საქმე №ას-341-2022 14 ივნისი 2022 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – დ.ს–ვა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ყ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ქ.ყ–მა (შემდეგში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა დ.ს–ვას (შემდეგში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: არასრულწლოვანი შვილების - 2008 წლის 30 ოქტომბერს დაბადებული ა.ს–სა და 2011 წლის 13 აპრილს დაბადებული ნ.ს–ვას სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად თითოეულისთვის 500 ლარის დაკისრება, 2021 წლის 18 თებერვლიდან (სარჩელის აღძვრიდან), ბავშვების სრულწლოვანებამდე.
2. სარჩელის საფუძვლები
2.1. ქ.ყ–სა და დ.ს–ვას, ქორწინების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი: 2008 წლის 30 ოქტომბერს, დაბადებული ა.ს. და 2011 წლის 13 აპრილს, დაბადებული ნ.ს–ვა.
2.2. მხარები განქორწინდნენ 2015 წლის 18 თებერვალს. მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, არასრულწლოვანი ბავშვები იზრდებიან დედასთან. მოსარჩელე მხარე ზრუნავს მათ აღზრდაზე და ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.
2.3. მოსარჩელის განმარტებით, წლების განმავლობაში მოპასუხე გარკვეულ მონაწილეობას იღებდა შვილების აღზრდაში, კერძოდ, ის თითქმის სისტემატიურად ურიცხავდა შვილებს თვეში 150 ლარს, რაც არასაკმარისია ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამისი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
2.4. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხე დასაქმებული იყო შპს „ნ.ს–ში“ და ჰქონდა მაღალი ანაზღაურება, იგი ვალდებული იყო ადეკვატური მონაწილეობა მიეღო შვილების აღზრდაში, რის გამოც მოსარჩელე თითოეული შვილისთვის ყოველთვიურად 500 ლარის გადახდის დაკისრებას მოითხოვდა.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, იგი დაეთანხმა ორივე ბავშვისთვის, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 150 ლარის გადახდა დაკისრებოდა.
3.2. მოპასუხის მტკიცებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კვირაში 3 ან 4 დღეს ბავშვები ატარებენ მამის ოჯახში, რა დროსაც ბავშვების მამა საკუთარ თავზე იღებს მათ უზრუნველყოფას ყველანაირი საჭიროებებით, ამიტომ, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა, შეუსაბამო იყო.
3.3. მოპასუხე განმარტავს, რომ მოსარჩელეს უწევს მხოლოდ ინგლისურის შემსწავლელი წრის ხარჯის გადახდა. ბავშვები დადიან ასევე სიმღერასა და ცეკვაზე, თუმცა ამ წრეების გადასახადს მშობლები არ იხდიან, ვინაიდან ამ წრეებს ხელმძღვანელობენ მოსარჩელის და მოპასუხის ახლობლები. ხოლო კალათბურთის გადასახადს იხდის მოპასუხის ბიძა. გარდა ამისა, მოპასუხე უთითებს, რომ იგი ყოველწლიურად აფინანსებს ბავშვების ბაკურიანში სათხილამურო სპორტ სკოლაში 10-12 დღიან შეკრებებს. ამდენად, დარჩენილ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე დ.ს–ვას არასრულწლოვანი შვილების - 2008 წლის 30 ოქტომბერს დაბადებული ა.ს–სა და 2011 წლის 13 აპრილს დაბადებული ნ.ს–ვას სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრიდან (18.02.2021 წელი) ბავშვების სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე, ალიმენტის სახით, თითოეულისთვის ყოველთვიურად 250 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით, დ.ს–ვამ გაასაჩივრა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
5.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას, აპელანტმა მტკიცებულებების სახით წარადგინა საბანკო ამონაწერები - ნ.ს–ასა და ა.ს–ს ანგარიშებიდან და აღნიშნა, რომ ბავშვების სახელზე გახსნილ ანგარიშებზე აგროვებს თანხას, მათი სამომავლო საჭიროებებისათვის. აგრეთვე, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა წარადგინა ამონაწერები ქ.ყ–ის საბანკო ანგარიშებიდან და გადარიცხვის დეტალები, რომლებშიც ასახულია სარჩელის აღძვრის შემდგომ, მოსარჩელის მიერ ბავშვების რჩენა-აღზრდისათვის გაწეული ხარჯები და მათი ოდენობა. მითითებული დოკუმენტები მტკიცებულებების სახით დაერთო საქმეს (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 25.11.2021წ. სასამართლო სხდომის ოქმი, ტომი II)
