არ უნდა ლიმიტი ჰქონდეს დაწესებული კრედიტორს, ხოლო მეორე მხრივ, პირგასამტეხლო დათვლილ იქნა ძირი თანხიდან და არა გრაფიკით გათვალისწინებული თანხის რეალური ვადაგადაცილებიდან.
7.1.7. ასევე, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა შეემცირებინა პროცენტი, ვინაიდან, დისკრიმინაციულია პროცენტისა და პირგასამტეხლოს ერთდროულად დაკისრება და პროცენტი უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წლიურ 14,5 საპროცენტო განაკვეთს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, უდავოა მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობა და ამავე ხელშეკრულების მოვალეთა მიერ შეუსრულებლობა, თუმცა, შეფასების საკითხია, მხარეთა შორის შეთანხმებული პროცენტისა და პირგასამტეხლოს შესაბამისობა გონივრულ ოდენობასა და იმ სტანდარტებთან, რაც ხელშეკრულების დადების დროს მოქმედებდა.
14. კასატორის პირველი პრეტენზია იმ გარემოებას შეეხება, რომ შპს „ჯ.ფ.კ.ჯ.ე.სის“ მიერ სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი, წლიური 24% შეუსაბამოდ მაღალია და სასამართლოებს უნდა შეემცირებინათ იგი, რადგან მსგავსი შეთანხმება მართლსაწინააღმდეგო და ამორალურია.
15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას საამისოდ ვარგისი სამართლებრივი საფუძვლის არარასებობის გამო და აღნიშნულთან დაკავშირებით, განმარტავს შემდეგს:
15.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. დასახელებული ნორმა გამოყოფს „სამი სახის ფასეულობას“, რომელთა დარღვევა იწვევს გარიგების ბათილობას: კანონით დადგენილი წესი და აკრძალვა, საჯარო წესრიგი, ზნეობის ნორმები. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიზანი არის ზოგადად მართლწესრიგსა და სამოქალაქო სამართალს შორის კავშირის უზრუნველყოფა და იმის დაფიქსირება, რომ გარიგების ნამდვილობა არ არის მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე დამოკიდებული. ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვები გამოიყენება ყველა, როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგების მიმართ. დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, გარიგება ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს, როდესაც იგი არსებითად არღვევს ერთ-ერთი მხარის ინტერესებს და არათანაბარ პირობებში აყენებს მას. ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს სარგებლის ამორალური ხასიათი და კრედიტორის სურვილი, მიიღოს მაქსიმალური სარგებელი დადებული ხელშეკრულებიდან. ზნეობის შესაბამისი გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს არ უნდა აყენებდეს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. ამ საკითხის კვლევისას შემოწმების საგანი არის არა გარიგების მონაწილეთა ქცევა ზნეობასთან მიმართებაში, არამედ გარიგების შინაარსის მიმართება ზნეობასთან (იხ. სუსგ საქმე №ას-625-584-2017, 07, ივლისი, 2017 წელი).
15.2. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია გარიგების ნეგატიური, კანონსაწინააღმდეგო ან ამორალური შედეგის დადგომა, ანუ განსახილველ შემთხვევაში, უმნიშვნელოვანესია გაირკვეს, თუ რამდენად წარმოადგენდა მხარეთა შორის შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი ისეთ მაღალ სარგებელს, რომ აღნიშნულზე შეთანხმება შესაძლოა შეფასდეს ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო გარიგებად.
15.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 50 პროცენტს.
15.4. პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს. დასახელებული ნორმა დისპოზიციურია და მხარეებს აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ სესხის პირობები, მათ შორის, თავად დაადგინონ სესხის ხელშეკრულების პირობა სარგებლის თაობაზე. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებაში სარგებლის გათვალისწინება მხარეთა სპეციალურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული. სხვა შემთხვევაში სესხი სარგებლის გარეშეა.
15.5. დადგენილია, რომ 2016 წლის 20 ოქტომბერს, შპს „ჯ.ფ.კ.ჯ.ე.სიმ“ შ.ჭ–თან, დ.ფ–თან და ქ.თ–ძესთან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საფუძველზეც შპს „ჯ.ფ.კ.ჯ.ე.სიმ“ თითოეულ ფიზიკურ პირზე სესხი 20 000 აშშ დოლარის ოდენობით, 2017 წლის 22 აპრილამდე, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის - 2 %-ის დარიცხვით გასცა. შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სარგებლის ოდენობად შეთანხმდა წლიური 24%.
15.6. პალატა განმარტავს, რომ კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებების არსებობის პირობებშიც, უნდა შემოწმდეს დაცულია თუ არა ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესი. პალატა აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2016 წლის 29 დეკემბერს, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლში განხორციელდა ცვლილება და აღნიშნულ მუხლს დაემატა მე-2 ნაწილი, რომლითაც სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ზღვრად 100 % დაწესდა, ხოლო მოგვიანებით, 2018 წლის 21 ივლისს, ამავე მუხლში კვლავ ცვლილება შევიდა და საპროცენტო სარგებლის მაქსიმალურ წლიურ ოდენობად 50% განისაზღვრა, რაც კონკრეტულ მიზნად სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირებას ისახავდა.
