საქმე №ას-1017-2020 21 ივნისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს.კ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ი.ტ.კ.’’ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.07.2020 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 24.12.2019 წლის გადაწყვეტილებით შპს „ი.ტ.კ–-ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი შპს „ს.კ–ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 6457.50 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
1.1. მოსარჩელე დაკავებულია ტურისტული ბიზნესით და აწესრიგებს ტურისტების ჩამოსვლას და მათი საქართველოში დასვენების ორგანიზებას. მოსარჩელემ მოპასუხეს წინასწარ გადაუხადა მომავალში გასაწევი სასტუმრო მომსახურებისათვის 6457.50 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეწყდა საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან, რასაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება შეწყდა და მოსარჩელემ ტურისტებს დაუბრუნა თანხა. მოსარჩელე მოპასუხისაგან ითხოვს ტურისტული მომსახურებისათვის ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნებას.
1.2. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის დირექტორის წერილები მოპასუხის დირექტორისადმი, სადაც მხარე მოითხოვს ჯავშნის გაუქმებას და თანხის დაბრუნებას, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე; ასევე - მოპასუხის დირექტორის წერილები მოსარჩელის დირექტორისადმი, სადაც მხარე უთითებს, რომ შეკვეთები არის გაუქმებული და სთავაზობს მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის გამოყენებას 2 წლის განმავლობაში.
1.3. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და განმარტა, რომ აღნიშნული სცილდება მართლზომიერებისა და კეთილსინდისიერების ფარგლებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე დაირღვა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება, რაც ბრალად არ უნდა შეერაცხოთ მხარეებს. შესაბამისად, გულისხმიერებისა და კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, დაბრუნებას ექვემდებარება ის თანხები, რომელიც მოსარჩელემ ჩაურიცხა მოპასუხეს.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მოსარჩელემ წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი პროცესის ხარჯების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის მოთხოვნით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.07.2020 წლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის შეგებებული საპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 766,84 ლარის, მტკიცებულებების თარგმნისა და სანოტარო წესით დამოწმების ხარჯების - 343 ლარის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. 01.02.2019 წელს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დასრულების ვადად განისაზღვრა 01.02.2020 წელი.
3.2. მოპასუხის 26.06.2019 წლის წერილებზე, რომლითაც მოსარჩელის დირექტორს წერილობით ეცნობა, რომ შეკვეთები გაუქმებულია, ამასთან, წერილის ავტორი ითხოვდა მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხების მათ დეპოზიტზე დატოვებას და მოსარჩელის მხრიდან, ამ თანხების 2 წლის განმავლობაში გამოყენებას - მოსარჩელემ არ უპასუხა და, თავის მხრივ, 18.07.2019 წელს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი წარადგინა თანხის დაკისრების მოთხოვნით.
3.3. განსახილველ შემთხვევაში, ირკვევა, რომ მოსარჩელემ შეწყვიტა მოპასუხესთან წერილობით დადებული მომსახურების ხელშეკრულება, ქვეყანაში არსებული ფორსმაჟორული ვითარებიდან გამომდინარე, და მოითხოვა ამ მომსახურების განხორციელების მიზნით, წინასწარ ჩარიცხული თანხების დაბრუნება. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე დაეთანხმა ხელშეკრულების შეწყვეტას, ამასთან, მისთვის ჩარიცხული თანხის ფარგლებში რაიმე სახის მომსახურება შემკვეთის მიმართ განხორციელებული არ ჰქონია, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა წინასწარ ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნების თაობაზე სსკ-ის 976.1 „ა“ ქვეპუნქტის თანახმად საფუძვლიანი იყო, რამეთუ პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწდა შემდგომში. სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.
3.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ მართალია, მხარეთა შორის შეწყდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, თუმცა მათი მხრიდან განხორციელდა ახალი შეთავაზება (ოფერტი) წინასწარ ჩარიცხული თანხების ფარგლებში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში მომსახურების გაწევაზე, რაზედაც მოსარჩელეს პასუხი არ უცნობებია და, რომ ასეთ შემთხვევაში მათი დუმილი მიიჩნევა საქმიან ურთიერთობაში გაცხადებულ თანხმობად. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა ფორსმაჟორული ვითარებიდან გამომდინარე, ამასთან, 26.06.2019 წლის წერილის გაგზავნისას ეს გარემოება დასრულებული არ ყოფილა, ასევე უცნობი იყო მისი ხანგრძლივობა, ასეთ ვითარებაში გაკეთებულ შეთავაზებაზე პასუხის დაუყოვნებლივ მიუღებლობა, ვერ ჩაითვლება სსკ-ის 335-ე მუხლით გათვალისწინებულ დუმილად, როგორც აქცეპტის ფორმად, მით უფრო, როდესაც არაუგვიანეს ერთი თვისა (გონივრულ ვადაში), მოსარჩელემ სარჩელი წარადგინა სასამართლოში თანხის დაბრუნების თაობაზე. მოპასუხემ ვერ დაასაბუთა მოსარჩელის კუთვნილი თანხის საკუთარ ანგარიშზე დაყოვნების მართლზომიერება, რაც გამორიცხავს ამ თანხის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.
3.5. მოსარჩელის შეგებებულ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით პალატამ განმარტა შემდეგი: საქმეში წარმოდგენლი წერილობითი დოკუმენტებით დგინდება, რომ მოსარჩელეს მოცემულ დავაზე პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოების დროს გაწეული აქვს შემდეგი ხარჯები: წარმომადგენლის მომსახურებისთვის გადახდილი აქვს 766,84 ლარი, მტკიცებულებების თარგმნისა და სანოტარო წესით დამოწმებისათვის - 343 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფისთვის სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარისთვის საპროცესო ხარჯების დაკისრების თაობაზე გამომდინარეობდა კანონის მოთხოვნებიდან და იყო საფუძვლიანი.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული იყო ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე, როგორც შემკვეთი, უკვეთავდა მოპასუხეს, როგორც შემსრულებელს, ტურისტებისათვის ხელშეკრულების შინაარსის შესაბამისად გაცემულ საგზურში ჩამოთვლილი სანატორიუმ-სასტუმროს (ყველა მომსახურება, მათ შორის სამედიცინო მომსახურება, ჩამოთვლილი იყო ხელშეკრულებაში) ტიპის ტურისტული მომსახურების გაწევას (ტ.1, ს.ფ.192-194; 202-205). ამდენად, ამ ჩარჩო რეგულაციის საფუძველზე მოსარჩელე ტურისტებზე გასცემდა შესაბამის საგზურებს, აღნიშნულის შესაბამისად ჯავშნიდა ნომრებს მოპასუხესთან, მოპასუხეს კი შესაბამისი საგზურის მფლობელი ტურისტებისათვის უნდა გაეწია სანატორიუმ-სასტუმროს ტიპის მომსახურება. სადავო არ არის, რომ მოსარჩელე რუსეთის ფედარაციიდან ტურისტების ჩამოყვანის ორგანიზებას ახდენდა. მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებამდე (ტურისტების საქართველოში გამომგზავრებამდე და შესაბამისი მომსახურებით სარგებლობამდე), რუსეთის ფედერაციამ საქართველოში აკრძალა ავიამიმოსვლა, რის გამოც შეუძლებელი გახდა სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება. მხარეებმა ვერ შეძლეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი (მოპასუხე სთავაზობდა მოსარჩელეს თანხების ორი წლის ვადაში ათვისებას, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა), რამეთუ უცნობი იყო რა პერიოდი გასტანდა დაწესებული შეზღუდვა, ასევე, მოსარჩელეს თავად მოუწია ტურისტებისთვის თანხების უკან დაბრუნება. ამის შემდგომ, მოსარჩელემ უკვე სარჩელით მოითხოვა მოპასუხისათვის წინასწარ გადარიცხული თანხების დაბრუნება - ხელშეკრულებიდან გასვლა. სსკ-ის 398-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. სსკ-ის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დააკისრეს მოპასუხეს თანხის დაბრუნების ვალდებულება (შდრ. სუსგ №ას-220-209-2017, 20.04.2018წ.).
9. სსკ-ის 398-ე მუხლის მიზანია მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობებში კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, იმ პირობებში, როდესაც უცნობი იყო ავიამიმოსვლის აკრძალვის ხანგრძლივობა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადარიცხული თანხის დაბრუნებაზე მოპასუხის უარი ეწინააღმდეგება სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით განმტკიცებულ კეთილსინდისიერების პრინციპს, რომლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ორმხრივი უფლებებითა და ვალდებულებებით დატვირთულ ურთიერთობებში მხარეები სწორედ საპასუხო სარგებლის მისაღებად შედიან და მისი მიღების შეუძლებლობა მხარეს უკარგავს ხელშეკრულების მიმართ ინტერესს.
10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური დებულებაა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ვრცელი დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.). სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხ.8, ველი 1, 10-12). სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება, ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება (სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ; №ას-1198-2020, 05.10.2021წ.) საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
11. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
12. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 995 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 696.5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს.კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შპს „ს.კ–ას“ (ს/კ .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 995 ლარის (საგადახდო დავალება 9843203259, გადახდის თარიღი 15.09.2020წ.) 70% – 696.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია