Facebook Twitter

საქმე №ას-43-2022 06 მაისი 2022 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს–ი“

მოწინააღმდეგე მხარე – თელავის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 03 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შპს „ს–მა“ (შემდეგში წოდებული „მოსარჩელე“, „აპელანტ“, „კასატორ“ მხარედ) თელავის რაიონულ სამართლოში სარჩელი აღძრა თელავის მუნიციპალიტეტის (შემდეგში წოდებული „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე“ მხარედ) მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2018 წლის 10 მაისის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ N690 ბრძანების ბათილად ცნობა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 მაისის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ №695 ბრძანების ბათილად ცნობა.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1. 2017 წლის 29 დეკემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ს–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1213/713 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თელავში სხვადასხვა ქუჩის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის სოფლების: ვარდისუბნის შიდა საუბნო გზების მოასფალტების (სოფლის ცენტრიდან მთავარანგელოზის ეკლესიამდე მიმავალი გზა), იყალთოს შიდა საუბნო გზების მოასფალტების, სანიორეს შიდა საუბნო გზების მოასფალტების, ბუშეტის შიდა საუბნო გზების მოასფალტებისა და აკურას შიდა საუბნო გზების მოასფალტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, შესყიდვა. ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, შემსყიდველის - თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები (წარმომადგენლები, ინსპექტირების ჯგუფი, მოწვეული ექსპერტი) უფლებამოსილნი იყვნენ ჩაეტარებინათ მიწოდებული მომსახურების ტექნიკური დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შეფასება. შემსყიდველის მიერ ასეთ წარმომადგენლად-საზედამხედველო ორგანოდ განისაზღვრა შპს „ს.მ.ჯ–ი“. მომსახურების მიწოდების ვადად ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო 2018 წლის 28 თებერვალი. ხელშეკრულება აგრეთვე ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრებას, ყოველი გადაცილებული დღისთვის 0.2%-ის ოდენობით.

2.2. მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 15 თებერვალს, შპს „ს–მა“ CD დისკებზე ჩაწერილი, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია გადაუგზავნა საზედამხედველო ორგანოს. შპს „ს–ისათვის“ გაურკვეველი მიზეზების გამო საზედამხედველო ორგანომ, მიუხედავად მოსარჩელისადმი გაცემული არაერთგზისი დაპირებისა, დოკუმენტაციის ექსპერტიზა არ ჩაატარა დროულად. 2018 წლის 23 მარტს გაირკვა, რომ შპს „ს.მ.ჯ–მა“ დაკარგა მიწოდებული დოკუმენტაცია და ითხოვდნენ მათ ხელახლა მიწოდებას, რაც მოსარჩელემ, იმდღესვე, განახორციელა ელექტრონულად.

2.3. 2018 წლის 10 მაისს, შპს „ს–ისთვის“ ცნობილი გახდა, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო, შეწყდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ს–ს“ შორის 2018 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული №1213/713 ხელშეკრულება. გარდა ამისა, 2018 წლის 25 აპრილს, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა გამოსცა №695 ბრძანება შპს „ს–ისათვის“ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. მოსაჩელის მტკიცებით, მის მიმართ გატარებული ღონისძიებები უკანონო იყო, რადგან ექსპერტიზის ჩასატარებლად შესაბამის ორგანოს მან დროულად მიმართა, რომლის ჩატარებაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ მოხდა.

3. მოპასუხის პოზიცია

3.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოსარჩელე მხარეს უნდა შეესრულებინა 2018 წლის 28 თებერვლამდე, თუმცა მოსარჩელეს აღნიშნულ ვადაში არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნული დასტურდებოდა თელავის მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფის 2018 წლის 27 აპრილის მოხსენებითი ბარათით, სადაც მითითებული იყო, რომ შპს „ს–ის“ საპროექტო დოკუმენტაციაზე შპს „ს.მ.ჯ–ის“ №000829 ინსპექტირების ანგარიში წარმოდგენილი იქნა 2018 წლის 25 აპრილს. დასკვნაში მითითებული იყო, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შესრულებული იყო ხარვეზით და არ შეესაბამებოდა საქართველოში მოქმედ ნორმებსა და სტანდარტებს. მოპასუხის მითითებით, ხელშეკრულება შეწყდა და მხარეს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, შესაბამისი პირგასამტეხლო დაეკისრა, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

4. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

4.1. თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ თელავის რაიონულ სასამართლოში შეგებებული სარჩელი წარადგინა, რომლითაც მოითხოვა შპს „ს–ისთვის“, პირგასამტეხლოს სახით, 5526.64 ლარის დაკისრება.