15.7. ამდენად, ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესების დაცვის, სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირების მიზნით, კანონმდებელმა საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა და სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ზღვრად ჯერ 100 %, ხოლო მოგვიანებით 50% განსაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის დაბლა მხარეთა მიერ შეთანხმებული ნებისმიერი საპროცენტო განაკვეთი კანონშესაბამისია.
15.8. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც სარგებლის ოდენობა წლიური 24%-ით განისაზღვრა, 2016 წლის 20 ოქტომბერს გაფორმდა, რა დროსაც კანონმდებლობა სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ოდენობას საერთოდ არ ითვალისწინებდა (100%-იანი ზღვარი 2016 წლის 29 დეკემბრის ცვლილებით განისაზღვრა, რომელიც ძალაში 2017 წლის 15 იანვარს შევიდა), თუმცა, მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი წლიური 24%, შესაბამისობაშია სარგებლის მაქსიმალურ წლიურ ოდენობად, მოგვიანებით დაწესებულ 50%-იან ზედა ზღვართანაც.
15.9. კასატორი უთითებს იმ არგუმენტზე, რომ დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული წლიური სარგებელი შესაბამისობაში არ მოდის და აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ წლიურ საპროცენტო დანაწესს, რაზედაც პალატა განმარტავს, რომ გონივრული საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, გამსესხებლად არ გვევლინება ისეთი პირი, რომლისთვისაც სავალდებულოა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთის ზღვრული ოდენობა. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე. სადავო შემთხვევაში, კრედიტორს სწორედ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენს, რომლისთვისაც დადგენილია განსხვავებული სტანდარტები, რომელიც თავის მხრივ, სესხად მიღებული თანხების გასესხებას ახორციელებს („მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ და „ა“ ქვეპუნქტები) და შესაბამისად, შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთების დაწესება კონკრეტული სუბიექტების მხრიდან გამართლებულია, თუმცა, აღნიშნული რა თქმა უნდა არ შეიძლება გაგებული იქნეს იმგვარად, რომ მათი მხრიდან არაკეთილსინდისიერად იქნეს გამოყენებული კონტრაჰენტის ფინანსური მდგომარეობა და კაბალური პირობით მოხდეს თანხის გასესხება.
15.10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მხარეთა მიერ წლიური საპროცენტო განაკვეთის 24%-ით განსაზღვრა ზნეობისა და მორალის საწინააღმდეგო შეთანხმებას არ წარმოადგენს, რადგან იგი ერთი მხრივ იმ ფარგლებში ექცევა, რომელიც მოგვიანებით კანონმდებელმა თავად განსაზღვრა, ხოლო, მეორე მხრივ, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა არ იკვეთება და წლიური საპროცენტო სარგებელი - 24%-ის ოდენობით, არც მოვალის უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენების დასკვნის საფუძველს ქმნის. ამასთან აღსანიშნავია, რომ სესხის ხელშეკრულება მხარეთა შორის 2016 წლის 20 ოქტომბერს, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 2 %-ის დარიცხვით, 2017 წლის 22 აპრილამდე, 06 თვის ვადით გაფორმდა. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების მოქმედების სრულ პერიოდზე, საპროცენტო სარგებელი ჯამში 12 %-ს შეადგენს.
15.11. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას სადავო ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის - წლიური 24%-ის გონივრულ ოდენობად მიჩნევის თაობაზე, რაც საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმადაც, სესხის ხელშეკრულების დადებისას, ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებლისგან შეუსაბამო და მართლსაწინააღმდეგო პირობას არ წარმოადგენს (იხ. სუსგ საქმე №ას-1325-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი; №ას-663-629-2015, 28 ივლისი, 2015 წელი; საქმე №ას-894-834-2017, 3 ნოემბერი, 2017 წელი).
16. კასატორის მომდევნო პრეტენზია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უარის თქმასა და მის არასწორად დაანგარიშებას შეეხება. კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, პირგასამტეხლოდ დადგენილ იქნა 60 000 აშშ დოლარის 20 % - 12000 აშშ დოლარი, რაც საგრძნობლად დიდი თანხაა ისეთი მიზნისთვის, როგორიცაა ვალდებულების შეუსრულებლობის ან დარღვევის თავიდან აცილება. ამასთან, სააღსრულებო ფურცლების მიხედვით, პირგასამტეხლოს ვადის ათვლა 2016 წლის 23 დეკემბრიდან დაიწყო, მაშინ როდესაც უბრალოდ ვადაგადაცილება იყო გრაფიკზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო იმ თანხიდან უნდა დათვლილიყო, რაზედაც ვადაგადაცილება მოხდა.
16.1. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიჩნევის თაობაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს.
16.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
16.1.2. სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, აღნიშნული მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად (იხ. სუსგ №ას-905-2021, 12/01/2022 წ.).
16.1.3. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე, იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება (იხ. სუსგ №ას-1027-2019, 30/09/2019 წ.), თუმცა, სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს. მხარეს, რომელიც პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას ითხოვს, ევალება მისი შეუსაბამობის დადასტურებაც.
16.1.4. დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.9 და 5.10 მუხლებით დადგინდა პირგასამტეხლოს ოდენობა და დარიცხვის მეთოდები. კერძოდ, 5.9 მუხლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მსესხებელი მაინც დაარღვევდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის დაბრუნების ან/და სარგებლის გადახდის ვადას და თუ გადაცილებული დღეების საერთო რაოდენობა 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები იქნება, მას დამოუკიდებლად გამსესხებლის სასარგებლოდ გადასახდელად ავტომატურად დაეკისრება პირგასამტეხლო ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური სარგებლის თანხის 2.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების ნებაყოფლობით ამ იძულებითი აღსრულების ღონისძიების გზით შესრულების დღემდე. ხელშეკრულების 5.10 მუხლის თანახმად კი, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მსესხებელი მაინც დაარღვევდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ სესხის ან/და სარგებლის გადახდის ვადას და ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა საერთო ჯამში იქნება 30 კალენდარულ დღეზე მეტი, მას გამსესხებლის სასარგებლოდ გადასახდელად ავტომატურად დაეკისრება პირგასამტეხლო თითოეული მსესხებლისთვის დამოუკიდებლად სესხის ძირი თანხის 0.3% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების ნებაყოფლობით ან იძულებით აღსრულების ღონისძიების გზით შესრულების დღემდე, თუმცა არაუმეტეს სესხის ძირი თანხის 20%-ისა.
16.1.5. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს, რა დროსაც მხედველობაში მიიღეს მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობა, მოპასუხის საქმიანობა, ხელშეკრულების საერთო ღირებულება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი და ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის ზედა ზღვარი ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული, რასაც სრულად იზიარებს საკასაციო პალატა და მიიჩნევს, რომ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, არგუმენტირებული ახსნა-განმარტება ან/და სხვა სახის მტკიცებულება, რაც სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას მისცემდა, კასატორს არ წარმოუდგენია. მსგავსი მტკიცების არარსებობის პირობებში კი, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოპასუხე კომპანიამ 67 დღეში, ანუ 2 თვესა და 7 დღეში შეძლო ლიმიტის შევსება, არარელევანტურია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც პირგასამტეხლოს ზრდა დროის მონაკვეთის მიუხედავად, ვეღარ განხორციელდებოდა. ამდენად, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მოყვანილმა მსჯელობამ სასამართლო ვერ დაარწმუნა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობას, ვალდებულების მოცულობასა და დარღვევის ხასიათს შორის, შეუსაბამობა არსებობდა; აღნიშნული კი, საკასაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველია.
16.2. საკასაციო პალატა ასევე, ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას პირგასამტეხლოს არასწორად დაანგარიშების (კასატორის მითითებით, პირგასამტეხლოს ვადის ათვლა 2016 წლის 23 დეკემბრიდან დაიწყო, მაშინ როდესაც უბრალოდ ვადაგადაცილება იყო გრაფიკზე) თაობაზე და ამ მიმართებით, ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, სესხის ვადად 2016 წლის 20 ოქტომბრიდან 2017 წლის 22 აპრილამდე პერიოდი განისაზღვრა. გრაფიკის მიხედვით, მსესხებლებს ბოლო გადახდა უნდა განეხორციელებინათ 2017 წლის 22 აპრილს. ამავე, ხელშეკრულების 5.9 და 5.10 მუხლებით, პირგასამტეხლოს დარიცხვის შესაძლებლობა განისაზღვრა იმ შემთხვევებისათვის, თუ რომელიმე მსესხებელი მაინც დაარღვევდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის დაბრუნების ან/და სარგებლის გადახდის ვადას. შესაბამისად, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დაკისრების წესზე, რომელიც ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დარიცხვას არა მარტო სესხის ძირი თანხის დაბრუნების ვადის, არამედ სარგებლის გადახდის გრაფიკზე ვადაგადაცილების შემთხვევებისთვისაც. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულება 2017 წლის 22 აპრილამდე დაიდო, ხოლო სააღსრულებო ფურცლები ნოტარიუსის მიერ გაცემულ იქნა 2017 წლის 24 ნოემბერს, თუმცა, მოსარჩელის მოთხოვნა ჯერ კიდევ დაუკმაყოფილებელია. შესაბამისად, კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზია, საფუძველს მოკლებულია.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03).
18. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
19. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
20. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
21. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ს.თ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 138.54 ლარის (საგადახდო დავალება 12035461202, გადახდის თარიღი 22.11.2021) 70% – 1496.97 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.ჭ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. შ.ჭ–ს (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ს. თ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 138.54 ლარის (საგადახდო დავალება 12035461202, გადახდის თარიღი 22.11.2021) 70% – 1496.97 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე