საქმე Nას-79-2022 13 მაისი 2022 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.ხ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ.ჰ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მორალური ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ლ.ხ–მა (შემდეგში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე“, „კასატორი“) თბილისის საქალაქო სამართლოში სარჩელი აღძრა შპს „ნ.ჰ–ის“ (შემდეგში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ლ.ხ–ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე შპს „ნ.ჰ–ის“ დირექტორის 2020 წლის 20 ნოემბრის NH-04/582 ბრძანების ბათილად ცნობა, ლ.ხ–ისთვის სასტიკი საყვედურის გამოცხადების თაობაზე, შპს „ნ.ჰ–ის“ დირექტორის 2020 წლის 17 ნოემბრის NH-04/574 ბრძანების ბათილად ცნობა, ლ.ხ–ის შპს „ნ.ჰ–ში“ ფლებოტომისტის თანამდებობაზე აღდგენა, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად 1000 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ოდენობით და შპს „ნ.ჰ–ის“ მიერ ლ.ხ–ის მიმართ ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პროფესიული ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და შპს „ნ.ჰ–ისთვის“ ლ.ხ–ის სასარგებლოდ მორალური ზიანის 5000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები
2.1. 2011 წლის დეკემბრიდან მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში ფლებოტომისტის თანამდებობაზე დასაქმდა. 2017 წლის 01 ივნისს კი, უვადო შრომის ხელშეკრულება გაუფორმდა. მისი ყოველთვიური ხელფასი ორ განაკვეთზე საშუალოდ შეადგენდა 1000 ლარს (ხელზე ასაღები).
2.2. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ შრომით ვალდებულებას ასრულებდა გულმოდგინედ და კეთილსინდისიერად, 2011 წლიდან სარჩელის აღძვრამდე მასზე არ ყოფილა დაკისრებული რაიმე სახის დისციპლინური სახდელი.
2.3. 2020 წლის 05 ნოემბრიდან 2020 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით, ლ.ხ–ი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე.
2.4. ქვეყანაში შექმნილმა მძიმე კოვიდ და ეკონომიკურმა სიტუაციამ გამოიწვია ჯანდაცვის სისტემის გადატვირთულობა, რის გამოც მოსარჩელეს სამსახურში დაბრუნება მოუწია საავადმყოფო ფურცელით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე. ამასთან, კლინიკის ხელმძღვანელი პირების მხრიდან, უგულებელყოფილი იქნა ლ.ხ–ის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და მოსთხოვეს კოვიდ პაციენტებთან შესვლა და პირადი კონტაქტის დამყარება შესაბამისი ეკიპირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან დათხოვნით დაემუქრნენ.
2.5. 2020 წლის 17 ნოემბერს, შპს „ნ.ჰ–ის“ კლინიკური დირექტორის გ.კ–ას სახელზე, მოსარჩელემ დაწერა წერილობითი ახსნა-განმარტება, სადაც მიუთითა მიზეზები, რის გამოც ვერ იმუშავებდა კოვიდ პაციენტებთან. ახსნა-განმარტების პასუხად, 2020 წლის 17 ნოემბერს, შპს „ნ.ჰ–ის“ დირექტორმა გ.რ–მა, მოსარჩელეს სასტიკი საყვედური გამოუცხადა პროფესიული მოვალეობის შეუსრულებლობისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ხოლო, 2020 წლის 20 ნოემბრის ბრძანებით, 2020 წლის 01 დეკემბრიდან ლ.ხ–ი პირადი განცხადების საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
2.6. მოსარჩელე განმარტავდა, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა დისკრიმინაციული მოტივით, რადგან სხვა თანამშრომლების მიმართ, რომლებიც უარს აცხადებდნენ კოვიდით დაავადებული პაციენტების მომსახურებაზე, ადმინისტრაციას არ გამოუყენებია ისეთი მორალური და ფსიქოლოგიური წნეხი, როგორიც მოსარჩელეზე მიმდინარეობდა.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მართალია პანდემიამ გამოიწვია პაციენტების მიმართვიანობის გაზრდა, თუმცა პანდემიას არ შეუცვლია მოსარჩელის შრომითი დღის წესრიგი. მას, როგორც პანდემიამდე, ასევე პანდემიის დროს, ევალებოდა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროფესიული ვალდებულების შესრულება და ბიოლოგიური მასალის აღება პაციენტებისგან, რომლებიც შესაძლებელია ყოფილიყვნენ გარკვეული ინფექციის/ვირუსის მატარებელნი. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს ვალდებულების შესრულება ევალებოდა შესაბამისი ეკიპირებისა და უსაფრთხოების ზომების დაცვით, შესაბამისად ვალდებულების შესრულება არ უქმნიდა რაიმე სახის საფრთხეს მოსარჩელის ჯანმრთელობას.
3.2. მოპასუხე ამტკიცებს, რომ არ დგინდებოდა მოსარჩელის ჯანმრთელობის გაუარესება და იგი პროფესიული და შრომითი ვალდებულებების შესრულებაზე უარს აცხადებდა უმიზეზოდ.
3.3. ლ.ხ–ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2020 წლის 17 ნოემბერს, შპს „ნ.ჰ–ის“ დირექტორმა გ.რ–მა დასაქმებულს გამოუცხადა სასტიკი საყვედური. 2020 წლის 20 ნოემბერს, ლ.ხ–მა ყოველგვარი იძულების გარეშე თავად დაწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მან გათავისუფლება მოითხოვა არა დაუყოვნებლივ, არამედ 2020 წლის 01 დეკემბრიდან, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მისი გაუსაძლისი მდგომარეობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტს.
3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით, გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. ლ.ხ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
5.2. საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების, საქართველოს შრომის კოდექსისა და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს მოსარჩელის მიმართ ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული მსჯელობა პალატამ დააფუძნა, მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიურ სტანდარტს, რომლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას, პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
5.3. პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე დისკრიმინაციულ მოპყრობას უკავშირებდა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და აცხადებდა, რომ კლინიკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახლობელი ი.ჩ–ი, ასევე უარს აცხადებდა კოვიდ ინფიცირებულთა განყოფილებაში შესვლაზე, თუმცა კლინიკის ადმინისტრაციას ი.ჩ–ის მიმართ პრეტენზია არ გამოუთქვამს.
5.4. სააპელაციო პალატის აზრით, მოსარჩელემ გარდა იმისა, რომ რელევანტური მტკიცებულებების წარდგენის გზით, ვერ დაადასტურა განსხვავებული მოპყრობა მასსა და დასახელებულ პირს შორის (ი.ჩ–ი), ასევე ვერ დაამტკიცა, რომ ის და კომპარატორი (ი.ჩ–ი) იმყოფებოდნენ ანალოგიურ ან არსებითად მსგავს ურთიერთობაში. სასამართლოს აზრით, სარჩელში არ იყო წარმოდგენილი არანაირი სახის მტკიცებულება, რაც მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს დაადასტურებდა. ლ.ხ–ი მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლა მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით და აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხე კლინიკას ლ.ხ–ისთვის არ დაუვალებია რაიმე დამატებითი ფუნქციის განხორციელება, არამედ მისი სამუშაო სპეციფიკა მოიცავდა პაციენტებისგან ბიოლოგიური მასალების აღებას, ხოლო დასაქმებულისთვის მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დისკრიმინაციად ვერ იქნებოდა შეფასებული.
5.5. სააპელაციო პალატამ, ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2020 წლის 17 ნოემბერს, ლ.ხ–მა განცხადებით მიმართა შპს „ნ.ჰ–ის“ კლინიკურ დირექტორს და აცნობა, რომ ვერ შეძლებდა კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებთან განყოფილებაში შესვლას, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, ჰიპერტონული დაავადების მე-2 ხარისხი, ალერგია, ჰაიმორიტი და მწვავე სინუსიტი, არ აძლევდა დაკისრებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას. პალატის მოსაზრებით, მიუხედავად აღნიშნული ზეპირსიტყვიერი მითითებისა, საქმის მასალებში არ არსებობდა არც ერთი მტკიცებულება, რაც განცხადებაში მითითებული გარემოებების სისწორეს დაასაბუთებდა. რაც შეეხება კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩანაწერს, პალატის მოსაზრებით, აღნიშნული მტკიცებულება ვერ ადასტურებდა მოსარჩელის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების შეუძლებლობას. ამასთან, კვლევა ჩატარებული იყო 2020 წლის 09 დეკემბერს, ანუ მას შემდეგ რაც ლ.ხ–მა დატოვა სამუშაო ადგილი.
5.6. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ სამართლებრივად შეაფასა მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვების ფაქტი და განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მიუთითებდა მის მიერ გამოვლენილი ნების ნაკლზე და სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას მასზე განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარას უკავშირებდა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ნების ფორმირებაზე ზემოქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარდგენაც სწორედ მის ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც მოცემულ შემთხვევაში, განხორციელებული არ იყო. სააპელაციო პალატის აზრით, მტკიცების ტვირთის სათანადო დაძლევად ვერ შეფასდებოდა მხოლოდ მარინე ნოზაძის წერილობითი ახსნა-განმარტება მოსარჩელეზე ზეწოლის განხორციელების შესახებ, რადგანაც მტკიცებულება არ იყო საკმარისად კონკრეტული და ცხადი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
5.8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინება, საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ.ხ–მა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. ლ.ხ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
6.2. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არასათანადოდ შეისწავლა და შეაფასა კასატორის მიერ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოვლენილი ნება. იგი ამტკიცებს, რომ სამსახურიდან საკუთარი ნებით წასვლა აიძულა სამსახურში არსებულმა გაუსაძლისმა პირობებმა, კერძოდ იმან, რომ ადმინისტრაციის მხრიდან იმყოფებოდა მუდმივი წნეხის ქვეშ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, აიძულებდნენ კოვიდ პაციენტების მომსახურებას, რაც მისთვის შეუძლებელი იყო.
6.3. კასატორი განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ადექვატურად არ შეფასებულა მასზე დაკისრებული დისციპლინური სახდელის - სასტიკი საყვედურის, გამოცხადების თაობაზე ბრძანებაში მითითებული მოსარჩელის პოზიცია, სადაც მითითებულია, რომ მოსარჩელე არ ეთანხმება მასზე დაკისრებული სახდელის ზომასა და საფუძველს.
6.4. ამასთან, კასატორი ითხოვს, საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილოს მის მიერ სამსახურის დატოვებამდე განხორციელებულ ქმედებებსა და მათ შორის არსებულ იმ მცირე დროის მონაკვეთზე, რაც ნათელს ხდის, რომ კასატორს არ სურდა დაკავებული თანამდებობის დატოვება, არამედ იგი იძულებული გახდა ამგვარი გადაწყვეტილება მიეღო. კასატორის აზრით, მის შემთხვევაში, ადგილი აქვს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ფორმალურ ინიცირებას დასაქმებულის მხრიდან, თუმცა გათავისუფლება რეალურად გამოწვეული იყო დამსაქმებლის ისეთი მოქმედებებით როგორებიცაა: ფსიქოლოგიური ზეწოლა, სახელფასო და სამუშაო პირობების გაუარესება, დამსაქმებლის მიერ შრომითი პირობების რეგულარული დარღვევა.
6.5. კასატორი აცხადებს, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - საკუთარი ნებით დაეტოვებინა სამსახური, განპირობებული იყო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - გ.კ–ას, დამაშინებელი ქმედებებით, რა დროსაც იგი კასატორს გამუდმებით უმეორებდა, რომ თუ არ დატოვებდა დაკავებულ თანამდებობას, მას სამსახურიდან გაუშვებდა ე.წ. „მგლის საბუთით“ და პირადად იზრუნებდა, რომ სამედიცინო სფეროში კასატორი ვეღარ დასაქმებულიყო.
6.6. კასატორის ასევე, სადავოდ ხდის სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებას, რომლითაც სასამართლომ არ გაიზიარა, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არ იძლეოდა კოვიდით ინფიცირებულ ადამიანებთან მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას. ამ მიმართებით კასატორი მიუთითებს, რომ მის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრულ სურათს ასახავდა.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განჩინებით, ლ.ხ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
10. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს შრომის კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) 47-ე და 48-ე მუხლებით. რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც შრომის კოდექსის შესაბამის მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი „შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19 აპრილი 2016 წელი; №ას-145-2019, 5 ივლისი, 2019 წელი). განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებლის 2020 წლის 20 ნოემბრის ბრძანების მიხედვით, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება) შესაბამისად (ს.ფ. 37-38).
12. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დასაქმებულის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობა. კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დამსაქმებლის ფსიქოლოგიური ზეწოლის, იძულების შედეგად დაწერა. ასეთ მოცემულობაში, სასამართლო აფასებს გამოვლენილი ნების ნამდვილობას დამსაქმებლის არაკეთილსინდისიერი ქცევის ზემოქმედებისაგან დაცვის კონტექსტში, ამ უკანასკნელის მხრიდან იკვეთება თუ არა ზეწოლის ფაქტები.
13. კასატორის მტკიცებით, სადავო შემთხვევაში, ფსიქოლოგიური ზეწოლა და იძულება გამოიხატებოდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელ - გ.კ–ას მხრიდან დამაშინებელი ქმედებების განხორციელებაში, რა დროსაც იგი კასატორს გამუდმებით უმეორებდა, რომ თუ არ დატოვებდა დაკავებულ თანამდებობას, მას სამსახურიდან გაუშვებდნენ ე.წ. „მგლის საბუთით“ და პირადად იზრუნებდა, რომ სამედიცინო სფეროში კასატორი ვეღარ დასაქმებულიყო. კასატორი ასევე მიუთითებს სახელფასო და სამუშაო პირობების გაუარესებასა და დამსაქმებლის მიერ შრომითი პირობების რეგულარულ დარღვევაზე.
14. პალატა, მოდავე მხარეებს განუმარტავს, რომ დასაქმებულის მიერ ხელშეკრულების მოშლის მიმართ ვრცელდება გარიგების ბათილობის ზოგადი საფუძვლები. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოშლის შესახებ გადაწყვეტილება შეცდომის, მოტყუების ან იძულების შედეგია, ის დასაქმებულის მიერ ნამდვილი შეცილების შედეგად, ბათილი იქნება. შრომით სამართალში მოქმედი სპეციალური მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტის მიხედვით, მხარემ, რომელიც აპელირებს ნების გამოხატვის იძულების საფუძველზე, უნდა ამტკიცოს კიდეც მისი წინაპირობები. როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ იძულების ხასიათი საკმარისია „ნების მოდრეკისათვის“, მტკიცების ტვირთი ბრუნდება მეორე მხარისკენ, რომელმაც უნდა დაადასტუროს, რომ ნების გამოხატვას რაიმე სახის იძულება არ დასდებია საფუძვლად, არამედ დასაქმებულის ნების გამოვლენა თავისუფალ გადაწყვეტილებას ემყარებოდა (იხ. სუსგ. 2022 წლის 23 თებერვლის განიჩინება საქმეზე №ას-224-2020).
15. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ ნების გამოვლენის ხელყოფის საფუძვლად მითითებული გარემოებები, კერძოდ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - გ.კ–ას მიერ განხორციელებულ მუქარაზე მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითება, დამსაქმებლის მხრიდან ფსიქიკურ იძულებას არ ადასტურებს. კასატორი ასევე არ/ვერ უთითებს სახელფასო და სამუშაო პირობების გაუარესებისა და დამსაქმებლის მიერ შრომითი პირობების რეგულარული დარღვევის ფაქტებზე.
16. აქვე, პალატა განმარტავს, რომ მუქარა (ფსიქიკური იძულება) სამომავლო საფრთხის შესახებ შეტყობინებაა. მითითება ობიექტურად არსებულ გარემოებაზე, რომელზეც დამმუქრებელს არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია, ვერ ჩაითვლება მუქარად. უფრო მეტიც, უკვე არსებული არახელსაყრელი მდგომარეობა, რომელიც არ შექმნილა ნების გამოძალვის მიზნით, არ წარმოადგენს მუქარას. (შდრ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, თბილის, 2017, მუხლი 85, გვ. 496). საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ იძულებად არ ჩაითვლება ისეთი მოქმედებები, რომლებიც არ ხორციელდება არც მართლსაწინააღმდეგო მიზნით და არც მართლსაწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენებით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 88-ე მუხლი)
17. საკასაციო პალატის მოსაზრებით, როდესაც დამსაქმებელი დასაქმებულისაგან ითხოვს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროფესიული ვალდებულების შესრულებას და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აცხადებს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარებაზე, ასეთი მოცემულობა უნდა შეფასდეს, როგორც დასაქმებულის მხრიდან, მართლზომიერი შედეგის მისაღწევად, შესაბამისი მართლზომიერი საშუალების გამოყენება.
18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებით, არ დგინდება მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის ნების თავისუფლების ხელყოფა. უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ 2020 წლის 17 ნოემბრის №NH-04/574 ბრძანებით, შპს „ნ.ჰ–ის“ დირექტორმა გ.რ–მა, ფლებოტომისტ ლ.ხ–ს სასტიკი საყვედური გამოუცხადა, პროფესიული მოვალეობის შეუსრულებლობისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო. 2020 წლის 18 ნოემბერს, ლ.ხ–ი გაეცნო აღნიშნულ ბრძანებას და იქვე დააფიქსირა შემდეგი: „გავეცანი ბრძანებას და არ ვეთანხმები. გთხოვთ, კიდევ ერთხელ გადახედოთ ისტორიას ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მითითებულია ახსნა-განმარტების ბარათში“, ხოლო სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება, კასატორმა დაწერა 2020 წლის 20 ნოემბერს, სადაც მიუთითა, რომ განთავისუფლებას მოითხოვდა 1-ლი დეკემბრიდან. ამ დროის შუალედში (20 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე) კასატორს დამსაქმებლისთვის არ მიუმართავს და მისი განცხადების რეაგირების გარეშე დატოვება არ მოუთხოვია, რაც სასამართლოს უმყარებს შინაგან რწმენას იმის თაობაზე, რომ კასატორის მიერ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება იყო არა რაიმე სახის იძულების შედეგი, არამედ პირადი უკმაყოფილების/წყენის შედეგი, რაც სადავო განცხადების საფუძველზე გამოცემული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი ვერ გახდება.
19. რაც შეეხება კასატორის შემდგომ არგუმენტს, მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ, ამ მიმართებითაც საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებობის კანონისმიერ წინაპირობებს ვერ აკმაყოფილებს. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც, მოპასუხეს იმის მტკიცების ტვირთი ეკისრება, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. ამდენად, კანონი ადგენს, რომ დისკრიმინაციის ფაქტები სასამართლოს მხარემ (დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლმა) უნდა დაუსახელოს, რათა prima facie დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის პრეზუმფცია შეიქმნას. რაც შეეხება აღნიშნული ფაქტების მტკიცებას, მოსარჩელემ მის ხელთ არსებული და მისთვის მოპოვებადი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, ხოლო მოსარჩელის შესაძლებლობის მიღმა მტკიცებულებების წარმოდგენა მოპასუხეს ევალება. უფრო მეტიც, დისკრიმინაციის ფაქტი, სასამართლოს მხრიდან ex officio, საკუთარი ინიციატივით საკვლევი კატეგორია არ არის. დისკრიმინაციული საფუძვლით გათავისუფლების ამსახველი ფაქტების წარდგენაზე ვალდებული სუბიექტი მოსარჩელეა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ არა მხოლოდ უნდა განსაზღვროს შესადარებელ პირთა წრე, არამედ ასევე დაასაბუთოს აღნიშნულ პირებს შორის არსებითად თანასწორობა. კომპარატორის განსაზღვრაც და კომპარატორის სათანადოობის დასაბუთებაც, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა. უფრო მეტიც, სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომით ურთიერთობაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს განსხვავებულ მოპყრობას, თუმცა, აღნიშნული გამოწვეული იყოს სამუშაოს სპეციფიკით, დასაქმებულის უნარ-ჩვევებით, კვალიფიკაციით, შესრულებული სამუშაოს ხარისხით და ა.შ. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში დასაქმებულმა უნდა მიუთითოს ფაქტები, თუ რაში მდგომარეობდა მის მიმართ (ვისთან შედარებით) არათანაბარი მოპყრობა და რატომ იყო აღნიშნული მოპყრობა მისთვის მისთვის დისკრიმინაციული (დაცული ნიშანი) (იხ. სუსგ. 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1042-2018).
20. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მიუთითებს, რომ ერთ შემთხვევაში, როდესაც კლინიკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახლობელი - ი.ჩ–ი არასაპატიო მიზეზით აცხადებდა უარს კოვიდით ინფიცირებულთა განყოფილებაში შესვლაზე, ადმინისტრაცია შეგნებულად ხუჭავდა თვალს, ხოლო მეორე შემთხვევაში, როდესაც ლ.ხ–მა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი განაცხადა კოვიდით ინფიცირებული პაციენტების მომსახურებაზე - აღნიშნული გაკიცხვისა და სასტიკი საყვედურის გამოცხადების საფუძველი გახდა.
21. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში წარმოდგენილ მტკიცებულებას, რომლის თანახმად, კასატორი მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული იყო ფლებოტომისტის პოზიციაზე, სადაც მის ვალდებულებას პაციენტებისგან ლაბორატორიული კვლევისათვის საჭირო ბიოლოგიური მასალის აღება წარმოადგენდა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით არ დგინდება ჯანმრთელობის იმგვარი გაუარესება, რომელიც პირდაპირ კავშირში შეიძლებოდა ყოფილიყო კასატორის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებასთან, აღნიშნული დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის საფუძველი ვერ გახდება. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის მსჯელობას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ საქმის მასალებში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რაც ლ.ხ–ის 2020 წლის 17 ნოემბრის განცხადებაში მითითებული გარემოებების (განმცხადებლის მითითებით, ჰიპერტონული დაავადების მე-2 ხარისხი, ალერგია, ჰაიმორიტი და მწვავე სინუსიტი, არ აძლევდა დაკისრებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას) სისწორეს დაასაბუთებდა. ხოლო, საქმეში წარმოდგენილი კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის ჩანაწერი, რომელიც ჩატარებულია, 2020 წლის 09 დეკემბერს, ანუ მას შემდეგ რაც ლ.ხ–მა დატოვა სამუშაო ადგილი, უშუალოდ ვერ ადასტურებს მოსარჩელის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების შეუძლებლობას. გარდა ამისა, მოპასუხე მიუთითებდა და მოსარჩელემ დასაბუთებული ახსნა-განმარტებით ან/და სხვა რელევანტური მტკიცებულებით ვერ გააქარწყლა ის გარემოება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტებთან მომსახურება ხდებოდა უსაფრთხოდ - შესაბამისი ეკიპირებით, როგორც ეს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბრძანებით იყო განსაზღვრული.
22. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ არა მხოლოდ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნები არ იკვეთება, არამედ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობიდან არ დგინდება, რომ ი.ჩ–ი, რომელსაც კასატორი შესადარებელ ობიექტად (კომპარატორად) მიიჩნევს, იმყოფებოდა კასატორის იდენტურ/ანალოგიურ მდგომარეობაში, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დისკრიმინაციული ფაქტის დადგენის შესახებ მსჯელობა განავრცოს. ამასთან, ვინაიდან არ დგინდება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანების კანონსაწინააღმდეგობა ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ იმსჯელეს მოსარჩელის დანარჩენი მოთხოვნების მიმართ, შესაბამისად კასატორის აპელირება სასარჩელო მოთხოვნის თანმდევ სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით (სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და განცდილი მორალური ზიანის ანაზღაურება) უსაფუძვლოა და არ უნდა იქნას მიღებული მხედველობაში.
23. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, საკასაციო პალატა ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
პროცესის ხარჯები
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, ლ.ხ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით, ლ.ხ–ის მიერ, 2022 წლის 10 თებერვალს №12582282448 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ხ–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი.
2. კასატორ ლ.ხ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით, ლ.ხ–ის მიერ, 2022 წლის 10 თებერვალს №12582282448 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ამირან ძაბუნიძე