5. შეგებებული სარჩელის საფუძვლები

5.1. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თავდაპირველმა მოსარჩელემ არაჯეროვნად შეასრულა. 2017 წლის 29 დეკემბრის №1213/713 ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო, რომ მომსახურების მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.2%-ს ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2017 წლის 29 დეკემბერს, მოპასუხე მხარესთან გაფორმებული №1213/713 ხელშეკრულება შეწყდა და 2018 წლის 10 მაისს, გამოიცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო 5526.64 ლარის ოდენობით.

5.2. ბრძანების ასლი გაეგზავნა მოპასუხე მხარეს და დაკისრებული პირგასამტეხლოს ნებაყოფლობით გადახდისთვის განესაზღვრა 10 დღიანი სამუშაო ვადა. 2018 წლის 17 მაისს, მოპასუხეს ჩაბარდა ბრძანების ასლი, რომლის თანახმად, დაკისრებული პირგასამტეხლო, ნებაყოფლობით შეეძლო გადაეხადა 2018 წლის 31 მაისამდე, თუმცა გადახდა არ განხორციელებულა, რის გამოც შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.

6. შეგებებულ სარჩელზე მოპასუხის პოზიცია

6.1. შპს „ს–ის“ მტკიცებით, კომპანიამ 2018 წლის 15 თებერვალს, CD დისკებზე ჩაწერილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია გადაუგზავნა საზედამხედველო ორგანოს. შპს „ს.მ.ჯ–მა“ არ უზრუნველყო ინსპექტირების ანგარიშის დროული შედგენა. შპს „ს–ის“ მიერ შესრულებული სამუშაოები და შედგენილი დოკუმენტაცია წარდგენილ იქნა ვადის სრული დაცვით, რის გამოც კომპანია უკანონოდ მიიჩნევდა პირგასამტეხლოს დაკისრებას.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და დასაბუთება

7.1. თელავის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს "ს–ის" სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ხოლო, თელავის მუნიციპალიტეტის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „ს–ს“ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით, 5526.64 ლარის გადახდის ვალდებულება.

7.2. თელავის რაიონული სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით შპს „ს–მა“ გაასაჩივრა.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 03 ნოემბრის განჩინებით თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

8.2. პალატამ გაიზიარა დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ შპს „ს–მა“ (მიმწოდებელი) ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულების შესრულება. კერძოდ, ვერ უზრუნველყო ხელშეკრულების საგნის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში (2018 წლის 28 თებერვალი) წარდგენა, რის გამოც შემსყიდველმა - თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2018 წლის 10 მაისის ბრძანებით, ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და მიმწოდებელს დააკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

8.3. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას საფუძვლად დაედო ინსპექტირების ჯგუფის 2018 წლის 27 აპრილის მოხსენებითი ბარათიც, რომლის თანახმად, შპს „ს.მ.ჯ–ის“ 2018 წლის 25 აპრილის №000829 ინსპექტირების ანგარიშის დასკვნის მიხედვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შესრულებულია ხარვეზებით და არ შეესაბამება საქართველოში მოქმედ ნორმებსა და სტანდარტებს, აღნიშნული მტკიცებულება კი, აპელანტის მიერ გაქარწყლებული არ ყოფილა.

8.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის არამართლზომიერად მიჩნევის საფუძველი, რის გამოც შპს „ს–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

8.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 03 ნოემბრის განჩინება შპს „ს–მა“ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა.

9. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

9.1. 2021 წლის 21 დეკემბერს წარდგენილი საკასაციო საჩივრით შპს „ს–ი“ მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებასა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

9.2. კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ კასატორმა კომპანიამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ინსპექტირების ორგანოს 2018 წლის 23 მარტს წარუდგინა. კასატორის მტკიცებით, ხსენებული დოკუმენტაციის წარდგენა 2018 წლის 15 თებერვლამდე მოხდა, თუმცა გაუგებარი მიზეზების გამო, შპს „ს.მ.ჯ–ის“ კანცელარიაში არ გატარდა. ამ ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებული თარიღი - 2018 წლის 28 მარტი არალოგიკურია, რადგან ამ დროს გასული იყო, როგორც ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდების ზღვრული ვადა - 2018 წლის 28 თებერვალი, ასევე ხელშეკრულებით შეთანხმებული 10 დღიანი ვადაც, რომელიც 2018 წლის 10 მარტს იწურებოდა. კასატორის აზრით, შპს „ს–ს“ დოკუმენტაცია, ყველა შემთხვევაში, 2018 წლის 10 მარტამდე უნდა ჩაებარებინა, რის გამოც უსაფუძვლო იყო მოწინააღმდეგე მხარის მითითება, თითქოს ეს ვალდებულება მხარემ 2018 წლის 23 მარტს შეასრულა.

9.3. კასატორის აზრით, საპროექტო დოკუმენტაციის 2018 წლის 23 მარტს წარდგენის ფაქტს, ასევე გამორიცხავდა ის გარემოებაც, რომ მოწინააღმდეგე მხარეს 23 მარტამდე არცერთხელ არ გაუგზავნია გაფრთხილების წერილი. აგრეთვე თელავის მუნიციპალიტეტის მერიას შეეძლო წერილი გაეგზავნა შპს „ს.მ.ჯ–ისთვის“, როგორც ზედამხედველისთვის, რათა მას მაინც მოეთხოვა კასატორი კომპანიისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდება, რაც არ განხორციელებულა.

9.4. კასატორის მტკიცებით, 2018 წლის 23 მარტამდე, შპს „ს–ის“ წარმომადგენლები ხშირად უკავშირდებოდნენ შპს „ს.მ.ჯ–ს“, რა დროსაც გამუდმებით იღებდნენ პასუხს, რომ დასკვნა მალე მომზადდებოდა, თუმცა 2018 წლის 23 მარტს, კასატორისთვის ცნობილი გახდა, რომ მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია დაიკარგა, რის გამოც, იმავე დღეს კასატორი კომპანია იძულებული გახდა, დოკუმენტაცია ხელახლა წარედგინა.

9.5. კასატორი სადავოდ ხდის ასევე, შპს „ს.მ.ჯ–ის“ მიერ გაგზავნილი კორესპონდენციის ჩაბარების ფაქტსაც და მიუთითებს, რომ 2018 წლის 03 აპრილს, არანაირი წერილი კომპანიას არ მიუღია და ეს ფაქტი არც საქმის მასალებში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება.

9.6. გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი სადავოდ ხდის საქმის მასალებში წარმოდგენილი ინსპექტირების აქტის სისწორესაც და განმარტავს, რომ იგი მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, არასწორადაა შედგენილი. ასევე მიუთითებს, რომ თავისი ხასიათით ეს მტკიცებულება წარმოადგენდა საინჟინრო, კომპლექსური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ექსპერტიზის დასკვნას. კომპლექსური ექსპერტიზა ტარდება მეცნიერების ან ცოდნის სხვადასხვა სფეროში და მის დასკვნით ნაწილს კვლევის სფეროს მიხედვით ექსპერტები ცალ-ცალკე აწერენ ხელს. კასატორის აზრით, წარმოდგენილ დასკვნაშიც ინჟინერს ხელი უნდა მოეწერა დასკვნის საინჟინრო-საპროექტო ნაწილზე, ხოლო ხარჯთაღმრიცხველს - ხარჯთაღრიცხვის ნაწილზე, თუმცა საქმის მასალებში წარმოდგენილ დასკვნას ორივე ექსპერტი აწერს ხელს, რის თაობაზეც სხდომაზე გამოკითხულმა ექსპერტმა განმარტა, რომ საპროექტო ნაწილი იმდენად არასრული იყო, რომ ხარჯთაღრიცხვის სისწორის შემოწმებას აზრი არ ჰქონდა.

9.7. კასატორი, ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. თელავის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებული იყო კასატორი კომპანიისთვის დაგვიანების გამო, გაეგზავნა გაფრთხილების წერილი.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი: 2022 წლის 01 თებერვალს, კასატორმა წარმოადგინა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

10.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 8 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

11.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:

საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ იგი საქმეს იხილავს საკასაციო საჩივარის ფარგლებში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. საკასაციო საჩივარში შედავებულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დროულად შესრულების ფაქტი. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებაში საკასაციო პალატა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების საკითხს გამოიკვლევს.

11.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11.2.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში, დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით, სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

- თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ს–ს“ შორის 2017 წლის 29 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1213/713 ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 28 თებერვლამდე შპს „ს–ს“ უნდა წარედგინა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც ითვალისწინებდა ქ. თელავში იაშვილის, ლერმონტოვის, ორაგუბის ქუჩის მონაკვეთის, დავით რექტორის, კვირიკე დიდის, ღვთისმშობლის ქუჩების და მუნიციპალიტეტის სოფლების: ვარდისუბნის შიდა საუბნო გზების მოასფალტებას (სოფლის ცენტრიდან მთავარი ანგელოზის ეკლესიისკენ მიმავალი გზა), იყალთოს შიდა საუბნო გზების მოასფალტებას (იმერლიაანთ უბანი, თაღლაურის უბანი), სანიორის შიდა საუბნო გზების მოასფალტება, ბუშეტის შიდა საუბნო გზების მოასფალტებას (გერმანიის უბანი), კისისხევის შიდა საუბნო გზების მოასფალტებას (სასაფლაოსკენ მიმავალი გზა), აკურის შიდა საუბნო გზების მოასფალტებას (ღვინის ქარხნისკენ მიმავალი გზა) (ტომი I, ს.ფ. 16-19).

- 2017 წლის 29 დეკემბრის №1213/713 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 12.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება თუ მხარე ვერ უზრუნველყოფს თავისი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას. ამავე ხელშეკრულების 13.2. პუნქტით ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადა იყო 2018 წლის 28 თებერვლამდე (ტომი I, ს.ფ. 16-19);

- შპს „ს.მ.ჯ–ის“ 2018 წლის 25 აპრილის №00089 ინსპექტირების ანგარიშის თანახმად, შპს „ს–ის“ მიერ, შედგენილი თელავის მუნიციპალიტეტის მერიისთვის შედგენილი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შესრულებულია ხარვეზებით, არ შეესაბამება საქართველოში მოქმედ ნორმებს და სტანდარტებს; წრამოდგენილი პროექტით შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების წარმოება და ინსპექტირების ანგარიშში აღნიშნულ პროექტებს ეძლევა უარყოფითი შეფასება (ტომი I, ს.ფ. 37).

- თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 10 მაისს ხელშეკრულების 12.1. პუნქტის თანახმად, ცალმხრივად შეწყვიტა მოსარჩელესთან ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 14);

- 2017 წლის 29 დეკემბრის №1213/713 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 9.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 13.2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამავე ხელშეკრულების 7.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,2%-ის ოდენობით. ასევე, იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 2%-ს, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოთხოვოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის გადასახდელი პირგასამატეხლოს ანაზღაურება (ტომი I, ს.ფ. 19-22).

- ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში შპს „ს–ს“ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, თელავის მერის 2018 წლის 10 მაისის ბრძანების საფუძველზე, დაეკისრა პირგასამტეხლო 5526.64 ლარის ოდენობით, რომელიც მოპასუხე მხარეს 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა გადაეხადა ნებაყოფლობით, რაც არ განუხორციელებია (ტომი I, ს.ფ. 15, 38).

11.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

11.3.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11.3.2. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11.3.3. საკასაციო საჩივარში მხარე მიუთითებს, რომ მას საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის ჩაბარებისთვის ხელშეკრულებით დადგენილი ვადა არ დაურღვევია, კომპანიამ ზედამხედველ ორგანოს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში წარუდგინა საპროექტო დოკუმენტაცია, თუმცა მათი გატარება კომპანიის კანცელარიაში არ მომხდარა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ შპს „ს.მ.ჯ–მა“ წარდგენილი დოკუმენტაცია დაკარგა, რის გამოც კასატორი, 2018 წლის 23 მარტს, იძულებული გახდა ხელახლა წარედგინა დოკუმენტაცია.

11.3.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი დისპოზიციურია და მტკიცების ტვირთის გადანაწილების ობიექტურ სტანდარტს აწესებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმების ანალიზის შესაბამისად, სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ-ები: N ას-386-359-2017, 28.04.2017წ; Nას-939-879-2017, 29.09.2017წ; Nას-719-672-2017, 19.07.2017წ; Nას-625-593-2017, 7.07.2017წ; Nას-746-714-2016, 08.05.2016წ). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, 2018 წლის 28 თებერვლამდე, შპს „ს.მ.ჯ–ისთვის“ წარდგენის ფაქტი, სწორედ კასატორ კომპანიას უნდა დაედასტურებინა.

11.3.5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით. სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ მსჯელობს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (იხ. სუსგ: №ას-711-2020, 03.02.2021).

11.3.6. იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში არსებობს წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ შპს „ს–მა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაცია შესამოწმებლად 2018 წლის 23 მარტს წარადგინა (ტომი I, ს.ფ. 141), ასევე, თელავის რაიონული სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხულმა ექსპერტმა - თ.ჩ–მა განმარტა, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ექსპერტიზის ჩასატარებლად შევიდა 2018 წლის 23 მარტს (იხ. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის სხდომის ოქმი ტომი I, ს.ფ. 252-259), კასატორის მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება ხსენებული მტკიცებულებების სამართლებრივი ძალის გასაქარწყლებლად არ გამოდგება და შესაბამისად, გაზიარებული ვერ იქნება.

11.3.7. ამასთანავე, კასატორი ასევე მიუთითებს, რომ თუ მენარდის მიერ ვალდებულების შესრულებისთვის განსაზღვრული ვადის დარღვევა ხდებოდა მაშინ, მოწინააღმდეგე მხარეს შეეძლო წერილობითი გაფრთხილება მიეცა მისთვის, ან წერილობით მიემართა შპს „ს.მ.ჯ–ისთვის“, რათა მას კასატორი კომპანიისთვის მოეთხოვა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარდგენა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ (ვადის დაცვით ვალდებულების შესრულების თაობაზე) გაფრთხილების წერილის გაგზავნა კრედიტორის არა ვალდებულება, არამედ უფლებაა და იგი ყოველი კონკრეტული დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერი მოქმედების კონტექსტში ფასდება და კასატორის არგუმენტების დასადასტურებლად არ გამოდგება.

11.3.8. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას და არგუმენტებს ინსპექტირების ანგარიშის შედგენისას მეთოდოლოგიის დარღვევის თაობაზე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც პროცესის მონაწილე მხარეს საქმის მასალებში განთავსებულ რომელიმე მტკიცებულების შინაარსთან დაკავშირებით პრეტენზია გააჩნია, იგი მოვალეა წარმოადგინოს საპირისპირო მტკიცებულება და სწორედ ამ გზით გააქარწყლოს სადავო მტკიცებულების იურიდიული ძალა, ასეთი დოკუმენტი კი, კასატორის მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის.

11.3.9. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 21 მაისის N5003248021 და 24 ივნისის 5004136821 დასკვნებს, რომლებიც სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არ მიიღო, როგორც მტკიცებულება და არც საქმეს დაურთო, როგორც საინფორმაციო დოკუმენტაცია, ამ მიმართებით საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან კანონით დადგენილი წესით, გასაჩივრებული არ არის სააპელაციო სასამართლოს განჩინება ექსპერტიზის დასკვნების საქმის დართვაზე უარის თქმის შესახებ.

11.3.10. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ნაკისრი ვალდებულების ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, ჯეროვანი შესრულების ფაქტი ვერ დაადასტურა, რაც თავის მხრივ, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, მხარისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი მართებულად გახდა.

საკასაციო პალატის მიერ წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მსჯელობის შესაბამისად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

12. პროცესის ხარჯები

12.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარიდან 210 ლარი და ასევე უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2022 წლის 01 თებერვალს ბაჟის სახით, ზედმეტად გადახდილი 20 ლარი (სულ 230 ლარი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს–ის“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი.

2. შპს „ს–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით შპს „ს–ის“ მიერ, 2021 წლის 21 დეკემბერს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 290 ლარიდან და 2022 წლის 01 თებერვალს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 30 ლარიდან - 70% 210 ლარი და ზედმეტად გადახდილი -20 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ამირან ძაბუნიძე