5.3. სააპელაციო პალატამ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების, სამოქალაქო პროცესში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების პრინციპის მხედველობაში მიღებით არ გაიზიარა, აპელანტის მოსაზრება მასზედ, რომ მის მიერ ბავშვების საჭიროებების უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა საკმარისი იყო ბავშვების საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
5.4. სააპელაციო პალატამ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის გათვალისწინებით, (ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვის და შესაბამისად, იმის მხედველობაში მიღებით, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები), ასევე ბავშვების ასაკის მხედველობაში მიღებით (არასრულწლოვანი ა.ს– იყო 13 წლის, ნ.ს–ვა 10 წლის, რომელთა ასაკის ზრდასთან ერთად მატულობს მათი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ოდენობაც), მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილების რჩენა–აღზრდისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა თითოეულისათვის 250 ლარი, გონივრული ოდენობა იყო, ვინაიდან, სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული აუცილებელი იყო არასრულწლოვნებისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად.
5.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 დეკემბრის განჩინება, საკასაციო საჩივრით, დ.ს–ვამ გაასაჩივრა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. დ.ს–ვა საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებასა და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას.
6.2. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი, თუმცა არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, რადგან სააპელაციო პალატის განჩინებით, ალიმენტის ოდენობის, სამართლიანობის პრინციპის დაცვით, გადანაწილება არ მომხდარა. საქმის მასალებიდან არ იკვეთება იმაზე მეტი თანხის გადახდის ვალდებულება, რასაც მოპასუხე სარჩელის აღძვრამდეც, საკუთარი ნებით იხდიდა (თვეში 150 ლარი).
6.3. კასატორი ამტკიცებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეფუძნება ბავშვების მიმართ ინდივიდუალურ და კონკრეტულ მიდგომას, არამედ იგი შემოფარგლულია მხოლოდ აბსტრაქტული საჭიროებებით, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მოპასუხეს არასრულწლოვანი ბავშვებისთვის ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 150 ლარის (ორივე ბავშვისთვის ერთად) გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინებით, დ.ს–ვას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
10. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლი (მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ) და ამავე კოდექსის 1214-ე მუხლი (თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო). ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
11. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (სუსგ №ას-829-2019, 11.07.2019წ.; №ას-332-2019, 02.08.2019წ.; №ას-1875-2018, 29.03.2019წ.). ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვების ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა (სუსგ №ას-619-619-2018, 12.09.2018წ.; №ას-876-2019, 26.07.2019წ.).
13. საკასაციო პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება კასატორის პრეტენზია იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ალიმენტის ოდენობა, სამართლიანობის პრინციპის უგულებელყოფის შედეგად განსაზღვრეს. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ შედავებას სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივი გარემოებების წინააღმდეგ, რომ არასრულწლოვანი ბავშვები სკოლის გარდა დადიან სხვადასხვა წრეებზე - ინგლისურის, ცეკვის, სიმღერის, ასევე კალათბურთის. მათ შორის ინგლისურის გადასახადს იხდის მოსარჩელე თვეში 200 ლარის ოდენობით, რაც შეეხება კალათბურთს, დადგენილია, რომ ყოველთვიურ საფასურს მშობლები არ იხდიან და იხდის მოპასუხის ბიძა. ამასთან, უდავოა, რომ ბავშვების მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი, რაც თავის მხრივ, დამატებითი ფინანსური ხარჯების გაღების აუცილებლობასთან არის დაკავშირებული.
14. გასაჩივრებული განჩინებით ასევე, დადგენილია, რომ კასატორი დასაქმებულია კომპანია შპს „ნ.ს–ში“, საიდანაც მის მიერ მიღებული შემოსავალი 2021 წლის 05 მარტის მდგომარეობით, 2020 წლის 01 თებერვლიდან მიმდინარე პერიოდისათვის შეადგენს: 2020 წლის თებერვლის თვეში - 4185.2 ლარს, მარტის თვეში - 4635.2 ლარს, აპრილის თვეში - 4635.2 ლარს, მაისის თვეში - 4635.2 ლარს, ივნისის თვეში - 4635.2 ლარს, ივლისის თვეში - 4773.67 ლარს, აგვისტოს თვეში - 9135.2 ლარს, სექტემბრის თვეში - 135.2 ლარს, ოქტომბრის თვეში - 23 294.3 ლარს, ნოემბრის თვეში - 251.27 ლარს, დეკემბრის თვეში - 9432.8 ლარს, 2021 წლის იანვრის თვეში- 171.85 ლარს (იხ. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 09.03.2021 წლის მიმართვა, დანართი ტომი I, ს.ფ. 27-29), ამასთან უდავოა, რომ დასაქმებულია ქ.ყ–იც, მისი ყოველთვიური ანაზღაურება საშუალოდ შეადგენს - 2500 ლარს (იხ. სხდომის ოქმი ტომი I, ს.ფ. 45-53).
15. გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ მიუთითა და საკასაციო პალატაც ეთანხმება იმ გარემოებას, რომ ბავშვების ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება მათი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო თანხებიც. აქვე საკასაციო პალატა დასძენს, რომ სასამართლოს ძალით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა არ მიემართება ბავშვების უფლებების დაცვის მოკლევადიან პერსპექტივას, არამედ იგი ალიმენტის განსაზღვრული ოდენობის გადახდას მათ სრულწლოვანებამდე ადგენს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იცვლება ალიმენტის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები), შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა უნდა იყოს გონივრული და ღირსეული. აქვე ყურადსაღებია, რომ როგორც წესი, იმ მშობლის მიერ გაწეული ხარჯები, რომელთანაც ბავშვები მუდმივად ცხოვრობენ გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ სწავლა-განათლებისთვის გადახდილი თანხა და იგი მოიცავს ბავშვის ჯანმრთელობისთვის, კვებისთვის, ჰიგიენისთვის, სოციალური აქტივობებისთვის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოქმედებებისთვის გაწეულ ხარჯებს, ამას ემატება ის მორალური თუ ემოციური მხარდაჭერაც, რაც როგორც წესი მეტი აქვს იმ მშობელს, ვისთანაც ბავშვები განქორწინების შემდგომ, მუდმივად ცხოვრობენ, აღნიშნული კი კომპენსირებული უნდა იყოს მეორე მშობლის მიერ გონივრული ფულადი დახმარებით. გარდა ამისა, ალიმენტის სასამართლო წესით განსაზღვრის დამაბრკოლებელ გარემოებად ვერ მიიჩნევა კასატორის მიერ ისეთი განცხადების გაკეთებაც, რომ მას არასრულწლოვანი ბავშვების სახელზე გახსნილი აქვს საბანკო ანგარიში და თანხას აგროვებს მათი სამომავლო საჭიროებებისთვის.
16. ამიტომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ არასრულწლოვანთა მამას საკმაოდ სოლიდური შემოსავალი აქვს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, გათვალისწინებით, სასამართლომ გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე ალიმენტის თანხად მართებულად განსაზღვრა თითოეულ ბავშვისთვის, ყოველთვიურად 250 ლარის გადახდის ვალდებულება, შესაბამისად პალატა ადგენს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.
პროცესის ხარჯები
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორ დ.ს–ვას სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2022 წლის 16 მარტს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარიდან გადახდილი 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ს–ვას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი.
2. კასატორ დ.ს–ვას სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით დ.ს–ვას მიერ 2022 წლის 16 მარტს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარიდან გადახდილი 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი