№ა-1112-შ-35-2022
21 ივლისი, 2022წ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ.კ–ძე
განხილვის საგანი – უკრაინის, ივანო ფრანკოვსკის ოლქის კალუშის საქალაქო - რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. უკრაინის, ივანო ფრანკოვსკის ოლქის კალუშის საქალაქო რაიონული - სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ.კ–ს სარჩელი დაკმაყოფილდა. გ.კ–ძეს ნ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 13 ოქტომბერს დაბადებული შვილის - თ.კ–ძის უზრუნველსაყოფად, ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 500 გრივნას ოდენობით, 2013 წლის 9 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე. ამავე სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეიცვალა ალიმენტის ოდენობა და გ.კ–ძეს ნ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 13 ოქტომბერს დაბადებული შვილის - თ.კ–ძის უზრუნველსაყოფად, ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 1500 გრივნის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე. ალიმენტის ამოღება მითითებული თანხის ოდენობით დადგინდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით შემოვიდა ნ.კ–ძის შუამდგომლობა უკრაინის, ივანო ფრანკოვსკის ოლქის კალუშის საქალაქო - რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.
3.1. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს - გ.კ–ძეს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე - ქ. ფოთი, ..... ქუჩა, სახლი 88, ბინა 45 და ჩაბარდა პირადად 2022 წლის 25 მაისს.
3.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. მოწინააღმდეგე მხარეს, განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ზემოაღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უკრაინის, ივანო ფრანკოვსკის ოლქის კალუშის საქალაქო - რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საქმის მასალებით დგინდება, რომ ივანო ფრანკოვსკის ოლქის კალუშის საქალაქო - რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით გ.კ–ძეს ნ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა მათი ქალიშვილის - თ.კ–ძის უზრუნველსაყოფად ალიმენტის გადახდა, 2013 წლის 09 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე, ყოველთვიურად 500 გრივნას ოდენობით. ამავე სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაიზარდა გ.კ–ძისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და გ.კ–ძეს, მისი არსერულწლოვანი შვილის, თ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან (2018 წლის 07 დეკემბრიდან).
5.1. საქმეში წარმოდგენილი მასალებით ასევე დგინდება, რომ უკრაინის, ივანო ფრანკოვსკის ოლქის კალუშის საქალაქო - რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული; მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე) ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე; გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიაზე სრულად არ აღსრულებულა და მოწინააღმდეგე მხარე საქართველოში მაცხოვრებელი პირია.
5.3. ივანო ფრანკოვსკის ოლქის კალუშის საქალაქო - რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის ცნობებით დასტურდება, რომ უკრაინის, ივანო ფრანკოვსკის ოლქის კალუშის საქალაქო რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება ნაწილობრივ აღსრულდა და აღსასრულებელი ალიმენტის ოდენობა აღნიშნული დროისათვის შეადგენდა 35451.64 გრივნას. ხოლო უკრაინის, ივანო ფრანკოვსკის ოლქის კალუშის საქალაქო - რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე აღსასრულებელი ალიმენტის ოდენობა 2021 წლის 10 ნოემბრისთვის შეადგენდა 52161.00 გრივნას.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა - აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებულია ხელშეკრულება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ (ძალაშია 1996 წლის 6 დეკემბრიდან).
8. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ. კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.
9. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, არ არსებობს ამავე კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს). შუამდგომლობა აკმაყოფილებს საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებსაც და არც ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-2 (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს) პუნქტით უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ განიხილა შუამდგომლობა ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში და მიიჩნევს, რომ კონვენციით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაცულია, შესაბამისად, უკრაინის, ივანო ფრანკოვსკის ოლქის კალუშის საქალაქო - რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებები ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე უნდა მიექცეს აღსასრულებლად, უკრაინის, ივანო ფრანკოვსკის ოლქის კალუშის საქალაქო - რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება აღსასრულებელი ალიმენტის - 35451.64 გრივნის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, ხოლო იმავე სასამართლოს 2018 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება 2021 წლის 10 ნოემბრამდე აღსასრულებელი ალიმენტის - 52161.00 გრივნისა და 2021 წლის 10 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1500 გრივნის ოდენობით ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერობის შესახებ“ კონვენციის 51-ე, 53-ე, 55-ე მუხლებით, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.კ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს უკრაინის, ივანო ფრანკოვსკის ოლქის კალუშის საქალაქო - რაიონული სასამართლოს 2013 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილება და უკრაინის, ივანო ფრანკოვსკის ოლქის კალუშის საქალაქო - რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს ტერიტორიაზე მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის, ივანო ფრანკოვსკის ოლქის კალუშის საქალაქო - რაიონული სასამართლოს 2013 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილება გ.კ–ძისათვის ნ.კ–ძის სასარგებლოდ, მათი ქალიშვილის - თ.კ–ძის უზრუნველსაყოფად ალიმენტის დაკისრების შესახებ, აღუსრულებელ, კერძოდ - 35451.64 გრივნის ოდენობის ნაწილში;
4. საქართველოს ტერიტორიაზე მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის, ივანო ფრანკოვსკის ოლქის კალუშის საქალაქო - რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება გ.კ–ძისათვის ნ.კ–ძის სასარგებლოდ, მათი ქალიშვილის - თ.კ–ძის უზრუნველსაყოფად ალიმენტის გაზრდილი ოდენობით დაკისრების შესახებ, აღუსრულებელ, კერძოდ - 2021 წლის 10 ნოემბრამდე 52161.00 გრივნის ოდენობის ნაწილში, ხოლო 2021 წლის 10 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1500 გრივნის ოდენობით.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე