Facebook Twitter

საქმე №ას-86-2022 05 მაისი 2022 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინება

დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირი (მოპასუხის მხარეს) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის - სსიპ ქონების მართვის სააგენტო

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – აუცილებელი გზის დადგენა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ვ.მ–მა (შემდეგში წოდებული „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე“ მხარედ) თბილისის საქალაქო სამართლოში სარჩელი აღძრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში წოდებული „მოპასუხე“, „კასატორ“ მხარედ) მიმართ, რომლითაც მოითხოვა ვ.მ–ის საკუთრებაში არსებულ, ქ. თბილისში, ........ N8 მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდით: ......, ჯეროვანი გამოყენებისათვის საჯარო გზასთან კავშირის მიზნით, შპს „ჯ.ლ “-ის მიერ შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზისა (შედგენის თარიღი: 24/05/2019) და 2021 წლის 14 ივნისს შედგენილი N004085121 ექსპერტიზის დასკვნის N3 დანართზე (სიტუაციური გეგმა) ლურჯი ფერით აღნიშნული მიმართულების შესაბამისად, დადგენოდა აუცილებელი გზა სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდი: ......, 28 კვ.მ. ფართზე.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთს ..... არ გააჩნია ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი მისასვლელი გზა საჯარო გზასთან.

2.2. მოსარჩელემ მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და სთხოვა დაედგინა არსებობდა, თუ არა მოსარჩელის კუთვნილ ნაკვეთთან მისასვლელი გზა. 2021 წლის 14 ივნისს შედგენილი დასკვნის თანახმად, ექსპერტმა განმარტა, რომ მოსარჩელის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთს მისასვლელი გზა არ გააჩნია. ექსპერტმა დასძინა, რომ გზის მოწყობა შესაძლებელია მისი სამხრეთით მდებარე, ქ. თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული N ..... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვთის გავლით, დასკვნის დანართის შესაბამისად.

2.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2021 წლის 14 ივნისის დასკვნის საფუძველზე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე აუცილებელი გზის დადგენა.

3. მოპასუხის პოზიცია

3.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო, თუმცა შესაგებლის შესაბამის გრაფაში არ დაუფიქსირებია მოპასუხის პოზიცია მოსარჩელის მიერ მითითებულ დავის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

3.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ შესაგებელში მიუთითა, რომ დავაზე სათანადო მოპასუხეა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის - სსიპ ქონების მართვის სააგენტო.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და დასაბუთება

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ვ.მ–ს მის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ......, N8 მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით: ......, ჯეროვანი გამოყენებისათვის საჯარო გზასთან კავშირის მიზნით, საქმის მასალებში წარმოდგენილი შპს „ჯ.ლ “-ის მიერ შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზისა (შედგენის თარიღი: 24/05/2019) და 2021 წლის 14 ივნისს შედგენილი N0040... ექსპერტიზის დასკვნის N3 დანართზე (სიტუაციური გეგმა) ლურჯი ფერით აღნიშნული მიმართულების შესაბამისად, დაუდგინდა აუცილებელი გზა სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდი: ......, 28 კვ.მ. ფართზე.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გაასაჩივრა, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. პალატამ საქმის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 180-ე მუხლებით და სააპელაციო საჩივარი, დაუსაბუთებლობის გამო, არ დააკმაყოფილა.

5.2. სააპელაციო პალატამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე განმარტა, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 180-ე მუხლების საფუძველზე, მოპასუხის კუთვნილ უძრავ ნაკვეთზე აუცილებელი გზის უფლების დადგენის წინაპირობები.

5.3. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხეს სასამართლოს წინაშე შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით, არ დაუმტკიცებია თუ ექსპერტის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობის გარდა, კიდევ სხვა რა გზით შეეძლო დაკავშირებოდა მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთი საჯარო გზას და რატომ იყო ეს შესაძლებლობა ექსპერტის დასკვნაში მითითებულთან შედარებით უპირატესი. ამიტომ, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების შესაბამისად მიიჩნეოდა, რომ მოპასუხემ მასზე ვერ დასძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი.

5.4. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტმა მართალია, სარჩელზე შესაგებელი წარადგინა, თუმცა სარჩელში მითითებულ არც-ერთ ფაქტობრივ გარემოებას ის არ შედავებია. ამის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პროცესუალურსამართლებრივი თვალსაზრისითაც, სააპელაციო ინსტანციაში დავის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით აპელანტის შედავება დაუშვებელი იყო და სარჩელში მითითებული ფაქტები დამტკიცებულად უნდა ჩათვლილიყო.

5.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

6.2. საკასაციო საჩივარში მხარე მიუთითებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ გამოუკვლევიათ, თუ რა გარდაუვალი აუცილებლობა არსებობდა აუცილებელი გზის უფლება დადგენილიყო სწორედ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე და რატომ არ შეიძლებოდა აუცილებელი გზის სხვა, მომიჯნავე უძრავ ქონებებზე დადგენა.

6.3. კასატორი ასევე განმარტავს, რომ აუცილებელი გზის დადგენით, მას ფაქტობრივად უუქმდება საკუთრების უფლება, რადგან მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მცირე ზომისაა - 224 კვ.მ. ამიტომ, ამ ნაკვეთის 28 კვ.მ-ზე აუცილებელი გზის მოწყობა გამოიწვევს საპრივატიზაციო ობიექტის ღირებულების შემცირებას და აღნიშნულ მიწის ნაკვეთს შეუსაბამოს გახდის მისი შემდგომი განკარგვისთვის.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 04 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

8.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:

საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ იგი საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად. საკასაციო საჩივარში შედავებულია აუცილებელი გზის დადგენის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებისთვის საჭირო წინაპირობების არსებობის ფაქტი შესაბამისად, წინამდებარე განჩინებაში საკასაციო პალატა გამოიკვლევს აუცილებელი გზის დადგენისთვის საჭირო კუმულატიური წინაპირობების არსებობას.

8.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში, დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით, სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

- უძრავი ქონება საკადასტრო კოდით ...... ეკუთვნის ვ.მ–ს (მოსარჩელე, მესაკუთრე);

- ამ ნაკვეთის სამხრეთით, საავტომობილო გზასთან მდებარე N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს;

- მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთი სრულად არის მოქცეული სხვა პირთა ნაკვეთებს შორის და საჯარო გზასთან უშუალო და პირდაპირი კავშირი არ გააჩნია;

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 14 ივნისის დასკვნის თანახმად, N .... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა N ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით არის შესაძლებელი. ექსპერტის დასკვნის N3 დანართზე ამ გზის მოწყობის ორი შესაძლებლობაა აღნიშნული.

8.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

8.3.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

8.3.2. საკასაციო პალატის მოსაზრებით, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთ მოთხოვნას.

8.3.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის უფლების დადგენის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 180-ე მუხლები. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად კი, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად.

8.3.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ (№ას-744-801-2011. 13 ოქტომბერი, 2011 წელი; სუსგ-ები Nას-965-2019, 10.04.2020წ; N ას-1513-2018, 08.02.2019წ; N ას- 11901-2018, 22.11.2019წ;).

8.3.5. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გარშემორტყმულია სხვა პირების საკუთრების უფლებით აღჭურვილ ნაკვეთებით. ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 16 ივნისის დასკვნით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, სოფელ ....., წყაროსთავში მდებარე N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, დღეს არსებული მდგომარეობით მისასვლელი გზა არ გააჩნია. საჯარო რეესტრში N ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა შესაძლებელია მოეწყოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სამხრეთით მდებარე N .... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით ორ ვარიანტად, N3 დანართში ლურჯი და მწვანე ფერით აღნიშნული მიმართულებებით (ს.ფ. 21-28).

8.3.6. მართალია, საკასაციო საჩივარში კასატორი უთითებს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა არ გამოიკვლიეს აუცილებელი გზის დადგენის ალტერნატიული გზები, თუმცა აღნიშნული არგუმენტი, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების სტანდარტის გათვალისწინებით, მხედველობაში ვერ იქნება მიღებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება შესაბამისი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენის გზით, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს (სუგს. 2021 წლის 15 ოქტომბრის №ას-367-2021 განჩინება).

8.3.7. მოსარჩელემ სასამართლოს წინაშე წარმოადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამონაწერი და ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც უდავოდ დაადასტურა, რომ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას არ აქვს ჯეროვანი სარგებლობისთვის საჭირო მისასვლელი აუცილებელ გზასთან. ასევე დაადასტურა, რომ ყველაზე ოპტიმალური შესაძლებლობა, რომლითაც მოსარჩელეს შეუძლია დაუკავშირდეს აუცილებელ გზას, გადის სწორედ მოპასუხის უძრავ ქონებაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმის მასალებში მოპასუხის მიერ არ არის წარმოდგენილი მოპასუხის უფლების შუზღუდავად, სხვა ალტერნატიული მეთოდით, თუ როგორ შეიძლება მოსარჩელის უძრავ ქონებას აუცილებელ გზასთან კავშირი დაუდგინდეს. ამიტომ საკასაციო პალატა, მხოლოდ საკასაციო საჩივარში მოყვანილ ზეპირ პრეტენზიას, მასზედ, რომ სასამართლოებს ალტერნატიული შესაძლებლობები არ გამოუკვლევიათ, ვერ გაიზიარებს და შესაბამისად, ვერც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას დაუდებს საფუძვლად.

8.3.8. გარდა ზემოაღნიშნული მსჯელობისა, საკასაციო პალატა ასევე, სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას მოპასუხის შესაგებლის არაკვალიფიციურობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე აუცილებელი გზის დადგენა, მოპასუხის საკუთრების გამოყენების გარეშეც შეიძლებოდა.

8.3.9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს (სუსგ. საქმე №ას-34-2022, 21 ივნისი, 2022 წელი). მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას (შდრ. სუსგ. საქმე №ას-1118-2021 20 აპრილი, 2022 წელი)

8.3.10. პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოპასუხემ წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც მხოლოდ ისაა მითითებული, რომ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, ხოლო მის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებში მითითებული პრეტენზიები უარყოფილია სიტყვებით: „არ ვეთანხმები“, რაც მარტივ შედავებასაც კი არ წარმოადგენს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლით მოპასუხის საპროცესო თავდაცვის ძირითად ინსტრუმენტად კვალიფიციური შესაგებლის წარდგენაა განმტკიცებული. თუ მოპასუხე სარჩელში მოყვანილ რომელიმე ფაქტობრივ გარემოებას არ ეთანხმება, იგი ვალდებულია ამის მიზეზი მიუთითოს და შესაბამისი არგუმენტაციით დაასაბუთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება დაურთოს. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები (სუსგ. 23.06.2017წ. საქმე №ას-1067-1026-2016). ამიტომ, გასაზიარებელია ქვემდგომი ინსტანციის სამართლებრივი დასკვნა მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად უნდა მიჩნეულიყო.

8.3.11. ყოველივე ზემოაღნიშნულის თანახმად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა სრულყოფილად გამოიკვლიეს და დაადგინეს წარედგენილი სარჩელის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელებელი კუმულატიური წინაპირობები, ხოლო ეს გარემოებები დასაბუთებული შედავების წარდგენის გზით, კასატორმა ვერ გააქარწყლა.

8.3.12. საკასაციო პალატის მიერ წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მსჯელობის შესაბამისად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

8.4. პროცესის ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი თანახმად „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტისა, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ამირან ძაბუნიძე